ნონა ქენქაძე და კახაბერ ძაგანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/1707 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 19:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნონა ქენქაძე და კახაბერ ძაგანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161–Xს დადგენილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ამ კოდექსის მე-5 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1707) მომართეს ნონა ქენქაძემ და კახაბერ ძაგანიამ. №1707 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 25 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 28 დეკემბერს.
2. №1707 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაევალა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესის შემუშავება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს იმ ქმედებათა/უმოქმედობათა ჩამონათვალს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, ადგენს თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის სახეს, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებაზე უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ჩამონათვალს, ისევე, როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პირისათვის დაკისრების წესსა და სხვადასხვა პროცედურულ ასპექტებს. აღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, „აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე, სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.“
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
5. №1707 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეებმა საპატრულო პოლიციისგან მიიღეს სიტყვიერი შენიშვნა. მათთვის პრობლემურია „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება და თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ მიღებული აქტის დღემდე მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წინააღმდეგობაში მოდის მოქალაქეთა ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი რეპრესიული საკანონმდებლო აქტია, რომელიც ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს ვერ პასუხობს.
6. მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლი აწესრიგებს სახელმწიფო სიმბოლიკას და, მათ შორის, განსაზღვრავს სახელმწიფოს, აფხაზეთისა და აჭარის ოფიციალურ სახელწოდებებს. კერძოდ, სახელმწიფოს სახელწოდებაა „საქართველო“, აფხაზეთისა და აჭარის კი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა“. სწორედ ამ სახელწოდებებს ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლი, რომელშიც დღემდე, დამოუკიდებელ საქართველოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელწოდებებად მითითებულია, შესაბამისად - აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ, რაც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა პოზიციით, სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს 1984 წელს, საქართველოს ოკუპაციის პერიოდში შექმნილი კანონმდებლობით, ვერ დაიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ღირსებას მანამ, სანამ კანონმდებლობაში ბოლომდე არ აღმოიფხვრება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების გავლენა ნებისმიერი ფორმით. მოსარჩელეები, დამატებით, ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სხვა ყოფილ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (შემდგომ, საბჭოთა კავშირი) ერთ-ერთ ქვეყანაში უკვე განხორციელდა რეფორმა, ე. წ. „დესაბჭოეთიზაცია“, რის შედეგადაც, საკანონმდებლო სივრციდან ამოღებულ იქნა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ტერმინოლოგია.
8. კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესავალში სახელმწიფოს, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოხსენიება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიღმა, არღვევს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ უფლებას, რამდენადაც სადავო ნორმების შემუშავებას ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161–Xს დადგენილების და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმებში გამოყენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებული ტერმინები – „აფხაზეთის ასსრ“, „აჭარის ასსრ“, „სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი“.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების ხელშეუვალობის უფლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ადამიანის ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება, ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს. კერძოდ, „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, „ადამიანის ღირსების პატივისცემა და დაცვა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის შიშველ ობიექტად განხილვას, მის ინსტრუმენტალიზაციას. სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში. შედეგად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ადამიანს განიხილავს მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20). ამრიგად, სადავო ნორმების ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული წესი ადამიანს განიხილავს სამართლის ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად.
4. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად აპელირებენ მხოლოდ იმ არგუმენტზე, რომ მათში მოხსენიებულია საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელია ტერმინოლოგია. მოსარჩელეები არც კი მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების მათ მიმართ რაიმე შეზღუდვას ადგენს ან/და რაიმე ფორმით მათზე ვრცელდება. მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე მითითება ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი ადამიანის სამართლის ობიექტად განსახილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია სადავო ნორმებსა და ღირსების უფლების შეზღუდვას შორის მიმართების წარმოსაჩენად.
5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1707 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161–Xს დადგენილების და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ასევე სადავოდ ხდიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო აქტი წარმოადგენს განსაზღვრულ ნორმათა სისტემატიზებულ ერთობლიობას. აღნიშნული რეგულირებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნის, შინაარსის და რეგულირების სფეროს მიხედვით. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოსარჩელეები ითხოვენ, შემოწმდეს სადავო აქტის კონსტიტუციურობა სრულად ისე, რომ არ მიუთითებენ ამ აქტით გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული რეგულირებიდან (გარდა მე-5 მუხლისა, რომლის თაობაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა) მომდინარე უფლებაშემზღუდველ წესზე. თავისთავად, ის გარემოება, რომ აღნიშნული კოდექსი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ არის შემუშავებული, ვერც ამ შემთხვევაში გამოდგება, არც თავად კოდექსის, არც მისი რომელიმე ცალკეული ნორმის უფლებაშემზღუდველი ბუნების წარმოსაჩენად საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ღირსების უფლებასთან მიმართებით.
7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე №1707 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. №1707 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161–Xს დადგენილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ამ კოდექსის მე-5 მუხლის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურ–სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). ამგვარად, №1707 კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) უმაღლესი საბჭოს 1984 წლის 15 დეკემბრის №161–Xს დადგენილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ამ კოდექსის მე-5 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1707 კონსტიტუციური სარჩელი („ნონა ქენქაძე და კახაბერ ძაგანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში