ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/1704 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 19:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი- წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებისა და „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვალის №93 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1704) მიმართა საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანმა. №1704 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2022 წლის 25 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს.
2. №1704 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება განსაზღვრავდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს. ხოლო „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვალის №93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება, რომლითაც წესრიგდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა, დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი განამტკიცებს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო 28-ე მუხლით გარანტირებულია ჯანმრთელობის დაცვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის პილოტი, რომელმაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, 80%-ით დაკარგა შრომის უნარი. აღნიშნული საფუძვლით, მოსარჩელეს მიენიჭა II ჯგუფის ინვალიდის სტატუსი და დაენიშნა ყოველთვიური სარჩო. მოსარჩელის განმარტებით, მას შეუწყვიტეს დანიშნული სარჩო იმ საფუძვლით, რომ ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო და საავიაციო ადმინისტრაცია, თუმცა აღნიშნული სტრუქტურების სამართალმემკვიდრე გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც ვალდებული იყო, გადაეხადა წინასწარ განსაზღვრული სარჩო. მოგვიანებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ის ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს ენიშნებოდა სარჩო. ახალი კანონით კი, აღარ განისაზღვრა მის მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი.
6. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, 2017 წლიდან კვლავ იღებს შრომის უნარის დაკარგვის გამო შესაბამის სარჩოს, თუმცა მისთვის პრობლემური ის პერიოდია, რომლის განმავლობაშიც უნდა მიეღო შესაბამისი დახმარება, თუმცა სადავო ნორმების საფუძველზე, შეუწყდა მისი მიღება და აღარ მოხდა განაცდური პერიოდის ანაზღაურება. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას კანონით განსაზღვრული სარჩო არ მიუღია 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, არათანასწორ მდგომარეობაშია ჩაყენებული იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც მის მსგავსად დაენიშნათ სათანადო სარჩო, თუმცა მოსარჩელისგან განსხვავებით, აღნიშნული სარჩოს მიღების უფლებით სარგებლობდნენ უწყვეტად.
7. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა მისი საკუთრების უფლების ნაწილს. ხოლო, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამტკიცებლად, მოსარჩელე მიუთითებს სასამართლო პროცესის ხანგრძლივობაზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სარჩოს შეწყვეტით, სახელმწიფომ ასევე დაარღვია მისი ჯანმრთელობის დაცვის უფლება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან „ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №1704 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს, მათ შორის, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, 2013 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება.
4. კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასასმართლოში რეგისტრაციის (შემოტანის) მომენტისათვის (2022 წლის 16 მაისი) ზემოთ დასახელებული სადავო ნორმები (სარჩელში მითითებული რედაქციით) უკვე აღარ მოქმედებდა. ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარია ძალადაკარგული ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მათი კონსტიტუციურობის თაობაზე.
5. №1704 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვალის №93 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა მითითებული ნორმებით დადგენილი რომელიმე წესის შინაარსის კონსტიტუციურობა, არამედ გასაჩივრებული ბრძანებულების საფუძველზე იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომელიც მას გარკვეულ ფინანსურ სარგებელს ანიჭებდა.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ნორმის გაუქმებამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ სივრცეზე, რომელშიც იგი არსებობდა. მისი გაუქმებით, შესაძლოა, სამართლებრივი სივრცე შეიცვალოს, სამართლებრივი ურთიერთობების გადაწყვეტა მოხდეს განსხვავებული წესით, ვიდრე ეს ხდებოდა ნორმის გაუქმებამდე. თუმცა ნორმის გაუქმების აღნიშნული თანმდევი ეფექტი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ... ქცევის ახალი წესი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
7. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ნორმატიულობას განსაზღვრავს მისი მატერიალური შინაარსი. „ ... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
8. მართალია, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებით, გარკვეული სახეცვლილება განიცადა არსებულმა სამართლებრივმა სივრცემ და შესაძლოა, ამ საფუძვლით, სამართლებრივი ურთიერთობები სხვაგვარად მოწესრიგდა, თუმცა უშუალოდ სადავო ბრძანებულებას არ დაუდგენია ქცევის წესი, რომელიც განსაზღვრავს მოსარჩელისთვის პრობლემურ - 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვალის №93 ბრძანებულება არ ქმნის მოსარჩელის უფლების შეზღუდვის ნორმატიულ საფუძველს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის შეუძლებელია, იგი განხილულ იქნეს როგორც მოსარჩელის უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტი. ამდენად, სადავო ნორმა ვერ იქნება განხილული უფლების შემზღუდველ ნორმატიულ აქტად. მისი კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
9. შესაბამისად, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1704 („ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე