გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/1699 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ივლისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ივლისი 2022 17:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 6 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1699) მომართა გიორგი ლაბაძემ. №1699 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 9 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 8 ივლისს.
2. №1699 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია, იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო რეგულირების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო რეგულირება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებსა და მამაკაცებს, რადგან დასახელებული კატეგორიის მამაკაცები ვალდებული არიან, მოიხადონ სამხედრო სამსახური, ხოლო ქალები ასეთი ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან. მოსარჩელის განმარტებით, შესადარებელი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. ამასთან, დიფერენცირება ხორციელდება სქესის ნიშნით, შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობა შეფასებული უნდა იქნეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო დიფერენცირებას. ამდენად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რადგან გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, გაზრდილია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის საფრთხე, რაც საჭიროებს სახელმწიფო უშიშროების სტრატეგიის ახლებურად დაგეგმვას, რომლის მიზანიც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო გადამზადება შესაძლო საგარეო საფრთხის საპასუხოდ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1699 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. აღსანიშნავია, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) მიმართებით შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №580 კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების დაწესება იმ პირობებში, როდესაც ქალები გათავისუფლებული არიან ასეთი ვალდებულებისგან, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლს.
4. №1/7/580 გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ „საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ხელისუფლებისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება სამხედრო ვალდებულების ფორმის განსაზღვრის თაობაზე, რეალურად ემსახურება სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას და მიზნად არ ისახავს სქესის ნიშნით პირთა დიფერენცირებას. სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზება და ამ მიზნით ადამიანური რესურსების მობილიზება თუ წვრთნა, განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა გამგებლობას და, ამასთან, მოითხოვს პროფესიულ სამხედრო ექსპერტიზას. შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ, სამხედრო აღრიცხვასა და შემდგომში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას (რაც გულისხმობს სპეციალურ სამხედრო წვრთნასა და საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადებას) დაუქვემდებაროს საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც მეტად აკმაყოფილებს ამგვარი სამსახურისათვის დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს და იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა, ასევე, რამდენი პროფესიული წვრთნის შესაძლებლობაც რეალურად არსებობს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს მიღწეული ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-31).
5. ამდენად, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების დაწესება სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცთა მიმართ და ამგვარი ვალდებულებიდან მსგავსი სპეციალობის არმქონე ქალთა ამორიცხვა სასამართლომ თანასწორობის უფლების დარღვევად არ მიიჩნია. ამრიგად, №1699 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხზე სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს და მოსარჩელის მიერ მითითებული განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
6. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებისას მოსარჩელე მიუთითებს, რომ საერთაშორისო დონეზე არსებული ვითარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის საფრთხეს ზრდის. შესაბამისად, აღნიშნული კონტექსტი სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს უკეთესი სახელმწიფო უშიშროების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომლის საფუძველზეც, სქესის ნიშნით საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების ნაცვლად, უზრუნველყოფილი იქნება საყოველთაო გადამზადება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასამყარებლად.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია, დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად, კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
9. ამდენად, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს სცდება სადავო ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოება. მოსარჩელე თავადვე მიუთითებს, რომ განსხვავებული მოპყრობა შეიძლება აღმოიფხვრას სავალდებულო სამხედრო აღრიცხვისგან სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ყველა პირის გათავისუფლებით ან ასეთი ვალდებულების ყველასთვის დაკისრებით, განურჩევლად სქესისა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავლენა ვერ ექნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხზე, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს. თუნდაც დადასტურდეს, რომ მართლაც არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ინტერესი, აღნიშნული არგუმენტი არ გამოდგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/7/580 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი პოზიციის ცვლილების დასასაბუთებლად, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავისთავად, ვერ იქონიებს რაიმე გავლენას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტი საფუძვლად ვერ დაედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის ცვლილების საჭიროებას.
10. №1699 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია №1/7/580 გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1699 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1699 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე