„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1438 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი;
მანანა კობახიძე − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1438) მომართა „შპს ლექსიკამ“. №1438 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2019 წლის 7 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1438 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 34-ე მუხლები, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, მათი განაკვეთები და საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავის მხრივ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება (შემდგომში - №96 დადგენილება) არეგულირებს შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული საფასურის ოდენობებს, საფასურის გადახდის წესს და მისგან გათავისუფლების საფუძვლებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ადგენს საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძველსა და წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლების მქონე სუბიექტთა წრეს.
5. №1438 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმები ადგენს პირის მიერ სახელმწიფოსათვის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნული გადასახდელი კი, თავისი ბუნებით, არის მოსაკრებელი.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საჯარო სერვისების მიღებისათვის შესაძლებელია, დაწესდეს მოსაკრებელი, თუმცა იგი უნდა დადგინდეს კანონით. ამის საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური, საფასურის განაკვეთები და გადახდის წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთან, №96 დადგენილებით განსაზღვრულია საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირება კანონმდებელს არ მოუხდენია.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, საფასურის განაკვეთები და გადახდის წესი, ისევე როგორც საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევები, განისაზღვრება არაუფლებამოსილი ორგანოს აქტით, რაც იწვევს საკუთრების უფლების არალეგიტიმურ შეზღუდვას.
8. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმების ანალოგიური შინაარსის მქონე, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. მოსარჩელის მითითებით, დასახელებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასური განიხილა მოსაკრებლად და მიუთითა, რომ კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების გათვალისწინებით, „112“-ის საფასურის გადამხდელ სუბიექტთა წრის და საფასურის განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მხოლოდ კანონის და არა მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების და მათი განაკვეთების, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესის განსაზღვრის დელეგირებას ახდენს საქართველოს მთავრობაზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება კი არეგულირებს შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებულ საფასურებს, შესაბამის განაკვეთებს, საფასურის გადახდის წესს და მისგან გათავისუფლების შემთხვევებს.
3. მოსარჩელის არგუმენტაციით, შემოსავლების სამსახურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, საკუთარი ბუნებით, არის მოსაკრებელი, რომლის სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კანონითაა შესაძლებელი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები ფორმალური თვალსაზრისით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.
4. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც იგი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ იდავოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმები ცნოს არაკონსტიტუციურად. პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მის უფლებას არ ზღუდავს.
5. ამავე დროს, გარკვეულ მომსახურებაზე საფასურის დადგენა, თავისთავად, საკუთრების უფლების შეზღუდვას არ იწვევს. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დავებზე სახელმწიფოს ბაჟის გადახდის ვალდებულების დადგენის კონსტიტუციურობა შეფასებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოსარჩელის მიერ მითითებული 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები საკუთრების უფლების შემზღუდველად მიჩნია, ვინაიდან ისინი ფინანსურ ტვირთს აწესებდნენ ისეთი ქმედების განხორციელებაზე, რომელიც სწორედ საკუთრების უფლებით არის დაცული. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ „სადავო ნორმა კერძო პირისგან სატელეფონო მომსახურების შესყიდვას უკავშირებს „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდას. როგორც უკვე აღინიშნა, კერძო პირისაგან ამა თუ იმ მომსახურების შესყიდვის მიზნით სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში თავისუფლად შესვლა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ პირის ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული ქმედების განხორციელებას. ამდენად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-14). მაშასადამე, მოცემულ საქმეზე საკუთრების უფლების შეზღუდვას განაპირობებდა არა, თავისთავად, მოსაკრებლის დადგენის ფაქტი, არამედ ის, რომ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოადგენდა სატელეფონო მომსახურების გამწევ პირსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების თავისუფლად დადების შეზღუდვას.
6. №1438 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის ოდენობები. ხსენებულ მომსახურებებზე საფასურის დადგენა შესაძლოა ზღუდავდეს სხვადასხვა უფლებას ან/და საერთოდ არ წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მოსარჩელემ უნდა წამოადგინოს სათანადო არგუმენტაცია კონკრეტული სერვისის მიწოდებისათვის საფასურის განსაზღვრა რატომ წარმოადგენს სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის ამა თუ იმ უფლების შეზღუდვას.
7. მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე მხარე მხოლოდ მიუთითებს შემოსავლების სამსახურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დადგენილი საფასურის ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ იგი თავისი შინაარსით არის მოსაკრებელი. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის არგუმენტაცია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საფასურების დაწესებით მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1438 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1438 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი