ნათელა ბრაგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1709 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნათელა ბრაგვაძე |
თარიღი | 27 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე პუნქტის „სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ეხება უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას) ნებისმიერ თანმხლებ პირთან, მათ შორის უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელთან, ისეთ სუბიექტთან ერთად, რომელიც არ წარმოადგენს მოვალეს სააღსრულებო ფურცლის მიხედვით და ნივთის ფლობის უფლება გააჩნია. |
31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები: 1. „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. 3.“დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ |
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე პუნქტის სიტყვები-„და მასთან მყოფი პირების“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე”ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. „საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. დაცულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ კანონის 313 მუხლისა და სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ა) სარჩელი ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ხსენებული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის (ამგვარი იერარქიულად მაღლა მდგომი აქტი ნორმატიურლი აქტი სადაო შემთხვევაში არც არსებობს).
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი ნათელა ბრაგვაძე, რომლის მიმართაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
აღსანიშნავია, რომ სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ხოლო „საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი- ნათელა ბრაგვაძე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (A170038457-009/003), რომლის თანახმადაც, თამარ გომარელს დაეკისრა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისსში, ვ.პეტრიაშვილის ქ.N48-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასრტრო კოდი #01.15.02.053.020) დავით ბიჭაშვილის საკუთრებად აღრიცხული #1-156.59 კვ.მ ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მესაკუთრე დავით ბიჭაშვილს. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით, საქართველოს კანონის 84-ე მუხლების თანახმად, ნებაყოფლობით აღსრულებისთვის პირებს განესაზღვრათ 10 (ათი) კალენდალური დღის ვადა. კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე კი, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ასევე ვრცელდება პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ საცხორებელი სადგომის მოსარგებლეებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან“ გამომდინარე. აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისთვის, პირები კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდნენ საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებმაც მფლობელობის უფლება მიიღეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით. 2018 წელის 9 მარტს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ“ თბილისსში, პეტრიაშვილის ქუჩა N48-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს მოსარჩელის მეზობლები, ფატმა მამედოვისა და მამედ მამედოვის ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ინფორმირებული იყო მოსარჩელეებისა და მესაკუთრეს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის თაობაზე, რომელიც საცხოვრებელი სადგომიდან წარმოშობილი ურთერთობის ფარგლებში მიმდინარეობს, არ იქნა გათვალისწინებული საკითხის სადავოობა და მაინც მოხდა გამოსახლება. იმ ეტაპისთვის, გამოსახლებულის პროცედურა დანარჩენი მოსარჩელეების მიმართ, ტექნიკური მიზეზების გამო, შეფერხდა, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ დარჩენილი ხუთი მოსარჩელის ოჯახი, უკვე აღსრულებას დაქვემდებარებული ოჯახების მსგავსად გამოსახლდება, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მიმართონ სასამართლოს.
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. რაც შეეხება საბუთს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი; ბ) (ძალადაკარგულია შემდეგი ნორმატიული შინაარსი: სხვა პირებისთვის სახელმწიფო ბაჟი კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებზე − 55 ლარის ოდენობით), სარჩელს თან ერთვის ბაჟის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მხარის აზრით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
სადავო ნორმის თანახმად, „სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად“ , იმის გათვალისწინებით, რომ მოვალესთან „მყოფი პირები“ არ შეიძლება წარმოადგენდნენ პროცესის მხარეს, ვერ სარგებლობენ კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო უფლებებით, მათ შორის, გასაჩივრების უფლებით. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას;
I. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“.[1] შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის- როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებში აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.“[3] ამასთან, სადავო არ არის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის არსს. [4], ისევე როგორც ნათლად იკვეთება მისი კავშირი კანონის უზენაესობის პრინციპთან. [5]
სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტია უფლებაშემზღუდველი ღონისძიებების/აქტების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები ცხადყოფს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში“[6], გასაჩივრების უფლება, ერთის მხრივ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომის თავიდან აცილებას.[7] ისევე, როგორც შესაძლებლობას აძლევს პირს დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ დაიცვას თავისი უფლებები, წარმოადგინოს პოზიცია და დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის განცდას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ.[8] აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უფლებების „დაცვა კი გულისხმობს ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველმყოფელი ყველა საჭირო ბერკეტის გარანტირებას, მათ შორის, ამ უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის ჩათვლით“.[9]
როგორც უკვე აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება ადამიანის სხვა უფლებების დაცვის გარანტიას წარმოადგენს-სხვა მატერიალური უფლებების დაცვის შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას. ამავეს მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში: „სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.[10] ამ ნაწილში საინტერესოა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მეცამეტე მუხლი, რომელიც თავისი შინაარსით ზოგად ხასიათს ატარებს, მუხლის თანახმად, „ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან“. აღსანიშნავია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-6, მე-7 მუხლებითა და ასევე მე-7 დამატებითი ოქმით. უფლებას ასევე იცავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმადაც: „ყოველი ადამიანი, სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლებრივი ბრალდებულის საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით“, შესაბამისად, აღნიშნული პუნქტით დადგენილი უფლება ვრცელდება როგორც სამოქალაქო სამართლებრივ, ისე სისხლის სამართლებრივ სფეროზე, ხოლო შინაარსობრივად მეექვსე მუხლის გამოყენების ფარგლებს თავად სასამართლო წყვეტს,[11] კერძოდ, სასამართლო სამოქალაქო სამარლებრივ ხასიათად მიიჩნევს საკითხს იმ შემთხვევაში, როდესაც განხილვა მნიშვნელოვანია ქონებრივი უფლებების დაცვისთვის, ან თუკი შედეგი გავლენას ახდენს კერძო უფლებებსა და ვალდებულებებზე. [12] აღნიშნულით სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება სამართლიანი სასამართლოს დაცვის უფლება შეზღუდულად, კონკრეტული დარგთან მიმართებით იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით მოსარჩელეს მინიჭებული აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ, რაც კონკრეტული სადავო ნორმით იზღუდება.
დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში მოიაზრება როგორც დარღვეული უფლების დასაცავად სარჩელის აღძვრა- პირის უფლება მიმართოს სასამართლოს, ისე პირის უფლება, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი დარღვეული უფლების აღსადგენად.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირველად აღინიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ძალიან მწირია და ძირითადად, მიემართება სისხლის სამართლებრივ დავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განამრტებით, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ვრცელდება როგორც სისხლისამართლებრივ, ისე სხვა სამართლის დარგის კანონმდებლობაზე, [13] სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი განმარტება უნდა მოხდეს ფართოდ, რაშიც ასევე მოიაზრება სამოქალაქო კანონმდებლობა.[14]
სასამართლოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი დაცვისთვის, მნიშვნელოვანია ის მოიცავდეს შემდეგს: „პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ".[15], ამასთან, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა"[16]
II. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით დაცულ სფეროში ჩარევა;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (A170038457-009/003), რომლის თანახმადაც, თამარ გომარელს დაეკისრა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისსში, ვ.პეტრიაშვილის ქ.N48-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი #01.15.02.053.020) დავით ბიჭაშვილის საკუთრებად აღრიცხული ფართი #1-156.59 კვ.მ გამოთავისუფლება. ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვაში იყო სამოქალაქო საქმე საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შედეგად საქართველოს კანონის საფუძველზე. საქმეში მოსარჩელე მხარეს სხვა პირებთან ერთად წარმოადგენს საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელე. აღნიშნული პირები ითხოვდნენ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენას, რაც საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს. აღსანიშნავია, რომ საქმეს თან ერთვის ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია, რომელიც ცხადად წარმოაჩენს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ მართლზომიერ მფლობელებს. რამდენიმე მათგანი საცხოვრებელ ფართს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე, ხოლო ნაწილი სანოტარო წესის დაუცველად დადებული გარიგების-უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით. საქმის განხილვის პარალელურად, კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, თამარ გომარელს დაეკისრა უკანონო მფლობელობის შეწყვეტა უძრავ ქონებაზე დავით ბიჭიაშვილის სასარგებლოდ, თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოება დაწყებულ იქნა მოსარჩელეების მიმართ, ისე, რომ ეს უკანასკნელნი სადავო ურთიერთობაში მონაწილეებიც კი არ არიან, რამდენადაც, ისინი, აღსრულების პოლიციამ სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოვალესთან მყოფ პირებად მიიჩნია.
მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნორმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომლითაც აღნიშნულ პირებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა ექნებათ. უზენაესი სასამართლო[17] თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მოპასუხესთან მცხოვრები პირების პრეტენზია ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, პალატა მიუთითებს სადავო ნორმაზე და აღნიშნავს, რომ მოვალეთა გამოსახლება უძრავი ქონებიდან ხდება მათთან მყოფ პირებთან ერთად, შესაბამისად, ამ პირების პრეტენზია ვერ შეაფერხებს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას. სადავო ნორმიდან გამომდინარე, პირებს, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ იყვნენ დაფიქსირებული სააღსრულებო ფურცელში, აქვთ ვალდებულება დატოვონ ტერიტორია ისე, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ სასამართლოში, ისევე, როგორც არ აქვთ აღნიშნულის გასაჩივრების უფლება. მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი უშუალოდ ეხება მოსარჩელეთა ინტერესებს, მივიჩნევთ, რომ მათი მოწვევა სასამართლო სხდომაზე აუცილებელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, დადგენილი პრაქტიკის თანახმად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა ზიანი ადგება პირს აღნიშნული უფლების შეზღუდვით. „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელებს სასამართლო მიიჩნევს მოვალესთან დაკავშირებულ პირებად, შესაბამისად, არ აძლევს შესაძლებლობას მოპასუხე მხარედ ჩაერთოს პროცესსში და დაიცვას საკუთარი უფლებები. მოსარჩელე მხარის უფლება ირღვევა ისე, რომ ჯეროვანი პროცედურების გავლით, სასამართლოს მიერ არ დამტკიცებულა კონკრეტულად მისი არამართლზომიერი მფლობელობა სადავო ნივთისა. შესაბამისად, მათ გარდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დარღვევისა, ერღვევათ დაცვის უფლებაც, რამდენადაც კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების პრინციპების შესაბამისად, პირს უნდა ჰქონდეს უფლება თავის ნება-სურვილის შესაბამისად საქმე აწარმოოს სასამართლოში.
მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა მიმართეს სასამართლოს განცხადებით და მოითხოვეს გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის წინადადება განმცხადებლების გამოსახლების შესახებ, ასევე, იძულებით გამოსახლების თაობაზე მოსარჩელეებმა მიმართეს იუსტიციის მინისტრს, ისევე, როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურას აღსრულების პოლიციის უკანონო ქმედებების გამო, თუმცა აღნიშნულ განცხადებებზე არ მომხდარა არანაირი რეაგირება.
2018 წლის 9 მარტს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ, თბილისსში, პეტრიაშვილის ქ.N48-ში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან გამოასახლეს ორი - ფატმა მამედოვისა და მამედ მამედოვის ოჯახები. როგორც უკვე აღინიშნა, ისინი წარმოადგენდნენ ქონების მართლზომიერ მფლობელებს, რაც დადასტურებულ იქნებოდა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილებით, თუმცა, აღსრულების პოლიციას არ აინტერესებს ქონებაზე მიმდინარეობს თუ არა დავა ან ქონების მესაკუთრის მიმართ აქვს თუ არა რაიმე მოთხოვნა პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ბინაში, რამდენადაც სიტყვისმიერი ჩანაწერით, რომელიც მოსარჩელის აზრით არაკონსტიტუციურია ისინი აპრიორი ითვლებიან მოვალესთან მყოფ პირებად და მოვალესთან ერთად ხდება მათი გამოსახლება.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იდენტიფიცირება მოხდეს იმ სიკეთის, რის გამოც პირს სურს მიმართოს სასამართლოს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებიც მოვალესთან მყოფ პირებად ჩაითვლებიან სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან გამოსახლების ვალდებულება აქვთ.
No1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, „ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება ისარგებლოს მისი საკუთრებით. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი საკუთრება, თუ ეს არ შედის საჯარო ინტერესებში და არ ექვემდებარება პირობებს, რომლებიც კანონის და საერთაშორისო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით არის გათვალისწინებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (Saghinadze and others V.Georgia) უდავოდ მიიჩნია, რომ კოტეჯის ჩამორთმევა, რომელიც იყო განმცხადებლის ბინა 10 წელზე მეტხანს, No 1 დამატებითი ოქმის 1 მუხლის დარღვევასთან ერთად, წარმოადგენდა უკანონო ჩარევას მის საცხოვრებლის პატივისცემის უფლებაში (იხ. Khamidov, ხსენებული ზემოთ, §§ 119-146, and Doğan and Others, cited above § 159) და აღნიშნა, რომ „მფლობელობის“ ცნება N1 დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტის პირველ ნაწილი თვალსაზრისით, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ნივთების მესაკუთრეობით და დამოუკიდებელია ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კლასიფიკაციისაგან. აღსანიშნავია, რომ როგორც ნივთები, ისე კონკრეტული უფლებები და ინტერესები შესაძლოა წარმოადგენდნენ „მფლობელობას“ ამ დებულებების მიზნებისთვის (იხ. Iatridis v. Greece [GC], no. 31107/96, § 54, ECHR 1999-II, and Beyeler v. Italy [GC], no.33202/96, § 100, ECHR 2000-I). სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „მფლობელობა“ შეიძლება მოიცავდეს მოთხოვნებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს შეუძლია იდავოს, რომ მას გააჩნია სულ მცირე გონივრული და „მართლზომიერი მოლოდინი“ იმისა, რომ შეძლებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. (იხ., Prince Hans-Adam II of Liechtenstein v. Germany [GC], no. 42527/98, § 83, ECHR 2001-VIII). „მოლოდინი“ კი მართლზომიერია, თუკი იგი ემყარება საკანონმდებლო დებულებას ან ნორმატიულ აქტს, რომელიც შეეხება საკუთრების ინტერესს (იხ. Kopecký v. Slovakia [GC], no. 44912/98, §§ 45-52, ECHR 2004-IX).
ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს საკუთრების უფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით-„საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობაზე არაერთგზის უმსჯელია. სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია’’[18]. შესაბამისად, სასამართლო კერძო სამართლებრივი ურთიერთობების დაცვისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისთვის დიდ ყურადღებას ამახვილებს საკუთრების უფლების დაცვაზე. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია საკუთრების უფლების დაცვის საჯარო ინტერესი, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების დაცვა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა’’[19] სადავო ნორმა მოსარჩელეებს უზღუდავს შესაძლებლობას, თავისუფლად ისარგებლონ იმ უფლებით, რომელიც მათ ფორმადაუცველი გარიგებით მოიპოვეს. როგორც მოგეხსენებათ, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, „მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი)“, ხოლო ამავე კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი)“, რისი რეგისტრაციის შემდგომაც, ის გახდება მესაუთრე. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელეებს ეზღუდებათ საკუთრების უფლება, რამდენადაც სააღსრულებო ბიურო არ ითვალისწინებს საქართველოს კანონს „საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთერთობების შესახებ“, სადაც მესაკუთრეს არ შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოსთხოვოს პირს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა, რის გამოც, გაჩნდა ნივთის უკანონო მფლობელობის პრეზუმცია. შედეგად პოლიციამ უკვე გამოასახლა ორი ოჯახი, ხოლო გამოსახლების პროცესი გრძელდება, მაშინ, როდესაც პირები წარმოადგენენ მართლზომიერ მფლობელებს. აღსანიშნავია, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შედეგად წარმოშობილი ურთერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, ასევე მათ უფლებამონაცვლეებზე.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა სასამართლოში გაასაჩივროს სააღსრულებო ფურცელი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 10 თებერვალს გაცემული N2/11867-2016 წ. სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, რითიც თამარ გომართლეს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნას ქ.თბილისსში, ვ.პეტრიაშვილის ქ.N48-ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნულ განცხადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ჭუნიაშვილმა გამოსცა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა:[20] „მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელისათვის არ არსებობს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკი, რის გამოც სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა უსაფუძვლოდ მიაჩნია..................აღსრულება დაწყებულია თამარ გომარელის მიმართ, სადაც მოსარჩელეები პროცესის მონაწილე მხარეებს არ წარმოადგენენ“. შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელეებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ ისინი არ არიან მითითებულნი სააღსრულებო ფურცელში, ხოლო ვინ წარმოადგენდეს კანონის შესაბამისად მოვალესთან „მყოფ პირებს“, აღნიშნული საკითხის დადგენა ხდება სააღსრულებო პოლიციის მიერ, რაც როგორც უკვე აღინიშნა, ზღუდავს მოსარჩელეების და სხვა უამრავი ადამიანის უფლებებს, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე, იძულებულნი ხდებიან დატოვონ ის ქონება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათ მართლზომიერად ეკუთვნით და აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ არ ეძლევათ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
როგორც უკვე აღინიშნა, 2018 წლის 9 მარტს სსისპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ თბილისში, პეტრიაშვილის ქ .48-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოხდა ორი ოჯახის- ფატმა მამედოვისა და მამედ მამედოვის ოჯახების გამოსახლება. გამოსახლებულ პირებს შორის არიან მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთაც არ გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი. ფატმა მამედოვი წერილობით ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ დაბადებიდან ცხოვრობს პეტრიაშვილის ქ.N48-ში მდებარე ბინაში, რომელიც მისმა მამამ შეიძინა და შემდგომში ნელ-ნელა გააფართოვა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა შეიტყო მათი საცხოვრებელი სახლის აუქციონის გზით გასხვისების თაობაზე, ისინი დავას აწარმოებდნენ ახალი მესაკუთრის წინააღმდეგ, რის პარალელურადაც, გამოიცა სააღსრულებო ფურცელი ძველი მესაკუთრის სახელზე, რომელსაც როგორც ფატმა მამედოვა აღნიშნავს, სადავო ტერიტორიაზე არც კი უცხოვრია. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელის წარმომადგენელთან რამდენჯერმე მოვიდა გაფრთხილება აღსრულების დაწყების თაობაზე, იმის გამო, რომ უშუალოდ სხვა პირები, რომლებსაც შეეხოთ გამოსახლება, არ ყოფილან სააღსრულებო ფურცელში მითითებულნი ეგონათ, რომ გამოსახლების რეალური საფრთხე არ ემუქრებოდათ, თუმცა, 2018 წლის 9 მარტს, დილის საათებიდან სააღსრულებო პოლიციამ დაიწყო გამოსახლება-პირველ ეტაპზე მამედოვი მამედას ოჯახიდან ნივთების გამოტანა, მამედოვების ერთ-ერთ წევრს, რომელსაც ეპილეფსია აქვს აღსრულების პროცესშში ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც, იძულებული გახდნენ შეეჩრებინათ პროცესი, რის შემდგომაც ფატმა მამედოვას ოჯახიდან დაიწყეს ნივთების გარეთ გამოყრა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გარეთ ძლიერი წვიმა იყო და ყველაფერი სველდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად ისე, რომ მოსარჩელეს არ მისცეს ნივთების გატანის უფლება, ყველაფერს გარეთ ყრიდნენ. აღნიშნულ ფართში, ერთ ოთახში, რომელსაც წინ პატარა შუშაბანდი ჰქონდა ფატმა მამედოვა ხუთ პირთან ერთად, მათ შორის არსრულწლოვანთან ერთად ცხოვრობდა, ახლა კი იძულებულნი არიან ნათესავთან იცხოვრონ, რადგან სახლში შესვლის უფლება არ აქვთ.
ფარვიზ მამედოვი კი აღნიშნავს, რომ გამოსახლების დღეს, 11 საათზე პირველად მის ოჯახში მივიდა სააღსრულებო პოლიცია, ფარვიზ მამედოვის თქმით, აღსრულების პროცესსში ის ნერვიულობისგან ცუდად გახდა, სასწრაფომ მაღალი არტერიული წნევა და ეპილეფიის ნიადაგზე გონების დაკარგვა დააფიქსირა, მათ შორის, კრუნჩხვები, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გამოასახლეს იძულებით და ნივთები ეზოში დააწყვეს. მოსარჩელის მამა, მამედ მამედოვი დასაკეც საწოლ-„ლეჟანკაზე“ დააწვინეს და თავისი ხელით გამოიყვანეს გარეთ, რადგან სიარული არ შეეძლო, ავადმყოფს კი მიშენებულ სათავსოში მოუწია დარჩენა. ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ღამეს სათავსოში ათენენ, რომელიც ჯამში 8 კვადრატული მეტრია.
მართალია ამ დრომდე სადავო ტერიტორიაზე გამოსახლებულია მხოლოდ ორი ოჯახი, თუმცა იმ ეტაპისთვის, გამოსახლების პროცედურა დანარჩენი პირების მიმართ ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა, კერძოდ, კრედიტორის სასარგებლოდ გამოთავისუფლებულ ფართებში არ შედიოდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლების ნაწილი-საცხოვრებელ სახლებში შესასვლელი ფართები, შესაბამისად ვერ მოხერხდა ფართში კანონიერად შეღწევა. თუმცა, სხვა ოჯახებიც იმავე რისკის ქვეშ დგანან, აქვთ ყოველდღიური მოლოდინი რომ ტერიტორიიდან, რომელიც მათ მართლზომიერად ეკუთვნით გამოასახლებენ და მოუწევთ ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. სახლიდან გამოსახლების შიშით ცხოვრობენ მაისურაძეების ოჯახი, რომლებსაც, მართალია, ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ, მაგრამ 1969 წელს მათგან დამოუკიდებლად ფართი გაყიდულა. სახლიდან გამოსახლების სტრესს ოჯახის წევრმა-ასაკოვნამა ქალბატონმა ვერ გაუძლო და უსახლოდ დარჩენის შიშით გამოწვეული სტრესით გარდაიცვალა, ოჯახის უფროსი კი არის უსინათლო ინვალიდი და ამ ასაკში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე მოვლენების გამო კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
გარდა ამისა, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილი პირებს უზღუდავს შესაძლებლობას, ჰქონდეთ სათანადო საცხოვრისი, რომელიც ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს და არაერთი კონვენციითაა დაცული. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საცხოვრისის ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურებების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“[21]. საცხოვრებლის უფლება პირველ რიგში გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზეა აღიარებული. პაქტის მე-11 მუხლი იცავს ყველა ადამიანის უფლებას სათანადო საცხოვრებელზე: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს.“ კანონის საფუძველზე, პირები, რომლებიც მართლზომიერად ფლობდნენ საკუთრებას, დარჩენენ საცხოვრისის გარეშე და უწევთ არასრუწლოვნები და სხვა საჭიროების მქონე პირებიც ასეთ გარემოში ამყოფონ, მოგეხსენებათ, რომ არასრუწლოვანთა ჯანმრთელობა, განათლება და ზოგადი კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათი საცხოვრისის არსებობაზე, ადეკვატურ ცხოვრების პირობებზე. არასრუწლოვანის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს და აღიზარდოს სათანადო გარემოში. [22]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოსახლებისას, სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება მიმართული უნდა იყოს მოწყვლადი ჯგუფების დაკმაყოფილებაზე. [23] სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში ცხადად აღნიშნა, რომ პროპროციულობის დასაცავად, საჯარო ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს და სერიოზულად მიიღოს უსახლკარობის რისკი მანამ, სანამ გამოსცემენ იძულებით გამოსახლების ბრანებას. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ გამოსახლებამდე უნდა გაითვალისწინოს შემდგომი ორი საკითხი: არსებობს თუ არა დაუძლებელი საჭიროება გამოსახლებისა და თუკი აღნიშნული საკითხი დადგინდება და არ იარსებებს ნაკლებად მზღუდავი საშუალება, სახელმწიფო ვალდებულია, გამოარკვიოს აქვთ თუ არა პირებს ალტენრატიული თავშესაფარი. [24] (ასევე იხ. Tuleshov and Others v. Russia; Stankova v. Slovakia; Gladysheva V. Russia) სადავო შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ გამოსახლების პროცესსში ჩართული არ ყოფილა ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური სამსახურები გამოსახლებას დაქვემდებარებული პირთა/ოჯახთა საჭიროების მიზნით. როგორც უკვე აღინიშნა, არ მომხდარა იმის გამორკვევა, იყო თუ არა გამოსახლება კანონიერი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, ისევე, როგორც არ მომხდარა ალტერნატიული დროებითი საცხოვრებელის შეთავაზება გამოსახლებული პირებისათვის, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეთა უმეტესობა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
აღსანიშნავია რომ ამ შემთხვევაში, სამოქალაქო სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულებისას, მოსარჩეელეებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ საცხოვრებელში, თუმცა ზიანი, რაც პირებს მიადგათ გამოსახლების შედეგად, ძალიან დიდია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩართულები იყვნენ როგორც საქმის მიმდინარეობისას პროცესსში, ასევე, ჰქონდეთ სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შესაძლებლობა. აღნიშნული გზით, არიდებული იქნებოდა მძიმე შედეგები, რამდენადაც, საქმეზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, მისი აღსრულება იქნება შეუძლებელი, ვინაიდან მოსარჩელეები იქნებიან გამოსახლებულები სადაო ქონებიდან, შესაბამისად, განმცხადებელს დასჭირდება ახალი დავის წარმოება სასამართლოში, რაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს რისკი, რომ მესაკუთრე სადაო ქონებას კვლავ გაასხვისებს.
I. უფლების შეზღუდვის გამართლება.
1.1 თანაზომიერების ტესტი
მოსარჩელე მხარე იაზრებს რა, რომ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის, შესაბამისად, ექვემდებარება შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“[25] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმადაც, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს კონკრეტულ შეზღუდვებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული შეზღუდვით არ მიადგება ზიანი თავად უფლების არსს.[26] რამდენადაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათის უფლებაა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „რაც უფრო მნიშვნელოვანია ინტერესი, რომლის დაცვა პირს სასამართლოს მეშვეობით სურს, მით უფრო მკაცრი იქნება კრიტერიუმები, რომლებიც სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად გამოიყენება“.[27]
მოსარჩელე მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“[28] შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები ემსახურებოდეს მიზანს. კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, შესაძლებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად დაექვემდებაროს თანაზომიერ შეზღუდვას,[29] შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, არის თუ არა შეზღუდვა თანაზომიერი. თავის მხრივ, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ დაწესებული შეზღუდვა იყოს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება და ამასთან, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა უნდა იყოს მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული. [30]
3.2 ლეგიტიმური მიზანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“[31] „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი რეგლამენტირებულია მის პირველ მუხლში, რომლის თანახმადაც, კანონის მიზანს წარმოადგენს: „საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს“.[32] აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეობას წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე უზრუნველყოს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემა.[33]
სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მართალია არ იძებნება ნორმის განმარტებით ბარათში, თუმცა მოსარჩელის აზრით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის ლეგიტიმური მიზანს წარმოადგენს ახალი მესაკუთრის ინტერესების დაცვა. სადავო ნორმით, „სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად“, შესაბამისად, ნორმა ცალკე არ გამოყოფს მოვალესთან დაკავშირებულ, მასთან მყოფ პირებს და ითხოვს რომ მოვალის სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით მოხდეს სხვა პირების გამოსახლება (გამოყვანაც), უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონმდებელს აღნიშნული შეზღუდვის დაწესებისას ჰქონდა მიზანი, რომ სწრაფად განხორციელებულიყო სააღსრულებო წარმოება, მათ შორის, შესაძლოა მიზანი იყოს უძრავი ქონების სწრაფი გადაცემა მესაკუთრის სარგებლობაში. თუმცა, მოსარჩელისთვის კვლავ ბუნდოვანი რჩება, რა ლეგიტიმური მიზანი უნდა ჰქონდეს იმ გარემოებას, რომ მოვალესთან დაკავშირებულ პირებს დამატებით არ ეძლევათ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით, თუმცა იმ დაშვებით, რომ შესაძლოა გაზიარებული იქნეს აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი, საკითხი განხილულ უნდა იქნეს თანაზომიერების მოთხოვნის შესაბამისად.
3.3 გამოსადეგობა
ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“.[34] სადავო შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ეხება უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას) ნებისმიერ თანმხლებ პირთან, მათ შორის უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელთან, ისეთ სუბიექტთან ერთად, რომელიც არ წარმოადგენს მოვალეს სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ლეგიტიმური მიზანი უნდა იყოს კრედიტორის ინტერესების დაცვა და აღსრულების სწრაფი უზრუნველყოფა. გასაჩივრების უფლების შეზღუდვა უნდა უკავშირდებოდეს სწრაფი აღსრულების დაცვის მიზანს. სადავო ნორმის თანახმად, მოვალესთან მყოფ პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების, თუმცა მეორეს მხრივ, აღნიშნულის უფლება აქვს თავად მოვალეს. თუკი მოვალე თავად გამოიყენებს ამ უფლებას, ცალსახაა, რომ წარმოება დროში გაიწელება, შესაბამისად განცალკევებულად მოვალესთან დაკავშირებული პირებისთვის აღნიშნულის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა, ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგი საშუალება. არავისთვის არ არის უცნობი, რამდენად იწელება პრაქტიკაში აღსრულების პროცესი, შესაბამისად, კონკრეტულად შეზღუდვის დაწესება მოვალესთან მყოფ პირებზე, მოსარჩელის აზრით, ვერ იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება;
3.4 აუცილებლობა.
თანაზომიერების ტესტის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მზღუდავი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდავი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა.[35] საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.[36] მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა საერთოდ არ წარმოადგენს აუცილებელ და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას რასაც კანონმდებელი შეიძლება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ახორციელებდეს. სადავო შემთხვევაში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან მოვალესთან დაკავშირებულნი აღსრულების ფურცლის საფუძველზე, სრულად ერთმევათ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლებები. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ბლანკეტური აკრძალვა, ვინაიდან კანონმდებელი საერთოდ არ ახდენს დაკონკრეტებას იმისა, თუ რა უფლებით სარგებლობს პირი უძრავ ქონებასთან მიმართებით, ისევე, როგორც არ ითვალისწინებს მათ მდგომარეობას. მესაკუთრების ინტერესების დაცვისთვის, ცალსახაა, რომ სხვა პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას, რამდენადაც დაინტერესებული პირების მიერ სარჩელის შეტანის გზით მოსარჩელის აზრით ვერ იქნება დარღვეული ლეგიტიმური მიზანი, თუმცა მეორეს მხრივ, აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და პირს უზღუდავს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით, რაც ცალსახად უშლის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვას ხელს.
3.4.1 ბლანკეტურობის პრობლემა;
მოსარჩელე მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ცალკე გამოყოს ნორმის ბლანეკტურობის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სრულად უსპობს შესაძლებლობას, გასაჩივრებულ იქნეს სააღსრულებო წარმოების ფურცელი და არ ითვალისწინებს მოვალესთან „მყოფი პირი“ არის მართლზომიერი მფლობელი, საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლე (პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) [37], თუ მაგ. მის სახელზე დადებულია პირადი სერვიტუტი, რომელიც ასევე გადავნებად უფლებას წარმოადგენს;[38] ისევე, როგორც არ ითვალისწინებს გამოსახლება ხდება თუ არა არასრულწლოვანი პირების, რომელთაც შესაძლოა არ ჰქონდეთ სხვა საცხოვრისი, შესაბამისად, უგულებელყოფს ბავშვის საუკეთსო ინტერესების დაცვის პრინციპს, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.“ ამ ნაწილში საინტერესოა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის იმ ქვეყნების, სადაც სახელმწიფო სრულად ვერ ახორციელებს სოციალური უფლებების დაცვას, მაგ. იხილეთ „Grootboom and Others v Oostenberg Municipality and Others;“ სადაც ნათლად ჩანს არასრულწოვნების დაცვის ინტერესების მნიშვნელობა, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მხარეს დგას საკუთრების უფლება. ასევე, მაგ. საინტერესოა გადაწყვეტილება Papamichalopoulos v. Greece,[39] სადაც მართალია, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონია საკუთრების უფლება მოპოვებული სადავო ქონებაზე, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული საქმის მიზნებისთვის, მოსარჩელეები უნდა ჩათვლილიყვნენ მიწის მესაკუთრეებად, შესაბამისად, განხილული უნდა ყოფილიყო მათ საკუთრების უფლებაში ჩარევა. აღსანიშნავია ECHR-ის პრაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძოდ, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმეზე „საღინაძე და სხვები V. საქართველი“[40] სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე გვქონდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა და სასამართლომ უდავოდ მიაჩნია, რომ კოტეჯის ჩამორთმევა, რომელიც იყო პირველი განმცხადებლის ბინა 10 წელზე მეტ ხანს, წარმოადგენდა უკანონო ჩარევას მისი საცხოვრებლის პატივისცემის უფლებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე გამოტანილ განჩინებაში მიუთითა,[41] რომ „იურიდიული პირის მიმართ მიმდინარე აღსრულების ფარგლებში ვერ მოხდება ფიზიკური პირების უკანონო მფლობელობის აღკვეთა და მათი იძულებით გამოსახლება. ფიზიკური პირების იძულებითი გამოსახლების შემთხვევაზე კი იმოქმედებს არა სადავო ნორმა, არამედ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანების ის რეგულაცია, რომელიც ამ პროცესს აჩერებს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე“. აღსანიშნავია, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს და დიფერენცირებას აკეთებს იურიდიული პირისა და ფიზიკური პირების, მოსარჩელის აზრით, სასამართლომ ამ გზით აღნიშნულ განჩინებაში უკვე დაყო „მათთან მყოფი“ პირების ცნება.
მოსარჩელე მხარე იაზრებს რა, საკუთრების უფლების სამოქალაქო სამართლებრივ აბსოლუტურ ხასიათს, თუმცა, აღნიშნული მაგალითების წარმოდგენით მიაჩნია, რომ არ შეიძლება ნორმა ბლანკეტურად გავრცელდეს ყველა პირზე, რომელიც ფართოდ ინტერპრეტირებული კანონის საფუძველზე, ჩაითვლებიან მოვალესთან მყოფ პირებად. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ პირს ჰქონდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა.
3.5 პროპორციულობა
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“. [42] თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“.[43] აღსანიშნავია, რომ სადავო შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სრულად ერთმევა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც აბსოლუტური სახით კრძალავდა სამართლიანი სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას ხელყოფდა სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითად არსს და შესაბამისად მისი საჯარო ლეგიტიმური მიზნით გამართლება დაუშვებელი იყო[44]. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელეებს სრულად ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რაც ვერ ჩაითვლება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპროციულ საშუალებად, რამდენადაც, დაუშვებელია ერთი მხარის ინტერესების ხარჯზე სრულად იქნეს უგულებელყოფილი მეორე მხარის ინტერესები და მოხდეს მათ უფლებაში ჩარევა. მატერიალური თუ მორალური ზიანი, რაც მოსარჩელე მხარეებს მიადგათ/მიადგებათ უკანონო გამოსახლებით ვერ იქნება პროპორციული საშუალება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
§ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან;
I. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული სფერო;
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის 1-ლი წინადადების მიხედვით: ,,არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა’’. აღნიშნული მუხლი უკავშირდება ზოგადსამართლებრივ პრინციპს, Nullum crimen, nulla poena sine lege (არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე)[45], პრინციპი გულისხმობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოხდება სამართლიანი სასამართლოს უფლების სწორი განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კანონის განჭვრეტადობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის. უფლების მზღუდავი ნორმა ,,უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით’[46]. ამასთან, ,,კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა[47]’’. ,,«კანონად» შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. ’’[48] საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია რომ „პირებს კანონი უქმნიდეს ძალიან მკაფიო და თვალნათელ წარმოდგენას, როდის და როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მათი უფლება შეზღუდვის რისკის ქვეშ“. (II.პ. 13, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლის პრაქტიკიდან ნათლად ჩანს, რომ მნიშვნელოვანია უფლების მზღუდავი ნორმა იკითხებოდეს მკაფიოდ და ცხადად, ნათელი იყოს არამხოლოდ ნორმის შინაარსი, არამედ მკაფიოდ ჩანდეს, თუ ვის მიემართება კონკრეტული ნორმა.
აღსანიშნავია, რომ განჭვრეტადობის პრინციპი, საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლში, რომლის თანახმადაც, ,,არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს“, ზოგადად, ევროსასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლი იცავს არამხოლოდ კანონის უკუძალის აკრძალვას, არამედ, განჭვრეტადობის პრინციპსაც.[49] ამასთანავე, სასამართლო განმარტავს რომ მე-7 მუხლი გულისხმობს არამხოლოდ სისხლისამართლებრივი დანაშულისთვის პასუხისმგებლობას, არამედ სხვა ნებისმიერი საფუძვლით პასუხისმგებლობას (Khodorkovskiy and Lebedev v. Russia, nos. 11082/06 and 13772/05, § 789, 25 July 2013)[50], ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, განჭვრეტადობის პრინციპი მიემართება ზოგადად პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ნორმა სისხლისამართლებრივი თუ სხვა, ნებისმიერი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა უნდა პასუხობდეს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, „პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა მოხდეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება“[51]. სასამართლო განმარტავს, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით.“[52] ხოლო აღნიშნულს საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგნაირად განმარტავს: „კანონი შეიძლება ჩაითვალოს განუსაზღვრელად, როცა განმარტების ყველა მეთოდი მოსინჯულია, მაგრამ მაინც გაურკვეველია მისი ნამდვილი შინაარსი, ანდა არსი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია მისი მოქმედების ფარგლები“[53].
II. საქართველოს კანონის „სააღსრლებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით;
მოსარჩელე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილს, კერძოდ ნორმის ნორმატიული შინაარსის „მასთან მყოფი პირების“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეექვსე ნაწილთან. აღნიშნული სადავო ნორმით, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მიზნით გაცემულ სააღსრულებლო ფურცელში მითითებულ უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება. აღსანიშნავია, რომ ნორმა საკმაოდ ბუნდოვანია და არ არის განჭვრეტადი, ვინ უნდა მივიჩნიოთ „მასთან მყოფ პირებად“, მათ შორის, უნდა მივიჩნიოთ თუ არა პირები, რომლებიც წარმოადგენენ ქონების კეთილსინდისიერ და მართლზომიერ მფლობელებს. როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, იმისთვის, რომ ნორმა კონსტიტუციურად მივიჩნიოთ, ის უნდა იყოს განჭვრეტადი, მასში ცხადად უნდა იკვეთებოდეს მათ შორის მისი მოქმედების ფარლგები, უნდა იყოს კონკრეტული და ცხადია, იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ განუსაზღვრელობა, როგორც უკვე აღინიშნა, კანონი უნდა შეესაბამებოდეს „კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს“ [54]. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმაში არ არის განმარტებული, თუ ვინ მოიაზრებიან „მოვალესთან მყოფ პირებად“. მოსარჩელის აზრით, სრულიად ბუნდოვანია და განუსაზღვრელია პირთა წრე, რომელსაც შესაძლოა ეხებოდეს ნორმა. კერძოდ, არ არის ცხადი, თუ ვის მოიაზრებს კანონმდებელი მოვალესთან „მყოფ პირებში“, შესაძლოა თუ არა ჩავთვალოთ, რომ მოვალესთან „მყოფი“ პირები არიან მისი მეზობლები, რომლებიც მასთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ/საქმიანობენ, ან პირები, რომლებიც წარმოადგენენ ამ ქონების მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელებს.
ამას ემატება გარემოება, რომ „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, მითითებულია მხოლოდ მოვალის პირადი ინფორმაცია/მონაცემები, თუმცა, არ არის მითითება იმის თაობაზე თუ დამატებით ვის ეხება გამოსახლების (გამოყვანის) ვალდებულება, შესაბამისად, პირმა, რომელსაც პოტენციურად შესაძლოა ეხებოდეს სააღსრულებლო ფურცლით გაცემული ვალდებულება, სისტემურად უნდა ჩახედოს სადავო ნორმას, „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც ასევე არ აკონკრეტებს და საკმაოდ ფართოდ გადმოცემს, თუ ვის აქვს ტერიტორიის დატოვების ვალდებულება, შესაბამისად, პირისთვის შესაძლოა არ იყოს განჭვრეტადი, რამდენად მასზეც ვრცელდება აღნიშნული ნორმის მოქმედება. განუსაზღვრელია, უნდა ჩათვალოს თუ არა თავი მოვალესთან დაკავშირებულ პირად, მაშინ როდესაც მას მართლზომიერად აქვს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება.
დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ნორმის განმარტების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, რომელიც გვეხმარება განუჭვრეტელი, ხარვეზიანი ნორმის არსის გაგებაში. მათ შორის, პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებადია სიტყვისმიერი განმარტების მეთოდი-იგივე გრამატიკული განმარტება. გრამატიკული ინტერპრეტაციის მიზანია, დაადგინოს ენობრივი თვალსაზრისით, რა მნიშვნელობით იხმარება კანონის ესა თუ ის სიტყვები და რა მნიშვნელობით იყენებს მათ კანონმდებელი. ნორმაში არსებულ სიტყვების მნიშვნელობას განვმარტავთ ცალ-ცალკე, გრამატიკული კავშირებისა და მნიშვნელობების მეშვეობით. [55]სადავო შემთხვევაში, „განმარტების ბირთვს“ წარმოადგენს „მოვალესთან მყოფი“ პირები, რომელიც ცალსახად ფართო ტერმინია და მისი არც სიტყვისმიერი განმარტება იძლევა პასუხს იმაზე, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ნორმის სუბიექტებად. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირები, რომლებიც მართლზომიერად იმყოფებიან სადავო ქონებაზე ასევე შესაძლოა აპრიორულად ჩაითვალონ იმ პირთა წრეში, რომელსაც ვალდებულება ექნება დატოვოს ქონება, თუმცა, მეორეს მხრივ, არ მიიჩნევდნენ თავს მოვალესთან „მყოფ პირად“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერმინის განამრტებასთან დაკავშირებით ასევე საკმაოდ მწირია საქართველოს უზეანესი სასამართლოს პრაქტიკა, თუმცა საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოვალის გამოსახლება სადავო ნორმის საფუძველზე ავტომატურად იწვევს მასთან მცხოვრები შვილის გამოსახლებასაც. [56]
კრედიტორს წარმოადგენს დავით ბიჭაშვილი, ხოლო მოვალეს-თამარ გომარელი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები სააღსრულებო წარმოების მიზნებისთვის არ წარმოადგენდნენ მოვალე პირებს, მეტიც, ისინი არ ყოფილან არც ერთი ფორმით ჩართულები საქმის პროცესსში, საქმის მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე. სააღსულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულებით ღონისძიება მიმდინარეობს მოსარჩელეების, როგორც მოვალესთან „მყოფი პირების“ მიმართ. თუმცა, ბუნდოვანია, რატომ უნდა მივიჩნიოთ ისინი მოვალესთან „მყოფ პირებად“, რამდენადაც, ისინი არ არიან მოვალის შინამეურნეობის წევრები, ისინი მოვალისა და ერთამენთისგან დამოუკიდებელ შინამეურნეობებს წარმოადგენენ და ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართები გააჩნიათ. მოსარჩელის აზრით, შესაძლოა ფიზიკურ პირთან მყოფ პირად მივიჩნიოთ მოვალის ოჯახის წევრები, თუმცა ბუნდოვანია, რატომ შეიძლება მივიჩნიოთ ერთ მოვალესთან მყოფად მეორე ოჯახები, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, დამოუკიდებელ შინამეურნეობებს წარმოადგენენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ნორმა განუჭვრეტელია, არ იძლევა შესაძლებლობას პირმა განსაზღვორს, ვრცელდება თუ არა პასუხისმგებლობა მასზე, ისევე როგორც არ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი უფლების დასაცავად განახორციელოს ქმედებები მანამ, სანამ მას სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ექნება ვალდებულება დატოვოს უძრავი ქონება. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსგავსი ფართო ჩანაწერით რჩება ფართო შესაძლებლობა ბოროტად გამოიყენოს ნორმის მსგავსი ჩანაწერი და ერთი პირის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი აპრიორულად გაავრცელოს ყველა პირზე, ვინც მათი აზრით, შესაძლოა იყვნენ მოვალესთან მყოფი პირები.სწორედ აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ სადავო ნორმა უფრო ცხადი იყოს და დაკონკრეტებულ იქნეს, თუ ვინ მიიჩნევა სუბიექტად და ვიზე ვრცელდება აღნიშნული ვალდებულება.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ბლანკეტურია და ვერ უზრუნველყოფს საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილების განჭვრეტად ფარგლებში მოქცევას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2/5/879, „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პ.II.6.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N 1/466 გადაწყვეტილება, II.პ.14
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება,პ I.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება, II. პ. 9;
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება, II. პ. 55;
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება, II. პ. 45;
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3.
[10] 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14
[11] „სელემანი და სხვები ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის წინააღმდეგ“
[12]ლე კომტი, ვან ლიუვენი და დე მეიერი ბელგიის წინააღმდეგ., (Le Compte, Van Leuven and De Meyere v. Belgium), 1982 წლის 18 ოქტომბერი, N 544, §45.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის N1/1/186 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
[14] თ.ტუღუში, გ.ბურჯანაძე, გ.მშვენიერაძე, გ.გოცირიძე, ვ.მენაბდე, „ადამიანის უფლებები და საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა“, თბილისი, 2013წ., გვ.656;
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 1;
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N#1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-55;
[17] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე, საქმე №ას-1781-2018 .
[18] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 5, 6),
[19] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 6).
[20] თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, საქმე N2/4272-17.
[21] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, მუხლი 25, პუნქტი 1; http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi3.pdf
[22]„The Right to Adequate Housing“ UN, გვ.18.,
[23] Yordanova and Others V. Bulgaria, para.49, Application N 25446/06. 24 April, 2012.
[24] Yordanova and Others v Bulgaria: The Influence of the Social Right to Adequate Housing on the Interpretation of the Civil Right to Respect for One’s Home, P.797;
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათიშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
[26] დუნავეი რუსეთის წინააღმდეგ (Dunayev v. Russia), No. 70142/01, 24.05.07
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/1/403,427 გადაწყვეტილება, II-2; იხ. ციტირება: (ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013, 617.
[28] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქ ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-8.
[30] (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 65).
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15
[32] „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი პირველი.
[33] „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, 84-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[34] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48.
[35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-78
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 დეკემბრის N1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23.
[37]საქართველოს კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“, მუხლი 1.1
[38] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 253;
[39] Eur. Court H.R., Papamichalopoulos v. Greece judgment of 24.06.93, Series A no. 260-B.
[40] SAGHINADZE AND OTHERS - GEORGIA No18768/05; 27.05.2010
[41] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე N2/12/1575., შპს „კონცერნი თექა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
[42] /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“, II-60/
[43] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43.
[44] იქვე; quote from: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, თეიმურაზ ტუღუში, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი გოცირიძე, ვახუშტი მენაბდე, თბილისი, 2013.
[45] Legal Information institute, Nullum crimen sine lege, definition, https://www.law.cornell.edu/wex/nullum_crimen_sine_lege
[46] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნომებრის N1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-7.
[47] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N 1/2/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე_ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. II-11.
[48] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N 1/2/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე_ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. II-11.
[49] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის N19359/04 გადაწყვეტილება საქმეზე M. v. GERMANY, პარ. 90.
[50] Article 7 The “quality of law” requirements and the principle of (non-) retrospectiveness of the criminal law under Article 7 of the Convention, RESEARCH DIVISION, Council of Europe/European Court of Human Rights, 2019, 3.
[51] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
[52] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - „ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ II-29
[53] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 საქმეზე„ საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19.
[54]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის No2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართვლოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-29.
[55] ციპელიუსი რ., „იურიდიული მეთოდების მოძღვრება“., გვ.53
[56] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას1589-2018
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა