გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1346 |
ავტორ(ებ)ი | გოჩა გაბოძე, ლევან ბერიანიძე |
თარიღი | 23 აგვისტო 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N 241/ნ ბრძანება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N 241/ნ ბრძანების დანართი #1 სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება V (დონორობის უკუჩვენება) 651 პუნქტი: ,,ქცევა, რომელიც უკავშირდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს (დაიშვება მხოლოდ უანგარო დონაციის შემთხვევაში): (24.10.2017 N 01-63/ნ ამოქმედდეს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან) ა) დაუცველი სქესობრივი კონტაქტები (გადავადება 12 თვის განმავლობაში უკანასკნელი დაუცველი კონტაქტიდან); ბ) ორი ან მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა ბოლო 6 თვის განმავლობაში (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო სქესობრივი კონტაქტიდან); გ) სქესობრივი კონტაქტი სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის (24-ე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 651 და 652 პუნქტების შესაბამისი) მქონე პარტნიორთან (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო კონტაქტიდან); დ) სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც აქვს ან ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია (B და/ან C ჰეპატიტები, და/ან აივ ინფექცია, და/ან სიფილისი) (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან); ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 10 წლით ბოლო კონტაქტიდან). |
კონსტიტუციის მე-14 მუხლი: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. „ |
,,სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N 241/ნ ბრძანების დანართი #1 სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება V (დონორობის უკუჩვენება) 651 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი: ,,მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 10 წლით ბოლო კონტაქტიდან).“ |
კონსტიტუციის მე-16 მუხლი: ,,ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მოსარჩელეებს წარმოადგენენ ლევან ბერიანიძე და გოჩა გაბოძე. ისინი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ მამაკაცებად, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (მსმ). ეს პირები მოსარჩელეები იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დასრულებულ #536 და #878 საქმეებში. ამ საქმეში სადავოდ არის ქცეული ნორმა, რომლის მიხედვითაც, მსმ-ს ბოლო სქესობრივი კავშირიდან 10 წლის განმავლობაში არა აქვს უანგარო დონაციის შესაძლებლობა. ეს შეზღუდვა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეებს, იმ ჰეტეროსექსუალთან შედარებით, რომელსაც N 241/ნ ბრძანების 651 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჰეტეროსექსუალური კავშირი ჰქონდა ,,B” და ,,C” ჰეპატიტით, აივ-ვირუსით, სიფილისით ინფიცირებულ პირთან, ასევე იმ ჰეტეროსექსუალთან შედარებით, რომელსაც, 651 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი ასევე, ამავე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰეტეროსექსუალური კავშირი ჰქონდა ორ ან მეტ პირთან. ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს ყველა შემთხვევაში, ამის მიუხედავად, სადავო ნორმა დაუცველ, ორ ან მეტ პირთან, ,,B” და ,,C” ჰეპატიტით, აივ-ვირუსით, სიფილისით ინფიცირებულ პირთან ჰეტეროსექსუალური კავშირის მქონე პირს სისხლის დონორობას უკრძალავს 12 თვით, მაშინ როცა მსმ ქცევის მქონე პირის შემთხვევაში დონორობის გადადების უფრო ხანგრძლივ ვადას, 10 წელს აწესებს. ამით სადავო ნორმა მსმ ქცევის მქონე პირებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ინფექციური დაავადებების რისკის მქონე ჰეტეროსექსუალური ქცევის განმახორციელებელ პირებთან შედარებით. ამ ნაწილში გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
სადავო ნორმა იმით, რომ მსმ ქცევის მქონე ადამიანებს უწესებს დონორობის აკრძალვის 10 წლიანი ვადას, იმაზე მეტად უზღუდავს მსმ პირებს, საკუთარი ნათესავების მიმართ ალტრუისტული ქმედების განხორციელების შესაძლებლობას, ვიდრე ეს აუცილებელია ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისათვის. ამით სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულ პიროვნული განვითარების უფლებას.
ამგვარად, სადავო ნორმამ დაარღვია მოსარჩელეთა კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის უფლება, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული პიროვნული განვითარების თავისუფლება. შესაბამისად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
2014 წლის 4 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ № 2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო N 241/ნ ბრძანების სიტყვა ,,ჰომოსექსუალიზმი,“ რაც გეი მამაკაცსა და მსმ-ს სიცოცხლის ბოლომდე უკრძალავდა სისხლის დონორობას. 2017 წლის 13 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ № 1/13/878 განჩინებით დამძლევ ნორმად და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად სცნო სიტყვა ,,მსმ,“ რაც მსმ-ს სიცოცხლის ბოლომდე უკრძალავდა სისხლის დონორობას. ამ სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს არა მსმ-ისათვის სიცოცხლის ბოლომდე, არამედ ბოლო მსმ კავშირიდან 10 წლის განმავლობაში დაწესებული დონორობის აკრძალვის კონსტიტუციურობა. ჩარევის მეთოდი ამ შემთხვევაში არის ზემოხსენებული საქმეში არსებული ჩარევის საშუალებებისაგან განსხვავებული. ამის მიუხედავად, ეს ჩარევის მეთოდიც არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მსმ ქცევის მქონე პირს არათანასწორად ეპყრობა დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირთან შედარებით. ისევე როგორც აწესებს იმდენად დიდ დროს, რაც არ არის აუცილებელი ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი, მსმ პირის სისხლის დონორების უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვა არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. კონსტიტუციის მე-14 მუხლი
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბერს მიღებულ №1/1/493გადაწყვეტილებაშისაქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-2 პუნქტში განაცხადა: ,,მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს : 1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით – არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით.“
სადავო ნორმით შესადარებელ ჯგუფს წარმაოდგენენ ერთი მხრივ, ჰეტეროსექსუალური ქცევის, ხოლო, მეორე მხრივ, მსმ ქცევის მქონე პირები. ორივე ჯგუფში შემავალი პირები არიან არსებითად თანასწორები, ანალოგიურ და იდენტურ მდგომარეობაში მყოფნი იმ თვალსაზრით, რომ ორივე ჯგუფში შემავალი პირები, სისხლის დონორად ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა ქმნიდნენ ინფექციური დაავადებების: ჰეპატიტი B და C-ს, აივ-ინფექციის, სიფილისის გავრცელების საფრთხეს. N 241/ნ ბრძანების 65 პრიმა პუნქტი მიუთითებს ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე შემდეგი კატეგორიის პირებზე, რომლებიც ინფექციური დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მქონე პირებს მიეკუთვნებიან:
1) პირი რომელსაც ჰქონდა დაუცველი ჰეტეროსექსუალური კავშირი (65 პრიმა პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი). დაცვის საშუალებების (პრეზერვატივის) გამოუყენებლობა მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეს მათ შორის ჰეტეროსექსუალური კავშირის (ქალსა და მამაკაცს სქესობრივი კავშირი) დროს.
2) პირი, რომელსაც 6 თვის განმავლობაში ჰეტეროსექსუალური კავშირი ჰქონდა ორ ან მეტ პირთან. არამონოგამიური ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციური დაავადებების შეძენის რისკს. N 241/ნ ბრძანების 65 პრიმა პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტმა ცალკე გამოჰყო პოლიგამიური ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირები, რომელთა სისხლის ტრანსფუზია ქმნის ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეს.
3) N 241/ნ ბრძანების 65 პრიმა პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე პირად განსაზღვრავს ადამიანს, რომელსაც ჰეტეროსექსუალური კავშირი ჰქონდა სექსმუშაკთან და კორტეჟში დასაქმებულ პირთან (ადამიანთან, რომელიც ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ გასწევს სექსუალურ მომსახურებას). კორტეჟში ყოფნა მოიცავს დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე პირთან ინტენსიური ჰეტესექსუალური კავშირის დამყარების შესაძლებლობას, რაც ზრდის ინფექციური, სისხლის გადასხმის გზით გადამცემი დაავადებების შეძენის და გავრცელების რისკს. ამიტომ არა მარტო კორტეჟში მყოფი პირები ითვლებიან ინფექციური დაავადებების გადაცემის მაღალი რისკის მატარებლად, არამედ ის პირებიც, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობს.
ამას გარდა, N 241/ნ ბრძანების 65 პრიმა პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი მიუთითებს იმ პირზე, ვისაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა ნარკოტიკების მომხმარებელთან. ინტრავენური ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა პოპულაცია მიეკუთვნებიან აივ-ინფექციის და ჰეპატიტების შეძენის მაღალი რისკის ჯგუფს. ამ რისკს განსაკუთრებით ზრდის სხვის მიერ გამოყენებული ნემსით ვენაში ნარკოტიკული ნივთიერების ხელახალი ინექცია. N 241/ნ ბრძანება არა მხოლოდ ნარკომომხმარებელს მიიჩნევის სისხლის გადასხმის გზით გადამდები დაავადებების მაღალი რისკის მატარებლად, N 241/ნ ბრძანების 65 პრიმა პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი საგანგებოდ მიუთითებს იმ პირზეც, რომელსაც ჰეტეროსექსუალური კავშირი აქვს ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებელთან.
N 241/ნ ბრძანების 65 პრიმა პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციური დაავადებების შეძენისა და გავრცელების რისკის მატარებლები არიან პირები, რომლებსაც ჰეტეროსექსუალური კავშირი აქვთ იმ პირებთან, რომლებსაც, თავის მხრივ, ჰქონდათ დაუცველი ჰეტეროსექსუალური კავშირი, 6 თვის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ პოლიგამიურ ჰეტეროსექსუალურ კავშირებში, ასევე ჰეტეროსექსუალური კავშირი ჰქონდათ იმ პირთან, ვის მიმართაც განხორციელდა სტომატოლოგიური, კოსმეტიკური მანიპულაცია სავარაუდოდ არასტერილური ინსტრუმენტით. სადავო ნორმა სისხლის გზით გადამცემი დაავადებების მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევს პირს, რომლსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა პირთან, რომელსაც გამოყენებული ნემსი უჩხვლიტეს.
ყველა ზემოხსნებულ პირს აერთიანებს ერთი ნიშანი: მათ ჰქონდათ იმგვარი სარისკო ჰეტეროსექსუალური კავშირი, რაც შეიცავს ინფექციური დაავადებების შეძენის საფრთხეს. ამ ჯგუფში შემავალ პირებს სწორედ ის აერთიანებს, რომ დაკავებულნი არიან ისეთი ჰეტეროსექსუალური ქცევით, რაც ინფექციური დაავადებების შეძენასთან და, დონორად ყოფნის შემთხვევაში, მათ გავრცელებასთან არის დაკავშირებული. ინფექციური დაავადებების შეძენისა და გავრცელების რისკის თვალსაზრისით ზემოხსენებული ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირები არიან ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცთან. ამ უკანასკნელ ჯგუფში ინფექციური დაავადების შეძენისა და გავრცელების რისკთან დაკავშირებით 2014 წლის 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 35-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,მამრობითი სქესის წამომადგენელთა ბიოლოგიური აგებულება განაპირობებს მამაკაცსა და მამაკაცს შორის სქესობრივი ურთიერთობისას მიკროტრავმებისა და სისხლით კონტაქტის მაღალ ალბათობას, შესაბამისად, მომეტებულია ინფექციის გავრცელების რისკი.“ ამავე გადაწყვეტილების 38-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,დამცავი საშუალებების გამოყენება ვერ ჩაითვლება არსებული საფრთხის პრევენციის ეფექტურ საშუალებად, რადგან არსებობს მისი არასწორი გამოყენების ან/და დაზიანების რისკი, რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს სექსუალური პარტნიორებისთვის და ვერ გამოვლინდეს დონორთა შერჩევის ეტაპზე.“
2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენდნენ ანალური სექსის მქონე ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი წყვილები. ამ ორ შედარებად ჯგუფთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების მეორე თავის 39-ე პუნქტში ნათქვამია: ,,ჰომოსექსუალ მამაკაცთა და ჰეტეროსექსუალ წყვილთა ანალური სქესობრივი კავშირის დროს პარტნიორისგან ინფიცირების რისკები განსხვავებულია და ალბათობა, რომ ჰომოსექსუალ მამაკაცთა შემთხვევაში პარტნიორი უკვე ინფიცირებულია, ბევრად მაღალია.“ მოცემული დავის ფარგლებში, შედარება ხდება არა უბრალოდ ჰომოსექსუალებსა და ჰეტეროსექსუალებს შორის, არამედ ერთი მხრივ, ანალური სექსუალური კავშირის მქონე მსმ-ებს და მეორე მხრივ, ამგვარი კავშირის მქონე ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის, რომლიდანაც ერთი, სადავო 65 პრიმა მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დადასტურებულად არის დაინფიცირებული B ან C ჰეპატიტით ან აივ-ინფექციით. როდესაც სისხლის დონორობის მსურველი ჰეტეროსექსუალი პირის სექსუალური პარტნიორი დადასტურებულად არის დაინფიცირებული რომელიმე ზემოხსენებული დაავადებით, ხოლო დაინფიცირების ფაქტი არც დონორობის მსურველს მსმ-ს, არც მის პარტნიორს არ უდასტურდება, ასეთ შემთხვევაში მსმ პირის მხრიდან სისხლის დონორობის გზით ინფექციის გადაცემის რისკი ვერ იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე დონორობის მსურველი იმ ჰეტეროსექსუალის მხრიდან მომდინარე რისკი, რომლის პარტნიორი დადასტურებულად B, C ჰეპატიტით ან აივით არის ინფიცირებული.
ამგვარად, 65-ე პრიმა პუნქტში ჩამოთვლილი ყველა სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირები და მსმ პირები არიან ერთსა და იმავე მგომარეობაში. ორივე ჯგუფიდან მომდინარეობს აივ და სხვა ვირუსების გავრცელების ერთნაირი საფრთხე. ამასთან, როგორც ეს 2014 წლის 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-18 პუნქტშია აღნიშნულია: ,,სისხლის დონორად ყოფნის სურვილი უკავშირდება ადამიანის პიროვნული ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზაციას, რისი ინტერესი და ფაქტობრივი შესაძლებლობა თანაბრად გააჩნიათ პირებს მათი სექსუალური ქცევებისა და ორიენტაციის მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიფერენცირებული პირები, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.“ ჰეტეროსექსუალს, რომლის პარტნიორიც ნარკომომხმარებელი, სექსმუშაკი ან აივ-ვირუსით ინფიცირებულია და მსმ-ს თანაბრად გააჩნიათ დონორად ყოფნის ინტერესი. დონორად ყოფნა ამ პირთა პიროვნული ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს. ამიტომ ისინი როგორც სისხლის დონორობის უფლებასთან, ისე ამ უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში არიან არსებითად თანასწორნი. ამის შემდეგ უნდა განვსაზღვროთ ხდება თუ არა განსხვავებული მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის, რა ნიშნით ხდება ეს მოპყრობა და შეფასების რომელი ტესტი უნდა იყოს გამოყენებული.
ყველა სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირთან დაკავშირებით, სადავო ნორმით, დონორობის უფლების შეზღუდვის ბევრად უფრო ხელსაყრელი და მცირე ვადაა დაწესებული, ვიდრე მსმ ქცევის მქონე პირთან მიმართებაში. ჰეტეროსექსუალს, რომელსაც დაუცველი კავშირი ჰქონდა; ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაამყარა პოლიგამიური კავშირები; ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ინტრავენურ ნარკომომხმარებელთან ან ისარგებლა კორტეჟის მომსახურებით; ჰყავს პარტნიორი, რომელმაც სტომატოლოგიური მომსახურება მიიღო ან ტატუირება გაიკეთა არასტერილური ხელსაწყოთი ან ჰყავს პარტნიორი, რომელსაც დაუდგინეს სიფილისი, აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი, სისხლის დონორობა ეზღუდება 12 თვით. ამის პარალელურად, მსგავსი სარისკო ქცევის მქონე მსმ პირს სისხლის დონორობა ეკრძალება 10 წლით. სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირებსა და მსმ-ებს შორის დონორობის უფლების მიღების სხვაობა 9 წელია. სადავო ნორმით სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირი აშკარად ხელსაყრელ მდგომარეობაშია იმავე მდგომარეობაში მყოფ (არსებითად თანასწორ) მსმ პირთან შედარებით. არსებითად თანასწორ პირებს შორის სამართლებრივ ურთიერთობაში თანაბარი მონაწილეობისათვის დადგენილი 9 წლიანი განსხვავება მიუთითებს აშკარა უთანასწორო მოპყრობაზე.
დიფერენცირება ხდება სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური ქცევის ნიშნით. მსმ ქცევა ძირითადად ახასიათებს ჰომოსექსუალ (გეი) და ბისექსუალ კაცებს. ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რაც გულისხმობს ადამიანის ემოციურ და სულიერ ლტლოვას ამა თუ იმ ან ორივე სქესის წარმომადგენლის მიმართ. ხოლო სექსუალური ქცევა გულისხმობს სექსუალურ ქმედებას, ცხოვრებასა და პრაქტიკას, ამ ქმედების განმახორციელებელი პირის ემოციური და სულიერი ლტოლვის მიუხედავად.
2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების მეორე თავის 25-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს ორგვარ, რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 26-ე პუნქტში აღნიშნულია: დიფერენცირების შეფასების შესაბამისი ტესტის განსაზღვრის მიზნით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა განსხვავებული მოპყრობა კონსტიტუციიის მე-14 მუხლში მოხსენიებულ კლასიკურ ნიშნებს. ,,ისტორიულად,“ კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)დიფერენცირება უკავშირდება სექსუალურ ქცევას და ორიენტაციას. სასამართლო მიუთითებს, რომ სექსუალური ქცევა და ორიენტაცია არ მიეკუთვნება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ დიფერენცირების კლასიკურ ნიშნებს. შესაბამისად, დიფერენცირება არ უკავშირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ ნიშნებს და არ არსებობს დიფერენცირების კლასიკური ნიშნის საფუძვლით მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა.“
მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები” და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” მეორე თავის მე-6 პუნქტი).
როგორც ზემოთ მივუთითეთ, სადავო ნორმით დადგენილია 9 წლიანი განსხვავება მსმ ქცევის მქონე პირებსა და სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირებს შორის სისხლის დონორობასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში თანაბარი მონაწილეობისათის, იმით, რომ სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირს დადგენილი აქვს 1 წლიანი შეზღუდვა, ხოლო მსმ-ს 10 წლიანი შეზღუდვა. ეს დრო იმდენად დიდია, რომ მკვეთრად აშორებს ამ ორ არსებითად თანასწორ პირებს სამართლებრივ ურთიერთობაში თანაბარი მონაწილეობისაგან. შესაბამისად, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი. სადავო ნორმით მსმ-ისთვის დადგენილი დონორობის შეზღუდვის 10 წლიანი ვადა, მისი არაგონივრული ხანგრძლივობის გამო, ასევე ვერ უძლებს რაციონალური კავშირის ტესტით შემოწმებასაც კი.
რაც შეეხება შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 36-ე პუნქტში განაცხადა: ,,ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს რეციპიენტთათვის შესაბამისი ხარისხის სისხლისა და მისი კომპონენტების მიწოდება. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მოახდინოს დონაციის პროცესის სამართლებრივი რეგულირება. ცხადია, სადავო ნორმები ემსახურება მკვეთრად გამოხატული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – სისხლისა და სისხლის კომპონენტების რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. აღნიშნული ნორმების საშუალებით ხდება ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე დონორების დისტანცირება ტრანსფუზიის პროცესისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეციპიენტთათვის ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი. შესაბამისად, სადავო ნორმები წარმოადგენს ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ეს გარემოება არ არის საკმარისი ასეთი ინტენსივობის დიფერენცირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის. ამისათვის აუცილებელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და პირის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.“
ამავე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-40 პუნქტში აღნიშნულია: ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი მიუთითებს, რომ დონორთა შერჩევის პროცესი შედგება ორი ეტაპისგან, თავდაპირველად ხდება ანამნეზით ინფორმაციის შეგროვება, ხოლო შემდგომ – ჩაბარებული სისხლის სამედიცინო შემოწმება. სპეციალისტთა და მოწმეთა განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ სისხლის სამედიცინო შემოწმება სრულად ვერ გამორიცხავს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკებს, რადგან არსებობს ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის ალბათობა, რაც შეიძლება განაპირობოს ვირუსის ინკუბაციის პერიოდმა – ე.წ. ,,ფანჯრის პერიოდი”. ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის~ მიერ წარმოდგენილი განმარტებით, აღნიშნული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. საქმის არსებით განხლვაზე იგივე პოზიცია დააფიქსირა მოწმემ, “ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” აჭარის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა ნინო გუგეშაშვილმა. მოწმის განმარტებით, ფანჯრის პერიოდი – დრო, რომლის განმავლობაშიც ვირუსი არ არის იდენტიფიცირებადი – გრძელდება 8-10 კვირას, მაქსიმალური სიზუსტისთვის საჭიროა 12 თვემდე პერიოდი, რის შემდგომაც სისხლში არსებული ინფექციის აღმოჩენა შესაძლებელია. ამასვე მიუთითებს სპეციალისტი, “საქართველოს ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგიის ასოციაციის” პრეზიდენტი გენადი იოსავა.“
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაკითხული ყველა სპეციალისტი ადასტურებს იმას, რომ ტესტირების მეშვეობით ვირუსის აღმოჩენა, მათ შორის მსმ პოპულაციაში, შესაძლებელია სარისკო ქმედების ჩადენიდან 12 თვის ვადაში. არც ერთ მოწმეს არ უთქვამს ის, რომ რაიმე ვირუსის ,,ფანჯრის პერიოდი“ გრძელდება 1წელზე მეტხანს, მით უმეტეს 10 წელიწადს. ამგვარად, ლეგიტიმური მიზნის - რეციპიენტის უზრუნველყოფა ჯანმრთელი სისხლით - მიიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, დონორობის 1 წლით გადაებით. ეს არის ის ვადა რომლის განმავლობაშიც იზღუდება სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის ჩამდენი პირი.
ამგვარად, მოპასუხე მხარეს, შეეძლო ლეგიტიმური მიზნის ეფექტურად მიღწევა არსებითად თანასწორ პირებს შორის დიფერენცირების გარეშე, კერძოდ იმით, რომ როგორც მსმ, ისე სარისკო ჰეტეროსექსუალური ქცევის მქონე პირისათვის დაეწესებინა დონორობის 12 თვიანი შეზღუდვა სარისკო ქმედების ჩადენის მომენტიდან. ხოლო ტესტირების თანამედროვე და დახვეწილი მეთოდების დანერგვის გზით შესაძლებელი იქნებოდა სარისკო ქცევის ჩამდენი პირების მიმართ, ყოველგვარი დიფერენცირების გარეშე. ყველა პირის (როგორც მსმ-ის, ისე ჰეტეროსექსუალის) 12 თვიანი ვადის კიდევ უფრო შემცირება, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა არათუ მკაცრი ტესტით შემოწმებას ვერ უძლებს, არამედ ასევე ვერ აკმაყოფილებს რაციონალური ტესტით შემოწმებასაც კი. ახალი მემარჯვენეებისა და კონსერვატორების საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტის თანახმად:
ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“
როდესაც უკანაკნელი ერთი წლის განმავლობაში მსმ-ისათვის გაკეთებული ტესტი, უარყოფით შედეგს აჩვენებს, არავითარი რეალური და რაციონალური კავშირი არ არსებობს რეციპიენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასა და შემდგომი 9 წლის განმავლობაში მსმ-ისათის უსასყიდლოდ სისხლის დონორობის აკრძალვას შორის. ამავდროულად, არ არსებობს სამედიცინო თვალსაზრისით დადასტურებული მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ფანჯრის პერიოდი მსმ-ებში გრძელდება ერთ წელზე მეტხანს. ასევე არაფერი არ მიუთითებს, იმაზე, რომ განსხვავებულია ჰეტეროსექსუალებსა და მსმ-ებში აივის ან სხვა ინფექიური დაავადების ინკუბაციის პერიოდი, რაც ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავებული ფანჯრის პერიოდის დადგენას გაამართლებდა. შესაბამისად, არავითარი გონივრული კავშირი არსებობს დიფერენცირების მიზეზს - რეციპიენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვასა - შედეგს ბოლო მსმ კავშირიდან პირისათვის სისხლის დონორობის 10 წლით აკრძალვას შორის.
ამგვარად, სადავო ნომა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს და ვითხოვთ, მის ძალადაკარგულად ცნობას.
2) კონსტიტუციის მე-16 მუხლი
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, ქცევა, რომელიც უკავშირდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს (დაიშვება მხოლოდ უანგარო დონაციის შემთხვევაში). ასეთ ქცევას წარმოადგენს მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 10 წლით ბოლო კონტაქტიდან). სადავო ნორმა, სიტყვა-სიტყვით ახდენს დონორობის უფლების გადადებას 10 წლით მსმ-ისათვის. შესაბამისად, ნორმა არის შემზღუდველი კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პიროვნული განვითარების უფლებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების მეორე თავის 57-ე პუნქტში განაცხადა:
,,კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცულ სფეროში ექცევა პიროვნების თავისუფალი განვითარების ნებისმიერი ფორმით რეალიზაცია. შესაბამისად, მოსარჩელეების უფლება, გახდნენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორები, დაკავშირებულია ადამიანის მოქმედების თავისუფალ ნებასთან, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში და დაცულია პიროვნული თვითგანვითარების უფლებით
ამ ურთიერთობის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში მოსაქცევად საკონსტიტუციო სასამართლოსათვის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში გახდა ალტრუისტული მიზნების განხორციელება და ნათესაური კავშირის განვითარება. ამ გადაწყვეტილების მე-60 მუხლში აღნიშნულია: ,,დონორობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე არის ქველმოქმედების, ადამიანური სოლიდარობის ერთ-ერთი გამოვლინება. ამ შემთხვევაში პირი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, გახდეს სისხლის ანდა სისხლის კომპონენტების დონორი, არ არის დაინტერესებული რაიმე მატერიალური ანაზღაურებით. მის ერთადერთ მოტივატორს წარმოადგენს სხვა პირთა დახმარება და საკუთარი ალტრუისტული ღირებულებების შესაბამისად ამყარებს კავშირს გარესამყაროსთან. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნათესავი დონორის ინსტიტუტი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N241/ნ ბრძანების N1 დანართის მე-4 მუხლის მიხედვით, „დონორი-ნათესავები არიან პირები, რომლებიც აბარებენ სისხლს, პლაზმას და სისხლის უჯრედებს იმ სამკურნალო დაწესებულებების სისხლის გადასხმის განყოფილებებში, რომლებშიც მათი ახლობელი ადამიანები წვანან...“. ციტირებული ნორმის შესაბამისად, ნათესავი დონორის სტატუსის ქვეშ მოაზრებული პირები საკუთარ სისხლს გაიღებენ განსაზღვრული ადრესატისთვის, ნათესავისთვის ან ახლობლისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, რაც ნათესაური/პირადი ურთიერთობების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.“ ამავე გადაწყვეტილების 61-ე პუნქტში აღნიშნულია: ,, სისხლის დონაციის მეშვეობით პირი ახდენს შინაგანი ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზებას, ამასთან, უზრუნველყოფს პერსონალური, მათ შორის, ოჯახური კავშირების განვითარებას, რაც, უდავოდ, პიროვნების თვითრეალიზაციისა და განვითარების შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და, შესაბამისად, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით.
ამგვარად, სადავო ნორმა უზღუდავს რა მსმ-ს 10 წლით სისხლის დონორობის შესაძლებლობას, ხელს უშლის ალტრუისტული გზით ნათესაური კავშირების განვითარება-გამყარებაში, რაც წარმოადგენს ჩარევას მე-16 მუხლით დაცულ სფეროში.
2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების მეორე თავის 68-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,სადავო ნორმების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის დაცვა ისეთი საშიში ინფექციური დაავადებებისაგან, როგორსაც წარმოადგენს აივ-შიდსი.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 71-ე პუნქტის თანახმად, შეზღუდვის დაწესებისას სამართალშემოქმედმა უნდა გაითვალისწინოს, დროის რა პერიოდში ინარჩუნებს ქცევა რისკებს სისხლის დონაციის უსაფრთხოების თვალსაზრისით.“ ამავე გადაწყვეტილების 75-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესის რეგულირებისას აღნიშნული პროცესის უსაფრთხოების მიზნით, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სისხლის სკრინინგის თანამედროვე აპარატურისა და მიდგომების დანერგვისაკენ, რაც შეამცირებს ,,ფანჯრის პერიოდს” და, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესის მეტ უსაფრთხოებას და ნაკლებად გახდის მას მხოლოდ დონორების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულს, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებელს გახდის პოტენციური დონორების უფლებების ნაკლებად შეზღუდვას.“
სადავო ნორმით დაწესებულია მსმ-ის დონორობის უფლების აკრძალვის იმაზე ბევრად დიდი ვადა, ვიდრე ეს არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით დონორის სისხლში არსებული ამა თუ იმ ვირუსის აღმოსაჩენად არის აუცილებელი. როგორც ექსპერტთა ჩვენებიდან ირკვევა, ,,ფანჯრის პერიოდი“ რომლის ფარგლებშიც ვირუსის აღმოჩენა არის შეუძლებელი, არის ერთი წელი. ამასთან შესაძლებელია ამ ვადის შემცირებაც. კერძოდ, 2017 წლის 13 ივლისს მიღებულ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების მეორე თავის მე-19 პუნქტში აღნიშნულია: ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლების არგუმენტაციით, საქართველოში გამოიყენება სისხლის შემოწმების მხოლოდ იმუნოფერმენტული მეთოდი, რაც ვერ უზრუნველყოფს ვირუსის აღმოჩენას ადრეულ სტადიაზე, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში კი ხდება ნუკლეინის მჟავებით ტესტირება, რომლის საშუალებითაც ვირუსის აღმოჩენა უფრო მოკლე ვადაშია შესაძლებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას. იმავდროულად, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, სისხლის შემოწმების იმუნოფერმენტული მეთოდი, რომელიც გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ასევე უზრუნველყოფს ვირუსის აღმოჩენას სისხლში, თუმცა საჭიროებს უფრო მეტ ვადას, ვიდრე ნუკლეინის მჟავებით ტესტირების მეთოდი. სახელმწიფო ვალდებულია, არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიმუშაოს ისეთი რეგულაცია, რომლითაც დაცული იქნება პროცესის უსაფრთხოების მოთხოვნები და მხედველობაში იქნება მიღებული ე.წ. „ფანჯრის პერიოდის“ ის ხანგრძლივობა, რომელსაც დღეს არსებული ტესტირების მეთოდი მოითხოვს.“
10 წლიანი ვადის დადგენის აუცილებლობას არ მოითხოვს დღეს არსებული ტესტირების მეთოდი. ამიტომ ამ ვადით მსმ პირისათვის დონორობის აკრძალვა არის არაპროპორციულად დიდი დრო.
შესაბამისად, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და შესაბამისად, ვითხოვთ მის არაკონსტიტუციურად ცნობას.
3) ბოლოდროინდელი საერთაშორისო პრაქტიკა მსმ-ის სისხლის დონორობასთან დაკავშირებით
2017 წლის 29 დეკემბერის №3/7/679გადაწყვეტილებაში საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მეორე თავის 65-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: ,, ზოგადად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა სამართლის საერთაშორისო და უცხო ქვეყნებში აღიარებულ სტანდარტებს. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, თუმცა, კონსტიტუციის უზოგადესი ტექსტის განმარტებისას, სასამართლო მხედველობაში ასევე იღებს მსოფლიოს განვითარებული სამართლებრივი სისტემების მიერ დამკვიდრებულ მიდგომებს.” აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონსტიტუცია წარმოადგენს დინამიურ დოკუმენტს და მის განმარტება უნდა მოხდეს იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც განვითარებულ სამართლებრივ სისტემებში იქნა მიღწეული. ესა თუ ის ღონისძიება, რაც წარსულში პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს, ბოლოდროინდელი მიღწევების გათვალისწინებით შესაძლოა კონსტიტუციის საწინააღმდეგო აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ თუ როგორ შეიცვალა მსმ პირების სისხლის დონორობასთან დაკავშირებით არსებული რეალობა 2014 წლის 4 თებერვლიდან, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყევტილება სისხლის დონორობის აკრძალვის თაობაზე.
მსმ ჯგუფისათვის დონაციის უფლების აკრძალვის საკითხზე იმსჯელა ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სისხლით გადამდები დაავადებების აღმოჩენის ეფექტური საშუალებები ან სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც გარანტირებული იქნება რეციპიენტების ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხი, მსმ ჯგუფისათვის დონორობის უფლების სამუდამო აკრძალვა ვერ ჩაითვლება პროპორციულად. სასამართლომ მიუთითა, რომ დონაციის პროცესში სისხლის შემოწმებისათვის დაწესებული მოთხოვნები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და იცვლებოდეს სამედიცინო და სამეცნიერო მიღწევების კვალდაკვალ (ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის C-528/13 გადაწყვეტილება საქმეზე: „Geoffrey Léger v Ministre des Affaires sociales, de la Santé et des Droits des femmes, Établissement français du sang“, § 68).
2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში ციტირებულია მოპასუხის პოზიცია მსმ პირებისათვის სისხლის დონორობის აკრძალვასთან დაკავშირებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის თაობაზე. კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი თავის მე-16 პუნქტში აღნიშნულია: ,,მოპასუხე მხარის მტკიცებით, ჰომოსექსუალი, ანუ „მამაკაცი, რომელსაც სქესობრივი კავშირი აქვს მამაკაცთან“, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში განსაზღვრულია როგორც დონორობის აბსოლუტური უკუჩვენება და ცალსახად ნიშნავს სისხლის დონორობის აკრძალვას ან დონორობის გადავადებას განუსაზღვრელი ვადით. აღნიშნული პირების მიერ დონორობა აკრძალულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ,,ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ავსტრია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, ნორვეგია, მალტა, სლოვენია, შვეიცარია, თურქეთი, ესტონეთი, პორტუგალია და სხვა.”
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მათ შორის, მოპასუხის მიერ ზემოხსენებულ საქმეში დასახელებული ქვეყნების უმრავლესობაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. 2016 წელს საფრანგეთმა (რომელიც იყო მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმის მონაწილე ქვეყანა) შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც, გეი მამაკაცმა სისხლის ჩაბარების ცენტრში უნდა მიუთითოს, რომ 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია სხვა მამაკაცთან სექსი.[1] ამის შემდეგ ეძლევათ მსმ-ს სისხლის დონორობის შესაძლებლობა. 2015 წელს წესი შეცვალა ნიდერლანდებმაც, მხოლოდ იმ მსმ-ს მიანიჭა სისხლის დონორობის შესაძლებლობა, რომელსაც ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია სექსუალური კავშირი.[2]
2016 წელს სისხლის დონორად გახდომის ერთწლიანი მოსაცდელი პერიოდი პორტუგალიამ თანაბრად გაავრცელა ჰომოსექსუალზე, სექსმუშაკებზე, აფრიკის იმ ქვეყნიდან ემიგრირებულ პირებზე, სადაც აივ ვირუსი ფართოდ გავრცელებულია. პორტუგალიაში 12 თვიანი მოსაცდელი პერიოდი ვრცელდება იმ პირზეც, ვისაც ჰეტეროსექსუალური კავშირი ჰქონდა აივ ვირუსით ინფიცირებულ პირთან[3]
ლუქსემბურგის სასამართლოს გავლენით სისხლის დონორობის წესი შეცვალა გერმანიამ 2017 წელს. გერმანიაში სიცოცხლის ბოლომდე არა მხოლოდ მსმ-ებს ეკრძალებოდათ სისხლის დონორობა, არამედ ასევე ჰეტეროსექსუალ სექსმუშაკებს, ასევე ჰეტეროსექსუალს, რომელიც ხშირად იცვლიდა პარტნიორებს. სამუდამო აკრძალვა გერმანიამ შეცვალა ერთ წლამდე დონორობის შეზღუდვით მსმ-ისათვის, ხშირი სექსუალური კავშირის მქონე ჰეტეროსექსუალისათვის, კორტეჟისათვის (სექსმუშაკი) და ტრანსგენდერებისათვის.[4]
სისხლის დონორობის ერთწლიანი აკრძალვის პერიოდი აქვთ დაწესებული მსმ პირებს ჩეხეთში და უნგრეთში. ევროპის საზღვრებს მიღმა არგენტინასა და ბრაზილიაში[5] 2015 წლისათვის იგივე პერიოდი იყო დაწესებული ფინეთში მსმ პირებისათვის.[6]
2015 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის, ადამიანის მომსახურების, საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრირების ფედერალურმა დეპარტამენტმა გამოსცა ინდუსტრიის სახელმძღვანელო დოკუმენტი.[7] ამ დოკუმენტის მე-14 გვერდზე მოცემულია რეკომენდაციები. რეკომენდაცია #B 9-ში აღნიშნულია: ,,ჩვენ 12 თვით სისხლის დონორობას ვუკრძალავთ მამაკაცს, რომელსაც სექსი ჰქონდა სხვა მამაკაცთან ბოლო 12 თვის განმავლობაში.“ ამავე დოკუმენტით 12 თვით სისხლის დონორობა ეკრძალება ადამიანს, რომელმაც ტატუს გაკეთების მიზნით გაიხვრიტა კანი და ამ მომენტიდან არ გასული 12 თვე. 12 თვიანი აკრძალვა ვრცელდება ადამიანზე, რომელმაც დაასრულა გონორეაზე და სიფილისზე მკურნალობა და ამ მომენტიდან არ გასულა 12 თვე.
2016 წლის ივნისში კანადის ჯანდაცვის სამსახურმა მსმ პირებისათვის დონორობის აკრძალვის პერიოდი შემაცირა ხუთი წლიდან ერთ წლამდე. ხუთწლიანი აკრძალვის პერიოდი მსმ-ებისათის დაწესდა 2013 წლიდან. 1977 წლიდან კანადაში მსმ-ებს უვადოდ ეკრძალებიდათ სისხლის დონორობა.[8]
კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელზეც მოპასუხე მხარე 2014 წლის საქმეში უთითებდა მსმ-ებისათვის დაწესებული უვადო აკრძალვის გასამართლებლად, იყო ბელგია. 2017 წელს ბელგიის ჯანმრთელობის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა გააუქმა სისხლის დონორობაზე მსმ-ებისათვის დაწესებული უვადო აკრძალვა. ბელგიაში მამაკაცს მიეცა სისხლის დონორობის უფლება, თუკი ბოლო 12 თვის განმავლობაში სხვა მამაკაცთან სექსი არ ჰქონია.[9]
ირლანდია იყო კიდევ ერთი სახელმწიფო, სადაც 2014 წლისათვის (პერიოდი, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ასათიანის საქმეზე) არსებობდა უვადო აკრძალვა არსებობდა. 2017 წლის 16 იანვარს ეს აკრძალვა შეიცვალა სქესობრივი აქტიდან 12 თვიანი შეზღუდვით.[10] 2017 წლის 1 აპრილიდან მსმ-ებისათვის სისხლის დონორობაზე უვადოდ დაწესებული აკრძალვა ერთწლიანი პერიოდით შეცვალა ნორვეგიამ.[11] იგივე გააკეთა შვეიცარიამ 2017 წელს. უვადო აკრძალვის ნაცვლად აქაც ადამიანს მიეცა დონორობის უფლება, თუკი ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია მსმ კავშირი.[12]
2011 წლიდან ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროების გამო ბრიტანეთში მსმ მამაკაცებს სისხლის დონორობა ეკრძალებოდათ 12 თვემდე ვადით. სისხლში ვირუსების არსებობის ტესტირების განვითარებული მეთოდების დანერგვის შედეგად, რასაც შეუძლია B და C ჰეპატიტის, მათ შორის, აივ ვირუსის სწრაფი აღმოჩენა, სისხლის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭომ მიმართა რეკომენდაციით დონორობის აკრძალვის თაობაზე. ეს რეკომენდაცია გაზიარებული იქნა. 2017 წლის ნოემბერში შოტლანდიაში მსმისათვის დაწესებული სისხლის დონორობის აკრძალვა შემცირდა 12 თვიდან 3 თვემდე (ბოლო მსმ კავშირიდან), 2018 წლიდან სამთვიანი შეზღუდვის ვადა ამოქმედდა ინგლისშიც.[13]
ამგვარად, მსოფლიოს განვითარებული სამართლებრივი სისტემების საყოველთაოდ აღიარებულ მიდგომას წარმოადგენს, მსმ კავშირიდან 12 თვის განმავლობაში პირისთვის დონორობის უფლების შეზღუდვა. ამ კუთხით გამონაკლისს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფო, სადაც შეზღუდვის სამთვიანი ვადაა დაწესებული სისხლის სკანირების განვითარებული მეთოდების დამკვიდრების გამო. მსმ-ისათვის სისხლის დონორობის 10 წლიანი შეზღუდვის სტანდარტი არ გააჩნია არც ერთი განვითარებული სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოს, მათ შორის, ამ ხანგრძლივობით სისხლის დონორობას არ კრძალავენ ის ქვეყნები, რომლებმაც 2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ თქვეს უარი სისხლის დონორობის სამუდამო აკრძალვაზე.
[1] https://www.telegraph.co.uk/news/2018/06/23/france-taken-court-no-sex-rule-gay-blood-donors/
[2] https://www.ibtimes.co.uk/netherlands-ends-lifetime-blood-ban-gay-bisexual-men-1526299
[3] http://theportugalnews.com/news/blood-donation-rules-set-to-be-overhauled/39600
[4] http://www.spiegel.de/gesundheit/diagnose/blutspende-homosexuelle-maenner-duerfen-spenden-nach-einem-jahr-enthaltsamkeit-a-1161737.html
[5] http://www.gmhc.org/news-and-events/press-releases/gay-mens-health-crisis-calls-for-risk-based-screening-for-blood-donors-at-fda-meeting
[6] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A62013CC0528#t-ECR_62013CC0528_EN_01-E0061
[7]https://www.fda.gov/downloads/BiologicsBloodVaccines/GuidanceComplianceRegulatoryInformation/Guidance/Blood/UCM446580.pdf
[8] https://blood.ca/en/men-who-have-sex-men
[9] http://www.cebap.org/news/belgian-minister-of-health-changes-the-conditions-for-blood-donation/
[10] http://www.thejournal.ie/gay-men-blood-ban-lifted-ireland-3188949-Jan2017/
[11] https://helsedirektoratet.no/transfusjonsmedisin/hvem-kan-og-hvem-kan-ikke-vere-blodgivere#hvem-kan-v%C3%A6re-blodgiver
[12] https://www.srf.ch/news/schweiz/homosexuelle-maenner-sollen-blut-spenden-duerfen
[13] https://www.theguardian.com/world/2017/jul/23/gay-men-blood-donation-three-months-after-sex
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა