საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/1/1635 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2022 19:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1635) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1635 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 27 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 17 ივნისს.
2. №1635 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა გამორიცხავს სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის სამართლებრივ შესაძლებლობას, რადგან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების მოთხოვნა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, ხშირად, შეკრებას იწვევს მყისიერი სოციალური პროტესტი და, შესაძლოა, მას საერთოდ არ ჰყავდეს გამოკვეთილი ორგანიზატორი. ასეთ შემთხვევაში, დროის სიმცირისა და სხვა გარემოებების გამო, შეუძლებელია სადავო წესის დაცვა, რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე სახის გამონაკლისს სპონტანურ შეკრებებთან მიმართებით.
6. მოსარჩელის მითითებით, ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროტესტის გამოხატვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას მყისიერ რეაგირებას, რადგან 5 დღის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განელდეს პროტესტის მუხტი, არსებითი ზიანი მიადგეს შეკრების ეფექტიანობას ან სრულად დაეკარგოს აზრი მის გამართვას. შესაბამისად, სპონტანური შეკრების გამართვის შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებრივი კომპონენტია.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანია სხვათა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგ საშუალებას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა არ არეგულირებს სპონტანური შეკრების შემთხვევას, ასეთი შეკრების გამართვის შესაძლებლობა სრულიად გამორიცხულია კანონმდებლობიდან, რაც თავისთავად ვერ ჩაითვლება უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად. ამასთანავე, სადავო ნორმა ავტომატურად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სპონტანური შეკრების მონაწილე პირთა ინტერესი აღემატებოდეს სხვათა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საჯარო ინტერესს, რაც ვერ უზრუნველყოფს დასახელებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. №1635 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, შეკრება ატარებს თუ არა სპონტანურ ხასიათს.
3. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით რამდენჯერმე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წლის 5 ნოემბერს მიიღო №2/2/180-183 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ შეკრების ჩატარებისათვის 5 დღით ადრე სახელმწიფო ორგანოების გაფრთხილების ვალდებულება წარმოადგენს გონივრულ შეზღუდვას, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას გარანტიები მისი სრულფასოვნად განხორციელებისათვის.
4. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერით („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გაიზიარა სასამართლოს მიერ №2/2/180-183 გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული არ არის ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას სპონტანური საპროტესტო მანიფესტაციის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუფერხებლად ჩატარების უფლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქციის მონაწილენი ახორციელებენ ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილის დაკავებას ან მის გადაკეტვას, აფერხებენ მოძრაობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3). ამდენად, სასამართლომ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ საქმეებში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ №1635 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი საჭიროებს სპონტანური შეკრების მნიშვნელობის, დანიშნულებისა და მასთან დაკავშირებული თავისებურებების მხედველობაში მიღებას. განსახილველი საქმის სრულფასოვნად გადაწყვეტისათვის აუცილებელია შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანის ბალანსის დადგენა იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნეს სრულფასოვანი სპონტანური შეკრების თავისუფლება, მეორე მხრივ, არ შეილახოს სხვა პირთა უფლებები. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1635 სარჩელზე მიღებული უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/2/180-183 გადაწყვეტილებასა და №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერში ჩამოყალიბებული პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1635 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამარლოს პირველი კოლეგიის პოზიცია განსხვავდება სასამართლოს მიერ მანამდე განხილულ საქმეებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1635 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე