ნუგზარი ოზიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1706 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნუგზარი ოზიაშვილი |
თარიღი | 20 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი: „ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი: „ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.“ ამავე მუხლის მე-6 პუნქტი: „ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „ამ მუხლის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 და 31-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დაბადებული ვარ 1949 წლის 13 მაისს დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე - 1973 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო გეგმიური განაწილებით მუშაობა დავიწყე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ: საჩხერის რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე, შემდეგ უფროს გამომძიებლად. აღნიშნულ სისტემაში ძირითადად გამოძიების ხაზით სხვადასხვა რეგიონში შესაბამის თანამდებობებზე ვიმსახურე კალენდარულად 18 წელი, 11 თვე და 22 დღე, ანუ სავალდებულო 20 წლიან კალენდარულ სამსახურებრივ სტაჟის შესრულებამდე დამაკლდა ერთი წელი და 9 დღე, 1992 წლის 15 სექტემბერს დავინიშნე საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც ვიმსახურე 2001 წლის 18 ივნისამდე, ე.ი. მთლიანობაში მოსამართლედ ვიმსახურე 8 წელი, 9 თვე და სამი დღე, ანუ აქაც მოსამართლის სავალდებულო 10 წლიან სამსახურებრივ სტაჟამდე დამაკლდა 1 წელი, 3 თვე და 28 დღე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ როგორც სასამართლოში, ისე პოლიციაში 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით ვმუშაობდი. მთელი ამ 28 წლიანი მუშაობის პერიოდში საერთოდ არ მისარგებლია სამსახურებრივი შვებულებით, ასე რომ ამის გათვალისწინებით შესრულებული მაქვს ფაქტობრივად გათვალისწინებული 20 წლიანი და 10 წლიანი სავალდებულო სამსახურებრივი სტაჟი. საპენსიო ასაკის მიღწევამდე ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ვმუშაობდი ადვოკატად. 65 წლის შესრულების შემდეგ დამენიშნა და დღესაც ვღებულობ ჩვეულებრივ სამოქალაქო პენსიას 300 ლარის ოდენობით. მყავს მეუღლე, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი. ასაკის მატებასთან ერთად შემერყა ჯანმრთელობა, გაკეთებული მაქვს რამოდენიმე სამედიცინო-ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა მუდმივად ძვირადღირებული სამედიცინო მედიკამენტების მიღება, რასაც ვერ წვდება ჩემი მიზერული პენსია. გამოსავლის ძიების პროცესში შემთხვევით გადავაწყდი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ საქართველოს კანონს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ , რომელშიც აღმოვაჩინე სერიოზული დარღვევები, ანუ აშკარად უგულებელყოფილია კანონის ძირითადი პრინციპები: სამართლიანობა და კანონის წინაშე თანასწორობა. კერძოდ: აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებით და ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სამხედროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, დაზვერვის, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს პროკურატურის ყოფილ თანამშრომლებს კანონით გათვალისწინებულ სავალსებულო 20 კალენდარულ წლიან სამსახურებრივ სტაჟში ეთვლებათ ხსენებულ უწყებებში ნამსახურობა და სასამართლო უწყებებში სამსახური. მარტო შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან გამოტოვებული აღნიშნულ მოსამსახურეთა სიაში, რითაც ისინი და მათ შორის მეც აღმოვჩნდი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რითაც უგულებელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი - პროფესიული ნიშნით. კანონში ხარვეზის აღმოსაფხვრელად და მასში ცვლილებების შეტანის საფუძვლიანი თხოვნით საკანონმდებლო წინადადებით მივმართე საქართველოს პარლამენტს, რომელმაც განიხილა იურიდიულ კომიტეტზე და არ დააკმაყოფილა, უარი თქვა კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე. ამის შემდეგ დახმარებისთვის მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს, რომელმაც გაიზიარა ჩემი შეხედულება და რეკომენდაციით მიმართა მაშინდელ შს მინისტრს - გიორგი გახარიას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით მომხდარიყო მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა - შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ არასამხედრო პირების სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის ანალოგიურად მოხდეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ არასამხედრო პირთა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით აღჭურვა. გახარიამ არაფერი არ იმოქმედა და დანაშაულებრივად გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე -11 მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო იცავს ადამიანის ღირსებას და სამართლის წინაშე თანასწორობას. აკრძალულია დისკრიმინაცია. დამნაშავე ექსპრეზიდენტმა უფროსი თაობის სახელმწიფო მოღვაწენი სამსახურებიდან გაუშვა, მათ იხსენიებს „ჩარეცხილებად“, დახურა და გააუქმა მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები.რაც შეეხება მსგავს მოთხოვნებს, დასახელებული კანონის მოქმედების ისტორიაში არ ყოფილა. ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამინისტროს მაღალჩინოსანთა: ალოგიკურ მოსაზრებებს: გაბუნიას, გარკალაიას და ოდიშარიას ისინი ჩვეულებრივი ბიუროკრატები არიან და თავს არიდებენ დისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელი ცვლილებებიც კი არ ეწინააღმდეგება, არამედ სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და პრინციპეპს. ამასთან ამგვარი ცვლილებები არავიტარ გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე, რამეთუ ასეთი პირები დღემდის არ გამოჩენილან. აქვე მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლებიც არ დაინტერესდნენ ჩემი ახირებით, როცა ხუთი-ექვსი წლის მანძილზე მისდიოდათ ჩემი განცხადებები კანონის ცვლილებაზე და ოლიმპიური სიმშვიდით შესრულებულ პასუხებს მიგზავნიდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი არ იზიარებდა ჩემს შუამდგომლობას კანონში ცვლილების განხორციელებაზე. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დღევანდელ საერთაშორისო მდგომარეობას დისკრიმინაციულ კანონთან მიმართებაში, ანუ როგორც დღევანდელი ომი უკრაინაში არის - პერსონალურად - პუტინის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში და არა რუსი ხალხის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ისე დასახელებული დისკრიმინაციული კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მიღებულია პერსონალურად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიერ და არა საქართველოს პარლამენტის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვ მიიღოს და განიხილოს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი და მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილება:
შევიდეს ცვლილება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა აღნიშნულ დაწესებულებებში სამსახურისა შედის პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა