შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/621 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აპრილი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი:დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 27-ე მუხლისა და ამავე დადგენილების №4 დანართის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№621) მომართა შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2014 წლის 30 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 3 აპრილს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 27-ე მუხლი განსაზღვრავს ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის უფლების განხორციელების პირობებსა და პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, საფასური იანგარიშება სადავო დადგენილების №4 დანართით ახალი მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის ოდენობისთვის დადგენილი წესებით. დასახელებული დანართი განსაზღვრავს მომსახურების საფასურისა და შესაბამისი სამუშაოს გაწევის უზრუნველყოფისათვის მაქსიმალურ პერიოდს (ვადას) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში. №4 დანართით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე.
4. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლს. კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას ყველა სხვა სამართლებრივ აქტთან მიმართებით, ხოლო მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის მომხმარებლის მიერ გაზრდის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი არ არის შეზღუდული ვადაში. კერძოდ, სადავო დადგენილება არ განსაზღვრავს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით მომხმარებლის განაცხადის მიღებიდან, კონკრეტულად რა ვადაში უნდა განახორციელოს განაწილების ლიცენზიატმა შესაბამისი სამუშაოების დასრულება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მომსახურების საფასურისაგან განსხვავებით, №4 დანართით, ახალი მომხმარებლების მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევებისათვის დადგენილი, ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის მომხმარებლის მიერ გაზრდის საკითხების რეგულირებაზე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების №4 დანართით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიატისათვის ამავე დადგენილების 261 მუხლის მე-8 პუნქტით, ისევე როგორც ხსენებული დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია სანქცია, რომელიც გამოიხატება ახალი მომხმარებლის მიერ გადასახდელი მიერთების საფასურის 50%-ით შემცირებაში. მოსარჩელის მითითებით, არსებული მომხმარებლების მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდისას, ვადების განუსაზღვრელობასთან ერთად, განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების ჩატარების გაჭიანურებისათვის, ბუნებრივია, არც სანქციაა განსაზღვრული.
7. №621 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ახალ მომხმარებლებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში არიან უკვე არსებული მომხმარებლები, რომლებიც მიმართავენ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით, ვინაიდან ამ უკანასკნელ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, განუსაზღვრელი ვადით აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები. მოსარჩელის აზრით, მისი კატეგორიის პირებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი ახალი მომხმარებლები, ვინაიდან მათ მიმართ კონკრეტულად არის გაწერილი შესაბამისი სამუშაოების ჩატარების ვადები, სადავო დადგენილების №4 დანართით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩლის არსებითად განსახილველად მიღების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი ფორმალური შესაბამისობა. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუკი ის ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამგვარი ფორმალური შეუსაბამობის არსებობა კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს თავისთავად წარმოადგენს, მიუხედავად სარჩელის შინაარსისა.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, თავის მხრივ, განსაზღვრავენ კონსტიტუციური სარჩელის შედგენის წესს, სავალდებულო რეკვიზიტებს, ისევე როგორც იმ სავალდებულო დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს თან. დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „... კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი“. №621 კონსტიტუციურ სარჩელში სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ არის გამხდარი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების №4 დანართი. კონსტიტუციურ სარჩელს თან არ ერთვის დასახელებული დანართის ტექსტი, რაც, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს კანონით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნას. კონსტიტუციურ სარჩელზე სადავო ნორმატიული აქტის ტექსტის დაურთველობა განაპირობებს მის ფორმით შეუსაბამობას ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების №4 დანართის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტსა და მე-14 მუხლთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
4. №621 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს. ეს უკანასკნელი ადგენს საქართველოს კონსტიტუციის სტატუსს და განსაზღვრავს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს უზენაეს კანონს. ამასთან, ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა იყოს მასთან შესაბამისობაში. დასახელებული ნორმა წარმოადგენს ფუძემდებლურ პრინციპსა და გარანტიას სახელმწიფოში კონსტიტუციური წესრიგის არსებობისა თუ შენარჩუნებისათვის, თუმცა ის მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის პირველ - ზოგადი დებულებების დამდგენ თავში.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მეორე თავში, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის შესაბამისობაზე, ისევე როგორც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 27-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, თუ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ ნორმებს. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 27-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, აუცილებელია, რომ სადავო ნორმა იწვევდეს დიფერენცირებულ მოპყრობას, კერძოდ, ადგენდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან პირიქით.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია იმდენად, რამდენადაც არ განსაზღვრავს, მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისათვის კონკრეტულ ვადას მაშინ, როდესაც ამგვარი რეგულაცია, ახალი მომხმარებლებისათვის მოცემულია სადავო დადგენილების №4 დანართით.
9. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 27-ე მუხლი განსაზღვრავს ურთიერთობას, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატსა და, მეორე მხრივ, იმ მომხმარებელთა შორის, რომელთაც სურთ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ ლიცენზიატს. აღნიშნული მუხლი არ ადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას ან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდისას სამუშაოების ჩატარებისათვის მაქსიმალურ პერიოდს, არც ახალი მომხმარებლისთვის და არც უკვე არსებული მომხმარებლისათვის, რომელსაც სურს სიმძლავრის გაზრდა. სადავო ნორმა მოწესრიგების გარეთ ტოვებს და არ ეხება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ან უკვე არსებული მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდის ვადებს. ეს უკანასკნელი დარეგულირებულია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 26-ე, 261 მუხლებითა და №4 დანართით. მოსარჩელე დისკრიმინაციულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ახალი მომხმარებლის მიერთებისაგან განსხვავებით, არ არის განსაზღვრული არსებული მომხმარებლისათვის სიმძლავრის გაზრდის ვადა. მოსარჩელე მიჩნევს, რომ მომსახურების მიღების ვადის თვალსაზრისით მის მიმართ ხდება დიფერენცირება, თუმცა ამ დიფერენცირების წყარო ვერ გახდება ის სადავო ნორმა, რომელიც მომსახურების გაწევის ვადებს საერთოდ არ არეგულირებს. ამ თვალსაზრისით, დადგენილების სადავო 27-ე მუხლს გააჩნია ნეიტრალური შინაარსი.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება გამოწვეულია სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით პრობლემატურად მიჩნეული შინაარსი სადავო ნორმას საერთოდ არ გააჩნია, შესაბამისად, კონსტიტუციათან შეუსაბამობის შესახებ სარჩელში გამოთქმული არგუმენტაცია არ უკავშირდება სადავო ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №621 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 27-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №621 (შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი