ნიკოლოზ ექიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/20/1347 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2020 18:13 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ ექიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ - იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი მშვენიერაძე, რაფიელ კაკაბაძე, ანა გოგლიძე და თეკლა მებურიშვილი. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ნინო ქოჩიაშვილი. სპეციალისტები – დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი; შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი-ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1347) მომართა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ექიზაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 29 აგვისტოს. №1347 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 11 ოქტომბერს.
2. №1347 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
5. №1347 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების - ამფეტამინის (0,00002 გ.) და მეტამფეტამინის (0,000097 გ.), დიდი ოდენობით, შეძენისა და შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზოგადად, მეტამფეტამინისა და ამფეტამინის შეძენა-შენახვის დასჯადობა განპირობებულია მისი მოხმარებისა და რეალიზაციის საფრთხეების პრევენციის მიზნით. თუმცა იმისთვის, რომ დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვამ ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებს საფრთხე შეუქმნას, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მათი მოსახმარად გამოყენებადი ოდენობა. მართალია, მეტამფეტამინი და ამფეტამინი წარმოადგენენ ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ნებისმიერი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. 0,000097 გ. მეტამფეტამინი, ისევე როგორც 0,00002 გ. ამფეტამინი, არ წარმოადგენს მის მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის ამფეტამინისა და მეტამფეტამინის შეძენა-შენახვა არ წარმოშობს საფრთხეს არც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და არც საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით.
7. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მეტამფეტამინსა და ამფეტამინს არ გააჩნიათ მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, გამოსადეგია თუ არა იგი მოსახმარად. სადავო ნორმა გამორიცხავს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრთხის რეალურობისა და ხარისხის გათვალისწინებით, რაც მიუთითებს გასაჩივრებული რეგულაციის ბლანკეტურ ხასიათზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხის მე-2 პუნქტს.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით. მისი განმარტებით, სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
9. მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებით, სხვაობა სადავო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის გამოიხატება ნარკოტიკული საშუალებების სახეობასა და მოცულობაში. კერძოდ, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შემთხვევაში სახეზე იყო ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი - 0,00009 გრამის ოდენობით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს როგორებიცაა - ამფეტამინი (0,00002 გ.) და მეტამფეტამინი (0,000097 გ.). ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობების დადგენა საჭიროებს საქმის არსებითი განხილვის ფორმატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სადავო ნორმის განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საქმეზე სპეციალისტად იქნა მოწვეული დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი. სპეციალისტის თქმით, მეტამფეტამინიც და ამფეტამინიც მიეკუთვნებიან სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებები ხასიათდება ერთმანეთის მსგავსი ნარკოგენული ეფექტით, კერძოდ, გააჩნიათ მასტიმულირებელი ეფექტი - ენერგიის მოზღვავება, კარგ ხასიათზე ყოფნა, აზროვნების აჩქარება, გულისცემისა და სუნთქვის აჩქარება, წნევის აწევა, შრომისუნარიანობის ამაღლება. მოცემული ნივთიერებები გამოიყენება მედიცინაშიც სხვადასხვა დაავადებებთან სამკურნალოდ. მათი არასამედიცინო მიზნით გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. მეტამფეტამინი და ამფეტამინი ხასიათდებიან დამოკიდებულების გამოწვევის მაღალი ხარისხით. აღნიშნული ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბების შემდეგ ვითარდება მათდამი ტოლერანტობა, რის გამოც სასურველი შედეგისა და ეფექტის მისაღებად მომხმარებელს ყოველ ჯერზე უწევს გაზრდილი ოდენობის ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მიღება.
11. სპეციალისტის განმარტებით, სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მინიმალურ ეფექტურ დოზას წარმოადგენს 0,005გ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მეტამფეტამინისა და ამფეტამინის ის ოდენობები, რომლებიც აღმოაჩნდათ მოსარჩელეებს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ნარკოტიკული საშუალებების ეფექტურ დოზას და ყოვლად გამოუსადეგარია ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით მოხდება მათი მიღება ან/და რაში იქნება ისინი გაზავებული. ამასთან, ამფეტამინის და მეტამფეტამინის ერთობლივად მიღება აძლიერებს კლინიკურ ეფექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კონკრეტული ოდენობის მეტამფეტამინი და ამფეტამინი დამოუკიდებლად არ წარმოადგენდნენ ნარკოგენული ეფექტის მისაღებად საკმარის ოდენობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი მოხმარება მოხდება ერთობლივად, მაშინ შესაძლებელი იქნება ნარკოგენული თრობის გამოწვევა.
12. საქმეზე სპეციალისტად იქნა მოწვეული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი. სპეციალისტის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები (ამფეტამინი 0,00002 გ. და მეტამფეტამინი 0,000097გ.) მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მინიმალურ თერაპიულ დოზას – 0,005გ-ს და წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობებს. საქართველოს რეალობაში აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების დამზადება, როგორც წესი, ხდება კუსტარულად. კერძოდ, მცენარე ეფედრასგან მზადდება ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ხსნარი – ე.წ. „ეფედრას ვინტი“, რომელიც, სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად, შეიცავს ამფეტამინს და მეტამფეტამინს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1347 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით დასახელებული ნორმით გარანტირებული უფლების ეკვივალენტური უფლება დაცულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1347 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ - იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები (0,00002 გ. ამფეტამინი და 0,000097. მეტამფეტამინი) არ წარმოადგენენ მოსახმარად გამოსადეგ ოდენობებს. სადავო ნორმა ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის, რაც წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების – „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევის, მათ შორის, ამფეტამინისა და მეტამფეტამინის, შეძენა-შენახვისთვის, ძალადაკარგულია.
7. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1347 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1347 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1347 კონსტიტუციურ სარჩელზე („ნიკოლოზ ექიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი