„შპს მაქს-კაპიტალი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/21/1720 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 17 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2022 19:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს მაქს-კაპიტალი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1720) მომართა „შპს მაქს-კაპიტალმა“. №1720 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 29 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 17 ნოემბერს.
2. №1720 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ (შემდეგში, №217/04 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“.
5. №1720 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის, „შპს მაქს-კაპიტალის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სესხის გაცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №217/04 ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი რეგულაციებით დადგენილი სტანდარტებით და მოთხოვნებით კომპანია ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც 2018 წლის სექტემბრიდან კომპანიას სესხები აღარ გაუცია. თუმცა უკვე გასესხებული თანხების უკან დაბრუნებას სასამართლოს გზით ახდენდა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვინაიდან კომპანია 2018 წლიდან აღარ ახორციელებდა სესხის გაცემას, მას არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით. „შპს მაქს კაპიტალის“ მიერ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე სასამართლოში დავას მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესება და მის მიმართ 2021 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ბრძანებით დამტკიცებული წესის შედეგად, სესხის გამცემი ის სუბიექტები, რომლებსაც არაუზრუნველყოფილი სესხები ჰქონდათ, იძულებულები ხდებიან, უარი თქვან გაცემულ სესხებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ. აღნიშნული კი არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას. ამდენად, სადავო ნორმა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მეწარმე სუბიექტს და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების განხორციელების დროს ქმნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროებას. შესაბამისად, სადავო რეგულაცია არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
8. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს, რომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1720 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №217/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაინტერესება და „შპს მაქს-კაპიტალის“ მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სესხის გამცემი ის სუბიექტები, რომლებსაც არაუზრუნველყოფილი სესხები ჰქონდათ, სადავო რეგულაციით, იძულებული არიან, უარი თქვან გაცემულ სესხებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ. აღნიშნული კი არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და მეწარმეობის თავისუფლებას. ამდენად, სადავო ნორმა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მეწარმე სუბიექტს და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების განხორციელების დროს ქმნის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ზოგადი მითითება უფლების დარღვევის ფაქტზე. ამისათვის აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ნათლად უნდა დაანახოს სასამართლოს, რომ სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებაშემზღუდველი წესი არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/18/1584 განჩინება საქმეზე „გიორგი გვაზავა, რუსლან ავალიანი, გოჩა გრიგორიანცი და სხვები (სულ 30 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-21).
5. სადავო ნორმა სესხის გამცემ სუბიექტს უდგენს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში კონკრეტულ ვადაში წარდგენის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ აღნიშნული წესის ამოქმედების შემდეგ „შპს მაქს-კაპიტალმა“ საკუთარი ნებით შეწყვიტა საქმიანობა და იგი აღარ ახორციელებდა სესხის გაცემას, ხოლო უკვე გაცემული სესხის უკან დაბრუნებას სასამართლოს გზით ახდენდა. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებების დარღვევა. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ იგი სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, ვერ ახდენს 2019 წლის პირველ იანვრამდე ან შემდგომ პერიოდზე გაცემული სესხების დაბრუნებას. უფრო მეტიც, სადავო ნორმა საერთოდ არ ეხება იმ საკითხს, ეკრძალებათ თუ არა, გარკვეული პერიოდის შემოსაზღვრით, იმ მეწარმე სუბიექტებს უკვე გაცემული სესხის ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, რომლებმაც სადავო ბრძანების ამოქმედების შემდგომ საკუთარი ნებით შეწყვიტეს საქმიანობა. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მხოლოდ იმაზე აპელირებს, რომ იგი, მეწარმე სუბიექტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციის პროცესში, ქმნის მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საშიშროებას. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა არ არის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა და იგი საერთოდ არ განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1720 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1720 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს მაქს-კაპიტალი“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე