შპს "ილიარდი", შპს "R.I.G GAS", შპს "Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)", შპს "ისლეტ ეგრისი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1722 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს "ილიარდი", შპს "R.I.G GAS", შპს "Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)", შპს "ისლეტ ეგრისი" |
თარიღი | 12 აგვისტო 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის: „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადებას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დგინდება ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენა ან/და ის, რომ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: „1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად უნდა იქნეს მიღებული იმდენად, რამდენადაც არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის -ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ:
ა) წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება ამავე ორგანული კანონის -ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეები წარმოადგენენ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც პირდაპირი ზიანი ადგებათ ნორმის არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსით;
გ) სარჩელში აღნიშნული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების
კონსტიტუციურობის საკითხი.
დ) წინამდებარე სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის ვადა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის: „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადებას იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დგინდება ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენა ან/და ის, რომ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
2022 წლის 26 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებით ყადაღა დაედო მოსარჩელე შპს „ილიარდის“ საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო ანგარიშსა და კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. სს ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენდა პროკურორის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშნელოვან საქმეთა სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 092160522021 საქმეზე, შპს „ილიარდის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის გაზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. როგორც პროკურორის შუამდგომლობაში იყო აღნიშნული, შპს „ილიარდი“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომლის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება სამშენებლო სამუშაოების წარმოება. 2022 წლის 09 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა შპს „ილიარდის“ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 თებერვლის N 3135 ბრძანებით შპს „ილიარდს“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 365 339 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგეს 910 226 ლარს, ხოლო ჯარიმა 455 113 ლარს. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 10 თებერვალს გამოიცა N 006-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 743 631.42 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 910 226 ლარი, ჯარიმა - 455 113 ლარი, ხოლო საურავი - 378 292.42 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 26 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ ბანკში შპს „ილიარდის“ საბანკო ანგარიშებსა და კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. შპს „ილიარდის“ მიერ ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი სხვა მოსარჩელეებთან მიმართებითაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მიერ მიღებული 2022 წლის 26 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ ბანკში შპს “Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)”-ის შპს „R.I.G GAS”-ის და შპს „ისლეტ ეგრისის“ საბანკო ანგარიშებს, კომპანიათა საკუთრებაში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს და უძრავ ქონებებს, იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელთა მიერ გასაჩივრებული იყო საგადასახადო დარიცხვის აქტები პირველი ინსტანციის სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით აღნიშნულ მოსარჩელეებსაც უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რითაც მათთან მიმართებით ქონებაზე სისხლის სამართლის ყადაღა შევიდა კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში, ორივე ინსტანციის, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად უგულებელყოფილ იქნა მოსარჩელეების მიერ თავიანთ საჩივარში აღნიშნული მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორის მიერ არასრულად იქნა სასამართლოსთვის ფაქტობრივი გარემოებები წარმოჩენილი, კერძოდ, დავების განხილვის საბჭოს მიერ მათი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, მათ მიერ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები საგადასახადო მოთხოვნებთან ერთად გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შესაბამისად, მოსარჩელეებსა და შემოსავლების სამსახურს შორის დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საგადასახადო დავა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეთა საგადასახადო დავალიანებები წარმოადგენს არაღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, ის არის ძალაში არმყოფი აქტი, რაც, თავის მხრივ, სრულად გამორიცხავს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ამ მოცემულობის მიუხედავად, ორივე ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას კომპანიების უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე სისხლის სამართლის ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის ყადაღა გამოყენებულია იმ ვითარებაში, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლოში საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება გავლენას ახდენს დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის შექმნაზე და არა გამოძიების დაწყებაზე. გამოძიების დაწყება სულ არ ნიშნავს დანაშაულის აუცილებლად არსებობას. მოვლენათა განვითარებამ შესაძლოა აჩვენოს, რომ დანაშაული არ იქნა ჩადენილი, მაგრამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თუ საპროცესო მოქმედების კანონიერებას ეს ეჭვქვეშ არ აყენებს.“
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი სტრუქტურულად განთავსებულია საპროცესო კოდექსის იმ თავში, რომლითაც რეგულირდება „სხვა საპროცესო მოქმედებები“. ზოგადი თვალსაზრისით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს ორ ეტაპად, ესენია: გამოძიების ეტაპი და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპი. აღნიშნულ ეტაპებზე პროცესის მწარმოებელი ორგანოების მიერ გამოიყენება განსხვავებული მტკიცებულებითი სტანდარტები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომლის თანახმადაც, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი წარმოადგენს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. დასაბუთებული ვარაუდი წარმოადგენს ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გამოძიების ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებათა განსახორციელებლად და სხვა საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოსაყენებლად. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის მტკიცებულებების ერთობლიობა აძლევს პროკურორს უფლებას, პირი ცნოს ბრალდებულად, ასევე სასამართლოში დააყენოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ან ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, რომელიც ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებებს (ფაფიაშვილი ლ., საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი. თბილისი: ამერიკის იურისტთა ასოციაცია, 2015, გვ.32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყადაღის დადების მიზანია ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ იმ ქონებას, რომლის ჩამორთმევის საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების სახეს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ანუ, კანონმდებელი ყადაღის გამოყენებას შესაძლებლად მიიჩნევს იმ შემთხვევებში, თუ ქონება წარმოადგენს: ა) დანაშაულის საგანს ან/და იარაღს; ბ) დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს; გ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას. ზემოხსენებული სამი შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია მოითხოვოს ყადაღის დადება, თუკი სახეზე იქნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას დახარჯავენ ან/და გადამალავენ, ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. შესაბამისად, ქონების გადამალვის ან/და დახარჯვის დასაბუთებული ვარაუდი (ანუ ის სტანდარტი, რაც ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის დაყენებისთვის არის დაწესებული) უნდა არსებობდეს მხოლოდ: ა) დანაშაულის საგნის ან/და იარაღის; ბ) დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის; გ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მიმართ (ფაფიაშვილი ლ., საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი. თბილისი: ამერიკის იურისტთა ასოციაცია, 2015, გვ.460-461).
აღნიშნული ნორმის ტელეოლოგიური განმარტებიდან, ასევე, დოქტრინაში დამკვიდრებული სტანდარტებიდან გამომდინარე, ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის დაყენებისთვის უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ყადაღა შეიძლება დაედოს იმ ქონებას, რომელიც რაიმე სახის კავშირშია დანაშაულთან, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს, სულ მცირე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო პრაქტიკაში ხდება ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია. ორივე ინსტანციის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს და ეთანხმება ქონებაზე სისხლისსამართლებრივი ყადაღის დადებას გამოძიების ეტაპზე და ამ ღონისძიებისათვის აუცილებელ წინაპირობად არ მიიჩნევს დანაშაულის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენის აუცილებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია, რადგან სასამართლო პრაქტიკა მოცემულ ნორმატიულ დებულებებში კითხულობს წესს, რომლის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაწყებულია გამოძიება და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დგინდება ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენა ან/და ის, რომ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. აღნიშნული ნორმატიული შინაარსით ქონებაზე ყადაღის დადება დიდ მატერიალურ ზიანს აყენებს მოსარჩელეებს იმდენად, რამდენადაც ნორმის არაკონსტიტუციური განმარტებით სისხლისსამართლებრივი ყადაღა დაედო მოსარჩელეების საბანკო ანგარიშებსა და უძრავ ქონებას, შესაბამისად, ისინი ვეღარ ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და დგანან გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე, რაც ერთმნიშვნელოვნად მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. საკანონმდებლო რეგულირებისას, რა თქმა უნდა, იმთავითვე ვერ იქნება აცილებული ყველა გაურკვევლობა და ეჭვი, მაგრამ აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი სრულად გარკვევით ჩამოაყალიბოს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N 2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37), თუმცა იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სასამართლო პრაქტიკაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, ორ იდენტურ შემთხვევას აქვს ადგილი ნიშნავს, რომ ნორმა იძლევა პრაქტიკაში არაკონსტიტუციური განმარტების არსებობის შესაძლებლობას.
ზოგადად, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ლეგიტიმური საჯარო მიზანი:
უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით გათვალისწინებული საკუთრების უფლების შეზღუდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითიც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიც დასაშვებად მიიჩნევს საკუთრების უფლების შეზღუდვას საჯარო ინტერესებისათვის, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის მიხედვით, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამ ღონისძიების გატარებით კანონმდებელი უზრუნველყოფს ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სამოქალაქო ბრუნვაში დაბრუნების და მისთვის კანონიერი სახის მიცემის პრევენციას, თავდაპირველი მესაკუთრის უფლებების დაცვას, რომლისგანაც მისი ნების საწინააღმდეგოდ გავიდა ეს ქონება და სხვ. ამდენად, უდავოა, რომ სადავო ნორმით დადგენილი ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის ლეგიტიმურია და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
გამოსადეგობა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავად, არ არის საკმარისი. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მხარის მიმართვის საფუძველზე და თუ ქონება წარმოადგენს: ა) დანაშაულის საგანს ან/და იარაღს; ბ) დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს; გ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას, სასამართლო უფლებამოსილია ქონებას დაადოს ყადაღა და ამით მოახდინოს ნივთის მესაკუთრის უფლებების შეზღუდვა, აუკრძალოს მას ნივთის განკარგვა და სარგებლობა. შესაბამისად, უდავოა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება ზემოთ დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.
აუცილებლობა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება აგრეთვე „უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მიერ შერჩეული მექანიზმი უნდა იყოს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც არსებულის მსგავსი ეფექტურობით იქნება შესაძლებელი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-28). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39).
როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებისათვის პრობლემას წარმოადგენს მათ საბანკო ანგარიშებსა და ქონებაზე ყადაღის დადება იმ რეალობაში, როდესაც მათ მიერ გასაჩივრებულია დარიცხვის აქტები და ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს საგადასახადო დავა მათსა და შემოსავლების სამსახურს შორის, შესაბამისად, დარიცხვის აქტები ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული, რაც გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მუხლის ლეგიტიმურ საჯარო მიზანს წარმოადგენს ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფა და აღნიშნულის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ქონებას რაიმე სახის შემხებლობა გააჩნია დანაშაულთან, ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ქონებაზე ყადაღის დადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის შესაძლო ჩადენა დასტურდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, წარმოადგენს უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, ამდენად, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).
მისასალმებელია ის მიზნები, რომელსაც ემსახურება სადავო ნორმა. ქონებაზე ყადაღის დადებით უზრუნველყოფილია ქონების შესაძლო ჩამორთმევა, ხდება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სამოქალაქო ბრუნვაში დაბრუნებისა და მისთვის კანონიერი სახის მიცემის პრევენცია, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისათვის, თუმცა პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა იმ დროს, როდესაც სისხლის სამართლის ყველაზე უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულებითი სტანდარტითაც კი ვერ დასტურდება დანაშაულის შესაძლო ჩადენა, წარმოადგენს საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, რომელსაც კომპანიები მიჰყავს გაკოტრებამდე.
ასევე, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყადაღის დადება იმ ქონებისთვის, რომლის შესაძლო ჩამორთმევის საკითხიც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესი, რომ არ გასხვისდეს ან უფლებრივი დატვირთვა არ განხორციელდეს ქონების, უზრუნველყოფილია ქონებაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, შესაბამისად, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ დავა მიმდინარეობს საგადასახადო ორგანოსა და მოსარჩელეებს შორის, არ არსებობს სისხლის სამართლებრივი ყადაღის გამოყენების არავითარი აუცილებლობა. იმ ვითარებაში, როდესაც საგადასახადო აქტები არ არის ძალაში შესული და მიმდინარეობს საგადასახადო დავა, გამოირიცხება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შესაძლო ჩადენა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სისხლის სამართლის ყადაღის არსებობის პირობებში კი კომპანიებისთვის აზრი ეკარგება საგადასახადო დავების წარმოებას, რადგან ისინი იმყოფებიან გაკოტრების პირას, რაც გამოწვეულია იმით, რომ სისხლის სამართლებრივი ყადაღა ადევს ასევე მოსარჩელეთა საბანკო ანგარიშებს, რის გამოც კომპანიები ვერ გასცემენ ხელფასებსაც კი და ვერ უხდიან კონტრაქტორებს გაწეული მომსახურების თანხას, ამით აზრი ეკარგება მოსარჩელეების მიმდინარე საგადასახადო დავების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი არ აღემატება შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა