დავით ძამუკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/1450 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი;
მანანა კობახიძე − წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: დავით ძამუკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1450) მომართა დავით ძამუკაშვილმა. №1450 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 28 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1450 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დედაქალაქის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, „დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება საქმის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2016 წლის 10 ივლისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე ავტოტრანსპორტის პარკირების გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 10 ლარის ოდენობით. იმავდროულად, მოსარჩელე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა საგზაო მოძრაობისთვის საფრთხის შექმნის ან მისი შეფერხების რისკები, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო მას დაეკისრა ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების გადახდის ვალდებულება 60 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საერთო სასამართლოს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს მისი როგორც ფორმალური, ისე - შინაარსობრივი შეუსაბამობა კონსტიტუციასთან.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფორმალური თვალსაზრისით, სადავო ნორმას აქვს ხარვეზი, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის უფლებამოსილება ჩამოყალიბებულია შენიშვნის სახით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შენიშვნა არ ემსახურება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის განმარტების ინტერესს, არამედ - ადგენს ახალ ნორმატიულ დანაწესს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამა თუ იმ უფლებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები უნდა დადგინდეს კანონის ნორმით და არა მისი შენიშვნით, ვინაიდან შენიშვნა არის საკანონმდებლო აქტებისთვის უცხო სტრუქტურული ერთეული, რომელიც ნორმის განმარტების დროს იწვევს ბუნდოვანებას და ზრდის კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ამომწურავად განსაზღვრავს კანონის სტრუქტურას და მის შემადგენლობას. გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული აქტი კანონის სტრუქტურის შემადგენელ ერთეულად არ მოიხსენიებს შენიშვნას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციას.
9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. იგი მიუთითებს, რომ შენიშვნა არის ბუნდოვანი, რის გამოც, სადავო ნორმა განიმარტება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, რაც გამორიცხავს სამართლიან სასამართლო და ადმინისტრაციულ წარმოებას. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება უსამართლო და მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებებით.
10. მოსარჩელე ასევე ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. დასახელებული ნორმა ადგენს სანქციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის.
11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სანქციები განსხვავდება ინდივიდთა კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, სადავო ნორმა სანქციას არ აკისრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ისეთ ადგილზე, რომელიც მათთვის არ არის განკუთვნილი, ხოლო ტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ ეკისრებათ სხვა პირებთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები ჯარიმა. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ სხვა სამართალდარღვევებთან შედარებით, სადავო ნორმა განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ჯარიმას აწესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია, ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იყოს პარკირების ადგილზე.
12. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული და არანაირი კავშირი არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულყოფილ ჩაბმასთან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ან მათთვის პირობების გაუმჯობესებასთან. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კანონის წინაშე თანასწორობას, არამედ არის აღნიშნული მიზნის საწინააღმდეგო ეფექტის მატარებელი.
13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავე დროს, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება იქნება სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს შესაბამისი ფუნქციის შესრულების დასტური.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1450 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმის თანახმად: „დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს“. ამდენად, სადავო ნორმა ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობას.
4. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, ძირითადად, უკავშირდება იმის დასაბუთებას, რომ სადავო ნორმა წარმოდგენილია შენიშვნის სახით, რომელიც ვერ განიხილება კანონის სტრუქტურულ ერთეულად და არ შეიძლება განსაზღვრავდეს უფლების ფარგლებს ან/და ადგენდეს პასუხისმგებლობას. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც კანონის სტრუქტურის შემადგენელ ერთეულად სახელობით არ მოიხსენიებს შენიშვნას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, აგრეთვე არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
8. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაცავი კონსტიტუციური უფლება ან/და კანონიერი ინტერესი და სადავო ნორმა ზღუდავს მისი დაცვის საპროცესო მექანიზმით ეფექტურად სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებებთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.
9. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მიმართულია შენიშვნის სამართლებრივი ბუნების და კონსტიტუციასთან მისი ფორმალური წინააღმდეგობის დასადასტურებლად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა კავშირს, ერთი მხრივ, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ან მისი მომწესრიგებელი ნორმის შესაძლო ფორმალურ ხარვეზს, ხოლო, მეორე მხრივ - ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის დროულ და სამართლიან განხილვას, ასევე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის. მოსარჩელე ზოგადად და აბსტრაქტულად მიუთითებს დასახელებული უფლებების დარღვევაზე, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ მას ხელი ეშლება საპროცესო უფლებებით სარგებლობაში. მოსარჩელე არ მიუთითებს, რა ფორმით იზღუდება კონსტიტუციური უფლებები ან მათი, უშუალოდ, რომელი კომპონენტით სარგებლობა გამოირიცხება სადავო ნორმის მოქმედებით. ამავე დროს, სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესუალურ საკითხებს, არამედ განსაზღვრავს პარკირების კონკრეტული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებამოსილებას.
10. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას დასახელებულ სადავო ნორმებსა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებს შორის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1450 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. სადავო ნორმის თანახმად, არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება დედაქალაქის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით დადგენილი სანქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის, გაცილებით აღემატება პარკირების წესების სხვაგვარი დარღვევისთვის განსაზღვრულ ჯარიმის ოდენობას. იგი მიუთითებს, რომ სხვადასხვა ადგილას კანონდარღვევით პარკირებისათვის ჯარიმა განსხვავებული არ უნდა იყოს.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება. თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირებაზე მითითებით, თანასწორობის უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კანონი განსხვავებულად ექცევა არსებითად თანასწორ პირებს. შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ ერთი და იგივე პირი სხვადასხვა ქმედებებისათვის, ავტომობილის კანონდარღვევით სხვადასხვა ადგილას პარკირებისათვის განსხვავებულად ისჯება, არ გამოდგება თანასწორობის უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენ არგუმენტად. თანასწორობის უფლების მიზანია, უზრუნველყოს კანონით არსებითად თანასწორ პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა და არა ადამიანის განსხვავებული ქმედებების შედეგად ერთი და იმავე სამართლებრივი შედეგების დადგომა.
15. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა სანქციას აწესებს ყველასთვის, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა აწესებს დიფერენცირებულ მოპყრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა პირებს შორის. სადავო ნორმა ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის უკეთეს უფლებას სხვა პირებთან შედარებით, აწესებს პასუხისმგებლობას მართვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე არაუფლებამოსილი პირების მიერ ავტომობილის პარკირებისათვის, რითაც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ მათთვის გამოყოფილი სპეციალური პარკირების სივრცეებით სარგებლობას. ამდენად, უდავოა, რომ სადავო ნორმა ახდენს დიფერენცირებას მოსარჩელესა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის.
16. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზაციისთვის. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება აკვალიფიცირებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების მოქმედებას სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობისკენ მიმართულ, მათი სპეციალური საჭიროებებით ნაკარნახევ ღონისძიებებთან მიმართებით. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რიგი სამართლებრივი პრივილეგიების დადგენის შესაძლებლობას კონსტიტუციის მე-11 მუხლი თავისთავად მოიაზრებს. მსგავსი ღონისძიებები per se არ ზღუდავს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას. ამდენად, შეზღუდვის წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ დიფერენცირება არ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალური საჭიროებების უზრუნველყოფას.
17. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობების გაუმჯობესებას, არამედ აქვს აღნიშნული მიზნის საწინააღმდეგო ეფექტი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ დიფერენცირება სცდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო წესის მიზნებს და არ არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაკუთრებული პირობების შექმნასთან.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1450 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1450 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ძამუკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი