ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/1350 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 24 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მაისი 2019 12:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1350) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან ბარამიამ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 17 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 მაისს.
2. №1350 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, ხოლო ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებდა, რომ „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო მისი მე-5 პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი აწესებდა, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას, ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემისა და გამამტყუნებელი განაჩენის კონსტიტუციურ სტანდარტებს, აგრეთვე განამტკიცებს, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
6. №1350 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ლევან ბარამიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განაჩენით, სასჯელის შემსუბუქების შესახებ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საერთო სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითეს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ მსჯელობს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამციროს მისი ზომა.
7. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისას, სასჯელი შეამციროს ახალი კანონის კერძო ნაწილის მუხლის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, უარი განაცხადოს მისი ზომის შემცირებაზე.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის განმარტება, კერძოდ, სასჯელის შემცირების შესაძლებლობა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული მუხლის სანქციის მაქსიმალური ზღვრის ოდენობამდე, არ შეესაბამება სადავო ნორმის სიტყვასიტყვით მნიშვნელობას და არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციური განმარტება, თავის მხრივ, ეფუძნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტსა და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილს. სწორედ დასახელებული ნორმები ზღუდავს სასამართლოს უფლებამოსილებას, ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებში განაჩენის გადასინჯვისას იმსჯელოს არა მხოლოდ განაჩენის კანონიერებაზე, არამედ დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზეც.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მისი მტკიცებით, პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ახალი შემამსუბუქებელი სასჯელის დამდგენი კანონის ამოქმედებამდე და სადავო ნორმების შესაბამისად არ იცვლება მათ მიმართ დანიშნული სასჯელი ან იცვლება მხოლოდ ახალი კანონით დადგენილი სანქციის მაქსიმალურ ზღვრამდე, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ სუბიექტებთან მიმართებით, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ახალი შემამსუბუქებელი კანონის ამოქმედების შემდეგ და სასჯელი ენიშნებათ ახალი კანონით დადგენილი სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისას და მართლმსაჯულების განხორციელებისას სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონსტიტუციური პრინციპებით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ვალდებულებით და ამ თვალსაზრისით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 და 39-ე მუხლების დარღვევაზე.
10. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის გადასინჯვისას გაითვალისწინოს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხი და მისი პიროვნება. ასეთი წესით დანიშნული სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ჰუმანიზმისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპების რეალიზებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. მოსარჩელის პოზიციით, სასჯელის შემცირება ახალი კანონის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე და სასჯელის სამართლიანობის შეფასების მიღმა დატოვება არსებითად ზღუდავს სასამართლოს უფლებამოსილებებს. სასამართლოს უფლებამოსილების ამ ფორმით შეზღუდვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას, გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის მოთხოვნას. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტსა და 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც სასამართლო უფლებამოსილია უკუძალით გამოიყენოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონი, ასევე გულისხმობს ყველაზე მსუბუქი კანონით გასამართლების უფლებას. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის იმგვარი განმარტება კი, რომელიც გამორიცხავს ახალი კანონით განსაზღვრული ამა თუ იმ ქმედების, როგორც უფრო მსუბუქი დანაშაულის იურიდიული შეფასების გათვალისწინებას ან/და სანქციის მაქსიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები სასჯელის განსაზღვრას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1350 კონსტიტუციური სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დასახელებული დებულებების ნაცვლად დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი განსაზღვრავდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებებს შეესატყვისება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-7 მუხლს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება - საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 39-ე მუხლს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის შესაბამისად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. დასახელებული კონსტიტუციური დებულების მსგავსია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესატყვისია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ”.
7. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. დასახელებული დებულების შესატყვისია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია”.
8. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1350 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
10. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
12. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ფიზიკური პირია და, სხვა საკითხებთან ერთად, სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის არა მეორე, არამედ პირველ თავში. შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც ფიზიკური პირი, არ არის უფლებამოსილი იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1350 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
16. მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმგვარ ნორმატიულ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლო ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებში გადაწყვეტილების გადასინჯვისას არ ცვლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, როდესაც ახალი კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს მსჯავრი დაედო, თუ განაჩენით გათვალისწინებული სასჯელი ახალი კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ფარგლებშია.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა აწესრიგებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურულ საკითხს და ადგენს სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას, საქმე განიხილოს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს განაჩენის გადასინჯვის მატერიალურ საფუძვლებს და არ განსაზღვრავს, რა საფუძვლების არსებობისას და რა ფარგლებში უნდა გადაისინჯოს განაჩენი იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი კანონით შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს მსჯავრი დაედო გადასასინჯი განაჩენით. მოსარჩელე დავობს სწორედ განაჩენის გადასინჯვის მატერიალურ საფუძვლებზე, რომლებიც შინაარსობრივად განსაზღვრავს ახალი კანონით პასუხისმგებლობის შემსუბუქების სტანდარტებს. მოსარჩელის არგუმენტაცია არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები, თუმცა ამის შესახებ მსჯავრდებულს არ მიუთითებია და სააპელაციო სასამართლო დასახელებული სადავო ნორმის გამო მოკლებულია საკუთარი ინიციატივით განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და არ უკავშირდება მის რეალურ შინაარსს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1350 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
20. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის გადასინჯვისას გაითვალისწინოს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხი და მისი პიროვნება. ასეთი წესით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ჰუმანიზმისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპების რეალიზებას.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. ამავდროულად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც არ ითვალისწინებს სასჯელის შემცირებას მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, როდესაც დანიშნული სასჯელი ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის მაქსიმალური ზღვრის ფარგლებშია. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არ ხდება ახალი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირება მოსარჩელის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, ვერ ჩაითვლება იმის დამადასტურებელ არგუმენტად, რომ სახეზეა აშკარად არაპროპორციული და არაჰუმანური სასჯელი. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახალი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის საფუძველზე, ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით, სასჯელის შემცირებაზე უარის თქმა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას შორის.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1350 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებულია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
24. მოსარჩელე სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს უფლებამოსილებას, უკუძალით გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონი.
25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი უფლება „წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
26. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გარანტია იცავს პირს, არ დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას ან/და მსჯავრდებას ამისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე. ხსენებული კონსტიტუციური დებულებით დადგენილი წესი არ შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების უფლებრივ საკითხებს. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლები და შინაარსი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმადაც, „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს” (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-25). კონსტიტუციური სარჩელიდან ცალსახად იკვეთება, რომ მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს სადავო ნორმიდან მომდინარე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების ფარგლებს და არ უთითებს პირის ბრალდებულად ცნობისათვის ან/და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტებზე. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტს შორის.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1350 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებულია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
28. მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა დაუსაბუთებლად ზღუდავს ახალი, შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების ფარგლებს.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არაინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად, შეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა ქმედებები წარმოადგენს სამართალდარღვევებს და საკუთარი ქცევის შესაბამისად წარმართვა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). დასახელებული კონსტიტუციური დებულება გამორიცხავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება არ შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის დროში მოქმედების საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გამოყენების ვალდებულების კონსტიტუციური საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II -71). მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რომ მას პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის დაეკისრა, რომელიც მის ჩადენამდე არ იყო გამოცხადებული სამართალდარღვევად, არამედ დავობს მხოლოდ შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების ფარგლებზე. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1350 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებულია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
32. მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ახალი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისას, სასამართლოს მხრიდან მხოლოდ სასჯელის კანონიერებაზე მსჯელობა, მისი სამართლიანობის შეფასების გარეშე, ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის მთავარ მიზანს - საქმეზე მიღებული იქნეს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
33. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
34. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, არსებული მატერიალური წესების საფუძველზე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, მათ შორის, დანიშნოს სამართლიანი სასჯელი. სხვაგვარად, „სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია არის კანონით დადგენილი და კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელის შეფარდება. სამართლიანი სასამართლოს უფლება კანონით განსაზღვრული სასჯელის სასამართლოს მიერ სამართლიანად შეფარდებას არეგულირებს და არა თავად კანონით სასჯელის განსაზღვრის სისწორეს, ადეკვატურობას ან/და პროპორციულობას. სასამართლოს უფლებამოსილების იმგვარად გაწერა, დამნაშავის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელი, ვერ იქნება განხილული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №1/2/632 განჩინება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6 ).
35. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ეზღუდება მისი უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა. მოსარჩელე ითხოვს, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, ახალი, შემამსუბუქებელი კანონის მიღების შემთხვევაში შემსუბუქდეს დანიშნული სასჯელი მაშინაც კი, თუ აღნიშნული სასჯელი ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზღვრის ფარგლებშია. მოსამართლის მიერ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის მიღების შემთხვევაში დანიშნული სასჯელის შემსუბუქება არის თავად უფლება და არა რაიმე უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმი. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის პოზიცია თავისი შინაარსით დამოუკიდებელი მატერიალური უფლების მინიჭების მოთხოვნას უტოლდება. მოსარჩელის ეს მოთხოვნა შეფასებადია არა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, არამედ კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც მატერიალური უფლებების შინაარსს განსაზღვრავს.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1350 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებულია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, №1350 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1350 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1350 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ბარამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებთან და მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი