ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1350 |
ავტორ(ებ)ი | ლევან ბარამია |
თარიღი | 11 სექტემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ბ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქ. სსკ–ის მე-3 მუხ. II ნაწილი – თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. |
საქ. კონსტიტუციის დებულება საქ. კონსტიტუციის მე-7 მუხლი – სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. I ნაწილი – ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. V ნაწილი – არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქ. კონსტიტუციის მე-17 II ნაწ. – დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქ. კონსტიტუციის მე-40 მუხ. III ნაწ. – დადგენილება ბრალდების სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. |
საქ. სსსკ–ის 297-ე მუხ. „ზ“ პუნქტი – სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით: სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. | საქ. კონსტიტუციის მე-14 მუხლი – ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. |
საქ. სსსკ–ის 306-ე მუხ. მე-4 ნაწილი – საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. | საქ. კონსტიტუციის 39-ე მუხლი – საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრონციპებიდან. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხ. I ნაწ., 89-ე მუხ. I ნაწ. „ვ“ პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის შესახებ“ საქ. ორგანული კანონის მე-19 მუხ. I ნაწ. „ე“ პუნქტი, 39-ე მუხ. I ნაწ. „ა“ პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნულ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქ. კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქ. კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
სარჩელში წარმოდგენილი მოთხოვნა და დასაბუთება ემყარება არა მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის სუბიექტურად არასწორ აღქმას და გამომდინარეობს არა ალბათობებითა და ვარაუდებით ფანტაზიის სფეროდან, არამედ ემყარება სადავო ნორმების გამოყენების სასამართლო პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია საერთო სასამართლოების სისტემაში. შესაბამისად, სარჩელში აღწერილი პრობლემა არა ინდივიდუალური ხასიათისაა, არამედ სასამართლოები სწორედ რომ მსგავს განმარტებებს ახდენენ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში და მიუთითებენ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. კერძოდ კი, სარჩელზე მტკიცებულების სახით დართული მოსარჩელის, ლ. ბარამიას ს/ს ბრალდების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას და მიუთითებენ სადავო ნორმებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტებაზე, ხოლო სარჩელზე მტკიცებულების სახით დართული მოქალაქე ლევან კაციტაძის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 მარტს გამოტანილი განაჩენი მიუთითებს აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობაზე და ადასტურებს სადავო ნორმებთან დაკავშირებით სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის არსებობას (იხ. მტკიცებულებების სახით დართული განაჩენები). ამდენად, სარჩელს თან ერთვის ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, წარმოდგენილია სასამართლოს პოზიციაც და სარჩელის დასაბუთება შინაარსობრივად შეეხება სწორედ სადავო ნორმების გამოყენების სასამართლო პრაქტიკას, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს – ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას – განაჩენის გადასინჯვისას სასჯელი შეამციროს ახალი კანონის კერძო მუხლის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, უარი განაცხადოს მისი ზომის შემცირებაზე.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, როგორც სარჩელზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, მოსარჩელის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში, სასამართლოებმა სწორედ სადავო ნორმების შინაარსზე და მათი გამოყენების პრაქტიკაზე მითითებით უარი განაცხადეს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობის შემოწმებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი ამსუბუქებდა პასუხისმგებლობას დანიშნული სასჯელისთვის და ახლებურად არეგულირებდა მსგავსი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებში ექცეოდა, უარი განაცხადა სასჯელის ზომის შემცირებაზე, რა დროსაც ყურადღებისა და შესაბამისი შეფასების მიღმა დატოვა საქმეში არსებული იმ სახის გარემოებები, რამაც თავის დროზე განაპირობა მინიმუმ ზღვართან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა, რის შედეგადაც სასამართლომ ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ამსუბუქებდა პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის, სასჯელის ზომად განსაზღვრა და ფაქტიურად სამართლიანად მიიჩნია ახალი ნორმის მაქსიმალური ზღვარი. ამდენად, მითითებული სადავო ნორმებით პირდაპირ ირღვევა ლ. ბარამიას ფუნდამენტური უფლებები, რაც გარანტირებულია საქ. კონსტიტუციით და აღნიშნული სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა პირდაპირ ინტერესშია როგორც მოსარჩელის, ასევე საქ. კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებასთან.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-7 მუხ., მე-14 მუხ., მე-17 მუხ. II ნაწ., 39-ე მუხ., 42-ე მუხ. I და V ნაწილებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და, შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.
ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსისა და საპროცესო კოდექსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის II ნაწილის თანახმად „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია, ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი“. მითითებული მუხლი ზოგადი ხასიათის ნორმაა და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან იმ პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, რასაც აკისრებს სამართლიანობის ზოგადი პრინციპები. აღნიშნული ნორმის მეორე წინადადება მიუთითებს რა საქ. სსსკ–ის სხვა ნორმებზე, მათთან ერთად სინთეზში სასამართლოს აკისრებს ვალდებულებებს, მხარეებს შეუქმნას სამართლებრივი საშუალებები შეჯიბრებითობის პრინციპის, სასამართლოზე მიმართვის უფლებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებისათვის. თუმცა, იქვე, თავად სასამართლო ინსტიტუტს უწესებს გარკვეულ შებოჭვებს სამართალწარმოების ამა თუ იმ ეტაპზე და ამა თუ იმ მოცემულობაში სახელმწიფოს მხრიდან ზემოაღნიშნული ვალდებულებების რეალიზებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. I ნაწილით დაცულ სასამართლოზე მიმართვის უფლებას, რაც ზოგადად სასამართლოზე მიმართვის უფლებასთან ერთად მოიცავს გასაჩივრების უფლებასაც და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხ. I ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც თავდაპირველად სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველას ჰქონდეს უფლება, მისი საქმე განიხილოს იმ ტრიბუნალმა, რომელიც უფლებამოსილია, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით, საკითხზე მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მითითებული უფლება ასევე დეკლარირებულია საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. ნაწილშიც, რომელიც მიმართულია სახელმწიფოზე და მის შესაბამის ორგანოებზე, სასამართლოებზე, რომლებსაც ერთი მხრივ აღჭურვავს განსჯადობის მიხედვით მართლმსაჯულების განხორციელების უფლებით, ხოლო მეორე მხრივ კრძალავს იმ ტრიბუნალის (სასამართლოს) მიერ პირის განსჯის უფლებას, რომლის იურისდიქციასაც არ ექვემდებარება მისი საქმე.
სისხლის სამართლის სფეროში იურისდიქციასთან მიმართებით შესაბამის ნორმებს შეიცავს საქ. სსსკ–ის როგორც ზოგადი, ასევე კერძო ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს უწყებრივ და ტერიტორიულ განსჯადობებს. ასეთი ნორმების ერთობლიობის ერთ–ერთ მაგალითს წარმოადგენს საქ. სსსკ–ის XXVII თავში მოცემული სავალდებულო ქცევის წესები, რომლებიც განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესს. კერძოდ კი, საქ. სსსკ–ის 210-ე მუხლი შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს, მათ შორის „ვ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუკი ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. მითითებულ საკითხზე შუამდგომლობა, საქ. სსსკ–ის 312-წ მუხ. I ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით შეიტანება სააპელაციო სასამართლოში ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, სადაც შუამდგომლობის დაშვების შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვა, თანახმად საქ. სსსკ–ის 314-ე მუხლის I ნაწილისა, ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. აქვე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვისას მოქმედ ნორმებს: საქ. სსსკ–ის 297-ე მუხლი განსაზღვრავს აპელაციის ეტაპზე საქმის განხილვის წესს და აღნიშნული ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, გარკვეული ცვლილებებით, მათ შორის „ზ“ პუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის იმპერატიული შინაარსი სამართალწარმოების შეჯიბრებით მოდელზე დაყრდნობით სასამართლოს უკრძალავს, გასცდეს მხარეთა პოზიციებს და დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ, იმსჯელოს იმ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები არ უთითებენ სააპელაციო საჩივარსა თუ შესაგებელში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირის განმეორებითი მსჯავრდება. ამდენად, აღნიშნულმა პროცედურამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლო დაცვის კონსტიტუციური გარანტიები.
რაც შეეხება სადავო ნორმებთან დაკავშირებით არსებულ კონკრეტულ პროცედურას: როგორც ზემოთ აღინიშნა, 310-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს მსჯავრი დაედო, იწყებს განაჩენის გადასინჯვის პროცედურას, რა დროსაც სწორედ თანახმად საქ. სსსკ–ის 214-ე მუხ. ნაწ. და 287-ე მუხ. „ზ“ პუნქტისა, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებში განაჩენის გადასინჯვით, ვინაიდან საქ. სსსკ–ის 259-ე მუხლისა და ზოგადად სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე, ივარაუდება, რომ თავის დროზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სასამართლომ მიიღო სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება და განსაზღვრა ადეკვატური სასჯელი, რომელიც გამომდინარეობს საქ. სსკ–ის კერძო მუხლის სანქციიდან და შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს. შესაბამისად, სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აღარ დგება საქმეში არსებული შემამსუბუქებელი თუ დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობა. ამდენად, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისას, კონკრეტულ შემთხვევაში ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, სასამართლო შეზღუდულია გადასასინჯი განაჩენის სამართლიანობის ნაწილში მსჯელობაზე და იგი მსჯელობს მხოლოდ დანიშნული სასჯელის კანონიერების ნაწილში, ამასთან, საქ. სსკ–ის მე-3 მუხლის II ნაწილიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.
სწორედ აღნიშნულ მსჯელობას ეყრდნობა სასამართლო 310-ე მუხლის „ვ“ პუნქტის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის პროცედურის რეალიზებისას, როდესაც აღნიშნავს, რომ „ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლოს არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა“ (იხ. მტკიცებულების სახით დართული სასამართლოს გადაწყვეტილებები). იმავე მსჯელობას ეყრდნობა საკასაციო ინსტანციაც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.
სწორედ მითითებული მსჯელობა არის საქ. სსკ–ის მე-3 მუხ. II ნაწილის, საქ. სსსკ–ის 297–ე მუხ. „ზ“ პუნქტისა და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის სასამართლოს გამოყენების პრაქტიკის ანტიკონსტიტუციურობის მთავარი ინდიკატორი, რომლის საწყის რეალურ პრობლემას წარმოადგენს საქ. სსკ–ის მე-3 მუხ. II ნაწილი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პროცესის რეგულირების სფეროში დამკვიდრებული გამოყენების პრაქტიკით არ უშვებს დანიშნული სასჯელის ახალი კანონის საფუძველზე სანქციის მაღალ ზღვარზე უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესაძლებლობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი სისხლის სამართლის რეგულირების სფეროში გულისხმობს ინდივიდის დაცვას არა მარტო სხვა კერძო პირებისაგან, არამედ სახელმწიფოსგანაც. შესაბამისად, სისხლის სამართლით რეგულირებული ღონისძებების ხასიათი და შინაარსი უნდა გამომდინარეობდეს არა მხოლოდ მათი კონსტიტუციური ღირებულებების მიზნებიდან, არამედ ასევე დანაშაულებრივი შედეგების ადეკვატური მოთხოვნებიდან (მათ შორის იმ პირებისთვის, ვისთან მიმართებაშიც გამოყენებული იქნა ეს ღონისძიებები). იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძებები აღარ შეესაბამებიან სოციალურ რეალობას, კანონმდებელი – ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე – ვალდებულია, ახალ სოციალურ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს სისხლის სამართლის კანონის ნორმები, მათ შორის მოახდინოს კონკრეტული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამძიმება ან/და შემსუბუქება, თუმცა ორივე შემთხვევაში იგი უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და პრიორიტეტებს (მაგ.: ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სახელმწიფო დაცვის ვალდებულებას, სამართლიანობას და თანასწორობას და ა.შ.).
საქართველოს კონსტიტუციით და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით გამოცხადებული ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან – რომელიც არის თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველი – გამომდინარეობს, რომ პიროვნება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში გვევლინება არა როგორც სახელმწიფოს ზემოქმედების ობიექტი, არამედ როგორც თანაბარუფლებიანი სუბიექტი, რომელსაც უფლება აქვს დაიცვას თავი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალებით.
ადმაიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსების დაცვის გარანტიის სახით საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის V ნაწილი ადგენს, რომ „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“, რითაც ქმნის აუცილებელ გარანტიებს სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის. ამასთანავე, საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიზმისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათთან პასუხისმგებლობის თანაზომიერებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს, რომ თუკი ახალი კანონი ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, მაშინ მას უკუძალა აქვს. მითითებული წესი წარმოადგენს კანონის გამოყენების კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის და კონსტიტუციის პირდაპირი მოქმედების ძალით სავალდებულოა როგორც კანონმდებლებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მათ შორის სასამართლოებისთვისაც.
საქართველოს კონსტიტუციის მითითებული მუხლი განამტკიცებს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხ. I ნაწილითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხ. I ნაწილით დეკლარირებულ ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც „არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს“. მართალია, ადმაიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, ისევე, როგორც საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. V ნაწილი, პირდაპირ არ შეიცავს მოთხოვნას, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, თუკი იგი ამსუბუქებს ან/და აუქმებს პასუხისმგებლობას ქმედებისთვის, სავალდებულო წესით გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ ახალი კანონი, თუმცა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი უპირობოდ მოითხოვს პასუხისმგებლობის შემსუბუქების ან გაუქმების შემთხვევაში კანონისთვის უკუმოქმედებითი ძალის მინიჭებას.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხ. I ნაწილით, ისევე, როგორც მე-18 მუხლის II ნაწ., 42-ე მუხ. II ნაწ., 42-ე მუხ. III ნაწ., მე-40 მუხ. III ნაწილით გარანტირებულია სასამართლო განხილვის უფლება, როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ხელშეუვალი უფლება და წარმოადგენს მთავარ გარანტიას სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისათვის. აღნიშნული მოიაზრებს არა მხოლოდ სასამართლოზე მიმართვის უფლებას, არამედ ასევე სამართლიანობის მოთხოვნასთან შესაბამისობაში დარღვეული უფლებების ეფექტურ აღდგენას უშუალოდ სამართლის რესურსებით. შესაბამისად, სისხლის სამართლის სფეროში სამართალწარმოებისას მითითებული მიზნის მისაღწევად მოსამართლეები აღჭურვილნი არიან ისეთი უფლებამოსილებით, როგორიცაა გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ქვედა ინსტანციების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლება და ასევე ახალ კანონთან მიმართებაში ადრე გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება, მათ შორის შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება, უნდა ეფუძნებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც კონსტიტუცია და სხვა კანონები აწესებენ სამართალწარმოების შედეგად მიღებულ აქტებთან მიმართებაში ანუ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
საქ. სსკ-ის მე-3 მუხ. I ნაწილის თანახმად „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა“, ანუ მითითებული ნორმა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ამ კანონის ამოქმედებამდე, მათ შორის იმ პირებზე, რომლებიც იხდიან სასჯელს ან უკვე მოიხადეს სასჯელი, თუმცა ნასამართლობა დაქარწყლებული არ აქვთ. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“. მითითებული ნორმა აკონკრეტებს სისხლისსამართლებრივ რეგულირებებში მისი გამოყენების სფეროს, რაც გამომდინარეობს საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. V ნაწილით და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხ. I ნაწილით აღიარებული ახალი კანონის გამოყენების, ქმედების დანაშაულებრივი ხასიათის გაუქმების ან/და პასუხისმგებლობის შემსუბუქების პრინციპებიდან. ეს პრინციპები ფორმულირებულია, როგორც იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია სახელმწიფოზე და მის შესაბამის იმ ორგანოებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ საქ. კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება და რომლებზეც დამოკიდებულია იმ საკითხების გარკვევა, თუ რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. ამდენად, ივარაუდება, რომ კანონმდებელი ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების ან/და პასუხისმგებლობის შემსუბუქების შესახებ კანონის მიღებისას, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე მათივე ჩამდენი პირების სტატუსს, არ შეიძლება არ მოიაზრებდეს და არ გულისხმობდეს მისთვის უკუძალის მინიჭების მექანიზმებს, გამომდინარე ზემოაღნიშნული პირიციპებიდან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის სასამართლოებიც, რომლებიც ვალდებულნი არიან, ახალი კანონის საფუძველზე მიიღონ იურიდიული გადაწყვეტილებები და გაანთავისუფლონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა და სასჯელი კონკრეტულ პირებს, არ არიან უფლებამოსილნი, უარი განაცხადონ მათ გამოყენებაზე.
საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის V ნაწილი, ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხ. ნაწილი, არ შეიცავს იმ სახის ნორმატიულ შინაარსს, რომელიც დაუშვებდა შესაძლებლობას მათში გამყარებული ღირებულებების გარკვეული ფორმით (სამართალდარღვევის ხასიათის, დამნაშავეების კატეგორიის ან/და სხვა რაიმე გარემოებების გათვალისწინებით) შეზღუდვის თაობაზე. ამასთანავე, თავად საქ. სსკ-ის მე-3 მუხლის I ნაწილს სიტყვასითვითი მნიშვნელობით გააჩნია უკუმოქმედებითი ძალა და იგი გამოიყენება კონკრეტულ საქმეში იმისდა მიუხედავად, თუ რა სტადიაზეა სამართალწარმოება ან/და იმისდა მიუხედავად, თუ რაში აისახება პასუხისმგებლობის შემსუბუქება - კვალიფიკაციის შეცვლაში, სსკ-ის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური თუ მაქსიმალური ზღვარის დაწევაში, სსკ-ის ზოგადი ნაწილის ნორმებით დადგენილი წესების იმგვარ ცვლილებაში, რომელიც სასჯელის განსაზღვრისას უკეთეს პირობებში აყენებს დამნაშავეს თუ სხვ.
იგივე ეხება საქ. სსკ-ის მე-3 მუხ. II ნაწილსაც. მასში მითითებული ნორმატიული შინაარსიც, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ახალი კანონის სანქციის ფარგლებში შემცირების თაობაზე, გულისხმობს არა მხოლოდ კერძო ნაწილით გავალისწინებული სასჯელის დანიშვნის პრინციპებს, არამედ ისევე მოიაზრებს სსკ-ის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგად პრინციპებსაც, რომლებზე დაყრდნობითაც, კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის შემცირება გამოყენებულ უნდა იქნეს მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში.
სხვაგვარი შემზღუდველი განმარტება, რა ფორმითაც დღევანდელი სასამართლოები პრაქტიკაში ახორციელებენ საქ. სსკ-ის მე-3 მუხ. II ნაწილის გამოყენებას, კერძოდ კი სასჯელის შემცირების შესაძლებლობა მხოლოს სსკ-ის კერძო ნაწილით გათვალისწინებული მუხლის სანქციის მაქსიმალური ზღვარის ოდენობამდე არ შეესაბამება მითითებული სადავო ნორმის სიტყვასიტყვით მნიშვნელობას და არ გამომდინარეობს მოქმედი სისხლისსამართლებრივ რეგულირებაში საქ. კონსტიტუციით განსაზღვრული მისი შინაარსიდან და დანიშნულებიდან. მითითებული ნორმის ამგვარი განმარტება, რომელიც გამორიცხავს ახალი კანონით განსაზღვრული ამა თუ იმ ქმედების როგორც უფრო მსუბუქი დანაშაულის იურიდიული შეფასების გათვალისწინებას, ან/და სანქციის მაქსიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები სასჯელის განსაზღვრას ან/და უფრო მსუბუქი სანქციების დანიშვნას, იწვევს თავად მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი ჩამდენი პირების საზოგადოებრივად საშიში ხასიათისა თუ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გადაფასებას მსჯავრდებულისთვის საუარესო კუთხით იმასთან შედარებით, თუ როგორ აისახებოდა ისინი ადრე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რაც არა მარტო ზღუდავს საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. V ნაწილით გარანტირებულ ს/ს კოდექსით გათვალისწინებულ ყველაზე მსუბუქი კანონით გასამართლების უფლებას, არამედ ასევე იწვევს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ განსაზღვრებებს მსჯავრდებულის უარეს მდგომარეობაში ჩაყენებისკენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის დროს არ ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რამაც თავის დროზე სპეციალური ნორმების გამოყენებით განაპირობა სანქციის მინიმალურ ზღვარზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა (მაგ.: საპროცესო შეთანხმება, საქ. სსკ-ის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიოერ მინიმალურ ზღვარზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. ნაფიცი მსაჯულების მიერ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია). შესაბამისად, სადავო ნორმების გამოყენებისას, მსგავსი პრაქტიკა სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ ფასეულობასთან, ვინაიდან დაუშვებელია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება იმ ახალი კანონის საფუძვერლზე, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. ასეთ შემთხვევაში მახინჯდება თავად ამგვარი კანონის არსი და მასში გადმოცემული კანონმდებლის ნება.
საქ. სსკ-ის მე-3 მუხლის II ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია სასჯელის შემცირება ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში, სისტემურ კავშირშია ამავე მუხლის I ნაწილთან და მისი განმარტებისას უნდა მოიაზრებოდეს, რომ განაჩენის შესაბამისობაში მოყვანა ახალი კანონის სანქციის ფარგლებში - დამოუკიდებლად იმისგან, თუ სამართალწარმოების რა სტადიაზე წყდება აღნიშნული საკითხი - ექვემდებარება საქ. სსკ-ით რედაქტირებული და დადგენილი ყველა წესის, მათ შორის როგორც ზოგადი, ასევე სპეციალური ნორმების გამოყენებას, რომელთა შესაბამისობითაც წყდება განაჩენისა და სასჯელის განსაზღვრა, მათ შორის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისას სანქციის მინიმალურ ზღვარზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის წესი. სწორედ მხოლოდ აღნიშნული წესი უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივ ურთიერთობებში სამართლიანობის პრინციპის რეალიზებასა და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობას (საქ. კონსტიტუციის მე-14 მუხლი).
წინააღმდეგ შემთხვევაში, - ანუ სასამართლოების მიერ საქ. სსკ-ის მე-3 მუხ. II ნაწილის გამოყენების დღეს დამკვიდრებული პრაქტიკით, რომელიც მოიაზრებს სასჯელის შემცირებას ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, გამორიცხავს მისი ზომის შემცირებას - პირები, რომლებიც უკვე იხდიან სასჯელს, ექცევიან არათანასწორ პირობებში იმ პირებთან, რომელთა მიმართებაშიც განაჩენები დგინდება ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ სანქციის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარისა თუ საქ. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ნორმებით დადგენილი გარემოებების გათვალსიწინებით.
მოქმედი სისხლის სამართლის პროცესუალური კანონმდებლობით ახალი კანონის გამოყენება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, გააჩნია უკუმოქმედებითი ძალა, შესაძლებელია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, გამოძიების დაწყებიდან კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ჩათვლით. კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის წესი რეგლამენტირებულია სასჯელის აღსრულების ეტაპზე, რა დროსაც მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებისა ან/და მთლიანად განთავისუფლების უფლებამოსილება, ს/ს პროცესუალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, აკისრია სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, მხარის შუამდგომლობის დაშვების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში ტარდება საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ან/და შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მიუხედავადი იმისა, თუ რა ფორმით ჩაატარებს სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვას, აღნიშნულმა პროცედურამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლო დაცვის კონსტიტუციური გარანტიები.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოს გზით დაცვის უფლება მოიაზრებს ნებისმიერი სუბიექტის თანაბარ უფლებას, მიმართოს კანონის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს (სასამართლოს), რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმის სამართლიან განხილვას შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვით (საქ. კონსტიტუციის 42-ე მუხ. I ნაწ., მე-40 მუხ. III ნაწ., ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხ. I ნაწ., სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხ. ნაწ.). შესაბამისად, აღნიშნული პრინციპები მოიაზრებს სასამართლოსთვის თავისუფალი არჩევანის უფლებას, თავის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობაზე, საქმის კონკრეტულ გარემოებებზე და მონაწილე მხარეების პოზიციებსა და მათ დასაბუთებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, სასამართლოსთვის ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ამსუბუქებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, განაჩენის გადასინჯვის ეტაპზე მხოლოდ ერთი შესაძლებლობის მიცემა - ადრე დანიშნული სასჯელი შეამციროს ახალი კანონის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე და არ შეაფასოს დანიშნული სასჯელის სამართლიანობა, ან/და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, უარი განაცხადოს სასჯელის ზომის შემცირებაზე - არსობრივად ზღუდავს სასამართლოს, როგორც სამართლიანობის ორგანოს, უფლებამოსილებებს და არღვევს საქ. კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის უფლებასა და გაუმართლებელი სასჯელის აკრძალვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის II ნაწილით, ისევე, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით, აკრძალულია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა ანუ გაუმართლებელი სასჯელის დაკისრება. სასჯელი კი, თავის მხრივ, გამართლებულია, თუკი იგი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციას. სამართლისნობის ჭრილში სავალდებულოა, პირის მიმართ დანიშნული სასჯელი გამომდინარეობდეს არა მხოლოდ სისხლის სამართალში მოქმედი კერძო მუხლის სანქციის ფარგლებიდან, არამედ იგი უნდა შეესაბამებოდეს ინდივიდუალური პირის მიერ ჩადენილი ქმედების როგორც საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ასევე მის პიროვნებას და, შესაბამისად, თანაზომიერებიდან გამომდინარე, განსაზღვრულ უნდა იქნეს იმ სახის ადეკვატური სასჯელი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ხოლო მეორე მხრივ, ჰუმანიზმისა და სასჯელის ინდივიდუალიზმის პრინციპის გათვალისწინებით, მიმართული იქნება დამნაშავის რესიციალიზაციაზე და არა დასჯაზე, რაც შესაბამისად ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევას. წინააღმდეგ შემტხვევაში, დანიშნული სასჯელი წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საქ. კონსტიტუციის მე-17 მუხ. II ნაწილით დაცულ უფლებასთან, არამედ მთლიანად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის სფეროში საქართველოს კონსტიტუციის მიზანს, რაც მოითხოვს, რომ საქმეზე მიღებულ იქნეს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის V ნაწილის შინაარსობრივი იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, უკუქმედებითი ძალით გამოიყენოს ის ახალი კანონი, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, არ მოიაზრებს სასამართლოსთვის იმ სახის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას, რაც დაუშვებდა კონკრეტულ შემთხვევაში ამ კანონის მოთხოვნების იგნორირებას. შესაბამისად, სახელმწიფო, თანახმად საქ. კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლებისა, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, მოახდინოს საკანონმდებლო ბაზის იმ სახის სახელმძღვანელო ნორმებით ფორმულირება, რომელიც უზრუნველყოფს პირის დაცვას სახელმწიფოსგან და, სისხლისსამართლებრივი დევნისას, ისევე, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს და უზრუნველყოფს სისხლისამართლებრივ წარმოებაში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ღირებულებების რეალიზებას და დაცვას.
რაც შეეხება საქ. სსსკ-ის 297-ე მუხ. „ზ“ პუნქტსა და 306-ე მუხლის IV ნაწილს, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესში განამტკიცებენ სამართალწარმოების შეჯიბრებითი მოდელის ელემენტებს და თავისებურად გამიჯნავენ პროცესის მონაწილეთა როლებს, რა დროსაც მოსამართლე მიუკერძოებელ არბიტრად გვევლინება და განთავისუფლებულია დაცვისა და ბრალდების ელემენტებისგან. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 29 სექტემბერს საქმე N3/1/608,609 მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა, შეჯიბრებითი მოდელი არ გამორიცხავს, რომ მხარეთა მოთხოვნით სასამართლოების შეზღუდვის წესიდან არსებობდეს გამონაკლისები და შესაძლებელია არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოდელს ირჩევს სახელმწიფო ეროვნულ დონეზე, სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებით თუ ინკვიზიციურ მოდელს, სამართლიანი სასამართლოს პრონციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს (სასამართლოს) აკისრია ვალდებულება, საბოლოო ჯამში მიიღოს კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მთავარ მიზანს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქ. კონსტიტუციის მე-40 მუხ. III ნაწ. მიმართებაში ანტიკონსტიტუციურად ცნო საქ. სსსკ-ის 306-ე მუხ. IV ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდეგ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას. თუმცა იმ შემთხევვაში, როდესაც კანონი ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლისთვისაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს, საქ. სსსკ 297-ე მუხ. „ზ“ პუნქტისა და 306- მუხლის IV ნაწილის იმპერატიული შინაარსიდან გამომდინარე, სამართალწარმოებაში კვლავ დგება იგივე პრობლემა, რის გამოც სააპელაციოდ ასაკასაციო სასამართლოები შეზღუდულნი არიან ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებში გადაწყვეტილების გადასინჯვით და კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც განაჩენი გადაისინჯება იმ ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, სასამართლოები ამოწმებენ მხოლოდ განაჩენის კანონიერებას და დანიშნული სასჯელი მოჰყავთ ახალი კანონის სანქციის მხოლოდ მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში, ხოლო სასჯელის სამართლიანობას, განსაკუთრებით იმ შემტხვევაში, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობასთან მიმართებაში აღარ ამოწმებენ, რაც, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციურ ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის მთავარ მიზანს - საქმეზე მიღებული იქნეს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ცალსახად სახეზე გვაქვს საქ. სსკ-ის მე-3 მუხ. II ნაწ., საქ. სსსკ-ის 297-ე მუხ. „ზ“ პუნქტისა და 306-ე მუხ. IV ნაწილთან მიმართებაში დამკვიდრებული მათი გამოყენების პრაქტიკისა და ნორმატიული შინაარსის ანტიკონსტიტუციურობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქ. კონსტიტუციის მე-7 მუხ., მე-14 მუხ., მე-17 მუხ. II ნაწ., 39-ე მუხ., 42-ე მუხ. I, V ნაწილებითა და მე-40 მუხ. III ნაწილით გარანტირებულ და დაცულ უფლებებთან, რასაც ემატება ამ პრობლემის მასშტაბურობაც, გთხოვბთ, ანტიკონსტიტუციურად ცნოთ საქ. სსკ-ის მე-3 მუხ. II ნაწ., საქ.სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტისა და 306-ე მუხლის IV ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს უფლებას აძლევს, ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, განაჩენის გადასინჯვისას სასჯელიც შეამციროს ახალი კანონის კერძო მუხლის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, უარი განაცხადოს მისი ზომის შემცირებაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა