გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1699 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ლაბაძე |
თარიღი | 6 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის„ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებს აკისრებს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას. მოსარჩელე, როგორც 1996 წელს დაბადებული პირი, სარჩელის შეტანის მომენტში შესაძლოა, დაექვემდებაროს სავალდებულო სამხედრო გაწვევას.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი იძლევა ზოგიერთი დავის ხელმეორედ გადაწყვეტის შესაძლებლობას. კერძოდ, 211 მუხლის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“. ამდენად, სარჩელის მიზანს წარმოადგენს საკითხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეებში გაჟღერება, პრობლემის ახლებური დასმა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გარშემო დისკუსიის გაფართოება. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარჩელის მომზადების პირობებში, სახელმწიფოსთვის საჭიროა განსხვავებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა (გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი) (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მოქმედების პირობებში და არა იზოლირებულად) დისკრიმინაციულია მოსარჩელის, როგორც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცის, მიმართ, რადგან ქალი და კაცი, რომელთაც არ აქვთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის მიმართ არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, სადავო ნორმა კი დასახელებული კატეგორიის კაცებს, ამავე კატეგორიის ქალებთან შედარებით (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით ), გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს. ამით ირღვევა მოსარჩელის სქესის ნიშნით კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა." ,,კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება # 1/1/493, II, 1).” ,,კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თაასწორის განხილვა უთანასწოროდ და - პირიქით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება # 1/1/493, II, 2).” ნებისმიერი გადახვევა ამ დანაწესიდან სახელმწიფომ, მინიმუმ, გონივრულობის სტანდარტის დაკმაყოფილებით უნდა დაასაბუთოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და - პირიქით, თანაზომიერების პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს.
სამხედრო აღრიცხვისა და სამხდრო ვალდებულების მოხდის მიმართ ქალი და კაცი, რომელთაც არ აქვთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. ზემდგომი ცნება, რომელიც ამ ორ სუბიექტს აერთიანებს, არის ,,პირი, რომელსაც არ აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა.” ამრიგად, ისინი შედარებად კატეგორიებს მიეკუთვნებიან. ზოგადად, ქალი და კაცი ერთმანეთისგან მხოლოდ სქესით განსხვავდებიან, რაც ვერ იქნება რაციონალური საფუძველი, რომელიც გაამართლებდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრებას მაშინ, როცა იმავე კატეგორიას მიკუთვნებული ქალები თავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულებებისაგან.
არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა შეიძლება, გამოიხატოს ერთი მათგანისათვის სტანდარტული (კონსტიტუციის გათვალისწინებული საშუალო ხარისხის სიმძიმის) ვალდებულების, ხოლო მეორე მათგანისათვის ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული, მაგრამ სტანდარტულზე მომეტებული სიმძიმის ვალდებულების დაკისრებით; ასევე ერთი მათგანისათვის სტანდარტული ვალდებულების დაკისრებით, ხოლო მეორე მათგანისათვის უფრო ნაკლები სიმძიმის ვალდებულების დაკისრებით ან ვალდებულებისაგან მისი სრულად გათავისუფლებით (ანუ პრივილეგირებით). სადავო ნორმით (გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით) (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით) დადგენილი რეგუგლაცია სწორედ ამ უკანასკნელი შემთხვევის მაგალითია. იმის გამო, რომ უთანასწორო მოპყრობა სქესობრივი განსხვავებულობის საფუძვლით ხდება, სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა ,,მკაცრი შეფასების ტესტის” გამოყენებით უნდა შეაფასოს, რაც მათი თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ამასთან, ლეგიტიმური მიზნების არსებობის დასაბუთებისას პარლამენტმა დიფერენცირებული მოპყრობის აბსოლუტური აუცილებლობა, ,,სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი” უნდა წარმოაჩინოს.
სამხედრო ვალდებულების მოხდა (შესაბამისად, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა) კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა; ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სწორედ ამის გამო, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე პირთა სამხედრო აღრიცხვა და მათთვის სამხედრო ვალდებულების დაკისრება კონსტიტუციურია. ამ შემთხვევაში მკაფიოა ლეგიტიმური მიზანიც და ამგვარი ვალდებულების დამდგენი ნორმის (განყენებულად აღებულის) შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის დანარჩენ კომპონენტებთან. მაგრამ აუხსნელია, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებისათვის სამხედრო არღიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება იმ პირობებში, როცა, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, ამავე კატეგორიას მიკუთვნებული ქალები თავისუფლდებიან დასახელებული ვალდებულებებისაგან.
სადავო რეგულაციის (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან კავშირის გათვალისწინებით, რისგან განყენებულადაც გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არ არის დისკრიმინაციული) ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხემ შესაძლოა, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა უფლებების დარღვევის პრევენცირება დაასახელოს; თქვას, რომ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვაალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების პირობებში, ამავე კატეგორიის კაცთათვის აღნიშნული ვალდებულებების დაკისრება საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის ,,უმტკივნეულოდ”, ქალთა უფლებების მომეტებული შეზღუდვის გარეშე მიღწევას ემსახურება. სამხედრო ვალდებულების მოხდით აღნიშნული კატეგორიის ქალების უფლებების დარღვევის საფრთხის წარმოსაჩენად შესაძლოა, კანონმდებელმა მიუთითოს, რომ სამხედრო ვალდებულების მოხდა მათ ზედმეტად მძიმე ტვირთად დააწვება, მათივე ფიზიკური შესძლებლობების გამო; სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მქონე ქალები კი უკვე გამოცდილნი და სამხედრო სფეროსთან ადაპტირებულნი არიან. კანონმდებელმა შესაძლოა, ისიც აღნიშნოს, რომ სამხედრო სააღრიცხვო-სპეციალობის არმქონე კაცები, თუ ისინი სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ვარგისად იქნებიან ცნობილნი, არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას, ზოგადად კაცის ფიზიკური შესაძლებლობების გამო. აღნიშნული ჰიპოთეტური არგუმენტი უსაფუძვლოა. ზოგადად, ქალთა უფლებების დარღვევის თავიდან აცილება, შესაძლებელია, იყოს ადამიანი უფლებების (მათ შორის, თანასწორობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი. მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებისა და ქალების თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება (თანასწორობის უფლების შეუზღუდავად განხორციელება), როგორც ორივესთვის ზემოაღნიშნული ვალდებულებების დაკისრებით, ისე მათი ამ ვალდებულებებისაგან გათავისუფლებით, ქალთა უფლებების დარღვევის არავითარ საფრთხეს არ ქმნის, არ წარმოშობს მათი დარღვევის რისკს, რადგან კაცად ყოფნის ფაქტი სამხედრო ვალდებულების არაპროპორციული ძალისხმევის გარეშე შესრულების შესაძლებლობას თავისთავად ვერ განაპირობებს ისევე, როგორც ქალად ყოფნის ფაქტი ამგვარ შესაძლებლობას თავისთავად ვერ გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, თანასწორობის უფლების სრულყოფილი, შეუზღუდავი რეალიზაცია არც კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტუმირი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ასე რომ, კონსტიტუციის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას ქალთა უფლებების დარღვევის თავიდან აცილება ვერ იქნება გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით (,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან კავშირის გათვალისწინებით) დადგენილი დიფერენცირების ლეგიტიმური საჯარო მიზანი. თუკი კანონმდებელი გათვალისწინებულ ,,სამხედრო ვალდებულების მოხდის ვალს”, რომელიც ამ ვალდებულების მოხდის უნარის მქონე ყველა მოქალაქეს ეკისრება, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონით იმგვარ პრაქტიკულ შინაარს სძენს, რომ სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალები თავისუფლდებიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან, მაშინ ამავე კატეგორიის კაცებისათვის დასახელებული ვალდებულებების დაკისრება სქესობრივი განსხვავებულობის საფუძვლით თვითნებური დიფერენცრირება, შესაბამისად, დისკრიმინაციაა, რადგან არ ემსახურება ხელშესახებ ლეგიტიმურ მიზანს.
ამრიგად, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე კაცებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის დაკისრება მაშინ, როცა ამავე კატეგორიის ქალები ა პრიორი, ბლანკეტური ნორმით, თავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულებისაგან არ ემსახურება არანაირ ლეგიტიმურ მიზანს, არაგონივრული, სქესის ნიშნით დიკრიმინაციის გამომწვევია, რაც არღვევს მოსარჩელის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. სადავო საკითხის არადისკრიმინაციული რეგულირება იქნებოდა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ყველა პირის გათავისუფლება სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულებისა და სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან ან ყველა მათგანისათვის აღნიშნული ვალდებულებების დაკისრება, განურჩევლად მათი სქესისა.
გარდა ამისა, დისკრიმინაციის აღნიშნული ფორმა, რომელიც მეორეს მხრივ საშუალებაა ქალთათვის, მათთვის არიდებული იქნას სამხედრო სამსახური, შესაძლოა ჩაითვალოს როგორც გამოწვევა, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის კუთხით. ეს იმიტომ, მიმდინარე გლობალური ვითარების კონტექსტში, არსებობს საგარეო სამხერდრო ინტერვენციის აშკარა საფრთხე, რისგან თავის დაცვის მიზნითაც, აუცილებელია განსხვავებული უშიშროების სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც, არათუ გენდერული ნიშნით აარიდებს ადამიანებს სამხედრო მომზადებისგან, არამედ, სახელმწიფოს დაცვის სწავლების პროცესში ჩართავს ყველას. იმდენად, რამდენადაც არსებული სისტემა ამისათვის უსარგებლოა, აღნიშნული ნორმა სრულიად შეუსაბამოა ამჟამინდელი რეალობისთვის, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლომ უნდა შეიტანოს წვლილი, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთმა შტომ, გააუქმოს აღნიშნული უსარგებლო და გამოუსადეგარი მოდელი, ხოლო პოზიტიურმა კანონმდებელმა შემდგომში, უნდა იზრუნოს უკეთესი სისტემის ჩამოყალიბებაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა