შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N621 |
ავტორ(ებ)ი | შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ |
თარიღი | 29 დეკემბერი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს და ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილვას შემდეგი გარემოებების გამო: 1. წარმოდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის №81/3 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით. 2. კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ. 3. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“. 4. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არც აღნიშნულ საკითხებზე დავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქამდე განხილული არ ყოფილა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 22 სექტემბრის №20 დადგენილების 26-ე და 26' მუხლები განსაზღვრავენ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პირობებს და პროცედურებს. ამავე დადგენილების დანართი №4-ით განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური და მიერთების ვადები.ამასთან მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც, რომ 26' მუხლის მე-8 პუნქტით სამუშაოს შემსრულებელისათვის განსაზღვრულია საჯარიმო სანქცია იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შემსრულებელი პირი სამუშაოებს არ დაასრულებს დანართი №4-ით განსაზღვრულ ვადებში. შესაბამისად ახალი მომხმარებლის შემთხვევაში ყველა პროცედურა, საფასური და სამუშაოს შესრულების ვადები ზუსტადაა განსაზღვრული 26-ე, 26' მუხლებით და დანართი №4-ით. რაც შეეხება უკვე არსებული მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პირობებს და პროცედურებს, აღნიშნულის მარეგულირებელი ნორმები განსაზღვრულია ამავე დადგენილების 27-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული მომხმარებლისათვის გამანაწილებელ ქსელზე სიმძლავრის გაზრდისათვის შესასრულებელი სამუშაოების მომსახურების ტარიფები ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განისაზღვრება ამავე დადგენილების დანართი №4-ით განსაზღვრული ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის ოდენობით, თუმცა ამავე მუხლში არაა ზუსტად განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ. აღნიშნულის გამო, უკვე არსებული მომხმარებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნისას არათანაბარ და დისკრიმინაციულ პირობებში ექცევა ახალ მომხმარებელთან შედარებით რადგან სამუშაოს შემსრულებელმა შეუძლია განუსაზღვრელი ვადით გააჭიანუროს ან/და გადადოს მისი შესრულება, ისე რომ არანაირი საჯარიმო სანქცია ამაზე არ დაეკისრება, რაც არასწორია/უკანონოა, (არ შეიძლება ერთ (ახალი მომხმარებლის) შემთხვევაში დანართი №4 განსაზღვრავდეს შესასრულებელი სამუშაოს საფასურსაც და სამუშაოს შემსრულებლის ვალდებულებებს (სამუშაოს შესრულების ვადებს), ხოლო მეორე (არსებული მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე სიმძლავრის გაზრდის) შემთხვევაში მხოლოდ საფასურის ოდენობას ადგენდებს დაარ არეგულირებდეს სამუშაოს შესრულების ვადებს) და შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. შესაბამისად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჩართვის მსურველ ახალ მომხმარებელსა და ქსელში უკვე ჩართულ მომხმარებელს შორის ამ უთანასწორო და დისკრიმინაციული მიდგომის აღმოსაფხვრელად მიზანშეწონილი იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 22 სექტემბრის №20 დადგენილებაში 27-ე მუხლი მოქმედი რედაქციით ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, კერძოდ; 1. 27-ე მუხლს დაემატოს ახალი მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით; „მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე სიმძლავრის გაზრდისათვის შესასრულებელი სამუშაოს ვადები განისაზღვრება, ახალი მომხმარებლის ქსელში ჩართვისათვის დანართი №4-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად“ ან/და მსგავსი შინაარსის ჩანაწერით. 2. 27-ე მუხლს დაემატოს ახალი მე-8 პუნქტი, რომელშიც ისევე როგორც 26' მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრული იქნება საჯარიმო სანქცია არსებული მომხმარებლისათვის გამანაწილებელ ქსელზე სიმძლავრის გაზრდისათვის შესაბამისი სამუშაოების სამუშაოს მწარმოებელი პირის მიერ დანართი №4-ით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა