მაცაცო ტეფნაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/1608 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 მაისი 2022 18:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მაცაცო ტეფნაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების“ მე-16 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1608) მომართა საქართველოს მოქალაქე მაცაცო ტეფნაძემ. №1608 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. №1608 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 20 მაისს.
2. №1608 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების“ (შემდეგში მთავრობის №220 დადგენილება) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება და გასაუბრება უნდა ჩატარდეს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ჩართულობით ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი გასაზღვრავს, რომ განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. №1608 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასების გამო. მოსარჩელე მხარემ ისარგებლა სადავო დადგენილებით გათვალისწინებული საბოლოო შედეგების გასაჩივრების უფლებით, საპრეტენზიო კომისიამ კი მოსარჩელის საბოლოო შეფასება უცვლელად დატოვა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი საპრეტენზიო კომისია არ იყო კვალიფიციური მოსარჩელის შეფასებისთვის, ვინაიდან არც ერთი მის წევრს არ ჰქონდა სპეციალური განათლება იმ სფეროში, რომელშიც შესაფასებელი საჯარო მოხელე იყო დასაქმებული. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საპრეტენზიო კომისიამ შეფასების პროცესში განიხილა ისეთი საკითხები, რომლებიც მოითხოვს შესაბამის ცოდნას საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის. კერძოდ, კომისიამ განიხილა მოხელის მიერ შესრულებული კონკრეტული დოკუმენტი „დაკავშირებულ პირებს“ უკავშირდებოდა თუ პოლიტიკის ანალიზს, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გადმოცემა სქემით უფრო ეფექტური იყო თუ ნარატივის ფორმით. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების სწორად შეფასება არ შეუძლია სოციოლოგს, იურისტს, ისტორიკოსსა და ფილოლოგს, რომელი პროფესიების წარმომადგენლებითაც საპრეტენზიო კომისია იყო დაკომპლექტებული. ამდენად, მოსარჩელის დოკუმენტური მასალის შეფასება განახორციელა და გადაწყვეტილება მიიღო ამისათვის შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ორგანომ.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს აძლევს ფართო დისკრეციას, საპრეტენზიო კომისია დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ არც ერთ მის წევრს არ ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია შესაფასებელი მოხელის საქმიანობის სფეროში. ამდენად, შესაძლებელია, სადავო ნორმის საფუძველზე შექმნილმა საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ რეალურად ვერ შეძლოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რა მიზანსაც ემსახურება გასაჩივრების ინსტიტუტი. აღნიშნული კი იწვევს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. კერძოდ, ირღვევა სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება და მოსარჩელის უფლება, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოხდეს მხოლოდ სათანადო პროცედურული დაცვის გარანტიის არსებობის შემთხვევაში. მოსარჩელის განმარტებით, ეს უკანასკნელი იმასაც გულისხმობს, რომ საჯარო მოხელის შემფასებლები იყვნენ იმავე სფეროს მცოდნე პირები, რომელ სფეროშიც შესაფასებელი საჯარო მოხელე საქმიანობს.
8. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ, რაც უფრო მაღალი ინსტანციის ორგანოსთან გვაქვს საქმე, კომპეტენტურობის მოთხოვნები მკაცრდება. მოცემულ შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისია არის საბოლოო ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, მას უნდა წარედგინოს კვალიფიციურობის უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. სადავო ნორმით კი შესაძლებელია, კომისიის წევრებს არ ჰქონდეთ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია, არათუ აღნიშნული ორგანოს წარმომადგენლების კომპეტენცია იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საჯარო მოხელის თავდაპირველი შემფასებლის კომპეტენციაა.
9. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მოხელის შეფასებისას შემფასებლის არაკომპეტენტურობის გამო დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალება ვერ იქნება სასამართლო კონტროლის არსებობა, ვინაიდან სასამართლოს არ აქვს უფლება, თავისი გადაწყვეტილებით მოაწესრიგოს საკითხი, რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამდენად, საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნოს აღნიშნულ ორგანოს, რის შემდეგაც, კვლავ წარმოიშობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე კვალიფიციური და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო კომისია, სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნების შემდეგაც არ იქნება დაკომპლექტებული სფეროს მცოდნე პირებით, ზოგადად, სასამართლო კონტროლიც აზრს დაკარგავს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგებით გაუმართლებლად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტითა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებით გარანტირებული უფლებები, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1608 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მთავრობის №220 დადგენილების მე-16 მუხლს. სადავო ნორმა აწესრიგებს საჯარო მოხელის საბოლოო შეფასების შედეგის გასაჩივრებისა და განმეორებითი გასაუბრების ჩატარების წესს ზემდგომ თანამდებობის პირთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა არ ავალდებულებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, საჩივრის განმხილველი კომისია დააკომპლექტოს იმგვარად, რომ ერთი წევრი მაინც იყოს იმ სფეროს მცოდნე, რომელშიც შესაფასებელი მოხელე საქმიანობს. აღნიშნული კი ვერ აკმაყოფილებს საქმის სამართლიანად განხილვის პრინციპს და იძლევა მოხელის სამსახურიდან დაუსაბუთებლად განთავისუფლების შესაძლებლობას. მოსარჩელე, აღნიშნული არგუმენტით, სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელისათვის პრობლემურია მოხელის შეფასების პროცედურული წესი. მოსარჩელე სადავოდ ხდის არა იმას, რომ უარყოფითი შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია იგი განთავისუფლდეს სამსახურიდან, არამედ იმას, რომ მოხელის შეფასების პროცესში უზრუნველყოფილი არ არის საქმის სამართლიანად განხილვის გარანტიები.
3. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „გარკვეული უფლების რეალიზება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეზღუდვასთან. თითოეულ მსგავს შემთხვევაში კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომელი უფლების დაცული სფეროსკენ არის მიმართული სადავო ნორმით დადგენილი წესი. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ბაჟის დაწესებას, აშკარაა, რომ ხსენებული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებაა და არ მიემართება საკუთრების უფლებას, თუნდაც დავა საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/5/1249 განჩინება საქმეზე „ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები - შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი და მიზანმიმართულება.
5. სადავო ნორმა აწესრიგებს განმეორებითი გასაუბრების ჩატარების წესს ზემდგომ თანამდებობის პირთან, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება განიხილოს მოხელის დოკუმენტური მასალა და მიიღოს გადაწყვეტილება მოხელის შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, დადგენილია ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურული წესი. სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ ადგენს საჯარო თანამდებობის დაკავების, შეზღუდვის წესს ან/და მისი განხორციელების პირობებს. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება შეფასების გასაჩივრების პროცესს და მისი გავრცელების ეფექტს საჯარო თანამდებობის განხორციელების უფლებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს იმის შეფასებას, თუ რამდენად კონსტიტუციურია გასაჩივრების არსებული მექანიზმი და რა წესით უნდა ხდებოდეს შემფასებელი კომისიის დაკომპლექტება იმ პირობებში, როდესაც მისი გადაწყვეტილება შედეგად იწვევს პირის თანამდებობიდან განთავისუფლებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსებითად მიემართება ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის საკითხს, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფეროს. ის ფაქტი, რომ უარყოფითი შეფასების საფუძველზე, პირი შესაძლებელია განთავისუფლდეს სამსახურიდან, შეიძლება დადგეს როგორც ნორმის მოქმედების გვერდითი ეფექტი, რომელიც, თავისთავად, არ გამოდგება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ უფლებებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას [...] ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე წელიწადში ერთხელ ექვემდებარება სავალდებულო შემოწმებას. მთავრობის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი. ამავე დადგენილების მე-16 მუხლი მოხელეს აღჭურავს უფლებამოსილებით, საბოლოო შედეგები გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება და გასაუბრება უნდა ჩატარდეს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ჩართულობით. განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმისთვის, რომ საჩივრის განმხილველმა კომისიამ კომპეტენტურობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლება იმ სფეროში, რომელშიც შესაფასებელი საჯარო მოხელეა დასაქმებული. მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს საპრეტენზიო კომისიის წევრების პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები იმის დასადასტურებლად, რომ არც ერთი მათგანი პროფესიით არ არის ეკონომისტი.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გულისხმობს სამართლიანი პროცედურების დაცვით საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-29). „ამასთანავე, არ არსებობს სამართლიანი პროცესის ცნების უნივერსალური განსაზღვრება და უცვლელი კრიტერიუმები და, თითოეულ შემთხვევაში, პროცესის სამართლიანობა დამოკიდებულია არა იზოლირებულად პროცესის ერთი კონკრეტული ასპექტის ან ელემენტის არსებობა-არარსებობაზე, არამედ, მთლიანობაში, სამართალწარმოების მიმდინარეობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-29).
10. მოცემული დავის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, რამდენად გულისხმობს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება იმას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში საკითხის განმხილველი კომისია დაკომპლექტებული იყოს იმგვარად, რომ მის ერთ-ერთ წევრს მაინც ჰქონდეს სპეციალიზებული ცოდნა შესაფასებელ საკითხში. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გულისხმობს სამართლიანი პროცედურების დაცვით საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს უფლებას მიუკერძოებელ სამართალწარმოებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიუკერძოებლობის მოთხოვნა ვრცელდება არა მხოლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ იმ პროცესზე, რომლის მეშვეობითაც და რომლის შედეგადაც მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილება. ხსენებული არსებითად გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ფუნქციები უნდა განახორციელოს ფავორიტიზმის, საქმის განხილვის მონაწილისადმი წინასწარი მიმხრობის ან წინასწარი განწყობის გარეშე (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-36). ამავდროულად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საკითხი შეფასდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ იმისათვის, რომ საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება. თუმცა აღნიშნული მიღწევადია საქმეში შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის მოწვევის გზით, რის საფუძველზეც, შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება. ანალოგიურად, მოსამართლესაც შესაძლებელია არ გააჩნდეს ცოდნა იმ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც არსებითია საქმის სწორად შეფასებისთვის, თუმცა აღნიშნული საკითხების გამოკვლევა შესაძლებელია მოხდეს საქმეში შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის ჩართულობით. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ საქმე განიხილა არაკომპეტენტურმა პირმა ან ამით რაიმე საფრთხე შეექმნა საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპს. სადავო ნორმა არ გამორიცხავს საქმეში შესაბამისი სპეციალისტის ჩართვას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ოქმითაც დასტურდება, რომ საკითხის განხილვის დროს მოწვეული იყო საჯარო მოხელის უშუალო ხელმძღვანელი. ამდენად, სამართლიანი განხილვის უფლება არ გულისხმობს იმას, რომ საკითხის განმხილველ პირს აუცილებლად ჰქონდეს სპეციალიზებული ცოდნა შესაფასებელ საკითხში, არამედ შესაძლებელია, აღნიშნული უზრუნველყოფილი იყოს საქმეში შესაბამისი სპეციალისტის/ექსპერტის მოწვევის გზით. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი უშუალოდ კომისიის წევრს გააჩნდეს სპეციალიზებული ცოდნა და რატომ ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა საკითხის კომპეტენტურად განხილვას. ასევე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვას იმ ფაქტმა, რომ კომისიის წევრს არ აქვს სპეციალიზებული ცოდნა შესაფასებელ საკითხში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1608 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1608 კონსტიტუციური სარჩელი („მაცაცო ტეფნაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე