„შპს მაქს-კაპიტალი" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1720 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | „შპს მაქს-კაპიტალი“ |
თარიღი | 28 ივლისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის NO217/04 ბრძანებით დამტკიცებული „ სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის No217/04 ბრძანებით დამტკიცებული „ სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“-ის მე-11 მუხლის (გარდამავალი დებულებანი) 1-ლი პუნქტის, მე-3 წინადადება: „სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნშნულ ვადაში არ წარმოადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის, 1-ლი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის, მე-4 პუნქტის 1-ლი წინადადება: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - ფიზიკური პირის მიერ. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებეთან მიმართებით;
3. სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
4. სარჩელში მითითეთბული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
5. სარჩლში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-19 და 26-ე მუხლებით;
6. კანონოთ არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონასტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
შპს „მაქს-კაპიტალის“ ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ მისი დირექტორი ბადრი ხორავა. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სესხის გაცემა. საქმიანობის არეალი მოიცავდა იმერეთის ტერიტორიას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის No217/04 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირები წესი. მიღებული ბრძანებით დადგენილი სტანდარტებით და მოთხოვნებით კომპანია ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას, ამიტომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც 2018 წლის სექტემბრიდან კომპანიას სესხები აღარ გაუცია, და შესაბამისად არც სათანადო დოკუმენტაცია წარუდგენია საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით. მაგრამ უკვე გასესხებული თანხების ამოღებას სასამართლო გადაწყვეტილების და შემდეგ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობით დღემდე ახდენდა.
კანონის მიღებამდე სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მართავდნენ შეხვედრებს (ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა ქუთაისის მერიის შენობაში 2018 წელს) აღნიშნული კანონის სუბიექტებთან, განმარტავდნენ რომ, კანონმდებელები საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმების შინაარსს ვერ გასცდებოდნენ და კომპანიებს რომლებიც საქმიანობას ვერ გააგრძელებდნენ (ვერ შეძლებდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო ლიცენზიების მოპოვებას, საქმიანობის და სესხის გაცემის უფლება აღარ ექნებოდათ) უკვე არსებული დავალიანების ამოღებაში ხელი არ შეეშლებოდათ.
ბრძანების გამოცემის შემდეგ კი გაირკვა, რომ მე-11 მუხლით (გარდამავალი დებულებანი) „სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოთაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 01 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება“.
შპს „მაქს-კაპიტალის“ მიერ 2019 წლის 01 იანვრამდე არსებული დავალიანებების ამოღებას (რომელიც ხდებოდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით) მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესება, საქმე აღძრული იქნა 2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.
თუ შპს „მაქს-კაპიტალი“ საკუთარი ნებით არ მოახდენდა თანხების ამოღებას (უარს იტყოდა დავალიანების მიღებაზე), მას მაინც შეექმნებოდა პრობლემა ისევ სისხლის სამართლის კუთხით - შემოსავლების დაფარვაში მოედავებოდნენ. გამოსავალი, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლები განმარტავენ იყო აქტივების გასხვისებაში ისეთ კომპანიაზე, რომელიც ახალ კანონმდებლობას მორგებული იქნებოდა. მაგრამ აქ ჩნდება ის მთავარი პრობლემა, რის გამოც აღნინიშული ქმედება გამოსავალი ვერ იქნებოდა შპს „მაქს-კაპიტალის“ და მისი წარმომადგნელისათვის. ყველა სესხი იყო უზრუნველყოფის გარეშე და ამ აქტივების შეძენა იმდენად სარისკო იყო რომ შპს „მაქს-კაპიტალი“ არათუ გასესხებული ძირი თანხის ფარგლებში არამედ საერთოდ რაიმე ღირებულებით ვერ შეძლებდა აქტივების რეალიზაციას.
ფაქტია რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შედეგად სესხის გამცემი სუბიექტები, რომლებსაც არაუზრუნველყოფილი სესხები ჰქონდათ იძულებულები ხდებიან უარი თქვან ფულად თანხებზე (საკუთრებაზე) მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ. ეს არის იძულება და არაფერი საერთო არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-19 და 26-ე მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენტული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური საქმიანობის დაცვასთან, უფრო მეტიც კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული საკუთრების უფლება აღმოჩნდა დარღვეული.
ნორმატიული აქტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აგდებს მეწარმე სუბიექტს და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორიელების დროს ქმნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროებას, უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის No217/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი“-ის მე-11 მუხლის (გარდამავალი დებულებანი) 1-ლი პუნქტის, მე-3 წინადადება: „სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნშნულ ვადაში არ წარმოადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული - სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება“
- მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-19 და 26-ე მუხლების შინაარსთან და უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა