ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/1716 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 3 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 3 ნოემბერი 2022 16:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1716) მომართეს ალექსანდრე კობაიძემ და მირანდა შალამბერიძემ. №1716 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 13 ივლისს. №1716 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 3 ნოემბერს.
2. №1716 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხარეებს ავალდებულებს სასამართლოსთვის მიმართვამდე ისეთი სახის მტკიცებულებების გამოთხოვას, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.
6. მოსარჩელეთა აზრით, გასაჩივრებული ნორმის მიზანი შეჯიბრობითობის პრინციპს ემყარება. სამოქალაქო სამართალწარმოების განხორციელებისას მხარემ თავად უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები და მხოლოდ უშედეგო ცდის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ამ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობით, თუმცა მაშინ, როდესაც წინასწარვე ცნობილია, რომ პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდება, მისი მოპოვების უშედეგო მცდელობა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შეყოვნებას ან საქმის განხილვის გაჭიანურებას შეუწყობს ხელს, რაც მხარეთა შეჯიბრებითობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების უგულებელყოფას წარმოადგენს.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, როდესაც პირი სარჩელით მიმართავს სასამართლოს, იგი თავადვეა ვალდებული, წარადგინოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა ვინაიდან ზოგი მათგანი განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას, მხარე არ არის უფლებამოსილი, მოიპოვოს ამგვარი მტკიცებულება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრა, რა დროსაც მხარე ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია მოპასუხის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რათა შესაბამისი მტკიცებულებებით გაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა. მათი თქმით, ამგვარი დოკუმენტებია: ცნობა დასაქმებულის სამუშაო ადგილის შესახებ, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან, ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან და ა. შ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მესამე დაინტერესებულ პირზე მათი გაცემა არ ხორციელდება. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ, მეორე მხრივ, თუ პირმა ერთჯერადად არ მოითხოვა მტკიცებულების მიღება და შესაბამისმა ორგანომ უარი არ განუცხადა, მხარე სასამართლოს წინაშე ამ დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე სადავო ნორმის საფუძველზე ვერ იშუამდგომლებს, ხოლო ამგვარი შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში, მოსამართლეს მისი დაკმაყოფილების უფლება არ აქვს.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუძლია მიმართოს კერძო ან/და საჯარო დაწესებულებას საქმის განხილვისთვის საჭირო პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი დაურთოს საქმეს და შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, მოითხოვოს მტკიცებულების წარდგენის გადავადება, ხოლო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთი უარის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე - დააყენოს შუამდგომლობა მტკიცებულების სასამართლოს მიერ გამოთხოვის თაობაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, სასამართლოსადმი მიმართვამდე, მოიპოვონ პერსონალურ მონაცემთა შემცველი მტკიცებულებები, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. აღსანიშნავია, რომ №1716 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვების საკითხებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. ეს კონკრეტული ნორმა ხაზს უსვამს სასამართლოს როლს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა წარდგენაში. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ითხოვს ზემოხსენებული სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მხარეებს ავალდებულებს სასამართლოსთვის მიმართვამდე ისეთი სახის მტკიცებულებების გამოთხოვას, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
5. საყურადღებოა, რომ სასამართლოსთვის მტკიცებულების მხარეთა მიერ წარდგენის ზოგად ვალდებულებას ითვალისწინებს არა სადავო ნორმა, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სამართალწარმოება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანის შესახებ. ამასთან, საკუთრივ მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ პროცესში კი მოსამართლე მიუკერძოებელი არბიტრია, რომელიც მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება. შესაბამისად, სასამართლო მკაცრად შეზღუდულია, დაეხმაროს მხარეს ფაქტების მითითებაში.
6. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ესა თუ ის ფაქტი, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლებელია, სასამართლო დაეხმაროს მხარეებს მტკიცებულებათა მოპოვებაში. კერძოდ, როგორც სადავო ნორმითაა განსაზღვრული, კანონმდებელმა მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით დაუშვა გამონაკლისი იმ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც მხარეები მტკიცებულებებს, ამა თუ იმ მიზეზით უშუალოდ ვერ იღებენ. საგულისხმოა, რომ მოსამართლის მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. უფრო კონკრეტულად, ამისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს იმ მხარეთა დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელთაც მტკიცებულების გამოთხოვა სურთ და, ასევე, მათი მხრიდან აღნიშნული მტკიცებულების თავად მიღების (მოპოვების) შეუძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფით, მოსამართლის მინიმალური ინკვიზიციურობით მხოლოდ იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც საკუთრივ მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება არის შეუძლებელი.
7. ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტების ფართო გამოვლინებას წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებათა შეგროვების მომწესრიგებელი რეგულაციებიც. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს უშუალოდ იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე (შინაარსზე), რომელიც მას უზღუდავს მისი საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებას, რასაც, მისი თქმით, შედეგად მოჰყვება შეჯიბრებითობის პრინციპის, საერთო ჯამში კი, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფა.
8. კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად საქმის გონივრულ ვადაში განხილვის შეუძლებლობა და სამოქალაქო სამართალწარმოების უმთავრესი, შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფა. მოსარჩელეთა არგუმენტაცია მიმართულია იქითკენ, რომ სადავო ნორმა მათ ავალდებულებს, მოიპოვონ პერსონალურ მონაცემთა შემცველი მტკიცებულება სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვამდე, მაშინ, როცა პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაცია, თავის მხრივ, არ არის ხელმისაწვდომი მესამე დაინტერესებული პირისთვის. ეს კი, მოსარჩელეთა აზრით, თავისთავად, ართულებს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობას, სარგებლობის შემთხვევაში კი, ართულებს სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვას, რაც მთლიანობაში გაუმართლებლად ზღუდავს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
9. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება მხარის ვალდებულებას, სასამართლოსთვის მიმართვამდე მოიპოვოს ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს, განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას და არა მოსარჩელის სადავოდ გამხდარ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილს. გასათვალისწინებელია რა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად მოსარჩელის ინტერესებში შედის მტკიცებულების მოპოვება და მისი სასამართლოსთვის წარდგენა, ასეთი ვალდებულების არსებობა უშუალოდ გამომდინარეობს მტკიცებულებათა შეგროვების ზოგადი დანაწესიდან და არა ამ პროცესში სასამართლოს მინიმალური ჩარევის მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციებიდან.
10. ამგვარად, სადავო ნორმას არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს და აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელეთა მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულებით არ გამორიცხავს სადავო ნორმისა და კონსტიტუციით დაცულ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების საკითხის არსებობას, თუმცა არა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული იმ სადავო ნორმატიული შინაარსით, რომელიც სადავო ნორმას საერთოდ არ გააჩნია. ცხადია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი №1716 დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1716 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1716 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე