ნიკოლოზ ექიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1347 |
ავტორ(ებ)ი | ნიკოლოზ ექიზაშვილი |
თარიღი | 23 აგვისტო 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სანქცია) | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ასევე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. ასევე არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ კი, სარჩელი:
ა. ფორმით და შინაარსით შეესაბამება მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
გ. მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
ვ. არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ე. მასში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
რადგანაც მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ვშუამდგომლობთ სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდეს განჩინების საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე სადავო საკითხი განსხვავდება შესაბამის გადაწყვეტილებაში გადაწყვეტილი საკითხისგან, სარჩელი აკმაყოფილებს არსებითად განხილვის საფუძვლებს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე სარჩელით სადავოდ ვხდით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში “სსკ”) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს მეტამფეტამინისა და ამფეტამინის, პირადი მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობების შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე, იმდენად, რამდენადაც შეუსაბამო და აშკარად არაპროპორციულია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
„კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-186). „კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერცერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2). „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არამარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
,,კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი... ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია ... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2/389 გადაწყვეტილება, II-30).
ნიკოლოზ ექიზაშვილი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით იდავოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. სასჯელის ზომად კი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით,რადგან მას აღმოჩნდა 0.000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება -მეტამფეტამინი და 0.00002 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ამფეტამინი, რაც დაკვალიფიცირდა დიდ ოდენობად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საშუალებების ეს ოდენობა (0.000097 გრამი მეტამფეტამინი და 0.00002 გრამი ამფეტამინი) არა თუ გასასაღებლად, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც გამოუსადეგარია. (იხ. სპეციალისტის დასკვნა, რომელიც თან ერთვის სარჩელს) შესაბამისად, სსკ-ის აღნიშნული მუხლის საფუძველზე პირი არაპროპორციული სასჯელით ისჯება ისეთი რაოდენობის ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის, რაც პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია. შესაბამისად, ამ საქმის პირობებში, ბრალდებული, ნიკოლოზ ექიზაშვილი წარმოადგენს ერთი მხრივ რეალურ მსხვერპლს დასახელებული ნარკოტიკული ნივთიერებების იმ ოდენობის ნაწილში, რომელიც მითითებულია გამამტყუნებელ განაჩენში, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციურ მსხვერპლს ყველა იმ ოდენობებთან მიმართებით, რომელიც ზოგადად გამოუსადეგარია პირადი მოხმარებისათვის.
ზოგადად სასჯელის დანიშვნის დროს აუცილებელია სასჯელის მიზნების გათვალისწინება, რომლის მიღწევის საშუალებებიც პროპორციულობაში უნდა მოდიოდეს დანაშაულებრვი ქმედებასთან. ასეთი მიზნებია დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ხოლო „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული, კერძოდ, უნდა შემოწმდეს აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს მოსამართლეს შესაძლებლობით გაითვალისწინოს, ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორი, რათა გამოირიცხოს არაპროპორციული სასჯელის შეფარდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
„სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევის და კონსტიტუციურ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპოციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-9).
მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს:
1. კონკრეტული ქმედებებისთვის (მოსარჩელე როგორც რეალური მსხვერპლი)- 0.000097 გრამი მეტამფეტამინისა და 0.00002 გრამი ამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე წარმოადგენს თუ არა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, არღვევს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
2. ზოგადად, პირადი მოხმარებისთვისაც გამოუსადეგარი ამფეტამინისა და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის, (მოსარჩელე, როგორც პოტენციური მსხვერპლი), რაც გაცილებით მეტი რაოდენობაა ვიდრე ის, რისთვისაც სასჯელს იხდის მოსარჩელე,დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე წარმოადგენს თუ არა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, არღვევს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
პირველ რიგში მოცემულ შეთხვევაში უნდა განვსაზღვროთ თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვევადი საფრთხე. აღნიშნულ შემთხვევაში, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ის ოდენობები (0.000097 და 0.00002 გრამი), რომლის გამოც ნიკოლოზ ექიზაშვილი იქნა დამნაშავედ ცნობილი, არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც თავისთავად შესაძლოა გულისხმობდეს ფლობას რეალიზაციის მიზნებისთვის; ეს ოდენობები არა თუ რეალიზაციის, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია და მას მნიშვნელოვნად აღემატება ის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც ნარკოტიკული თრობის გამოწვევა შეუძლია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თავად ამ ნივთიერების/საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე, საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია. ნარკოტიკული ნივთიერებები/საშუალებები, მათი მავნე თვისებების მიუხედავად, ასეთი თავისთავადი რისკის მატარებელი არ არის, ამიტომ მათი დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).
შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ მეტამფეტამინის და ამფეტამინის შეძენა-შენახვის დასჯადობა განპირობებულია მისი მოხმარების, რეალიზაციის საფრთხეების პრევენციის მიზნით. თუმცა, იმისთვის, რომ მეტამფეტამინის და ამფეტამინის შეძენა-შენახვამ საფრთხე წარმოშვას ლეგიტიმური მიზნებისთვის, სახეზე უნდა იყოს მათი ის ოდენობა, რაც გამოყენებადია მოსახმარად. ბუნებრივია, რომ რაც უფრო მცირეა ამფეტამინის და მეტამფეტამინის ოდენობა, მით უფრო ნაკლები ეფექტის მოხდენა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მართალია, ამფეტამინის და მეტამფეტამინი წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებს, მაგრამ ეს აპრიორულად არ ნიშნავს იმას, რომ მათი ნებისმიერი, მიკროსკოპული, ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. „ზოგადად, ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანრმთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გარკვევა უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებთან ურთიერთმიმართების დადგენის გზით, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15).
ამ შემთხვევაშიც, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი ასევე ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგია, თუმცა მეტამფეტამინის და ამფეტამინის სადავოდ გამხდარი ოდენობები, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი, პირადი მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ოდენობა, არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რისი გამოყენებაც რეალიზაციისთვის შეიძლება ანამის გონივრული ეჭვი შეიძლება არსებობდეს. შესაბამისად, არ დგება არც ჯანმრთელობა და არც საზოგადოებრივი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ, ასევე, აღნიშნული ოდენობები არც პირადი მოხმარებისთვისაა გამოსადეგი.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის მე-12 ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია ამფეტამინის და 109-ე ჰორინტალური გრაფით - მეტამფეტამინის ოდენობები. მცირე ოდენობის გრაფაში ამ ნივთიერებებს არ აქვთ განსაზღვრული ოდენობები, რაც ნიშნავს, რომ 1 გრამამდე ნებისმიერი ოდენობა ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები. შესაბამისად, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, გამოყენებადია თუ არა იგი მოსახმარად.
ამრიგად, არც პირის საკუთარ ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და არც მესამე პირებს. ამიტომ, სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვერ ჩაითვლება პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან ასეთი ოდენობა არ მიუთითებს მისი გასაღების მიზანზე, რეალიზაციის რეალურ საფრთხეზე, მაღალ, კანონზომიერ რისკებზე, შედეგად სხვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის მაღალი ალბათობით შექმნაზე და პირადი მოხმარებისთვისაც კი გამოუსადეგარია. ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა, რის გამოც გამორიცხავს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრთხის რეალურობისა და ხარისხის გათვალისწინებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ან გავრცელების გარდაუვალი აუცილებლობა არ დასტურდება. 2017 წლის 13 ივლისის 1/8/696 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიცითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.მოცემულ შემთხვევაში პირი ისჯებოდა ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ქმნიდაარათუ ნარკოტიკული საშუალების გასაღების, არამედ მოხმარების საფრთხესაც კი (გადაწყვეტილება 1/8/696, II-19).
იდენტური შინაარსით გამოიყენება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი განსახილველ საქმეში. ნიკოლოზ ექიზაშვილი არ შეიძლება იქნას სახელმწიფოს ინსტრუმენტად გამოყენებული, ვინაიდან ქმედება, რომლისთვისაც მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა თავისი არსით და ბუნებით არ შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს. ნიკოლოზ ექიზაშვილის სახლში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობები გამოუსადეგარია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე გასაღებისთვის. შესაბამისად, სასჯელის მიზანი რესოციალიზაციის კუთხით და სამართლიანობის აღდგენის კუთხით სახეზე არ ვაქვს; მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით ადამიანისთვის სასჯელის დაკისრება წარმოადგენს ადამიანის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ღირსების უფლებას.
იგივე არგუმენტით, 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: “ამდენად, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი (0,00009 გ. დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის) ემსახურება მხოლოდ დეზომორფინის შეძენის, დამზადებისა და მოხმარების ზოგადი პრევენციის მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83).“ (გადაწყვეტილება 1/8/696, II-19).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც თავად ქმედების ავტორსაც კი არ უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მის ჯანმრთელობასაც კი არ აყენებს ზიანს, არათუ სხვებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს არც სხვების და არც ქმედების განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობას.
ამრიგად, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი თვითმიზნად იქცევა და აღარ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურეს და აუცილებელ საშუალებას. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ისმე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, 0.00002 გრამინარკოტიკული საშუალება - ამფეტამინის და იმავე კანონისდანართი N2-ის109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, 0,000097 გრამი ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლთან მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც,ნებისმიერი, პირადი მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ოდენობით მეტამფეტამინისა ან/და ამფეტამინის შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ვადით 5-დან 8 წლამდე. ვინაიდან ამგვარი სასჯელი წარმოადგენს არაჰუმანურ და სასტიკ სასჯელს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი