ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1716 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე |
თარიღი | 11 ივლისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი - თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. | 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე)საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით - საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონკრეტული ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ სარჩელით და შესაბამისი მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეებს.
გარდა ამისა, სახეზე არ არის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო: ა)იგი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)იგი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ, ვინაიდან განსახილველი საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას და აღნიშნული შინაარსის სარჩელის შეტანის უფლებამოსილება ფიზიკურ პირებს გააჩნიათ; გ)მასში მითითებული და განსახილველი საკითხები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული და გარანტირებული უფლებების დარღვევას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; დ)მასში მითითებული არც ერთი საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე)მასში მითითებული საკითხი საქართველოს კონსტიტუციის დებულებითაა გათვალისწინებული; ვ)მისი შეტანისთვის არ არის დარღვეული კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან აღნიშნული ვადა არ არის დადგენილი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით. ზ)სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსს არ აქვს ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, შესაბამისად, ამ მოტივითაც არ არსებობს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები და იგი დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა - არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხარეებს ავალდებულებს სასამართლოსთვის მიმართვამდე ისეთი სახის მტკიცებულებების გამოთხოვას, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.
სასამართლოსთვის მიმართვის უფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა და მისი ამა თუ იმ ფორმით შეზღუდვა დაუშვებელია, მით უფრო, თუ არ არსებობს ამგვარი შეზღუდვის საფუძველი და შედეგად სხვა პირების უფლებების დაცვა არ ხორციელდება.
პირველ შემთხვევაში, როდესაც პირი სარჩელით მიმართავს სასამართლოს, თავადვეა ვალდებული წარადგინოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ზოგი მათგანი განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და მხარე არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს ამგვარი მტკიცებულება. მაგ. როდესაც პირს სურს სარჩელის აღძვრა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია მოპასუხის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რათა შესაბამისი მტკიცებულებებით გაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა. ამგვარი დოკუმენტებია: ცნობა დასაქმებულის სამუშაო ადგილის შესახებ, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან, ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან და ა.შ. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მომავალ მოსარჩელეზე მისი გაცემა არ ხორციელდება. მეორეს მხრივ, თუ პირმა ერთჯერადად არ მოითხოვა მტკიცებულების მიღება და შესაბამისმა ორგანომ უარი არ განუცხადა, ამ დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე მოსამართლის წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ვერ იშუამდგომლებს, ხოლო ამგვარი შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში, მოსამართლეს მისი დაკმაყოფილების უფლება არ აქვს.
მეორე შემთხვევაში, პირს შეუძლია მიმართოს კერძო ან/და საჯარო დაწესებულებას საქმის განხილვისთვის საჭირო პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი დაურთოს საქმეს და იშუამდგომლოს მტკიცებულების წარდგენის გადავადების თაობაზე, ხოლო ინფორმაციის გაცემაზე უარის თმის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე შუამდგომლობა დააყენოს მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე.
ასეთ შემთხვევაშიც შედეგი იგივე დადგება. თუ პირველ შემთხვევაში პირი არ მიმართავს სასამართლოს მანამ, სანამ შესაბამისი დოკუმენტი ხელთ არ ექნება და მეორე შემთხვევაში მიმართავს მაგრამ დაელოდება ინფორმაციის გაცემაზე უარის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ იშუამდგომლოს პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული ლოდინის ვადაში მისი საქმე არსებითად ვერ გადაწყდება.
თავისთავად ცხადია, რომ სხვისი პერსონალური ინფორმაციის მოსარჩელის მიერ გამოთხოვას შედეგად არასოდეს მოჰყვება ამგვარი მტკიცებულების მოპოვება, თუმცა თუ მან ეს ეტაპი არ გაიარა, სასამართლოს გზით მისი მოპოვების შესაძლებლობას დაკარგავს. ეს კი თავის მხრივ მეტად აჭიანურებს სასამართლოში სარჩელის შეტანის ან საქმის განხილვის დროს, ვინაიდან ამგვარი მტკიცებულების მოპოვებაზე თუნდაც უარის თქმის დოკუმენტის გარეშე ვერ მიმართავს სასამართლოს ან ამ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე ვერ დააყენებს შუამდგომლობას. ასევე, პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის გაცემას სჭირდება შესაბამისი დროის და მატერიალური რესურსი. თუ მოსარჩელე ე.წ. სავალდებულო მიმართვის ვალდებულებისგან გათავისუფლდება, ამ მხრივ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დაიზოგება შესაბამისი დროის და მატერიალური რესურსი. ასევე, საჯარო დაწესებულებისაგან განსხვავებით, კერძო დაწესებულებას არ აქვს განცხადებაზე პასუხის დაბრუნების ვალდებულება ან კანონით დადგენილი ვადა პასუხის გასაცემად, რაც ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად აჭიანურებს სასამართლოში სარჩელის შეტანას ან საქმის განხილვას.
გასაჩივრებული ნორმის მიზანი შეჯიბრობითობის პრინციპს ემყარება. ცხადია, სამოქალაქო სამართალწარმოების განხორციელებისას მხარემ თავად უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები და მხოლოდ უშედეგო ცდის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ამ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობით, თუმცა მაშინ, როცა წინასწარვე ცნობილია, რომ პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდება, მისი მოპოვების უშედეგო მცდელობა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შეყოვნებას ან საქმის განხილვის გაჭიანურებას შეუწყობს ხელს და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას არ ემსახურება, ასევე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვას.
შესაბამისად, პირველ შემთხვევაში ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - მე-2 წინადადება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა