გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/1346 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 დეკემბერი 2019 13:26 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 31 მარტი 2020 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან (საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების, გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; მოპასუხის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლები - ბექა პატარაია და ბაბილინა თურქია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1346) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გოჩა გაბოძემ და ლევან ბერიანიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 29 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 16 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან“ განეკუთვნება ქცევას, რომელიც შეიცავს სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს და ამგვარი კავშირის შემთხვევაში სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონაციის უფლება იზღუდება ბოლო სარისკო სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში.
4. №1346 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“, ხოლო კონსტიტუციის მე-16 მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, ხოლო მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
6. №1346 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) განიხილება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველ ქცევად და მიიჩნევა დონორობის დროებით წინააღმდეგჩვენებად. ამგვარ პირებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უფლება აქვთ უანგარო დონაციის შემთხვევაში და მხოლოდ მამაკაცთან უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის გასვლის შემდეგ.
7. მოსარჩელეების განმარტებით, სისხლის დონაციის უფლებასთან მიმართებით შესადარებელი ჯგუფები არიან, ერთი მხრივ, მსმ ქცევის განმახორციელებელი პირები, ხოლო, მეორე მხრივ, ის ჰეტეროსექსუალური ქცევის განმახორციელებელი პირები, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ სისხლის გზით გადამდები ინფექციის (B და/ან C ჰეპატიტები, აივ ინფექცია, სიფილისი) მქონე პარტნიორთან. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსმ ქცევა არ შეიცავს სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის იმაზე მაღალ რისკს, ვიდრე ჰეტეროსექსუალი პირის სქესობრივი კონტაქტი სისხლის გზით გადამდები ინფექციის მატარებელ პარტნიორთან. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირები არსებითად თანასწორები არიან, სადავო ნორმით, ამგვარი ჰეტეროსექსუალური ქცევის განმახორციელებელ პირებთან დაკავშირებით, დონორობის უფლების შეზღუდვა ხდება ბევრად უფრო მცირე, 12 თვიანი ვადით, ხოლო მსმ ქცევის განმახორციელებელ პირებს დონორობის უფლება ეზღუდებათ უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია რეციპიენტის ჯანმრთელი სისხლით უზრუნველყოფა, თუმცა ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესადარებელ სუბიექტთა დიფერენცირების გარეშეც შესაძლებელია, კერძოდ, მსმ ქცევის განმახორციელბელი პირებისათვის დონორობის უფლების იმავე ვადით, 1 წლით, გადავადებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოში არსებული ტექნოლოგიების პირობებშიც კი, ე. წ. „ფანჯრის პერიოდი“, რომლის ფარგლებშიც დონორის სისხლში არსებული ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია, შეადგენს ერთ წელს. შესაბამისად, მსმ ქცევის მქონე პირისათვის სისხლის დონორობის შეზღუდვის 10 წლიანი ვადა არის გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი, ვიდრე ეს მის სისხლში არსებული ამა თუ იმ ვირუსის აღმოსაჩენადაა აუცილებელი.
9. მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ, რომ უანგარო დონაცია არის ქველმოქმედების, ადამიანური სოლიდარობის ერთ-ერთი გამოვლინება და მათი ალტრუისტული ღირებულებების პრაქტიკული რეალიზების და ნათესაური კავშირების განვითარება-გამყარების საშუალება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, დასახელებულ კონტექსტში, მსმ ქცევის განმახორციელებელი პირების დონორობის უფლებას ზღუდავს არაპროპორციულად დიდი დროის განმავლობაში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკას.
11. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სადავო რეგულაციის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად მიჩნევის და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, მართალია, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ არის უვადო ხასიათის და ითვალისწინებს დონორობის უფლების გადავადებას 10 წლის განმავლობაში, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ე.წ. „ფანჯრის პერიოდს“ მიღმა არსებული შეზღუდვა. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, №536 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტები მიუთითებდნენ, რომ „ფანჯრის პერიოდი“ შესაძლოა გაგრძელდეს ბოლო სქესობრივი კონტაქტიდან 1 წლის განმავლობაში, შესაბამისად, დადგენილი შეზღუდვა ახდენს ძირითად უფლებაში საჭიროზე მაღალი ინტენსივობით ჩარევას და, ამ კუთხით, არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომლის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებაც იარსებებდა.
12. მოპასუხე მხარის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არსებითად განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებული რეგულაციისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ადგენდნენ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების უვადო აკრძალვას, ამისაგან განსხვავებით, დღეს არსებული მოწესრიგებით მსმ პირთა დონორობის უფლება დეკლარირებულია და მისი რეალიზება შეზღუდულია 10 წლის ვადით და არა უვადოდ. ის, თუ რამდენად არის 10 წელი გონივრული და პროპორციული, უნდა შეფასდეს არსებითი განხილვის ეტაპზე და არ უნდა მოხდეს სადავო ნორმის ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევ რეგულაციად.
13. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, მსმ პირთათვის დონაციის უფლების შეზღუდვის მიზანია სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე რეციპიენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოში მსმ ჯგუფისათვის დონაციის უფლების შეზღუდვის შემოთავაზებული მოდელი ემყარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ და რეკომენდებულ მიდგომას. ამასთანავე, მხარე მიუთითებს, რომ ამგვარი რეგულაციის დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური რისკები. ამ კუთხით, მსმ ქცევის მქონე პირებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი და სწორედ ამიტომაა დაწესებული დასახელებული პირების დონორობის უფლების შეზღუდვისათვის უფრო ხანგრძლივი, 10 წლიანი პერიოდი.
14. მოპასუხის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში არ არსებობს იმის სამეცნიერო მტკიცებულება, რომ „ფანჯრის პერიოდი“ ყველა შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში მთავრდება. შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სისხლის გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა შეუძლებელი იყოს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოპასუხე არ იზიარებს №536 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწვეულ ექსპერტთა მოსაზრებას და მიუთითებს, რომ 100% სიზუსტით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სისხლში არსებული ინფექციები გამოვლენილი იქნება 1 წლის განმავლობაში, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესის ხასიათიდან გამომდინარე კი, ამგვარი რისკის გაწევამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში არსებული სისხლის შემოწმების მეთოდი ვერ უზრუნველყოფს ამ დაავადებათა სრულად გამოვლენას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეციპიენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა სარისკო ჯგუფს მიკუთვნებული პირებისათვის დონაციის უფლების ხანგრძლივად შეზღუდვა.
15. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოში არსებობს ფასიანი დონორის ინსტიტუტი, რაც წარმოქმნის დამატებით რისკებს. ამ კუთხით, 2021 წელს საქართველოში იგეგმება რეფორმის განხორციელება, რომლის შედეგადაც, დონაციის პროცესი იქნება მთლიანად უანგარო. ამასთანავე, რეფორმის შედეგად დაინერგება სისხლისა და მისი კომპონენტების შემოწმების ახალი, გაუმჯობესებული ტექნოლოგია, რომლის ფარგლებშიც უფრო ადრეულ სტადიაზე იქნება შესაძლებელი სისხლში არსებული ინფექციების აღმოჩენა. დასახელებული რეფორმის განხორციელების შემდეგ, როდესაც იარსებებს დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნოლოგია, შესაძლოა, მოხდეს მსმ პირთა დონორობის უფლების შეზღუდვის პერიოდის შემცირება და ის გაუთანაბრდეს ერთ წელს, თუმცა საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა არ იძლევა ამგვარი რეგულაციის შემოღების შესაძლებლობას.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, დადგენილი შეზღუდვა ყველაზე გონივრული რეგულაციაა, რამდენადაც იგი ვრცელდება პრევალენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელის მქონე ჯგუფზე და ამ ხასიათის შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევი და სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-14 და მე-16 მუხლების მოთხოვნებს.
17. მოპასუხე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო პრაქტიკაზე და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-16 მუხლით პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას კი განამტკიცებს მე-12 მუხლი.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის № 241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით.
4. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
6. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შინაარსობრივი მსგავსება, თავის მხრივ, სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.
8. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. ამასთან, სადავო ნორმების იგივეობის პირობებშიც კი, აუცილებელია გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში.
9. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის № 241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დონორობის შეფარდებით წინააღმდეგჩვენებებს (უკუჩვენებებს) მიეკუთვნება მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 10 წლით ბოლო კონტაქტიდან). შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებს ბოლო სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში ეზღუდებათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლება.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე მუხლის (2000 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“ და „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანების №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის (2007 წლის 27 სექტემბრის რედაქცია) სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ტერმინ „ჰომოსექსუალიზმის“ ცნების ქვეშ ნაგულისხმევი შეზღუდვა მიემართებოდა როგორც სექსუალურ ორიენტაციას, ასევე კონკრეტულ სექსუალურ ქცევას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვა შეაფასა „ჰომოსექსუალიზმის“ შინაარსს მიკუთვნებული ყველა კომპონენტის, მათ შორის, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის მიმართ დადგენილი აკრძალვის გათვალისწინებით. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 13 ივლისის №1/13/878 განჩინებით, №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევად შეაფასა „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის აბსოლუტურ წინააღმდეგჩვენებად მიიჩნეოდა.
11. ამრიგად, აშკარაა, რომ სადავო რეგულაცია იწვევს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის იმავე ტიპის შეზღუდვას, რომელსაც ითვალისწინებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები. კერძოდ, მსმ პირებს ეზღუდებათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შესაბამისად, იმ მამაკაცს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონდა სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, მიუხედავად ამ კავშირიდან გასული დროის პერიოდისა, აბსოლუტურად და ბლანკეტურად ჰქონდა აკრძალული დონორობის უფლება. №1346 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმით, მსმ პირებს დონაციის უფლება შეზღუდული აქვთ უკანასკნელი სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში. ამრიგად, სადავო ნორმა, მართალია, იმეორებს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შეზღუდვას, თუმცა განსხვავებულია მისი მოქმედების ვადა - უვადო აკრძალვის ნაცვლად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა უკანასკნელი სქესობრივი აქტიდან 10 წლის ვადით არის შემოფარგლული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების იდენტურობის დასადგენად უნდა შეფასდეს, დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვასა და უვადო შეზღუდვას შორის სხვაობა არის თუ არა იმ ხარისხის, რომ გამორიცხავდეს ნორმების შინაარსობრივ მსგავსებას და განაპირობებდეს საკითხის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას.
12. ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებისას შემზღუდველი ღონისძიების მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ფაქტორია და განაპირობებს უფლების შეზღუდვის ინტენსივობას. სადავო ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევი ნორმის“ იდენტიფიცირების პროცესში აღნიშნული ფაქტორის გავლენას განსაზღვრავს ის გარემოება, თუ რამ განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდა უფლებაშემზღუდველი ღონისძიების განსაკუთრებით ინტენსიური, ხანგრძლივი ხასიათის გამო, შესაძლებელია, უფრო ნაკლები ვადით დადგენილი შეზღუდვა კონსტიტუციის შესაბამისად იქნეს მიჩნეული (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ხანმოკლე შეზღუდვის დაწესებით უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არსებითად იყოს შემცირებული და არ იყოს აცდენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებს. თუ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება აღარ არის აბსოლუტური, თუმცა მაინც საკმაოდ ხანგრძლივად და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, კვლავ არაპროპორციულად მძიმედ ზღუდავს უფლებას, იგი მიიჩნევა იგივე შინაარსის ნორმად და ძალადაკარგულად იქნება ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლები და დაადგინოს, რამდენად არსებითია სადავო ნორმით განსაზღვრული უფლების შეზღუდვის ხანგრძლივობის სხვაობა.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/536 გადაწყვეტილებით, ჰომოსექსუალი პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აბსოლუტური, უვადო აკრძალვა არათანაზომიერ შეზღუდვად იქნა მიჩნეული. გადაწყვეტილებაში დონორობის უფლების აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად განხილულ იქნა რეციპიენტის ჯანმრთელობის დაცვა, რამდენადაც ჰომოსექსუალური სქესობრივი კავშირი შეიცავს სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს, ინფიცირებული პირისგან სისხლისა და მისი კომპონენტების ტრანსფუზიის შედეგად კი, შესაძლოა მოხდეს რეციპიენტის დაინფიცირება. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური, გრძელდებოდა მთელი სიცოცხლის მანძილზე და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ქცევა ინარჩუნებდა რისკს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის.
15. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის გზით გადამდები სხვადასხვა დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევებით, თუმცა ლაბორატორიული შემოწმება ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების სრულყოფილ შემოწმებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, „სპეციალისტთა და მოწმეთა განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ სისხლის სამედიცინო შემოწმება სრულად ვერ გამორიცხავს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკებს, რადგან არსებობს ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის ალბათობა, რაც შეიძლება განაპირობოს ვირუსის ინკუბაციის პერიოდმა – ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-42). ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შემცირდეს უფლებაშემზღუდველი ღონისძიების ინტენსივობა და მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით.
16. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არათანაზომიერად ჩათვალა მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უფლების შეზღუდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე, ე.წ. „ფანჯრის პერიოდის“ მიღმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამის შესახებ საგანგებოდ მიუთითებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისი ქვეთავის შემაჯამებელ პარაგრაფში: „განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა, არსებითად თანასწორ პირებს შორის, ადგენს გაუმართლებლად მკაცრ უთანასწორო მოპყრობას და უფლებას ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. კერძოდ, ... სარისკო სექსუალური ქცევის მქონე ჰომოსექსუალ მამაკაცებთან მიმართებით დადგენილია აბსოლუტური აკრძალვა „ფანჯრის პერიოდის” მიღმაც...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-49).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, შემზღუდველი ღონისძიების ხანგრძლივობის სხვაობას სადავო ნორმით დადგენილსა და №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით განსაზღვრულ უვადო აკრძალვას შორის არსებითი მნიშვნელობა ექნება, თუ სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა მოექცევა იმ პერიოდში, რომელშიც არსებობს სისხლის შემოწმების შედეგად ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური შესაძლებლობა.
18. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ნორმების იგივეობის შესაფასებლად აუცილებელია, შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული 10 წლიანი აკრძალვის ხანგრძლივობა და დადგინდეს, ხომ არ სცდება იგი იმ პერიოდს, რომლის ფარგლებშიც არსებობს სისხლის შემოწმების შედეგად ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის და, შესაბამისად, ინფიცირებული სისხლის დონაციის რეალური რისკები. ამ შემთხვევაში შეზღუდვა იქნება იმაზე ხანგრძლივი, ვიდრე ეს სისხლისა და მისი კომპონენტების შემოწმების არსებული ტექნოლოგიების საშუალებების გათვალისწინებით აუცილებელია რეციპიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
19. №536 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის ფარგლებში „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი განმარტებით, „ფანჯრის პერიოდი“ შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. საქმის არსებით განხილვაზე იგივე პოზიცია დააფიქსირა მოწმემ, „ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ აჭარის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გუგეშაშვილმა. მოწმის განმარტებით, ფანჯრის პერიოდი – დრო, რომლის განმავლობაშიც ვირუსი არ არის იდენტიფიცირებადი - გრძელდება 8-10 კვირას, მაქსიმალური სიზუსტისთვის საჭიროა 12 თვემდე პერიოდი, რის შემდგომაც სისხლში არსებული ინფექციის აღმოჩენა შესაძლებელია. ამასვე მიუთითებს სპეციალისტი, „საქართველოს ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი გენადი იოსავა. აღნიშნული დასტურდება №1346 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ სისხლის ბანკის დირექტორის, ევროსაბჭოს სისხლის უსაფრთხოების ექსპერტთა პერმანენტული კომიტეტის წევრის ლევან ავალიშვილის წერილიდან, რომელშიც მითითებულია, რომ სისხლის გზით გადამცემი მძიმე ინფექციების „ფანჯრის პერიოდი“ არ აღემატება 12 თვეს. ამრიგად, სადავო ნორმით დადგენილი 10 წლიანი აკრძალვა, მართალია, არ არის უვადო, თუმცა ბევრად უფრო ხანგრძლივია, ვიდრე - ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლება იზღუდება „ფანჯრის პერიოდის“ მიღმა. ამასთან, აკრძალვა, მართალია, არ არის დადგენილი მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუმცა მოიცავს სიცოცხლის საკმაოდ მნიშვნელოვან პერიოდს - უკანასკნელი სარისკო ქცევიდან 10 წელს.
20. განსახილველი საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე გაიზიარა პოზიცია, რომ სისხლში ინფექციის აღმოჩენა ბევრად უფრო ადრეა შესაძლებელი და ამისათვის არ არის აუცილებელი 10-წლიანი პერიოდის გასვლა. ამასთან, მისი განმარტებით, სარისკო ქცევიდან უფრო ნაკლები ვადის, მაგალითად, 5 წლის გასვლის შემდეგ სისხლში ინფექციის აღმოჩენა რომ ვერ მოხერხდეს არის „თითქმის შეუძლებელი“. თუმცა მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის ლაბორატორიული კვლევისას საქართველოში არ გამოიყენება ევროპის ქვეყნებში არსებული უახლესი ტექნოლოგია და, ამასთანავე, არსებობს ანაზღაურებადი დონორის ინსტიტუტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, მაქსიმალურად დაეცვა რეციპიენტი სისხლის დონაციის პროცესში სისხლის გზით გადამდები ინფექციებისაგან და სწორედ ამის გამო დაადგინა მსგავსი ხანგრძლივობის შეზღუდვა მსმ პირებისათვის. ამასთან, „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ სისხლის ბანკის დირექტორის, ევროსაბჭოს სისხლის უსაფრთხოების ექსპერტთა პერმანენტული კომიტეტის წევრის ლევან ავალიშვილის წერილის მიხედვით, სისხლის გზით გადამცემი მძიმე ინფექციების „ფანჯრის პერიოდი“ არ აღემატება 12 თვეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში და ყოველთვისაა შესაძლებელი ტესტირებით სისხლში ვირუსის აღმოჩენა და ინფექციების გადაცემის თავიდან ასაცილებლად სისხლის ბანკის მიერ მკაცრად უნდა იყოს დაცული თანამედროვე სტანდარტები დონორების სელექციის, სისხლის კოლექციის, კომპონენტების დამზადების, სისხლის ტესტირების და სხვა სამუშაოების შესრულებისას.
21. აღსანიშნავია, რომ „ფანჯრის პერიოდის“ შემდგომ აღებული სისხლისა და მისი კომპონენტებით ინფიცირების რისკი არ არის ისეთი გარემოება, რომელიც გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. განსახილველ საქმეზე მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, რომ 2014 წლის 4 თებერვლის შემდგომ, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის ჩატარებისა და შემოწმების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ან საქართველოში გამოვლინდა ისეთი თვისობრივი ცვლილება ან სიახლე, რაც განაპირობებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის შეცვლის საჭიროებას. უფრო მეტიც, 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწვეტილების მიღების შემდგომ (2017 წლის 31 ოქტომბრიდან), „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დადგინდა, რომ ამავე დანართის 651 მუხლით განსაზღვრული ჯგუფების, მათ შორის, მსმ პირების მიერ დონაციის შემთხვევაში სისხლის ერთეულების გამოკვლევა: C და B ჰეპატიტებზე და აივ ინფექცია/შიდსზე ხდება ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციით (NAT) და იმუნოფერმენტული მეთოდით, ხოლო სიფილისზე TPHA, იმუნოფერმენტული და იმუნობლოტირების მეთოდებით. როგორც მოპასუხის, ისე სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციით (NAT) სისხლის გამოკვლევა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდია, რომლის ფარგლებშიც ნაკლებია ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“ და დაბალია შეცდომის რისკი, ვიდრე ეს იყო 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწვეტილების მიღებისას არსებული მოწესრიგებისა და სისხლის გამოკვლევის მეთოდების გათვალისწინებით, როდესაც სავალდებულოდ არ იყო დადგენილი რისკჯგუფებში შემავალი პირების მიერ დონაციისას სისხლის ნუკლეინის მჟავების ამპლიკაციის მეთოდით გამოკვლევა.
22. ბუნებრივია, სასამართლო არ უარყოფს მოპასუხის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, სისხლის ტესტის ცდომილების მინიმალური ალბათობა არსებობს, მათ შორის „ფანჯრის პერიოდის“ მიღმა. ხსენებული გარემოება ასევე მითითებული იყო მოპასუხე მხარის მიერ და მხედველობაში იქნა მიღებული 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწვეტილების მიღებისას. ასევე აღსანიშნავია, რომ სისხლის შემოწმების პროცესში „ფანჯრის პერიოდს“ მიღმა შეცდომის დაშვების რისკები მინიმალურია და იგი უფრო და უფრო მცირდება დროის გასვლასთან ერთად. მაგალითად, თავად მოპასუხემაც მიუთითა, რომ ბოლო სექსუალური კონტაქტიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მსგავსი რისკები ფაქტობრივად არ არსებობს. ამდენად, დონაციის უვადო შეზღუდვის 10 წლიანი პერიოდით შეცვლა ვერ განაპირობებს მის კონსტიტუციურად მიჩნევას და მისი ხანგრძლივობისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება სადავო ნორმებს შორის იმგვარ სხვაობად, რომ საჭირო გახადოს საქმის ხელახალი არსებითი განხილვა. ნორმის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, „ფანჯრის პერიოდის“ მიღმა დაწესებული შეზღუდვა უვადო იქნება თუ ასეთი ხანგრძლივი ვადით განსაზღვრული, ვინაიდან ორივე შემთხვევაში დადგენილი შეზღუდვა აღემატება იმ პერიოდს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია არსებობდეს სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის შედეგად სისხლის ბანკში ინფიცირებული სისხლის მოხვედრის რეალური საფრთხე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვაც არათანაზომიერად იქნებოდა მიჩნეული.
23. ამრიგად, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსის წესი და არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი ახალი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც წარმოშობდა საქმის ხელახალი არსებითი განხილვის საჭიროებას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
25. როგორც აღინიშნა, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესში რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია. იმის მიუხედავად, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და არაპროპორციულად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, იგი ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციისას რიგი ინფექციური დაავადებების შეძენისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში საკითხის მოწესრიგების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დარღვევა, გაუმართლებელი საფრთხე შეუქმნას ბენეფიციართა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2020 წლის 31 მარტამდე, რათა მოპასუხეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-9 პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1346 („გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2020 წლის 31 მარტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი