„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1437 |
ავტორ(ებ)ი | შპს „ეპიცენტრი“ |
თარიღი | 6 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“
ბ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“
გ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „საფასურები განისაზღვრება“ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვა „საფასურს“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და 26-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და 26-ე მუხლი |
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით („ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“) დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“-ს მე-2 მუხლი „ბ“ პუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და 26-ე მუხლი |
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით („ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“) დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“-ს დანართი #2-ის ცხრილში, გრაფა „საფასურები“-ს ვერტიკალურ სვეტში ჩამოთვლილი ყველა მონაცემი და შენიშვნა | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და 26-ე მუხლი |
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“-ს დანართი #1-ს შენიშვნა 2 | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, მე-19 მუხლი და 26-ე მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4. „ა“ მუხლი, 31-ე მუხლი და 34-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31 პრიმა მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;
დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა (საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 26-ე მუხლთან მიმართებით), თუმცა კონსტიტუციის მე-19 მუხლებთან მიმართებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაარსობრივად ანალოგიურ საკითხზე იმსჯელა და 2019 წლის 5 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე #2/3/1279, ლევან ალაფიშვილი და კს „ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ სსიპ-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი. მოსაკრებელი კი მხოლოდ პარლამენტის მიერ დგინდება და მთავრობა არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მოსაკრებელი. (იხ.: II-27, 36, 37, 38);
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასმაართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პრიმა მუხლი.
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მე-11, მე-19 და 26-ე მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან ერთად გასაჩივრებულია და დასმულია კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხიც
რის გამოც, კონსტუტუციის მე-11 და 26-ე მუხლებთან მიმართებით არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტები/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
- საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან (საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით).
2018 წლამდე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მომსახურება ანუ ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობა და ამ მომსახურების საფასურები დგინდებოდა სახელშეკრულებო საწყისებზე, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პრინციპების შესაბამისად. ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში სახელმწიფო არ ერეოდა, არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას ან ორგანოს არ ჰქონდა კერძო ბიზნესისთვის, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ჩარევის და საფასურების დაწესების უფლებამოსილება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის საქმიანობა არ არის არც ლიცენზირებადი და არც სანებართვო საქმიანობა, იგი საჭიროებს მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე აკრედიტაციის მოპოვებას. აკრედიტაცია კი კონკრეტულ, დადგენილ პირობებთან შესაბამისობის დადასტურებას ნიშნავს და მეტს არაფერს. ამასთან, ეს არ არის რესურსი რომლის სახელმწიფოსგან მოპოვება კანონით გათვალისწინებულია საკონკურსო ან სააუქციონო საწყისებზე.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად დაუშვებელია სხვა ნორმატიული აქტით არსებითად სალიცენზიო ან სანებართვო რეგულაციების დადგენა, ეს დასაშვებია მხოლოდ ამავე კანონში ცვლილებით (მუხლი 4). ავტომობილების პერიოდული ინსპექტირება ამ კანონში არ არის მითითებული როგორც სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობა.
„კონკურენციის შესახებ“ კანონის 3.რ მუხლის შესაბამისად მთავრობას შეუძლია ბიზნესს დაუწესოს მომსახურების ტარიფები (და ჩაერიოს ორ კერძო სუბიექტს შორის არსებულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში) მხოლოდ ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზანი, მომხმარებლის დაცვაა მონოპოლიურ მდგომარეობაში არსებული, ან შეზღუდული ბაზრის პირობებში მოქმედი ბიზნეს კომპანიის დაუსაბუთებელი, გადაჭარბებული ან არაკეთილსინდისიერი გავლენისა თუ დაწესებული საფასურებისაგან (მაგ.: მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფს კერძო კომპანიებს უწესებს კანონით უფლებამოსილი ორგანო, ამასთან ეს კერძო კომპანია ექვემდებარება სალიცენზიო რეგულირებას. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად უკანონო სამეწარმეო საქმიანობას). ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები განსაზღვრული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის #667 დადგენილებით რეგულირებად სფეროებად განსაზღვრულია მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი და ნარჩენების მართვა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრების მიერ გაწეული ინსპექტირების მომსახურება მთავრობის დადგენილებით არ არის განსაზღვრული, როგორც ეკონომიკის რეგულირებადი სფერო, ამასთან ეს მომსახურება არ განეკუთვნება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრების მიერ გაწეული ინსპექტირების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების საფასური ფორმირება ხდება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე და მთავრობას მასში ჩარევა აკრძალული აქვს.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებული ნორმებით (კანონი და #37 დადგენილება) კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ჩარევის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობას, რომელმაც ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულებისთვის დაადგინა ფიქსირებული საფასურები 60 ლარის და 100 ლარის ოდენობით. გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებული როგორ და რა პრინციპების საფუძველზე განსაზღვრა მთავრობამ ამ სფეროში მოქმედი ყველა ბიზნეს კომპანიისთვის 60 და 100 ლარი და არა მეტი ან ნაკლები, კერძო კომპანიებს მოესპო საშუალება დააწესოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საფასურებისგან განსხვავებული საფასურები (განხორციელებული ინვესტიციების, ხარჯების, მიღებული/დაგეგმილი მოგების, შემოსავლების მიხედვით, რომელიც ყველა ცალკეული კომპანიისთვის განსხვავებულია), რაც გარდა იმისა რომ ბიზნესში არალეგიტიმური და დაუსაბუთებელი ჩარევაა, არის მისი საკუთრების უფლების შეზღუდვაც. არალეგიტიმურად ზღუდავს რა კონკურენციას კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ბიზნესის გადახდისუუნარობაც. ამასთანავე, არალეგიტიმური და დაუსაბუთებელი ტარიფები ზღუდავს მომხმარებლის საკუთრების უფლებასაც, რადგან მას შეიძლება მოუწიოს იმაზე მეტი ხარჯის გაღება (საფასურის გადახდა) ვიდრე ამ მომსახურების რეალური საფასურია (თვითღირებულება და გონივრული მოგება).
აღნიშნულის გარდა, საქართველოს მთავრობის #301 დადგენილების გასაჩივრებული ნორმით დადგინდა რომ შინაარსობრივად ერთი და იგივე მომსახურებისათვის გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილზე მოქმედმა კომპანიებმა სხვადასხვა საფასური უნდა გადაუხადონ მთავრობის კონტროლ ქვეშ არსებულ სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. მაგალითად, თელავში მოქმედი ინსპექტირების ცენტრისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის განაცხადის საფასური იქნება 1000 ლარი (500 ლარი გამრავლებული თელავისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე - 2), დედოფლისწყაროში მოქმედისთვის 500 ლარი, მცხეთაში მოქმედისთვის - 1500 ლარი, ხოლო რუსთავში მოქმედისთვის 2500 ლარი. მთავრობამ ეს რეგულაცია შემოიღო 2018 წლის მარტის თვეში, მანამდე კი ასეთი დიფერენცირებული (კოეფიციენტებზე დამოკიდებული) საფასურები არ არსებობდა, ყველა კომპანიისათვის დაწესებული იყო მომსახურების ერთნაირი საფასურები. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო/აკრედიტაციის ცენტრი ყველა კომპანიას ერთნაირ მომსახურებას უწევს, შესაბამისად დამატებითი ხარჯებიც არ აქვს (მაგ.: განაცხადის საფასურის მიღება). მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე/გადამოწმებადი პროცედურების გარეშე დაადგინა საფასურები, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ, დაუსაბუთებელ შეჭრას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონისა და მთავრობის #37 და #301 დადგენილების გასაჩივრებული ნორმებით, ყოველგვარი დასაბუთების, საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და საკანონმდებლო, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე ხდება საკუთრების უფლების ხელყოფა. ადგილი აქვს დაცულ სფეროში შეჭრას გონივრული, ლეგიტიმური და ვარგისი დასაბუთების გარეშე.
- საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან (მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია).
გასაჩივრებული კანონის ნორმაც და საქართველოს მთავრობის #37 დადგენილების ნორმებიც კონსტიტუციით დაცულ თავისუფალი მეწარმეობის სფეროში არალეგიტიმურ, დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ შეჭრას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია რომ დადგენილებებით, ეს არის ფიქსირებული თანხა და ბიზნესს/ინსპექტირების ცენტრს მისი გაზრდა ან შემცირება არ შეუძლია, რაც თავისთავად არსებითად ზღუდავს კონკურენციას, ქმნის არსებითად მონოპოლიურ გარემოს და აზარალებს მომხმარებელს.
განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმიანობებზე სანებართვი ან სალიცენზიო რეგულაციები დაწესებულია კანონით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით. სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში კონკურენცია შეზღუდულია, ცალკეული კომპანიები ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობაში გამოდიან და ეს აიხსნება სწორედ საჯარო მიზნით, რომ ამ შეზღუდული კონკურენციის პირობებში არ დაზარალდეს კონკურენტი (არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან) და მომხმარებელი (მონოპოლიური მდგომარეობის მფლობელი კომპანიის თუ კომპანიების არაკეთილსიდისიერი თუ სხვა არალეგიტიმური ქმედებებისაგან). ანალოგიურად, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (რომლებიც იმავდოულად არის ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობა) მონოპოლისტური გარემოსგან კონნკურენტებისა და მომხმარებლების დასაცავად სახელმწიფო ერევა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში და აწესებს ტარიფებს, ნორმატიული აქტით განსაზღვრული, დასაბუთებული და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის საფუძველზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება არ არის არც ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობა და არც ეკონომიკის რეგულირებადი სფერო. ამასთან, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი თუ რატომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო „სატარიფო რეგულირებით“ ამ ბიზნესში, მითუმეს რომ 2018 წლამდე ეს ჩარევა არ არსებობდა, მომსახურების (დაუსაბუთებელ) საფასურებს არ აწესებდა მთავრობა და ეს საფასურები ხშირ შემთხვევაში 60 ლარზე ან 100 ლარზე ნაკლებიც იყო.
მთავრობის #301 დადგენილების გასაჩივრებული ნორმით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ინსპექტირების ცენტრის/კომპანიისთვის აკრედიტაციის განსხვავებული საფასურების დაწესება წარმოადგენს დაუსაბუთებელ შეჭრას თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის დაცულ სფეროშიც.
- საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით).
გარდა ზემოაღნიშნულისა, მთავრობის #301 დადგენილების გასაჩივრებული ნორმით ტერიტორიული/გეოგრაფიული ნიშნით საფასურების გაანგარიშების კოეფიციენტების დაწესება ატარებს დისკრიმინაციის ნიშნებსაც და წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში არალეგიტიმურ, დაუსაბუთებელ შეჭრასაც. არ არსებობს ლეგიტიმური და გონივრული, ვარგისი დასაბუთებული მიზანი რომ დადგინდეს სახელმწიფო მიერ ერთი და იგივე მომსახურების გაწევისთვის სხვადასხვა კომპანიისთვის განსხვავებული საფასურები. არ არსებობს კანონი, რომელიც განსხზღვრავდა ასეთ მიზანს. ამასთან, განსხვავებულ მიდგომას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და არ არის აუცილებელი. მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული/გეოგრაფიული განსხვავებების დაწესება არ არის/შეიძლება იყოს თანაზომიერი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა