ა(ა)იპ „არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/1586 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 24 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 ივლისი 2022 19:28 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1586) მომართა ა(ა)იპ „არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტმა“. №1586 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 5 აპრილს. №1586 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 24 ივნისს.
2. №1586 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტის ფორმირებისა და დაკომპლექტების წესს. კერძოდ, დასახელებული საკანონმდებლო დებულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან.
4. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან“.
5. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული საკანონმდებლო რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის დაკომპლექტებას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან, სადავო ნორმა ადგენს პარლამენტის ფორმირების და პარლამენტის წევრთა არჩევის სრულიად განსხვავებულ წესს.
6. დამატებით, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონსტიტუციის დასახელებული დებულების მოთხოვნაა პარლამენტის ფორმირება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული პარლამენტის წევრებისგან. სადავო ნორმამ კი შექმნა იმგვარი ნორმატიული სინამდვილე, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია პარლამენტის დაკომპლექტება, მათ შორის, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული დეპუტატებით, რის შესაძლებლობასაც პირდაპირ გამორიცხავს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ოქტომბრის არჩევნები ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით აშკარად წინააღმდეგობაში მყოფი ნორმის, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 196-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას და განაპირობებს მის ბათილობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. ამდენად, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. №1586 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე - იურიდიული პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის არა მეორე, არამედ მესამე თავში. შესაბამისად, მოსარჩელე - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი“ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავთან მიმართებით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1586 კონსტიტუციური სარჩელი არ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას - იგი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1586 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში