ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1477 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 18:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის (დანართი №1)“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1477) მომართა ნუგზარ კობახიძემ. №1477 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 10 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს.
2. №1477 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით განისაზღვრება ცალკეული ტერმინის მნიშვნელობა დასახელებული კოდექსის მიზნებისთვის. იმავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განიმარტება ტერმინი „განაშენებული ტერიტორია“ და დადგენილია, რომ ამგვარ ტერიტორიას არ განეკუთვნება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა. იმავე მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „საზოგადოებრივი სივრცეს“ არ წარმოადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანით ან/და ამ გეგმის გაუქმებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დროს ზიანის ოდენობა გამოითვლება იმ ფინანსური დანახარჯის მიხედვით, რომელიც გასწია უძრავი ნივთის მესაკუთრემ ან მისმა კანონიერმა მოსარგებლემ სამშენებლო საქმიანობის/საპროექტო საქმიანობის განხორციელებისას და რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა აღნიშნული გეგმიდან. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, განისაზღვრება შემთხვევები, როდესაც დასაშვებია მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, კერძოდ, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი ღონისძიებებიდან: ა) შიდა სატრანსპორტო გზების ან/და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა ან გაფართოება; ბ) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა; გ) მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.
4. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა, ხოლო №2 დანართის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა კანონმდებლობის შესაბამისად და, ასევე, რელიგიური შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ნუგზარ კობახიძე არის ქალაქ თბილისში 3100 მ2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოსარჩელის განმარტებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა თბილისში მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომლითაც შეიცვალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფუნქციური დანიშნულება და განისაზღვრა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთები მიეკუთვნება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთების სტატუსის ცვლილება გამორიცხავს ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობის აშენებას ან მიწის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას.
7. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ნაწილებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს განაშენიანებული ტერიტორიისა და საზოგადოებრივი სივრცის ცნებებს, მეორე მხრივ, პირდაპირი დათქმით ცალკეულ ზონებს, მათ შორის, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას იმთავითვე ამორიცხავენ განაშენიანებული სივრციდან და აკუთვნებენ საზოგადოებრივ სივრცეს. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს აქვთ იმგვარი სტატუსი, რომლის ფარგლებში ყოველგვარი მშენებლობა და საკუთრებაზე წვდომა აკრძალულია. შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, მისთვის სასურველი ფორმით მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია.
8. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, ვინაიდან დასახელებული უფლება გულისხმობს მესაკუთრის უფლებას, აინაზღაუროს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის შედეგად მიყენებული ზიანი. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ზღუდავს საკუთრების უფლებას, ვინაიდან ზიანში მოიაზრებს მხოლოდ იმ ფინანსურ დანახარჯს, რომელიც გასწია უძრავი ნივთის მესაკუთრემ ან მისმა კანონიერმა მოსარგებლემ სამშენებლო საქმიანობის/საპროექტო საქმიანობის განხორციელებისას და რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა აღნიშნული გეგმიდან. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა რეგულირების მიღმა ტოვებს იმგვარი ზიანის ანაზღაურების საკითხს, რომელიც მესაკუთრეს მიადგა განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის ან ამ გეგმის გაუქმების გამო.
9. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, რომლითაც განისაზღვრება მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საფუძვლები. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ამომწურავად ადგენს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის წინაპირობებს, თუმცა ასეთ წინაპირობად არ მოიაზრებს შემთხვევებს, როდესაც განაშენიანების გენერალურმა გეგმამ საკუთრების ობიექტს მიანიჭა იმგვარი ფუნქციური სტატუსი, რომლითაც იგი იმთავითვე გამორიცხა სამეწარმეო ან საცხოვრებელი მიზნით გამოყენებისათვის. ამდენად, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გამორიცხავს მიწის მონაცვლეობას მაშინ, როდესაც განაშენიანების გეგმა საკუთრებას არსებითად უფუნქციოდ აქცევს.
10. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №1 დანართის კონსტიტუციურობას, რომლითაც დამტკიცებულია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული დანართი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, ვინაიდან იგი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გრაფიკულად მიაკუთვნებს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას და, შედეგად, მასზე ავრცელებს ამ ზონისთვის განკუთვნილ რეგულირებას. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი არის რუკა, იგი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის მიჩნეულ უნდა იქნეს ნორმატიულ აქტად, ვინაიდან აღნიშნული რუკა ადგენს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის გრაფიკულ წესს, ახდენს მის ვიზუალიზაციას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის ქმნის საკითხების გადაწყვეტის ნორმატიულ-გრაფიკულ წინაპირობებს.
11. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №2 დანართის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტს და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამავე დადგენილებით მიეკუთვნა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას, აბსოლუტურად კრძალავს რაიმე სახის მშენებლობას. მოსარჩელის აზრით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის აბსოლუტური და მუდმივი აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, გამოირიცხება საკუთრების უფლების რეალიზაცია კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მშენებლობის შეუძლებლობის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, არ არის გათვალისწინებული მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან ტოლფასი მიწის ნაკვეთის მიღების შესაძლებლობა. იმავდროულად, მოსარჩელე განმარტავს, რომ ბუნებრივი ლანდშაფტური სივრცეების კონსერვაცია და მათი საზოგადოებრივ სივრცეებად გამოყენება წარმოადგენს ღირებულ საჯარო ინტერესს, თუმცა დასახელებული მიზნების მიღწევა დაუშვებელია საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის ხარჯზე დასახელებულ და მესაკუთრის ინტერესებს შორის გონივრული და სამართლიანი ბალანსის დაუცველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1477 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დასახელებული ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავენ განაშენიანებული ტერიტორიისა და საზოგადოებრივი სივრცის ცნებებს, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირი დათქმით ცალკეულ ზონებს, მათ შორის, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას იმთავითვე ამორიცხავენ განაშენიანებული სივრციდან და აკუთვნებენ საზოგადოებრივ სივრცეს.
3. კოდექსის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაშენიანებული ტერიტორია არის დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ძირითადი დებულებებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი ზონისა, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, სასოფლო-სამეურნეო ზონისა, სატრანსპორტო ზონა 2-ისა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ისა. იმავე მუხლის „ჰ4“ პუნქტის მიხედვით კი, საზოგადოებრივი სივრცე არის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი სივრცე, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებით გამოიყენება, კერძოდ, ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა, სერვიტუტი და სხვა მსგავსი სივრცე.
4. ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის №1/5/1599 განჩინება საქმეზე „ირაკლი კაჭარავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/7/1545 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის №2/21/1305 განჩინება საქმეზე „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/11/1276 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-8).
5. როგორც აღინიშნა, განსახილველი ნორმები ადგენს „განაშენიანებული ტერიტორიის“ და „საზოგადოებრივი სივრცის“ საკანონმდებლო დეფინიციებს. მათი მიზანია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ცნებების შინაარსის განსაზღვრა. სადავო ნორმები, მართალია, მნიშვნელოვანია კოდექსის სხვა ნორმების შინაარსის აღსაქმელად, თუმცა დამოუკიდებლად არ ადგენენ რაიმე სამართლებრივ წინაპირობებს ამა თუ იმ ტერიტორიის ათვისების დასაშვებობის თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმები არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს და, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების შეზღუდვა არ გამომდინარეობს დასახელებული ნორმიდან.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1477 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
7. №1477 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით გამოირიცხება საკუთრების უფლების ხელშეშლის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ – სანაცვლო, ტოლფასი ღირებულების მქონე მიწის ნაკვეთის მიღების (მონაცვლეობის) შესაძლებლობა.
8. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანით ან/და ამ გეგმის გაუქმებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დროს, ზიანის ოდენობა გამოითვლება იმ ფინანსური დანახარჯის მიხედვით, რომელიც გასწია უძრავი ნივთის მესაკუთრემ ან მისმა კანონიერმა მოსარგებლემ სამშენებლო საქმიანობის/საპროექტო საქმიანობის განხორციელებისას და რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა აღნიშნული გეგმიდან. კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად კი, განისაზღვრება, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი ღონისძიებებიდან: ა) შიდა სატრანსპორტო გზების ან/და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა ან გაფართოება; ბ) სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა; გ) მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის რაციონალური შეცვლა.
9. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების მიზანია, მხოლოდ იმ გარემოებების დეკლარირება, რომ ცალკეულ შემთხვევაში, მიწის მესაკუთრეს უფლება აქვს, მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და სანაცვლო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა და, იმავდროულად, განისაზღვრება დასახელებული ღონისძიებების განხორციელების წინაპირობები, კერძოდ - ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საჭიროების წინაპირობები.
10. ამდენად, სადავო ნორმები უფლებააღმჭურველი ხასიათისაა და წარმოშობს სათანადო ორგანოების მიერ ზიანის ანაზღაურების/სანაცვლო მიწის ნაკვეთის გადაცემის ვალდებულებას, კანონით განსაზღვრულ პირთა კონკრეტული კატეგორიისთვის. უძრავი ქონების მესაკუთრე პირთა ერთი წრისთვის ზიანის ანაზღაურების ან/და სანაცვლო მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებამოსილების მინიჭება, თავისთავად არ იწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება მოიაზრებს სადავოდ გამხდარი მექანიზმებით სარგებლობას, მან უნდა მოითხოვოს უშუალოდ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც უზღუდავს სათანადო ანაზღაურების/სანაცვლო მიწის ნაკვეთის მიღების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო ნორმებს არ გააჩნია რაიმე დამატებითი, მით უფრო, უფლების შემზღუდველი ხასიათი.
11. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, უარი ეთქვა საკუთრების უფლების შეზღუდვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არ ზღუდავს მოსარჩელეს, მიმართლოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთანავე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, დამტკიცებულია №6 დანართით დამტკიცებული „რეკომენდაციები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის“ ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების საშუალებად მიწის ნაკვეთის მონაცვლეობას ან/და ფულადი კომპენსაციის გაცემას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1477 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებისა და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
14. №1477 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე ასაჩივრებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმა წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული აქტების კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
15. კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც კრძალავს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის შესაძლებლობას. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება თბილისის ტერიტორიაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წინაპირობები. სადავო ნორმის თანახმად, „დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა, კანონმდებლობის შესაბამისად და, ასევე, რელიგიური შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე“. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი დამუშავებულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
16. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 35-ე მუხლით განსაზღვრება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განახორციელოს შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა, ხოლო იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ქალაქთმშენებლობითი გეგმის შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. იმავდროულად, კოდექსი განსაზღვრავს, რომ გენერალური გეგმა, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა, უნდა მოიცავდეს, მათ შორის, სივრცით კატეგორიებს (დასახლებული ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი, სხვა ტერიტორია) და ფუნქციურ ზონებს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ფუნქციური ზონირება არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფა. ფუნქციური ზონირებით განისაზღვრება სამშენებლო ტერიტორიები, არასამშენებლო ტერიტორიები და მათი გამოყენებისა და განვითარების პირობები. კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით კი, ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის ძირითადი დებულებები, რომლებიც ადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ტერიტორიების, ფუნქციური ზონებისა და ფუნქციური ქვეზონების მიმართ; მიწის ნაკვეთის განაშენიანების პარამეტრებს ფუნქციური ზონებისა და ფუნქციური ქვეზონების შესაბამისად და მათი ანგარიშის წესებს; განაშენიანების სახეობებს, მიწის ნაკვეთზე განაშენიანებისთვის განსაზღვრული არეალების დადგენის წესს; არასამშენებლო ტერიტორიებს და ამ ტერიტორიებზე დასაშვები შენობა-ნაგებობის სახეობების ჩამონათვალს და სხვა. თავის მხრივ, ძირითადი დებულებები განსაზღვრულია „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით. დადგენილების 26-ე მუხლის თანახმად, ლანდშაფტური ტერიტორია მოიცავს ბუნებრივი ლანდშაფტის ან ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მხოლოდ მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა. ლანდშაფტურ ტერიტორიაზე დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: ა) მისი ფუნქციონირებისა და დაცვისთვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა; ბ) რელიგიური/საკულტო შენობა-ნაგებობებისა, საგამონაკლისო წესით; გ) სპეციალური ტურისტული მარშრუტით შეთანხმებული, პანორამული ხედების მქონე, ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებისა. ამავე დროს, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება განსაზღვრავს კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს, ხოლო დადგენილების დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობის დასაშვებობას.
17. ამდენად, ნათელია, რომ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის საფუძველს, რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს, ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 და „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებები.
18. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, საფუძვლები, რომლებსაც მოსარჩელე მხარე საკუთრების უფლების შემზღუდველად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, დადგენილია სწორედ ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი აქტებით. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის ქცეული ზემდგომი ნორმატიული აქტები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული არ არის აღნიშნული ზემდგომი აქტის ნორმა, რატომ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა მარტოოდენ კანონქვემდებარე აქტის შეფასებით.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
20. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
21. №1477 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ასევე სადავოდ არის გამხდარი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი №1)“.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის გამიჯვნა ხდება სადავო აქტის ადრესატთა წრისა და მოწესრიგების საგნის გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).
23. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე ითხოვს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკის (დანართი №1)“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ვრცელდება მის საკუთრებაზე, კონკრეტული საკადასტრო კოდებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით მიღებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიას ანიჭებს ამა თუ იმ ზონალურ სტატუსს, არ ადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგად წესს. კერძოდ, დადგენილების აღნიშნულ ნაწილს გააჩნია ერთჯერადი მოწესრიგების ეფექტი და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრავს რეგულირების საგანს. სადავო სამართლებრივი აქტის მოქმედება ამოიწურება კონკრეტული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ტერიტორიის ზონალური სტატუსით, ერთჯერადად გადაწყვეტით და ვერ იქნება გამოყენებული სხვა, ანალოგიური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. შესაბამისად, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკის (დანართი №1)“ არ შეიძლება განხილულ იქნეს ნორმატიულ აქტად.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1477 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის– რუკის (დანართი №1)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1477 კონსტიტუციური სარჩელი („ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე