პაატა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1667 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 18:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: პაატა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1667) მომართა პაატა ნოზაძემ. №1667 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 29 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 15 ივნისს.
2. №1667 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის მოთხოვნით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არ საჩივრდება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უშვებს მხოლოდ იმ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების აკრძალვით, მას დაერღვა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. მისი განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ ემსახურება ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა გავლენას არ მოახდენს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რადგან სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებით, პირველ რიგში, დაინტერესებული არიან პროცესის მონაწილეები და მათ ინტერესში არ შედის მისი ხელოვნური გაჭიანურება. ამასთან, სადავო შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის სხვა მოთხოვნებსაც.
7. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1667 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სადავო ნორმა ადგენს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას სასამართლოს იმ განჩინებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა გააჩნდეს კერძო საჩივრის შეტანის უფლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლო უარს იტყვის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მისი პოზიციით, ასეთ შესაძლებლობას სწორედ სადავო ნორმა გამორიცხავს.
3. აღსანიშნავია, რომ სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება პირისათვის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლების მინიჭებით იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დააკმაყოფილებს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის მოთხოვნას. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლო უარს ამბობს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მით უმეტეს, არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას ასეთ შემთხვევაში სასამართლოს განჩინების გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტება, რომელიც გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას ნორმის შინაარსთან დაკავშირებით და მიუთითებდა, რომ სწორედ სადავო ნორმა გამორიცხავს გასაჩივრების შესაძლებლობას.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანაზე უარი თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, მან უნდა მოითხოვოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ზღუდავს ამგვარი კერძო საჩივრის შეტანის უფლებას. სამოქალაქო სამართლის პროცესში კერძო საჩივრის გამოყენების ზოგად რეგლამენტირებას ახდენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. ხსენებული ნორმა, ერთი მხრივ, აღჭურავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო საჩივრის შეტანის უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ მისი გამოყენების შესაძლებლობას სხვა შემთხვევაში.
5. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელი კერძო საჩივრის გამოყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ კერძო საჩივრის შეტანის კონკრეტულ საფუძველს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების მზღუდავი ეფექტი, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა ხსენებული სადავო ნორმიდან მომდინარეობს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1667 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1667 კონსტიტუციური სარჩელი („პაატა ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე