ნათელა ბრაგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/1709 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 16:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნათელა ბრაგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და მასთან მყოფი პირების“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1709) მომართა საქართველოს მოქალაქე ნათელა ბრაგვაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2022 წლის 30 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1709 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.“
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.” იმავე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“
5. №1709 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ სარჩელის ავტორი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფლობდა საცხოვრებელ ფართს. სარჩელზე თანდართული მასალებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, კონკრეტული საქმის ფარგლებში იდენტიფიცირებულ მოპასუხე მხარეს დაეკისრა უძრავ ქონებაზე უკანონო მფლობელობის შეწყვეტა. მითითებულ უძრავ ქონებაში კი, მათ შორის, მოექცა ზემოაღნიშნული ის საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ფლობდა №1709 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც, უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისთვის გადაცემის მიზნით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, საფრთხე დაემუქრა მის მართლზომიერ მფლობელობასაც, რადგანაც იგი შეიძლება ჩათვლილიყო მოვალესთან მყოფ პირად და მომხდარიყო მისი უძრავი ქონებიდან გამოსახლება (გამოყვანა).
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირებს, რომლებიც შესაძლოა, საერთოდ არ იყვნენ დაფიქსირებულები სააღსრულებო ფურცელში, აქვთ ვალდებულება, დატოვონ ტერიტორია ისე, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ სასამართლოში. აგრეთვე, მოვალესთან მყოფი პირები არ არიან სააღსრულებო პროცესის მონაწილე მხარეები, შესაბამისად, სადავო ნორმის ფარგლებში, ისინი ვერ სარგებლობენ სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების უფლებით, მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო წარმოება უშუალოდ შეიძლება შეეხოს მათ ინტერესებსაც. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს საერთო სასამართლო მიიჩნევს მოვალესთან დაკავშირებულ პირად, ხოლო სადავო ნორმა არ აძლევს საშუალებას, გაასაჩივროს სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც უშუალოდ მის ინტერესებზეც აქვს ზეგავლენა.
7. მოსარჩელე, დამატებით, ასევე მიუთითებს, რომ მას კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად აწარმოოს სამოქალაქო სამართლებრივი დავა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, ექნება შესაძლებლობა, დაბრუნდეს საცხოვრებელში, მაგრამ ზიანი, რაც მიადგება გამოსახლების დროიდან დავის სასამართლოს წესით გადაწყვეტის მომენტამდე პერიოდში, იქნება ძალიან დიდი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება, ჩართული იყოს სამართალწარმოებაში, გაასაჩივროს სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვოს აღსრულების პროცესის შეჩერება.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მესაკუთრე კრედიტორის ინტერესების დაცვა, მისთვის უძრავი ქონების სარგებლობაში სწრაფად გადაცემით. თუმცა მოსარჩელის აზრით, სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, რადგან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც შეიძლება მართლზომიერად ფლობდნენ უძრავ ქონებას, მოსარჩელესთან დაკავშირებულ სუბიექტებად მიიჩნევიან და, ამავდროულად, სრულიად ერთმევათ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
9. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს სადავო ნორმის სიტყვების, კერძოდ, „და მასთან მყოფი პირების“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მითითებული გასაჩივრებული დებულება არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რადგანაც განუსაზღვრელია იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება მოაზრებული იყოს მოვალესთან „მყოფ პირად“. მოსარჩელე აპელირებს, რომ პირები, რომლებიც მართლზომიერად სარგებლობენ უძრავი ქონებით, შეიძლება, დაკავშირებულნი იყვნენ იმ პირთა წრესთან, რომელიც მიჩნეულია მოვალესთან მყოფად. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ ნორმა არ იძლევა შესაძლებლობას, პირმა განსაზღვროს, ვრცელდება თუ არა პასუხისმგებლობა მასზე. მითითებულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სადავო ნორმის სიტყვების „და მასთან მყოფი პირების“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამდენად, მოსარჩელე ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ მიემართება მის მიერ იდენტიფიცირებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1709 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ფარგლებში, ის ვერ სარგებლობს სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების უფლებით და, აგრეთვე, რჩება უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო წარმოება უშუალოდ შეიძლება შეეხოს მისი, როგორც უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელის, ინტერესებსაც.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, როგორც ინსტრუმენტული უფლების მდგენელი დებულება, „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია პირის შესაძლებლობა, ეფექტური ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ გატარებული პროცედურული ზომების შედეგებზე. კერძოდ, „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. მითითებული ნორმა არ არეგულირებს მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაცვის შესაძლებლობას. მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ განსაზღვრავს სასამართლოსთვის მიმართვის ანდა სასამართლოს მეშვეობით რომელიმე უფლების დაცვისთვის რაიმე ფორმის ნორმატიულ წესრიგს. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს.
5. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებული კანონმდებლობის შესწავლის საფუძველზე, გამოარკვია, რომ სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესაბამისი წარმოების დაწყების შემთხვევაში, სავარაუდო მართლზომიერი მფლობელი, როგორც დაინტერესებული პირი, უზრუნველყოფილია უფლების დაცვის საკანონმდებლო მექანიზმებით. ასეთია, პირველ რიგში, აღმასრულებლის ნებისმიერი სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების უფლება, რაც დარეგულირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლით. მითითებული საკანონმდებლო დებულების თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის შემტანი სუბიექტი, სააღსრულებო წარმოების მხარესთან ერთად, შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი, რომელიც თვლის, რომ აღმასრულებლის ქმედება მის კანონიერ უფლებასა ან ინტერესზე ახდენს უარყოფით გავლენას. ასეთ პირს, აღმასრულებლის მიერ სადავო ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შეუძლია, გაასაჩივროს მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს სადავო ღონისძიებას, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეაჩეროს გასაჩივრებული მოქმედება. თავის მხრივ, საჩივარს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე განიხილავს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, საქმის სირთულიდან გამომდინარე, განხილვის პერიოდი დამატებით შეიძლება გაიზარდოს 15 დღით, რის შემდეგაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი (მათ შორის, გადაწყვეტილების მისაღებად არსებული ვადის დარღვევა უთანაბრდება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას), დაინტერესებულ პირს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან დაკავშირებით, №1709 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან არ ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარის მცდელობისა და სურვილის მიუხედავად, მან ვერ ისარგებლა უფლების დაცვის განხილული საკანონმდებლო მექანიზმით.
6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სავარაუდო მართლზომიერი მფლობელის მიერ თავისი ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო მექანიზმი აგრეთვე შეიძლება იყოს აღსრულების შეჩერების მოთხოვნა რელევანტური სასარჩელო დავის საგნით დაწყებული, დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში. ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე გამოარკვია, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს განცხადებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ასეთი განცხადება, გადაუდებელ შემთხვევაში, შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას გარემოებებზე, რომელთა გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება, საქმე №2ბ/5878-14). თავის მხრივ, „სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი არის სარჩელის (დავის) საგნის დაცვა და აღნიშნულით გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულების უზრუნველყოფა...სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა უნდა შეეხებოდეს თავად სარჩელის მოთხოვნას (დავის საგანს) და უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს სასამართლო წყვეტს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინება, საქმე №2ბ/3425-14).
7. №1709 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა საერთო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელის ინტერესები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო პროცესით შეიძლება შელახულიყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით, შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. „დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის კანონიერ ინტერესსაც მართლმსაჯულების აქტი შეეხება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინება, საქმე №ას-269-269-2018).
8. შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელს, რომელიც მიიჩნევს, რომ მას არ მიეცა საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა საერთო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას, რომლის შედეგადაც მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, მათ შორის, შეუძლია მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. პარალელურად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაწყებული აღსრულების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ დაასაბუთებს, რომ უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის შემდგომი გადაწყვეტილების აღსრულებას. თავის მხრივ, უფლებისა თუ კანონიერი ინტერესების მყისიერი შეზღუდვის საფრთხისგან მართლზომიერ მფლობელს დამატებით იცავს საქმის განმხილველი სასამართლოსთვის სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1709 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. №1709 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცალკეული სიტყვების („და მასთან მყოფი პირების“) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნორმის იდენტიფიცირებული სიტყვები ბუნდოვანია, არ პასუხობს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა განმარტავს, რომ მითითებული კონსტიტუციური დებულება ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). კონსტიტუციის ხსენებული გარანტია „[...]არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს, შესაბამისად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის განსახილველი დებულებით დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სახეზეა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი განუსაზღვრელობის შესახებ. შესაბამისად, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა გასაჩივრებული ნორმა პასუხისმგებლობის დამდგენი.
13. როგორც უკვე აღინიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. ამგვარი მოწესრიგება არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დაკისრებად, რადგან სადავო ნორმით არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამართალდარღვევა და მის მიმართ სახელმწიფოს რეაქცია ანუ პასუხისმგებლობის ფორმა პირის მიერ ცალკეული ვალდებულების დარღვევისთვის. ამდენად, გასაჩივრებული ნორმა არ არის პასუხისმგებლობის დამდგენი, შესაბამისად, სახეზე არ არის მიმართება ხსენებულ ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1709 კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „და მასთან მყოფი პირების“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1709 კონსტიტუციური სარჩელი („ნათელა ბრაგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში