ნუგზარი ოზიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/20/1706 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 17 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ნოემბერი 2022 13:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნუგზარი ოზიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1706) მომართა ნუგზარ ოზიაშვილმა. №1706 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 23 მაისს. №1706 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 17 ნოემბერს.
2. №1706 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. №1706 კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული მუხლები შეეხება ამავე კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშების წესსა და პირობებს. გასაჩივრებული მუხლები ადგენს, თუ კონკრეტულად რომელ სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს აქვთ უფლება, მიიღონ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია და, კონკრეტულად, ნამსახურობის რა ვადის გასვლის შემდეგ.
5. უფრო კონკრეტულად კი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი ზოგადად შეეხება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშების წესს. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, ვისზეც ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან დათხოვნის შემთხვევაში და მიუთითებს მათი ნამსახურების წლების შესაბამისი გაანგარიშების წესზე. აგრეთვე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი მიუთითებს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ სუბიექტთა ნამსახურობის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლის პირობების შესახებ. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განსაზღვრულია პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი ამ მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
7. მოსარჩელის აზრით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში უგულებელყოფილია კანონის ძირითადი პრინციპები: სამართლიანობა და კანონის წინაშე თანასწორობა. კერძოდ: სადავო ნორმების ძალით, სამხედროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, დაზვერვის, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს პროკურატურის ყოფილ თანამშრომლებს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო 20 კალენდარულ წლიან სამსახურებრივ სტაჟში ეთვლებათ ხსენებულ უწყებებში ნამსახურობა და სასამართლო უწყებებში სამსახური. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არ შედიან ზემოხსენებულ ჩამონათვალში და ამით ისინი იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
8. №1706 კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია, შევიდეს ცვლილება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა აღნიშნულ დაწესებულებებში სამსახურისა, შედის პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური“.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები და მე-9 მუხლის მეორე პუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულია უფლებამზღუდველი რეგულაცია. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
3. აღსანიშნავია, რომ დავის საგანია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. მოსარჩელისთვის პრობლემურია სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების მიზნებისთვის ზემოხსენებულ სადავო ნორმებში მითითებული სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ამორიცხვის საკითხი. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა მას აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში განსაზღვრულ სუბიექტებთან მიმართებით პროფესიული ნიშნით და მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მის მიერ წარმოდგენილი ვერსიის შესაბამისად ჩამოყალიბების შესახებ.
5. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმების შინაარსი ამოიწურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობის პირებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო წოდების მქონე პირების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ჩამონათვალით, აგრეთვე, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა წრით. აღნიშნული ნორმები არ შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, როგორსაც წარმოადგენს მოსარჩელე ნუგზარ ოზიაშვილი. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ მოსამსახურეებს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის კომპენსაციის გაანგარიშების წესზე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული წინაპირობების გათვალისწინებით.
6. ამავდროულად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი დეტალურად განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების წინაპირობებს, კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირების წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი, ბრძანების თანახმად, თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. შესაბამისად, კანონმდებლობის ანალიზიდან ირკვევა, რომ თუ პირი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნას ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოების ხაზით, მაშინ მისი წელთა ნამსახურობის ისტორია მთავრდება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის დღეს და მას კომპენსაცია ენიშნება შინაგან საქმეთა ორგანოების ხაზით.
7. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს იმ ნორმებიდან, რომელთა საფუძველზეც, განსაზღვრულია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა ნამსახურობის წლების გაანგარიშების ზოგადი წესი და არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო წესი წარმოადგენს გამონაკლისს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესიდან, იგი აღმჭურველი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ყველა სხვა ძალოვანი უწყების მოსამსახურეებისთვის, გარდა ფინანსთა სამინისტროს, პროკურატურისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიდან დათხოვნილი პირებისა, წესთა ნამსახურობის გაანგარიშების ერთნაირი პირობების დადგენას კალენდარული და საერთო ნამსახურობის წლების გათვალისწინებით.
8. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შემხებლობაში არ არის სადავო ნორმასთან, №1706 კონსტიტუციური სარჩელი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის ზოგად მოთხოვნებს.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
10. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო განსაკუთრებით ფართო დისკრეციას ფლობს სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის განსხვავებული სახის და ოდენობის მატერიალური სარგებლის განაწილებისას. ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან მიმართებით შესაძლებელია, სახელმწიფოს სხვადასხვაგვარი მიზანი ამოძრავებდეს. მაგალითისთვის, სოციალური გარანტიების შემოღება შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული ტიპის საჯარო სამსახურში დასაქმების წახალისებას, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების დაფასებას, ქვეყნისა და ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას შეწირული სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ნაწილობრივ და სიმბოლურ კომპენსირებას და ა. შ. ამრიგად, დისკრიმინაციის წარმოსაჩენად აუცილებელია, დასაბუთებული იქნეს განსხვავებული მოპყრობის აშკარად არაგონივრული და ირაციონალური ხასიათი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
11. №1706 კონსტიტუციურ სარჩელში ავტორი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით აპელირებს ზოგადად, კერძოდ, მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ სადავო ნორმათა მოქმედებით ის აღმოჩნდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა სახელმწიფო უწყებების ყოფილ თანამშრომლებთან შედარებით. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, თუ რატომ წარმოადგენენ შესადარებელი პირები სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს. ამდენად, ცალსახაა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ პირთა ჯგუფებისა და მათთვის განკუთვნილი კომპენსაციის გაანგარიშების წესების ერთმანეთთან შედარების მიზნით, მოსარჩელეს, სულ მცირე, უნდა წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ვრცლად ემსჯელა ისეთ არსებით საკითხზე, როგორიცაა, თუნდაც განსხვავებული მოპყრობის აშკარად არაგონივრული და ირაციონალური ხასიათი.
12. ამასთანავე, მოსარჩელე არ მიუთითებს შესაბამის დასაბუთებაზე, თუ რატომ ზღუდავს სადავო ნორმები მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე ან სამართლიანი სასამართლოს რომელი უფლებრივი კომპონენტის დაცულობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სასამართლოსთვის ასევე გაუგებარი რჩება მოსარჩელის მოთხოვნა. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება სარჩელის ავტორის კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისკენ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელე ნუგზარ ოზიაშვილი არის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი არასამხედრო პირი, რომელსაც სურს, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოთ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ სასამართლო სისტემაში მუშაობის პერიოდი.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის გზით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების შინაარსის გაფართოებას და სადავო ნორმების მოქმედების პირთა იმ წრეზე გავრცელებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ გასაჩივრებული ნორმების მოქმედების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამგვარად, ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისაკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ფორმულირება და ნორმიდან კონკრეტული სიტყვების ამოღებით მისი მოქმედების ფარგლების გაფართოების მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის უფლებამოსილებას. ამრიგად, მოსარჩელის ხსენებული მოთხოვნა კანონმდებლობაში პოზიტიური დანაწესის შექმნის იდენტურია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1706 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია, მასში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მის არსებითად განსახილველად მიღებას განაპირობებდა და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 313 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1706 კონსტიტუციური სარჩელი („ნუგზარი ოზიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე