შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/611 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 მარტი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის სიტყვების „თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით“ და ბ)„რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №611) მიმართა საქართველოს შპს „მადაიმ“ და შპს „პალიასტომი 2004“-მა. №611 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 25 სექტემბერს.
2. №611 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 მარტს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. №611 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: „თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით“ და „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს და ადგენს, რომ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა ...“. ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის თანახმად კი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება „შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით“. რაც შეეხება „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანების მე-4 მუხლს, ის განსაზღვრავს, რომ „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას, რეგულირების საფასური გადაიხდება შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) სარგებლობისათვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ, არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან. 21-ე მუხლით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება, ამასთან, მისი მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“.
7. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ შპს „მადაის“ ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 28 სექტემბრის №13/458 ბრძანებით დაუდგინდა შავ ზღვაში სანაპირო ზოლიდან არა უმეტეს 300 მეტრის დაშორებით, 2012-2013 წლებისათვის სამრეწველო თევზჭერის მიზნით, თევზით სარგებლობის კვოტა თევზის შესაბამისი სახეობის წონის მიხედვით. შპს „პალიასტომი 2004“-ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 სექტემბრის №329 ბრძანებით დაუდგინდა შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან არა უმეტეს 300 მეტრის დაშორებით, 2013-2014 წლებისათვის სამრეწველო თევზჭერის მიზნით, თევზით სარგებლობის კვოტა თევზის შესაბამისი სახეობის წონის მიხედვით. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი სადავო ნორმებზე დაყრდნობით, ვალდებულნი არიან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლისა და რეგულირების საფასური გადაიხადონ, დაანგარიშებული მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობიდან და არა ფაქტობრივად მოპოვებული თევზის ოდენობიდან, რაც მათი აზრით, უშუალოდ არღვევს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელით, სადავოდ გამხდარი ბრძანების გამომცემი ორგანო, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო ამჟამად ლიკვიდირებულია. ის უთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხე მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას წარმოადგენს იმ აქტის გამომცემი ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებათა დარღვევა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მასში მოაზრებულ იქნეს არა მხოლოდ უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო ან თანამდებობის პირი, არამედ, ასევე მათი გაუქმების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ის ორგანო თუ თანამდებობის პირი, რომელსაც ამგვარი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მიენიჭა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თევზჭერის ლიცენზია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანების მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებში შედის იმ ლიცენზიების გაცემა, რომელიც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტიც ითვალისწინებს თევზჭერის ლიცენზიას. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე უთითებს დასახელებული №27 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის ძალითაც სააგენტოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ და ნორმატიულ აქტებს. სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია, ცვლილებები შეიტანოს სადავო ნორმაში ან გააუქმოს აღნიშნული სადავო აქტი.
9. მოსარჩელე მხარე ორივე სადავო ნორმაში იდენტური შინაარსის პრობლემას ხედავს. მისი აზრით, არაკონსტიტუციურია რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი მოსაკრებლისა და რეგულირების საფასურის გამოანგარიშების მეთოდი, ისევე როგორც ოდენობა, დამოკიდებულია ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრულ ოდენობაზე და არა ფაქტობრივად მოპოვებულ ბუნებრივ რესურსზე.
10. №611 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, სრულად აითვისა თუ არა ლიცენზიის მფლობელმა თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული ყოველწლიური კვოტა. ლიცენზიის მფლობელი, სადავო ნორმიდან გამომდინარე, ვალდებულია, არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, გადაიხადოს მოსაკრებელი მოსაპოვებელი და არა ფაქტობრივად მოპოვებული თევზის რესურსის სრული ოდენობით.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თუკი გადასახადის გადამხდელის საკუთრება საერთოდ არ იზრდება ან იზრდება, მაგრამ არა იმ მოცულობით, რასაც კანონმდებელი ვარაუდობს, ასეთი დაბეგვრა არ არის გამართლებული. როდესაც მოსაკრებლის გადახდის მომენტისთვის არ შეცვლილა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებული პირის მდგომარეობა ან არ განუცდია იმ გადასახდელის ოდენობის პროპორციული ზრდა, რისი გადახდაც მოეთხოვება კანონმდებლობით, მოსარჩელეთა აზრით, მოსაკრებლის, ისევე როგორც რეგულირების საფასურის დაკისრება იქნება საკუთრებისა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სუბიექტის ამგვარად დაბეგვრა იქნება საკუთრების უფლებაში იმაზე უფრო მაღალი ინტენსივობით ჩარევა, ვიდრე ეს გადასახადის ან მოსაკრებლის დასაწესებლად, კანონით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად არის საჭირო.
12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ნათელია, რომ ხელისუფლების მიერ დადგენილი კვოტის სრული ოდენობით დაბეგვრა რეალურად არ უკავშირდება ზღვაში ფაქტობრივად დაჭერილი თევზის რაოდენობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კანონით დადგენილი კვოტა წინასწარ ადგენს ვარაუდს, თუ რა რაოდენობით მდიდრდება ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად. მოსარჩელის აზრით, არსებობს ალბათობა, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში მეწარმემ ვერ მიიღოს კვოტით გათვალისწინებული სრული შემოსავალი, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, კანონმდებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და ასახული სადავო ნორმებში. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები იწვევს გადასახადის გადამხდელისათვის ისეთი ტვირთის დაკისრებას, რაც უკავშირდება არა რესურსების გამოყენებით მიღებულ შემოსავალს, არამედ კაპიტალს, რომელიც შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული.
13. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, მართალია, სახელმწიფოს გააჩნია კონსტიტუციური უფლებამოსილება, დაბეგროს პირი, თუმცა ეს უფლებამოსილება შეზღუდულია დასაბეგრი პირის მიერ შეძენილი საკუთრების ან აღნიშნული საკუთრების ღირებულებისა და მოცულობის ფარგლებით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით სახელმწიფო პირს აკისრებს ტვირთს, რომელიც აცდენილია მის მიერ რეალურად მიღებულ შემოსავალს. შედეგად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
14. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ თევზის ფაქტობრივად მოპოვებისა და დამუშავების პროცესის დაწყებამდე, ბუნებრივი რესურსის ოდენობა და მისი საბაზრო ღირებულება შესაძლოა იყოს ცვალებადი, რის გამოც დაუშვებელია, რომ მოსაკრებლისა თუ რეგულირების საფასურის ოდენობები დაკავშირებული იყოს თევზჭერის კვოტის სრულ ოდენობასთან.
15. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია, სახელმწიფომ დაბეგროს ლიცენზიის მფლობელი მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა შესაძლოა სრულიად ვერ ნახოს მოგება. მოსარჩელის აზრით, ამ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მოუწევს საკუთარი კაპიტალის ხარჯვა, რაც, საბოლოოდ, ამავე სუბიექტის საქმიანობას გადააქცევს წამგებიანად. ასეთ შემთხვევებში (როდესაც მეწარმე საინვესტიციო ხარჯებსაც ვეღარ ანაზღაურებს), მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმებით ირღვევა მეწარმეობის თავისუფლების პრინციპი. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმების დამატებით უარყოფით შედეგზე, კერძოდ, მისი მტკიცებით, მეწარმე სუბიექტი შესაძლოა, იძულებული გახდეს, გაზარდოს მოპოვებული პროდუქციის ფასები, რაც, იმავდროულად, უარყოფით გავლენას ახდენს ასევე მომხმარებელთა ინტერესებზე.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
17. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ #611 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი #611 (შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით“ და „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი