შპს ,,ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1438 |
ავტორ(ებ)ი | შპს "ლექსიკა" |
თარიღი | 6 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“
ბ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი |
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ “ მთლიანად. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4. „ა“ მუხლი, 31-ე მუხლი და 34-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31 პრიმა მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაარსობრივად ანალოგიურ საკითხზე იმსჯელა და 2019 წლის 5 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე #2/3/1279, ლევან ალაფიშვილი და კს „ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ სსიპ-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი. მოსაკრებელი კი მხოლოდ პარლამენტის მიერ დგინდება და მთავრობა არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მოსაკრებელი. (იხ.: II-27, 36, 37, 38);
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასმაართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პრიმა მუხლი.
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს, მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან ერთად გასაჩივრებულია და დასმულია კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხიც
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტები/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
- საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან (საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით).
სახელმწიფოსთვის გადასახდელის გადახდის ვალდებულება საკუთრების უფლების ის შეზღუდვაა რომელსაც გარდა ლეგიტიმური მიზნისა და უფლებაში ჩარევის მართლზომიერებისა და პროპორციულობისა, აუცილებლად სჭირდება ამ შეზღუდვის დადგენა უმაღლესი წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო ორგანოს აქტით - კანონით. ეს დებულება განმტკიცებულია როგორც კონსტიტუციის 19.2., ასევე 67.1. მუხლით.
საგადასახადო ადმინისტრირება სახელმწიფოს დისკრეცია და ვალდებულებაა. 2010 წლის 30 მარტამდე შემოსავლების სამსახური არსებობდა საქვეუწყებო დაწესბულების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფორმით, ისე რომ არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ საჯარო დაწესებულებას რომელიც გაწეული მომსახურებისათვის იღებს საფასურს. 2010 წლის 30 მარტს მიღებული კანონით შემოსავლების სამსახურს შეეცვალა სტატუსი და ორგანიზაციული ფორმა - გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, კანონით სსიპ შემოსავლების სამსახური გაწეული მომსახურებისათვის უფლებამოსილია მიიღოს საფასური.
კანონის მიხედვით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, განაკვეთები და გადახდის წესი განისაზღვრება მთავრობის ნორმატიული აქტით.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, განაკვეთები და გადახდის წესი. ამასთან, ისე რომ არ არსებობს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მთავრობამ გასაჩივრებული დადგენილებით აღნიშნულის გარდა დაადგინა საფასურებისგან გათავისუფლებისა და შეღავათების საკითხებიც.
საჯარო სერვისების მიღებისათვის შესაძლებელია დაწესდეს მოსაკრებელი და ეს მოსაკრებელი უნდა დადგინდეს კანონით - ასეთია საქართველოს კონსტიტუციის 67.1. მუხლის დანაწესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაარსობრივად ანალოგიურ საკითხზე იმსჯელა და 2019 წლის 5 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე #2/3/1279, ლევან ალაფიშვილი და კს „ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ სსიპ-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი. მოსაკრებელი კი მხოლოდ პარლამენტის მიერ დგინდება და მთავრობა არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მოსაკრებელი. (იხ.: II-27, 36, 37, 38);)
კონსტიტუციის დანაწესის საწინააღმდეგო, მთავრობის დადგენილებით საფასურების (შინაარსობრივად მოსაკრებლების) დადგენა, გადახდის მოთხოვნა ან გადახდა წარმოადგენს არაუფლებამოსილი ორგანოს აქტით, არალეგიტიმურ ჩარევას საკუთრების უფლებაში.
მთავრობის დადგენილებით
- გადასახადის გადამხდელის საბანკო დაწესებულების/ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღეში ან 1 სამუშაო დღეში ღირს შესაბამისად 10 ლარი და 20 ლარი,
- საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღეში ან 3 სამუშაო დღეში ღირს, შესაბამისად 20 ლარი ან 10 ლარი
- მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღებისთვის გადასახადის გადამხდელმა სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა გადაუხადოს 30 ლარი
დასახელებული მაგალითებისას საფასურის (შინაარსობრივად მოსაკრებლის) წინასწარ გადახდის გარეშე გადასახადის გადამხდელი ვერ მიიღებს აუცილებელ ცნობებს/ინფორმაციებს რასაც შესაძლოა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. მეტიც, მატერიალური ფორმის (ანუ არაელექტრონული, ქაღალდის ფორმით) დეკლარაციის ფოსტით წარდგენისას თუკი გადასახადის გადამხდელი წინასწარ არ გადაიხდის საფასურს (30 ლარს) მიუხედავად იმისა, რომ ფოსტა გადასცემს შემოსავლების სამსახურს, იგი დეკლარაციას არ მიიღებს, არ დაარეგისტრირებს რითაც გადასახადის გადამხდელი ხდება საგადასახადო სამართალდამრღვევი და მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სანქცია.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა