დავით ძამუკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1450 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | დავით ძამუკაშვილი |
თარიღი | 27 სექტემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დარღვევათა კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის „დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა“ შენიშვნა 1; „1. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: „1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“ |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის „დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა“, ნაწილი 7“: „7. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დედაქალაქის ტერიტორიაზე |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის „თანასწორობის უფლება“ პირველი პუნქტი: „1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის „თანასწორობის უფლება“ პირველი პუნქტი; მე-18 მუხლის „სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები“ პირველი პუნქტი; 31-ე მუხლის „საპროცესო უფლებები“ პირველი პუნქტი; მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თავი III. „ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა“, მუხლი 16 „ნორმატიული აქტის სტრუქტურა“; საქართველოს კანონი “ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ”, მუხლი 2 „დისკრიმინაციის ცნება, დისკრიმინაციის აკრძალვა“ და მუხლის 5 „ამ კანონის ინტერპრეტაციის წესი და ფარგლები“ მე-3 პუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2016 წლის 10 ივლისს მე, ამ საკინსტიტუციო სარჩელის შემომტანმა, დავით ძამუკაშვილმა გავაჩერე ავტომანქანა კოსტავას No 47–თან არსებულ სადგომზე, შეზღუდულუნარიან პირთათვის განკუთვნილ და მოხაზულ სივრცეში, რაც დადგომისას ვერ შევნიშნე. გაჩერებიდან დაახლოებით 15 წუთში შპს „სი-ტი პარკმა“ მის მიერ გამოწერილი ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმის No356340853 საფუძველზე კანონდარღვევით დგომისათვის დამაკისრა ჯარიმა – 10 ლარი (გადავიხადე) ხოლო მანქანა გადაიყვანა სპეციალურ სადგომზე და გადამახდევინა 60 ლარი. სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ იქნა იმ დროს მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-6 ნაწილი და შენიშვნა 1 (ამჟამად ეს მუხლი შეცვლილია - დაემატა მე-7 ნაწილი). მე-6 ნაწილით დამეკისრა ჯარიმა 10 ლარი. რათა გაემართლებინა ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, სიტი პარკმა ამავე ნაწილთან უწყვეტ ლოგიკურ კავშირში მყოფი შენიშვნით 1 იხელმძღვანელა არამართლზომიერად - ჩამოაშორა იგი 1252 მუხლის მე-6 ნაწილს და ამ ნაწილისგან დამოიკიდებლად გამოიყენა როგორც ცალკემდგომი ნორმა. მას ყურადღება არ მიექცევია მე-6 ნაწილის წინადადებაზე: „სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.“
თავი ვიგრძენი შერაცხყოფილად, ვერ შევეგუე შპს „სი-ტი პარკის“ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც გამოიხატა სპეციალურ სადგომზე თვითნებურად გადაყვანილი ავტომანქანის შენახვისთვის მომსახურების საფასურად დაწესებული 60 ლარის ჩემგან გამოძალვით. გადავწყვიტე კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთარი უფლებების დაცვა და ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მაშინდელ ტრანსპორტის სამსახურს. საჩივრის განხილვისას შპს „სი-ტი პარკის“ მიერ განცხადებულ იქნა, რომ გამოიყენა მხოლოდ შენიშვნა. მან მხოლოდ შეზღუდულუნარიან პირთათვის განკუთვნილ სადგომზე მიმათითებელი აღნიშვნა მიიღო მხედველობაში და საკმარისად ჩათვალა ავტომანქანის გადაყვანის შესახებ გადასაწყვეტილების მისაღებად. მან განაცხადა, რომ მე-6 ნაწილის ციტირებულ წინადადებაში მითითებული გარემოებანი არ იყო ყურადსაღები და არ უნდა შეესწავლა ავტოტრანსპორტი აფერხებდა თუ არა საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნიდა თუ არა მოძრაობის უსაფრთხოებას. ეს განცახდება გაიზიარა ტრანსპორტის სამსახურმა, მან გაამართლა სიტი პარკი და დავა გადაწყვიტა შპს „სი - ტი“ პარკის მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, მის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ 1252 მუხლის მე-6 ნაწილის გარეშე შენიშვნას 1 იურიდიული ძალა არა აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ორი პრობლემა: 1. კანონში - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლში, 2011 წლის კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ აღმოჩნდა საკანონმდებლო აქტების უცხო სტრუქტურული და კანონის დამაბუნდოვანებელი, შინაარსობრივად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ელემენტი - შენიშვნა 1, რომელიც უფლებამოსილმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონის ნორმად და არა რაიმე გარემოების განმარტებით ტექსტად. ამ ცვლილებამდე ეს შენიშვნა, მართალია ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას ფორმალურად, მაგრამ არა არსობრივად, რადგან ბუნდოვანს არ ხდიდა მუხლის შინაარსს, რაც არ იწვევდა მისი შეფარდების დროს სწორი მიმართულებით გამოყენებისაგან გადახვევის შესაძლებლობას - იგი იყო ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ შენიშვნისზთვის დამახასიათებელ განმარტებით ფუნქციას ასრულებდა; 2. დამაბუნდოვანებელი შენიშვნის 1 არსებობის გამო მუხლი განიმარტა კონსტიტუციურ დანაწესთან შესაბამისობის საწინააღმდეგოდ და ნორმის განმარტების სამართლებრივი წესების სრული უგულვებელყოფით, რისი პრაქტიკაც მყარად ჰქონია დამკვიდრებული ადმინისტრაციულ ორგანოს - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის სამსახურს და რასაც, როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე, იზიარებდა საქართველოს ერთიანი სასამართლოს ყველა ინსტანცია. ჩემი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ყველ ინსტანციის სასამართლომ განაცხადა უარი ისე, რომ არ დაასაბუთა თუ რატომ მიანიჭა მან შენიშვნა 1-ს დამოუკიდებელი ნორმის ძალა. სასამათლოებისა და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის (ადმინისტრაციული ორგანო) გაგებით შენიშვნა იგივე ნორმაა, თუ ის კანონშია ასახული. ასეთმა გაგებამ მე უკვე ჩამაყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ ვისარგებლე სამართლიანი სასამართლოთი და ადმინისტრაციული წარმოებით. ასეთსავე მდგომარეობაში არიან საქართველოს სხვა მოქალაქენიც, რის გამოც აუცილებელია ამ სასარჩელო მოთხოვნის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და სადაო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება, მითუმეტეს, რომ უზენაესმა სასამართლომ საერთოდ თავი აარიდა პრობლემურ საკითხზე მსჯელობას და ჩემი საკასაციო საჩივარი (საქმე ბს-558-558 (კ-18)) დაუშვებლად ცნო - ჩათვალა, რომ: „მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლომ არც ერთ განხილულ ანალოგიურ საქმეზე, ანუ სასამართლო პრაქტიკის რომელიმე მაგალითზე არ მიუთითა სადაც იქნებოდა მსჯელობა კანონში შენიშვნის არსებობისა და მისი გამოყენების შესახებ. მას თავისი განჩინება არც მეცნიერულ ნაშრომზე მითითებით დაუსაბუთებია. ვაცხადებ, რომ დღემდე არ შემიწყვეტია სამართლებრივი ლიტერატურის ძიება შენიშვნის სამართლებრივი ბუნების თაობაზე, მაგრამ ქართულ მეცნიერთა ან სპეციალისტთა ნაშრომი ვერ გამოვავლინე, სადაც იქნებოდა ეს საკითხი შესწავლილი.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეში (ხელმისაწვდომია უზენაესი სასამართლოს ელექტრონული საძიებოს სიტემის მეშვეობით) მცირედი არსებითი განმარტება გააკეთა, რომელიც „ნახევრად სიმართლის“ შემცველია, რაც, როგორც ცნობილია უფრო საზიანოა, ვიდრე სრულიად მცდარი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია: “კასატორთა მოსაზრება, რომ 1252 მუხლის 1-ლი შენიშვნა ნორმის შშმ პირებზე გავრცელების შესაძლებლობაზე უთითებს და სხვა რაიმე დატვირთვა არ აქვს, არ არის დასაბუთებული. შენიშვნა წარმოადგენს ნორმის ნაწილს, ავსებს და განმარტავს დისპოზიციაში არსებულ მოწესრიგებას. ნორმის კონკრეტული ნაწილის შინაარსის დადგენა სწორედ შენიშვნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამდენად, 1252 მუხლის მე-6 ნაწილი და 1-ლი შენიშვნა ერთობლივად უნდა იქნეს განმარტებული და გამოყენებული. მართალია, ზოგადი წესის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა მხოლოდ მაშინ იწვევს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანას, თუ დასტურდება საგზაო მოძრაობის შეფერხება ან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საშიშროების შექმნა (1252 მუხლის მე-6 ნაწილი), თუმცა მუხლის შენიშვნა 1 განმარტავს, რომ უკეთუ პარკირების წესები დაირღვა შშმ პირის სპეციალურ სადგომთან დაკავშირებით, ავტომანქანა შესაძლოა სადგომზე გადაყვანილ იქნეს ამ წინაპირობების არსებობის მიუხედავად“.
როგორც ვხედავთ შენიშვნა 1 სასამართლომ მაინც ნორმად აქცია. არ შეიძლება შენიშვნამ განმარტოს, რომ ნორმის (მე-6 ნაწილი) ტექსტში არსებულ წინაპირობას ყურადღება არ უნდა მიექცეს (შენიშვნა უარყოფს ნორმით დადგენილ წესს???) და დააწესოს, რომ აღნიშნული წინაპირობის მიუხედავად შესაძლებელია სანქციის დაკისრება. ავტომანქანის გადაყვანა, ერთი მხრივ, უფლებამოსილი ორგანოსთვის (შპს სი-ტი პარკი) უფლებამოსილების მინიჭებაა, ხოლო მეორე მხრივ სანქციაა! - ეს კი განმარტება აღარ არის - ახალი ნორმატიული დანაწესია. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ე მუხლში შენიშვნა 1 ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ კანონის ფორმას (უცხო სტრუქტურული ელემენტია), მეორე მხრივ შინაარსობრივადაც არ შეესაბამება კონსტიტუციას, რადგან მხოლოდ გაუგებრობა შემოაქვს კანონში - იმდენად აბუნდოვანებს მას, რომ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლო იყენებს კანონის შეფარდების წესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, აუცილებელია შეფასდეს მისი არსებობის კონსტიტუციურობის საკითხი. ვთვლი, რომ, 1252 მუხლის შენიშვნა 1 ფორმალურადაც და შინაარსითაც ანტიკონსტიტუციურია.
იმედია საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსაზრებაზე გასცემს თავის ყოველმხრივ დასაბუთებულ პასუხს და შესაბამისად გადაწყვეტს კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებული სწორი დასკვნა სადაო ნორმის შეფარდების მცდარ პრაქტიკას აღმოფხვრის და უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობას, მათ შორის სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისაც. თუ არადა ყველა გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, მოქალაქენი ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვთვლი, რომ დაირღვა და მომავალშიც დაირღვევა ჩემი კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება და კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული საკუთარ უფლებათა დასაცავად სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.“
2019 წელს განხორციელდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 1252-ე მუხლში შევიდა ახალი, მე-7 ნაწილი. ამ ცვლილებით შენიშვნა 1 დაშორდა მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა დარღვევებს, იგი უფრო ახალ მე-7 ნაწილს მიება. ამ ცვლილების შემდეგ მან დაკარგა განმარტებითი ხასიათი და შეინარჩუნა მხოლოდ კანონის ნორმის შინაარსი, რაც კვლავ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ძალაში რჩება ზემოთ მოცემული ჩემი მოსაზრებანი. ისევ დარღვეულია სამართლებრივი პრინციპი რომ უფლებისა და პასუხისმგებლობის დამდგენი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონის ნორმა და არა მისი რომელიმა შენიშვნა, მითუმეტეს, რომ მისი არსებობა უცხოა ნებისმიერი ქვეყნის კანონისთვის, გარდა პოსტსაბჭოური ქვეყნებისა. ეს იმით არის განპირობებული, რომ შენიშვნა 1 არ შეცვლილა ცვლილებასთან ერთად და კვლავ ადგენს ავტომანქანის გადაყვანის პირობას, რისი განხორციელებაც წარმოადგენს ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისთვის ავტომანქანის გადაყვანის უფლებამოსილების მინიჭებას, ხოლო დამრღვევ პირზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ მხრივ იგი შეიცავს მავალდებულებელ შინაარსსაც - იგი მძღოლს ან ავტომანქანის მესაკუთრეს ავალდებულებს სადგომზე შენახვის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დადგინდება მხოლოდ კანონის ნორმით. ამიტომაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ე მუხლში მე-7 ნაწილის დამატების შემდეგაც შენიშვნა 1 კვლავ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქე ვერ მიიღებს სამართლიანი სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებას.
უფრო მეტი სიცხადისათვის წარმოვადგენთ სადავო ნორმის ჩამოყალიბება-განვითარების ევოლუციას. 1252 მუხლი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირველად გაჩნდა 2007 წლის 08.06-ში, როცა მიღებულ იქნა საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, (დოკუმენტის N 4917, გამოქვეყნება 2007 წლის 19.06). ამ მუხლის დამატების შედეგად, რომელიც შედგებოდა 6 ნაწილისა და ერთპუნქტიანი შენიშვნისგან, შინაარსობრივი თვალსაზრისით ანტიკონსტიტუციურად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული მხოლოდ მისი მე-6 ნაწილი, რომელმაც დააწესა მძიმე ტვირთვის ჯარიმები. შინაარსობრივი სხვა თვალსაზრისით იგი კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო. შენიშვნა შინაარსით არ იყო კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რადგან მხოლოდ განმარტებით ხასიათს ატარებდა (არ იყო არც უფლების მიმნიჭებელი და არც სანქციის დამწესებელი) და კანონის შეფარდებას არ აბუნდოვანებდა. შესაბამისად, მისი არსებობა მხოლოდ კანონის სტრუქტურისადმი ნორმატიული აქტების შესახებ კანონით დადგენილ ფორმას ეწინააღმდეგებოდა. ამ რედაქციით რომ დარჩენილიყო მის ანტიკონსტიტუციურობაზე საკითხს არ დავსვამდი. იგივე ვითარება გვაქვს 2008 წლის ცვლილების შემდეგაც, რომელმაც დააზუსტა მე-6 ნაწილი და შენიშვნა - იგი ამჯერადაც მხოლოდ განმარტებითი ხასიათისა იყო.
2009 წელს შეტანილ იქნა ახალი ცვლილება (საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, დოკუმენტი N 1812, გამოქვეყნდა 2009 წლის 02.11). ამ ცვლილებით აღმოიფხვრა მე-6 ნაწილის ანტიკონსტიტუციურობა ჯარიმის ოდენობის სიმძიმის თვალსაზრისით, რომელიც 4 ჯერ შემსუბუქდა გა გახდა 10 ლარი. რადგან შენიშვნას ცვლილება არ შეხებია ვთვლით, რომ ამ სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე მუხლი შინაარსობრივად კონსტიტუციურობის თვალსაზრისით გამართული იყო.
საქმე გაფუჭდა შემდგომი, 2011 წლის ცვლილების გამო. იგი შეეხო შენიშვნა 1-ს, (მთლიანად შენიშვნა ჩამოყალიბდა 4 პუნქტად). შენიშვნა 1-ს მივიჩნევ ანტიკონსტიტუციურად, რომელმაც დაკარგა წმინდა განმარტებითი ხასიათი, გაითვალისწინა უფლების მიმნიჭებელი წინადადება: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.“ ანტიკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ წინადადებით დადგინდა ავტომანქანის გადაყვანის უფლებამოსილება - შენიშვნამ შეიძინა ნორმის სახე, რადგან დაწესდა გადაყვანის უფლებამოსილება, რასაც ეფარდება სპეციალურ სადგომზე გადაყვანისათვის საფასურის გადახდის ვალდებულება მძღოლისა ან ავტომანქანის მესაკუთრის მხრიდან, ეს კი, ფაქტობრივად. მათთვის ფულადი სანქციის დაწესებას წარმოადგენს მე-6 ნაწილით დადგენილ 10 ლარიან ჯარიმასთან დამატებით. ამასთანავე, აღნიშნულმა შინაარსმა გააბუნდოვნა მთლიანობაში აღებით ნორმის წაკითხვა იმდენად, რომ წარმოიშვა მისი გამოყენების ალბათობა მე-6 ნაწილისგან (ნორმისგან) მოწყვეტით, რითაც ისარგებლა შპს „სი-ტი პარკმა“, ხოლო საქმის განმხილველი ყველა ზემოთ დასახელებული ორგანო ამ ბუნდოვანობას დაეთანხმა. შემდეგი, 2017 წლის ცვლილებით ვითარება აღარ შეცვლილა, რადგან სადაო შენიშვნას ცვლილება არ შეხებია.
ბოლო ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა 2019 წელს, რომლითაც მუხლს დაემატა ახალი მე-7 ნაწილი, იგი დაექვემდებარა 2009 წლის ცვლილებამდე არსებულ წესრიგს ჯარიმის სიმძიმის თვალსაზრისით, უფრო გაზარდა ოდენობა - თუ იყო 40 ლარი გახდა 50.
სარჩელს ვაგრძელებთ 1252 მუხლის მე=7 ნაწილის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებით. 1252-ე მუხლის აღნიშნული ცვლილების შემდეგ სახეზე გვაქვს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, რადგან მასში გაჩნდა ახალი, ანტიკონსტიტუციური მე-7 ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის „თანასწორობის უფლება“ პირველი პუნქტი ადგენს: „1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. ამ კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის ახალი, მე-7 ნაწილი: „7. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დედაქალაქის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“
ამ ნაწილით დადგინდა ჯარიმის გახუთმაგებული ოდენობა ადრინდელთან შედარებით. შესაბამისად, წარმოიშვა სამართლებრივი ვითარება როცა ერთსა და იმავე სამართალდარღვევაზე (პარკირების წესების დარღვევაზე) მოსახლეტა კატეგორიის მიხედვით სანქცია განსხვავებულია, ერთ შემთხვევაში პარკირების წესების დარღვევით დგომა იწვევს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე - ახალი მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით. ორივე შემთხვევაში გადამხდელი ერთი და იგივე კატეგორიის მოქალაქეა - ჩვეულებრივი და არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რადგან ამ ნაწილის შესაბამისი სამართალდარღვევა შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ჩვეულებრივმა მოქალაქემ. სხვაგვარად არის საქმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ პირი) პირთან მიმართებით - თუ იგი ჩვეულებრივი კატეგორიის მოქალაქეთათვის განკუთვნილ სადგომზე დადგება ის კანონს არ დააღღვევს, ასევე, თუ შშმ პირთათვის განკუთვნილ სადგომზე ადგილი არ იქნება და ასეთი პირი თუ დადგება ჩვეულებრივი კატეგორიის მოქალაქეთა სადგომზე იგი კვლავ კანონს არ დაარღვევს, რადგან ეს ქმედება კანონით აკრძალული არ არის. აქედან გამომდინარე ახალი ნორმით დაწესებული სანქციის სუბიექტი ყოველთვის ჩვეულებრივი კატეგორიის მოქალაქე იქნება. ცხადია, შშმ პირთაგან ის, რომელიც პარკირების წესების დარღვევით დადგება ჩვეულებრივ პირთა სადგომზე აღმოჩნდება უფრო ხელსაყრელ პირობებში, რადგან გადაიხდის 5 ჯერ ნაკლებ ჯარიმას. ასეთი ნორმა ხელს არ უწყობს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებას, და არ არის მიმართული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმადაც: „4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“. ამ ნორმით სახელმწიფო ვალდებულია ყველა ღონე მოიხმოს რათა შეზღუდულუნარიან და ჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე მოქალაქენი თანაბარნი იყვნენ იმ გაგებით, რომ სრულფასოვნად ჩაებნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაც ვერ უზრუნველყოფს ჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთათვის გახუთმაგებული ჯარიმის დაწესება, რომლის გადახდაც არასდროს შეეხება შშმ პირს. სამაგიეროდ ეს ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს განხილული კუთხით. ნორმამ შეიძლება უფრო მოუხერხებელიც კი გახადოს მოქალაქეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგება. ცხადია, აღნიშნული ვითარება ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს: „3. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განხორციელებულმა ღონისძიებებმა ან ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ/დაცვამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვათა უფლებები.“ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 1252 მუხლის მე-7 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. ამ დასკვნის დასტური ისიც არის, რომ განხილული სახის სანქციის გაზრდის შემთხვევა საქართველოში უკვე გვქონდა. როგორც ზემოთ ვაჩვენე, ეს მოხდა 2008 წლის 30 დეკემბერს, როცა მიღებულ იქნა საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (გამოქვეყნების წყარო: სსმ, 41, 30/12/2008; სარეგისტრაციო კოდი: 020.000.000.05.001.003.451). ამ კანონით 1252 მუხლის მე-6 ნაწილში შევიდა ცვლილება და პარკირების წესების დარღვევისთვის დადგინდა ჯარიმა 40 ლარის ოდენობით. ამ ოდენობის სანქციამ იმოქმედა მოკლე დროის განმავლობაში - სულ რაღაც 1 წელი, 2009 წლის 20 ოქტომბრამდე. კანონმდებელი მიხვდა, რომ ჯარიმა მოსახლეობისთვის აუტანელად დიდი იყო, უსაფუძვლოდ აყენებდა ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს უფრო მძიმე მდგომარეობაში და დააბრუნა ადრინდელ ოდენობამდე, 10 ლარამდე - იხ. 2009 წლის 20 ოქტომბრის საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (გამოქვეყნების წყარო: სსმ, 30, 02/11/2009; სარეგისტრაციო კოდი: 020.000.000.05.001.003.645). ჯარიმის ოდენობა 10 ლარით განისაზღვრა ყველა კატეგორიის დამრღვევისთვის. ამჟამად კი ახალი მე-7 ნაწილით დადგენილია გახუთმაგებული საჯარიმო სანქცია, რომელსაც მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე (არა შშმ პირებზე) ექნება ძალა. ამიტომ იგი დისკრიმინაციულია და უფრო მეტადაა არაკონსტიტუციური, ვიდრე 2008 წლის გაოთხმაგებული ჯარიმა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმეობის კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის დასაშვებია რადგან:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით,
· აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს,
· შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა,
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ,
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის მე-16, მე-17 და 30-ე მუხლებს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
· აღნიშნული სარჩელის სახეზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
ამგვარად, დავით ძამუკაშვილი არის უფლებამოსილი მოსარჩელე და შეუძლია მოითხოვოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ის 1252 მუხლში შენიშვნა 1-ისა და მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 31-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
შესაფასებელ 1252 მუხლში შენიშვნის 1 არსებობა ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის III თავის: „ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა“ მე-16 მუხლს: „ნორმატიული აქტის სტრუქტურა“. ნორმატიული აქტის, მათ შორის, კანონის სტრუქტურის განმსაზღვრელი საქართველოს ეს ერთადერთი კანონი ამომწურავად ჩამოთვლის თუ რა შემადგენლობისა შეიძლება იყოს ნორმატიული ნებისმიერი აქტის, ჩვენს შემთხვევაში, კანონის სტრუქტურა. შენიშვნა არსად არ არის მოხსენებული. „ამომწურავი ჩამთვლის“ პრინციპიდან გამამდინარე სადაო ნორმაში შენიშვნა 1-ის არსებობა მის სტრუქტურას ხდის კანონსაწინააღმდეგოს და საქართველოს კონსტიტუციის ჩემს მიერ დასახელებულთა გარდა მე-4 მუხლს არ ეთანადება, რადგან ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა“. კონსტიტუციური ამ მუხლის დანაწესის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა უნდა შეესაბამედოს კონსტიტუციას და მისი ნორმები უნდა განიმარტოს კონსტიტუციასთან შესაბამისობით. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ უნდა მიიჩნეს მაშინაც კი, როცა საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი შეიძლება იყოს კანონი ან მისი ცალკეული ნორმა, თუ მოცემული საერთაშორისო ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უნდა გამომდინარეობდეს და უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას - სახელმწიფოს უზენაეს კანონს. კონსტიტუციის შესაბამისად იქნა შემოღებული საქართველოში ერთადერთი სპეციალური კანონი, რომელმაც განსაზღვრა ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებული ყველა საკითხი: იერარქიით დაწყებული მომზადების წესითა და სტრუქტურით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, თუ კანონის სტრუქტურა არ შეესაბამება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონს იგი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ნორმატიული აქტების შესახებ კანონთან შეუასაბომა გამოიხატება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადაო ნორმაში შენიშვნა 1-ის არსებობით, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს კანონის სტრუქტურულ შემადგენელს. მისი კანონში არსებობა ხელს უწყობს კანონის სადაო ნორმის კანონსაწინააღმდეგო გამოყენებას და სამართლებრივი განმარტებისა და შეფარდების წესების უგულვებელყოფის შესაძლებლობას, რაც გამოწვეულია მისი ანტიკონსტიტუციური შინაარსით და აბუნდოვნებს ნორმას, რის გამოც იწვევს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებასა და ასეთსავე კანონსაწინააღმდეგო სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ყოველივე აღნიშნული კი ხელს უწყობს და ახალისებს საქართველოს მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნვეყოფილ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილფის უფლების განუხორციელებლად დატოვებას. ასევე, ეს გარემოება ხელს უწყობს და შეუძლებელს ხდის საქართველოს მოქალაქემ გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. სწორედ ამგვარი შემთხვევაა სახეზე ჩემი, დავით ძამუკაშვილის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოსადმი და სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ დამდგარი შედეგის მიხედვით. უსამართლო გადაწყვეტილებების გამოტანას ხელი შეუწყო კანონში უცხო სტრუქტურული და შინაარსობრივად ნორმის გამაბუნდოვანებელი ერთეულის არსებობამ, რომლის სამართლებრივი ბუნება გამოკვლეულიც კი არ არის ქართულ მეცნიერთა მიერ და არც სასამართლო პრაქტიკა ან განმარტება არ არსებობს. ამ კუთხით არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება არ არსებობს. მე შევეცადე მომეძებნა ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებები და განმარტებები სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართ;ლოსადმი მიმართვით მაინც მივაღწიო სასურველ მიზანს - მივიღო სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელშიც არ იქნება უგულვებელყოფილი და გაეცემა პასუხი ჩემს მიერ სადაოდ გამხდარ საკითხს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ე მუხლში რატომღაც მოხვედრილი შენიშვნა 1-ის არსებობა ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას როგორც ფორმალური ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუ ჩემს ამ კონსტიტუციურ სარჩელზე დასაბუთებული, დამაჯერებელი და სამართლიანი პასუხი არ იქნა გაცემული საქართველოში შენარჩუნდება სამართლებრივი სისტემის შეუსაბამობა კონსტიტუციასთან, მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ გამოტანის პრაქტიკა, ხოლო მოქალაქეებს მუდმივად ექნებათ უსამართლო ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლოს შეგრძნება.
1252 მუხლის მე-7 ნაწილის ახალი რედაქციით საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქენი ჩაყენებულნი არიან უთანაბრო მდგომარეობაში, რადგან თუ რომელიმემ დაარღვია კანონი და შშმ პირთათვის განკუთვნილ სადგომზე დადგა იგი გადაიხდის 5 ჯერ მეტ თანხას ჯარიმის სახით იმ ჩვეულებრივ მოქალაქესთან შედარებით, რომელიც პარკირების წესების დარღვევით დადგება ჩვეულებრივ მოქალაქეთათვის განკუთვნილ სადგომზე. მაშასადამე ჩვეულებრივი მოქალაქენი ამ ნორმის ძალით იქნებიან დაყოფილი სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რაც დისკრიმინაციას იწვევს ჯარიმის დაკისრების ნიშნით იმის მიხედვით, თუ რომელ სადგომზე დააყენებენ ავტომანქანას კანონდარღვევით. შეზღუდულუნარიან პირთა სადგომზე კანონის დარღვევით დგომის არანაირი კავშირი არა აქვს მათთვის პირობების გაუმჯობესებასთან და ისეთი გარემობის შექმნასთან, რომელი უზრუნველყოფს მათს სრულყოფილ ჩაბმას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ ასეთი ჯარიმის დაწესება დისკრიმინაციულია და კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, რადგან, მე-11 მუხლით განსაზღვრულ მოქალაქეთა თანაბარუფლებიანობას კი არ უზრუნველყოფს, არამედ იწვევს მის საწინააღმდეგო შედეგს. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ, როგორც ზემოთ მივუთითე, გაზრდილი ჯარიმის შემოღების პრაქტიკა უკვე გვქონდა 2008 წელს, რომელიც იქნა აღკვეთილი უკვე მომდევნო 2009 წელს. ასეთმა წესმა იმოქმედა 10 წლის განმავლობაში და რატომღაც შეიცვალა ისე, რომ საქართველოს მოქალაქენი კვლავ მძიმე საჯარიმო სანქციის ქვემდებარენი გახდნენ. სამართლებრივი პრინციპის მიხედვით ახალმა კანონმა უნდა შეამსუბუქოს მოქალაქეთა მდგომარეობა და არა პირიქით, ხოლო თუ ის ამძიმებს უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ შეაფასოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ე მუხლის შენიშვნა 1-ისა და მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა. დანარჩენი დასაბუთება ვრცლად გადმოვეცი ამ სარჩელის II ნაწილში, სადაც წარმოვადგინე „განმარტებები სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა