ნონა ქენქაძე და კახაბერ ძაგანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1707 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნონა ქენქაძე, კახაბერ ძაგანია |
თარიღი | 23 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების“ შესახებ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161_Xს დადგენილება;
ბ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
გ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების“ შესახებ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161_Xს დადგენილება | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის, პირველი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მესამე პუნქტი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის, პირველი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მესამე პუნქტი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლი | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის, პირველი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მესამე პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის, პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეესაბამებოდეს ამავე კანონის 311 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია მითითებული მუხლით დადგენილი ფორმის დაცვით და თან ერთვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ამასთან არგუმენტაცია, რომელიც ჩვენი აზრით ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, (დასაბუთებულობა, როგორც სადავო ნორმების უფლების შემზღუდავი ბუნების ისე იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ უფლებებთან მათი მიმართების თაობაზე) წარმოდგენილია კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის ველში - სარჩელის არსი და დასაბუთება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ).კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითებული კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლება აქვს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
მოსარჩელეები წარმოადგენენ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან იდენტიფიცირებული კონსტიტუციური უფლებების სუბიექტები. მოსარჩელეებმა მიიღეს სიტყვიერი შენიშვნა საპატრულო პოლიციისგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. მათ სიტყვიერი შენიშვნა მიიღეს იმ კოდექსის მიხედვით, რომელიც არღვევს დამოუკიდებელი სუვერენული საქართველოს მოქალაქის ღირსების უფლებას.
კონსტიტუციური სარჩელი, აგრეთვე აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული „ გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს, ამასთან ამგვარ სასარჩელო მოთხოვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია.
კონსტიტუციური სარჩელი აგრეთვე აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილის „ ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. მოქალაქეს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს მისი ღირსების დაცვა სახელმწიფოსგან. უპირველესად მიზანშეწოლილად მიგვაჩნია, ავღნიშნოთ, რომ სახელმწიფო რომელზეც ვსაუბრობთ, არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც არის სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყანა.საქართველოს კანონები მიიღება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით. რა თქმა უნდა ამ დროს გვიჩნდება შეგრძნება, რომ სახელმწიფო დაიცავს ჩვენს ღირსებას და იზრუნებს იმაზე, რომ როგორც მოქალაქისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის საუკეთესო მიზნებით წარმართავს სამართალწარმოებას.
კანონი მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების დაცვასთან, მაშასადამე საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლით უზრუნველყოფილი უფლება უნდა დაიცვას საკანონმდებლო კოდექსების ერთობლიობამ, რომელიც დაემორჩლება საქართველოს უმაღლეს კანონს - კონსტიტუციას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრეამბულაში მითითებულია : „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.“
დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესავალში სახელმწიფოს, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოხსენიება არღვევს როგორც ჩვენი - მოსარჩელეების, ასევე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის ღირსების უფლებას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლის მესამე ნაწილით და რომლის შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ უფლებას - სახელმწიფომ შეზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის I თავის 1 მუხლში ვკითხულობთ, რომ ,,საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.” ეს კონსტიტუციური ჩანაწერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია აღარ არის საბჭოთა სოციალისტურ კავშირში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკა, რომელიც კანონებს იღებს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით. არამედ, საქართველო არის სუვერენული სტატუსის მატარებელი სახელმწიფო, რომელიც თავად, დამოუკიდებლად იღებს კანონებს და უზრუნველყოფს ამ კანონების მოქმედებას მთელ თავის ტერიტორიაზე. ყოველივე ეს გვაძლევს იმის სრულ უფლებას, რომ ჩვენ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, გვქონდეს საფუძვლიანი და რაც მთავარია, სამართლიანი პრეტენზია იმაზე, რომ არ გვსურს და არ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები ვკითხულობდეთ ისეთ ჩანაწერებს, როგორი ჩანაწერიც გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში, სადაც მითითებულია, რომ ეს კოდექსი მიღებულია საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს უმაღლეს კანონს - კონსტიტუციას, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა ნებას, რომელთაც გვსურს, რომ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნება საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებული ნაშთები - ეს იქნება კანონი თუ ნებისმიერი სახის სხვა ჩანაწერი.
განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეხუთე მუხლში მოცემულია, რომ კანონი ეხება აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომპეტენციას სამართალდარღვევებს კანონმდებლობის დარგში.
ქვეყანა, რომელიც იცავს ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, ამავდროულად კანონით გვეუბნება, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა, ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე და წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამავე კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით, ექცევა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში.
სახელმწიფო რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს 1984 წელს, საქართველოს ოკუპაციის პერიოდში შექმნილი და განმარტებული კანონმდებლობით ვერ დაიცავს ჩვენს, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ღირსებას. სანამ კანონმდებლობაში ბოლომდე არ აღმოიფხვრება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების გავლენა ნებისმიერი ფორმით, მანამდე ჩვენი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ღირსება ყოველთვის იქნება დაუცველი.
საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის მეორე მუხლის თანახმად, ჩვენი სახელმწიფოს სახელწოდებაა "საქართველო", აფხაზეთის და აჭარის კი - "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა" და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა". ამ სახელწოდებებს ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლი, რომელშიც დღემდე, დამოუკიდებელ საქართველოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელწოდებაა აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ, რაც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები აღარ არსებობს ოფიციალურად 1990 და 1992 წლებიდან, შესაბამისად მათი კანონში მოხსენიება არაკონსტიტუციურია.
ყველა ზემოთ აღნიშნული საბუთი ნათლად გვაჩვენებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ქვეყანაში საბჭოთა პერიოდიდან მოქმედი რეპრესიული საკანონმდებლო აქტია, რომელიც ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს აშკარად ვერ პასუხობს.
კოდექსი არ პასუხობს და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს არსს. საბჭოთა კავშირის მოხსენიება დღეს მოქმედ კოდექსში და ამ კოდექსის აქტიური გამოყენება არღვევს ჩვენი - თითოეული მოქალაქის, ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა ღირსება. აღნიშნული უფლების დარღვევა არ ემსახურება არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და ამის გამართლება ყოვლად დაუშვებელია. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ უფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს და მხოლოდ ასეთი მიზნის არსებობის შემთხვევაში, დარღვევა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში, ანუ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირის მოხსენიებაზე დღეს მოქმედ კანონმდებლობაში და რაც არღვევს ჩვენს ფუნდამენტურ- ღირსების უფლებას, აღნიშნული დარღვევა არ ემსახურება არანაირ ლეგიტიმურ და ლოგიკურ მიზანს, შესაბამისად ვერ ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის შესახებ ამბობს „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
მაშინ, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის პრეამბულაში ჯერ კიდევ ვხვდებით საბჭთა კავშირის ძლიერ გავლენას, ხოლო იმავე კოდექსის მეხუთე მუხლში, აჭარა და აფხაზეთი მოხსენიებულია როგორც ასსრ ძნელია იმაზე საუბარი, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის. დღეს, როდესაც საქართველოს 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრეამბულაში „ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ განცხადების არსებობა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება,საქართველოს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს პრინციპებს და ხელს უშლის საქართველოს როგორც ევროპის ქვეყნად ჩამოყალიბებას..
2022 წლის 6 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის რადას დაავალა უკრაინის კანონების დესაბჭოეთიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინის კანონმდებლობიდან უნდა გაქრეს საბჭოთა სამართლებრივი ტერმინოლოგია. ასევე უკრაინის პრეზიდენტმა უკარაინის მთავრობას დაავალა მათივე კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ ცვლილილები დესაბჭოეთიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა