„შპს ილიარდი“, „შპს R.I.G GAS“, „შპს Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)“ და „შპს ისლეტ ეგრისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/8/1722 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 19:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ილიარდი“, „შპს R.I.G GAS“, „შპს Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)“ და „შპს ისლეტ ეგრისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 12 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1722) მომართა „შპს ილიარდმა“, „შპს R.I.G GAS-მა“, „შპს Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)-მა“ და „შპს ისლეტ ეგრისმა“. №1722 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 15 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1722 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
5. №1722 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეების მიმართ დაწყებული იყო გამოძიება გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე და, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების სახით, მათ ქონებას დაედო ყადაღა. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმის საფუძველზე სასამართლოს მხრიდან ყადაღის საპროცესო ღონისძიების გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეა საგადასახადო დავა და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დგინდება ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენა ან/და ის, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების სახით, ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი ან/და ის, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, პრაქტიკაში სადავო ნორმა არასწორადაა ინტერპრეტირებული და საერთო სასამართლოები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ქონებაზე სისხლისსამართლებრივი ყადაღის დადებას გამოძიების ეტაპზე, ისე, რომ არ არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.
7. №1722 კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ყადაღის დადებით იზღუდება პირის საკუთრების უფლება, რაც იწვევს მეწარმე სუბიექტების საქმიანობის შეჩერებას და აყენებს მათ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ყველაზე დაბალი სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე საკუთრების უფლების ასეთი მაღალი ინტენსივობით შეზღუდვა არაპროპორციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმა აწესრიგებს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონებაზე ყადაღის დადების, მიზანსა და საფუძველს. კერძოდ, სადავო ნორმა ითვალისწინებს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ქონებას ყადაღა ედება იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დგინდება ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენა ან/და ის, რომ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირის ქონებას შესაძლებელია ყადაღა დაედოს იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ დგინდება ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენა ან/და ის, რომ იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავის მხრივ, იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოიკითხოს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
5. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს ქონებაზე ყადაღის დადების კონკრეტულ წინაპირობებს, განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, რომელთა ქონებასაც შეიძლება დაედოს ყადაღა და ჩამოთვლის მიზნებს/საფუძვლებს, რომელთა უზრუნველსაყოფადაც ხდება ყადაღის გამოყენება. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი გულისხმობს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის. იმავდროულად, ხსენებული კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირად ცხოვრებას, ტარდება სასამართლოს განჩინებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება დაიშვება სასამართლოს ex post ან ex ante ნებართვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კონსტიტუციური უფლების მზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების განხორციელებაზე უფლების მიმნიჭებელი სასამართლოს განჩინებისათვის ერთიან მტკიცებით სტანდარტს – დასაბუთებულ ვარაუდს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმისა და მასთან დაკავშირებული ნორმების სისტემური ანალიზის საფუძველზე, აშკარაა, რომ ტერმინი „მონაცემები“ გამოყენებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის კრებსითი ერთობლიობის აღსანიშნავად და მოიაზრებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისთვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის №2/1/631 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53-54). შესაბამისად, სადავო ნორმა ყადაღის დადების შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (საკმარისი მონაცემები), რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამდენად, უშუალოდ სადავო ნორმის ტექსტი მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციისაა.
7. ვინაიდან თავად ნორმის ტექსტუალური ანალიზი არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, მოსარჩელე მხარემ უნდა წარმოადგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების, როგორც სადავო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ნებართვაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანოს პრაქტიკა, რომელიც დაადასტურებს ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენებას.
8. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებს №1722 კონსტიტუციურ სარჩელზე, მტკიცებულებების სახით, თანდართული აქვთ საქართველოს საერთო სასამართლოების განჩინებები. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სასამართლოს აქტებით საბუთდება სადავო ნორმის მათ მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკა.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს განჩინებები ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება დასაბუთებული ვარაუდის გარეშე. მოსარჩელეებთან მიმართებით, ყადაღის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, საერთო სასამართლომ შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მონაცემები რამდენად ქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 26 მაისის განჩინებაში (საქმე №12/11501) მითითებულია, რომ: „ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ არსებობს თანხების და კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისების ან/და გადამალვის საფრთხე, ანდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, რის გამოც მოსალოდნელი მძიმე შედეგის თავიდან აცილების, დაზარალებულის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიზანშეწონილია შპს „ილიარდის“ საბანკო ანგარიშებს და კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას დაედოს ყადაღა.“ მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში (საქმე №1გ/838-22) სასამართლო აღნიშნავს, რომ: „ ... ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას, მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გაცემისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით,“ ხოლო „საქმეში არსებული მონაცემები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ასაბუთებდნენ, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას“. არსებითად მსგავსი შინაარსისაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება (საქმე №1გ/835-2022).
10. ამრიგად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის საპირისპიროდ, წარმოდგენილი განჩინებებით დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქონებაზე ყადაღის დადებისას, ხელმძღვანელობს ერთიანი მტკიცებითი – დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მაშასადამე, აშკარაა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული შინაარსით განმარტების/გამოყენების შესაძლებლობაზე არ მიუთითებს არც თავად სადავო ნორმის ტექსტი და არც №1722 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. ამდენად, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მათ მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1722 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1722 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ილიარდი“, „შპს R.I.G GAS“, „შპს Iveria Supply Logistics & Energy Trading Group (ISLET Group)“ და „შპს ისლეტ ეგრისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე