„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/10/1437 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2019 14:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1437) მიმართა „შპს ეპიცენტრმა“. №1437 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 7 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 ნოემბერს.
2. №1437 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 34-ე მუხლები, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები მოიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.
4. „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდეგში „ტექნიკური რეგლამენტი“) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგლამენტის მიზანია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ინსპექტირების საფასურის განსაზღვრა. ხსენებული დადგენილების №2 დანართით და ამავე დანართის შენიშვნით კი განსაზღვრულია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების კონკრეტული საფასურები. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №2 დანართის შენიშვნა 2 განსაზღვრავს კოეფიციენტებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ან/და მათი ფილიალებისათვის, რომელზეც მრავლდება აკრედიტაციის/მონიტორინგის საფასურები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო აქტებით საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასური ფიქსირებული თანხის ოდენობით. მოსარჩელე განმარტავს, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება წარმოადგენს ორ კერძო სუბიექტს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, შესაბამისად, ამ მომსახურების საფასური უნდა დადგინდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პრინციპიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ორ კერძო სუბიექტს შორის არსებულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში და დაადგინოს მომსახურების ფიქსირებული საფასური.
7. მოსარჩელის პოზიციით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს უნდა შეეძლოს, თავად განსაზღვროს მის მიერ გაწეული მომსახურების საფასური განხორციელებული ინვესტიციის, ხარჯების, მოგებისა და შემოსავლის მიხედვით. ამის საპირისპიროდ, სადავო აქტებით საქართველოს მთავრობამ დაადგინა მომსახურების კონკრეტული საფასური, თუმცა გაურკვეველია, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით ან გათვლით მოხდა ყველა ბიზნეს კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ერთი და იმავე საფასურის განსაზღვრა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებს ბიზნესში არალეგიტიმურ და დაუსაბუთებელ ჩარევას, რითაც იზღუდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ესაჭიროებათ აკრედიტაცია, რომელიც გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაციის ცენტრი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს უწევს ერთგვაროვან მომსახურებას, სადავო ნორმებით დადგენილია აკრედიტაციის/მონიტორინგის განსხვავებული საფასური სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე ინსპექტირების ცენტრებისათვის. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აკრედიტაციის მიღების საფასური დადგინდა გამჭვირვალე და გადამოწმებადი პროცედურის გარეშე, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის შეზღუდვას.
9. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მდებარე ინსპექტირების ცენტრები იმყოფებიან არათანაბარ პირობებში, რამდენადაც მათ უწევთ აკრედიტაციისა და მონიტორინგის განსხვავებული საფასურის გადახდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით ხდება თანასწორ სუბიექტებს შორის არაგონივრული დიფერენცირება ტერიტორიული/გეოგრაფიული ნიშნით, რაც ეწინააღმდეგება კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, სადავო რეგულაციები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“ კონსტიტუციურობა
2. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნორმა აწესებს მთავრობის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საფასური.
3. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს, რას გულისხმობს „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები“. ესენია - ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმა, პერიოდულობა და საფასური სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. აღნიშნული სადავო ნორმა არ ადგენს საქართველოს მთავრობის ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1437 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა
5. მოსარჩელე სადავოდ ხდის ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. ტექნიკური რეგლამენტს მე-2 მუხლით განსაზღვრულია რეგლამენტის მიზნები, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების საფასურების განსაზღვრა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საფასური უნდა განისაზღვრებოდეს კერძო სუბიექტების შეთანხმებით და არა რაიმე ნორმატიული აქტით.
6. დასახელებული სადავო ნორმით განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების მიზნები. ამ შემთხვევაში სადავო ნორმის რეგულირების სფერო ამოიწურება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის მიზნების ჩამოთვლით და არ განსაზღვრავს საფასურს რაიმე მომსახურებისათვის. მოსარჩელეს არ მოუყვანია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, თუ რა კონტექსტში ზღუდავს ტექნიკური რეგლამენტის მიზნის განმსაზღვრელი ნორმა მის უფლებებს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის დასაბუთება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1437 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობა
8. მოსარჩელე მხარე, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ ხდის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
9. სადავო ნორმის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების ცენტრის ან/და მისი ფილიალისათვის აკრედიტაციის/მონიტორინგის საფასურები მრავლდება სხვადასხვა კოეფიციენტზე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მუნიციპალიტეტის საზღვრებში ახორციელებს სუბიექტი საკუთარ საქმიანობას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აკრედიტაციის ცენტრი ყველა სუბიექტს უწევს ერთსა და იმავე მომსახურებას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია თანასწორი პირებისათვის განსხვავებული საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება.
10. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, ძირითადად, მიემართება კანონის წინაშე პირთა თანასწორობის უფლების შეზღუდვის წარმოჩენას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც ნათელს გახდიდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებული უფლებების შეზღუდვას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო ნორმა დაუსაბუთებლად ზღუდავს საკუთრებისა და მეწარმეობის უფლებას, ვერ გამოდგება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებებით გარანტირებულ უფლებებს შორის მკაფიო მიმართების წარმოსაჩენად.
11. აქედან გამომდინარე, №1437 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. მოსარჩელე მხარე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობას, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება. თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.
15. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მიხედვით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების ცენტრის ან/და მისი ფილიალისათვის დადგენილია აკრედიტაციის მოპოვებისა და მონიტორინგის განსხვავებული საფასურები. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აკრედიტაციის ცენტრი ყველა პირს უწევს ერთგვაროვან მომსახურებას და არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც გაამართლებდა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში აკრედიტაციის მოპოვების მსურველთათვის განსხვავებული საფასურის გადახდის ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თანასწორობის უფლება ირღვევა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში აკრედიტაციის მოპოვების მსურველ პირებს შორის, რამდენადაც მათ აკრედიტაციის მოპოვებისათვის უწევთ ერთმანეთისაგან განსხვავებული საფასურის გადახდა.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება მოითხოვს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანასწორ ყველა პირს, განურჩევლად მისი რაიმე კუთვნილებისა, გააჩნდეს უფლებათა თანაბარი რეალიზაციის შესაძლებლობა და არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია პირთან დაკავშირებული რაიმე კუთვნილების ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). შესაბამისად, უნდა შეფასდეს, ადგენს თუ არა სადავო ნორმა პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას მათ კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით.
17. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოპოვებისათვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებას შესაძლოა, ახორციელებდეს ნებისმიერი პირი, თუ იგი აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს და მოიპოვებს აკრედიტაციას. უფრო მეტიც, ერთსა და იმავე პირს, მისივე ფილიალების საშუალებით, შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და, შესაბამისად, აკრედიტაციისა და მონიტორინგისათვის გადაიხადოს სხვადასხვა ოდენობის საფასური. მაგალითად, თუ მოსარჩელე გადაწყვეტს, რომ მას სურს ლიცენზიის მოპოვება, პირობითად, ქალაქ ბათუმში, მას მოუწევს საფასურის ზუსტად იმავე ოდენობის გადახდა, რაც ყველა სხვა, ანალოგიური ლიცენზიის მოპოვების მსურველ პირს. ამასთანავე, მოსარჩელეს შეუძლია, საქმიანობა განახორციელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საკუთარი სამეწარმეო ინტერესების გათვალისწინებით, თავისუფლად განსაზღვროს, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში სურს მას აკრედიტაციის მოპოვება. ხსენებულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია ნეიტრალური შინაარსისაა პირთა ნებისმიერი წრის მიმართ და ის არ აკისრებს არსებითად თანასწორ პირებს განსხვავებულ ფინანსურ ტვირთს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების აკრედიტაციის/მონიტორინგის საფასურის დადგენისას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის №2/3/795 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირინე ფხოველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აკრედიტაციის/მონიტორინგის განსხვავებული საფასურის დადგენა რაიმე ფორმით, თუნდაც ირიბად, მიმართულია გარკვეული კატეგორიის პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და თანასწორობის უფლებას შორის.
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1437 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“ და საქართველოს მთავრობის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობა 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით
19. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით სახელმწიფოს შესაძლებლობა აქვს, განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური, რითაც ამ ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შეეზღუდათ დაწესებულისგან განსხვავებულ ფასზე შეთანხმების უფლება. მოსარჩელის პოზიციით, ხსენებული ურთიერთობა არის კერძოსამართლებრივი ხასიათის და მისი საფასურის განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეს არა სახელმწიფოს, არამედ მონაწილე მხარეებს თავისუფალი ნების გამოვლენის გზით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მომსახურების ფასის განსაზღვრაში სახელწმიფოს ჩარევა იწვევს, მათ შორის, მეწარმეობისა და თავისუფალი კონკურენციის უფლების შეზღუდვას.
20. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებულია მეწარმეობის თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოსათვის თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობის ვალდებულების დაკისრებით „მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2).
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციით განმტკიცებული მეწარმეობის თავისუფლების დაცვის მიზანი არ არის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების აკრძალვა მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარემ მეწარმეობის თავისუფლების უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საკუთრების უფლების დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას. მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლების დარღვევა იმთავითვე მეწარმეობის თავისუფლების დარღვევას ვერ განაპირობებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63).
22. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების შესაბამისად, მთავრობას მიენიჭა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის უფლება და ამ უფლებამოსილების ფარგლებში მთავრობის მიერ განისაზღვრა ხსენებული მომსახურების კონკრეტული ფიქსირებული საფასურები. სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ მომსახურებისათვის საფასურის განსაზღვრა ზღუდავს ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ნების გამოვლენის თავისუფლებას და დადგენილისგან განსხვავებულ ფასზე შეთანხმების შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეთა უფლება, თავად განსაზღვრონ ამა თუ იმ მომსახურების საფასური, დაცულია საკუთრების კონსტიტუციური უფლებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ამასთანავე, გარდა საკუთრების უფლების შეზღუდვისა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები, ხსენებული უფლების მიღმა, რაიმე ფორმით ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1437 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1437 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1437 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1437 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის და ხსენებული დანართის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი