ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1439 |
ავტორ(ებ)ი | ამირან კოპალეიშვილი, იმედა საღინაძე |
თარიღი | 7 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ემუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ნებისმიერი არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 ნაწილი - კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი; 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი; 31-311- ე მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- სარჩელის მიმართ არ არსებობს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება:
- სარჩელი შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
- შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
- სარჩელში მითითებული ყველასადავოსაკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული ყველა სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
- სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში, მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.მოთხოვნის არსი
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გახდილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ემუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ნებისმიერი არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას.
2. მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოება
სისხლის სამართლის საქმეში 1/92-19წ. (N0411900918004), ბრალდებულების იმედა საღინაძისა და ამირან კოპალეიშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის 11ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მოთავსებულია არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები და ამგვარი მტკიცებულებების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულებები (,,მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინა), რომლებიც, ცალსახად აუარესებენ ბრალდებულების სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს და მათ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. თუმცაღა, აღნიშნული მტკიცებულებები, წინასასამართლოს სხდომის განმხილველი მოსამართლის მიერ არ შემოწმებულა და არ შეფასებულა სისხლის სამართლის საქმესთან დასაშვებობის თვალსაზრისით და ისინი შემოწმების გარეშე დაშვებულ იქნა საქმეში. შესაბამისად, მათი დასაშვებობის კრიტერიუმი გახდა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მარტივი ფორმით დაფიქსირებული დადებითი პოზიცია, მოწინააღმდეგე მხარის დასაშვებობის შუამდგომლობაზე, მაშინ როდესაც მტკიცებულებების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ცხადი გახდებოდა ქვემოხსენებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, რა დროსაც, ჩვენის აზრით, სასამართლო ვალდებული იყო მინიმუმ კითხვით მაინც მიემართა ბრალდების მხარისათვის კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების თაობაზე, რაც რაოდენობრივად არცთუ ისე ცოტაა საქმეში და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სისხლის სამართლის საქმე დიდწილად კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებსა და ამგვარი მტკიცებულებების საფუძველზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებზეა (,,მოწამლული ხის ნაყოფის“ დოქტრინა) დაყრდნობილი.
მოსარჩელეს ასეთად მიაჩნია შემდეგი სახის მტკიცებულებები:
1. საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის“ საინფორმაციო ვებგვერდიდან პიდაპირი ფორმით ამოპრინტერებული ინფორმაცია და გამომძიებელ გია ხარატიშვილის მიერ შედგენილი 19.09.2018წ. დათარიღებული ,,ინტერპრესნიუსის“ საინფორმაციო ვებგვერდის დათვალიერების ოქმი.
2. საინფორმაციო სააგენტო ,,MEGA.tv.ge” - ს საინფორმაციო ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი, გადატანილი CD-R დისკზე და გამომძიებელ გია ხარატიშვილის მიერ შედგენილი 20.09.2018წ. დათარიღებული აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი.
3. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, სხდომათა დარბაზის წინ დამონტაჟებული სამეთალყურეო კამერის ჩანაწერი, 2018 წლის 19 სექტემბრის 13:50 საათიდან 14:15 წუთამდე, ჩაწერილი DVD დისკზე; ასევე, მიმართვის წერილები, რომელთა საფუძველზეც არის მოპოვებული და საქმეზე პროცესუალურად დამაგრებული აღნიშნული სამეთალყურეო კამერის ჩანაწერი; ასევე, აღნიშნული სამეთალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმები, კერძოდ: გამომძიებელ გია ხარატიშვილის მიერ შედგენილი 03.10.2018წ. დათარიღებული დათვალიერების ოქმები გიორგი უკლებას და გრიგოლ შუშანიას მონაწილეობით და 04.10.2018წ. დათარიღებული დათვალიერების ოქმები ამირან კოპალეიშვილის, იმედა საღინაძის, ალექსანდრე ახალაძის და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილის მონაწილეობით.
4. ქ. ქუთაისის მერიის სამეთალყურეო კამერის ჩანაწერზე გამომძიებელ გია ხარატიშვილის მიერ გამოტანილი დადგენილება კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და შესაბამისი დასკვნა, მიმართვის წერილთან ერთად.
5. ვიდეო საიტ ,,YouTube”-ს გვერდიდან CD-R დისკზე გადატანილი, საინფორმაციო სააგენტო ,,ქუთაის პოსტის“ მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი სათაურით ,,დაპირისირება ქუთაისის საკრებულოში“ და გამომძიებელ გია ხარატიშვილის მიერ შედგენილი 22.10.2018წ. დათარიღებული აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი.
6. მოწმე გიორგი უკლებას მიერ 21.09.2018წ. გამოძიებისათვის განცხადებით წარდგენილი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ე.წ. ფეისბუქ გვერდის ე.წ. ,,სქრინშოტები“.
3. მიმართება კონსტიტუციის ნორმებთან:
3.1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიმართება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 ნაწილთან.
1. სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის რედაქციით ,,საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებით მტკიცებულებათა წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე“, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის კონტექსტზე მხოლოდ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილშია საუბარი, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნორმა მხოლოდ არსებითი განხილვის ეტაპზე დამატებით წარდგენილ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესაძლებლობას იძლევა, მოსარჩელეთა აზრით, იგი აშკარად ზღუდავს კონსტიტუციით აღიარებულ მხარის საპროცესო უფლებას და შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 ნაწილთან, რომლის თანახმადაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს, რაც იძლევა იმპერატიული განმარტების შესაძლებლობას, რომ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება მართლმსაჯულების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე უნდა იყოს შეუძლებელი და ასეთი მტკიცებულებების გაცხრილვის ეტაპად მხოლოდ წინასასამართლოს სხდომის განსაზღვრა არის არაკონსტიტუციური შინაარსის დანაწესი ნებისმიერი მტკიცებულებისათვის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“, თუმცა თუკი მხარემ შეჯიბრობითობის უფლება ეფექტურად ვერ გამოიყენა, ამასთან თუკი მოსამართლემაც არ შეასრულა ჯეროვნად თავისი ინკვიზიციური მოვალეობა და მტკიცებულებებს არ გაეცნო სიღრმისეულად, მივდივართ იმ უკიდურესობამდე, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაძლოა გამოკვლეული იქნას კანონის ყველაზე უხეში ფორმის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაც კი.
მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დასაშვებობის თვალსაზრისით, რაც მოსამართლევს აძლევს შესაძლებლობას, განაჩენის გამოტანისას არ იხელმძღვანელოს სხდომაზე გამოკვლეული კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებით, თუმცა აღნიშნული არ არის გამართლებული მრავალი თვალსაზრისით და ზღუდავს მოქალაქის კონსტიტუციურ გარანტიებს, კერძოდ:
დღევანდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ამ კოდექსის ნორმათა განმარტებების თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გარკვევა წარმოადგენს წინასასამართოს სხდომის განმხილველი მოსამართლის ვალდებულებას, თუმცა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკა აცდენილია ამ განმარტებას, უფრო მეტიც, წინასასამართოს სხდომის განმხილველი მოსამართლეები რეალურად არ აფასებენ მტკიცებულებებს დასაშვებობის თვალსაზრისით, თუ ამის შესახებ მხარეებმა არ იშუამდგომლეს. აღნიშნულს ისინი ხსნიან იმ გარემოებით, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე არ შედის მტკიცებულებათა გამოკველევაში და გამოუკველეველი მტკიცებულებულების სიღრმისეული შეფასება მათ არ შეუძლიათ. ხოლო შემდეგ უკვე, არსებითი განხილვის მოსამართლე ამბობს, რომ მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხი წინასასამართლოს სხდომის განმხილველ მოსამართლეს უნდა გამოერკვია და ის ვერაფერს შეცვლის. ამ დროს, წინასასამართლოს სხდომის განმხილველ მოსამართლეს ევალება სხდომამდე შეისწავლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები არის თუ არა მოპოვებული კანონის დაცვით, ხოლო იმ შემთვხვევაში თუკი ასეთს აღმოაჩენს, არ დაუშვას საქმეზე ასეთი მტკიცებულებები, იმისდა მიუხედავად, მოითხოვა თუ არა სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ მათი დაუშვებლად ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლოების დღეს არსებული მიდგომით აზრი ეკარგება წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვას, ვინაიდან იგი ირიბად შეიცავს მოწოდებას არსებითად გამოკვლევის გარეშე არ მოხდეს მტკიცებულებათა დაუშვებლობის შეფასება.
ამ დროს კი ვდგებით იმ მოცემულობის წინაშე, რომ თუკი წინასასამართლოზე მხარემ შეჯიბრობითობის უფლება ეფექტურად ვერ გამოიყენა საქმის არსებითი განხილვისას შესაძლოა გამოკვლეული იქნას კანონის ყველაზე უხეში დარღვევით მოპოვებული ისეთი მტკიცებულება, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასაჯოროვებს პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და ა.შ. ასევე, მხედველობაშია მისაღები ასეთი მტკიცებულებების გამოკვლევით დახარჯული სახელმწიფო, ადამიანური და მატერიალური რესურსი. მოგეხსენებათ სხდომა არის საჯარო და ზემოხსენებული გარემოება გამოუსწორებელი შედეგს იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ სხდომაზე დამსწრე ობიექტური დამკვირვებელი ხედავს სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო კამერების ჩანაწერებს, ფოტოკოლაჟს, ასევე ისმენს გამომძიებლებისა თუ სხვა მოწმეების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც მათ - ობიექტურ დამკვირვებელს არწმუნებთ ბრალდებაში გაჟღერებული ფაქტების რეალურობაში. ამის ფონზე კი მოსამართლის განაჩენისეული შეფასება, რომ ეს მტკიცებულებები იყო კანონის პროცესუალური დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რის გამოც ვერ გაიზიარებს - ობიექტური დამკვირვებლის თვალში და საზოგადოებაში აჩენს ღრმა ეჭვს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში, რითაც მცირდება საზოგადოების ნდობა სასამართლოსა და მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე სხვა ინსტიტუციების მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში კი ეს პრობლემა შეეხება მოსარჩელეებსაც, ვინაიდან მოწმეთა დაკითხვის, ვიდეო ჩანაწერების სხდომაზე ჩვენების შემდეგ, მოსამართლე მართალია არ გაიზიარებს კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს...ალბათ არ გაიზიარებს..., მაგრამ ბრალდების დაუდასტურებლობის მოტივით გამართლების ფონზეც მოსარჩელეებს გაუჭირდებათ საზოგადოების თვალში წარმოჩინდნენ გამართლებულად, რითაც ირღვევა მათი, როგორც პოტენციური გამართლებულების საპროცესო გარანტიები.
მხედველობაშია მისაღები მოსამართლის ფაქტორიც, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ გამწესების დღემდე არსებული პროცედურების არცერთ ეტაპზე არ ხდება მოსამართლეობის მაძიებლის ფსიქოლოგიური მდგრადობის შემოწმება, რაც მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის მოქმედების პირობებში, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოღვაწე მოსამართლის შინაგანი რწმენა გაუძლებს ცდუნებას და გადაწყვეტილების მიღებისას არ მოახდენს მასზედ ზეგავლენას კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად მიღებული ბრალდებულის საზიანო ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებათა დასაშვებობის შეფასება მოხდა მთელი რიგი პროცედურების დარღვევით. სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, როგორც წინასასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, ბრალდების მხარემ ყოველგვარი მტკიცების გარეშე მოითხოვა ზემოხსენებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო იყო ვალდებული გამოერკვია საეჭვო მტკიცებულებების საკითხი და მინიმუმ კითხვა დაესვა მტკიცებულებების წარმომდგენი მხარისათვის, თუ რა იყო მიზეზი საქმეში მოთავსებული მტკიცებულებების პროცესუალური ნორმების არსებითი დარღვევით დამაგრებისა. დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას განამტკიცებს საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის კომენტარის მე-9 პუნქტიც, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა შუამდგომლობით და ვალდებულია, დაუშვებლად ცნოს მტკიცებულება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას“ (ავტორთა კოლექტ. თბილისი, 2015წ.)
მტკიცებულებების შეფასების პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც ასუსტებს არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ საპროცესო გარანტიებს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულის კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, ვინაიდან კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევამ შესაძლოა მართლმსაჯულება გახადოს არასამართლიანი.
ამდენად, სადავო ნორმა აშკარად ზღუდავს კონსტიტიციით აღიარებულ საპროცესო უფლებას, კერძოდ მოსარჩელეებს აღნიშნული ნორმის საფუძველზე ეზღუდებათ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევით მიყენებული სამართლებრივი და მორალური ზიანის თავიდან აცილების შესაძლებლობა. გარდა ამისა, უფლებაშემზღუდველი აქტი არალეგიტიმურად ასუსტებს მათ სათანადო პროცესუალურ გარანტიებს და ასეთი შეზღუდვა არის გაუმართლებელი, არაპროპორციული და ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის შეუსაბამო საშუალება.
ამასთან, მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელეების დასაბუთებული მოსაზრებით კანონის დარღვევითაა მოპოვებული, წარმოადგენენ სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული წერილობითი მტკიცებულებების 50-60 %-ს, რომელთა იმდაგვარად გამოკვლევა, რომ არ მოხდეს მათი დაუშვებლობის საკითხის დასაბუთებული შეფასება სასამართლოს მიერ, სამართალწარმოების პროცესს ერთობლიობაში აქცევს არასამართლიანს, რითაც მოსარჩელეებს დაერღვევათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სადავო მტკიცებულებები გადამწყვეტია სისხლის სამართალწარმოების შედეგისთვის.
აქედან გამომდინარე, განაჩენის თუ სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს აუცილებლად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა და მოისმინოს/მიიღოს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება იმ მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რაც მხარის შეფასებით არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და რომელი მტკიცებულების დაუშვებლობის საკითხზეც სასამართლოს მანამდე არ აქვს ნამსჯელი.
აღნიშვნას იმსახურებს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საკანონმდებლო ჩანაწერი ,,განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“, სადაც ცალსახად იკითხება, რომ წინასასამართლოზე განიხილება მხოლოდ მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე და არა მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე. რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ მხარე საკუთარი მტკიცებულების დასაშვებობას შუამდგომლობს და თუკი მეორე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობას დასაშვებობის თაობაზე, აღნიშნული მტკიცებულება ავტომატურად იქცევა დაუშვებლად, რომლის გასაჩივრებაზეც საუბარია სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილში. ამდენად, აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მხარის უფლებას დააყენოს შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მას შეუძლია მხოლოდ პოზიცია დააფიქსიროს აღნიშნულთან მიმართებაში, შესაბამისად საქმის არსებითი განმხილველი მოსამართლის განმარტება, რომ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების ეტაპი უკვე განვლილია და მისი დაყენება წინასასამართლო სხდომაზე უნდა მომხდარიყო, მიმართულია მოსარჩელეების საპროცესო გარანტიების რეალიზების საწინააღმდეგოდ, რითაც გაუმართლებლად ერთმევათ მათ უფლება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იშუამდგომლონ მოწინააღმდეგე მხარის მიერ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობაზე.
საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებათა დაუშვებლობის წარმოდგენილი შემთხვევისაგან განსხვავებით, ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში გაუმართლებლად იზრდება იმის რისკი, რომ ვერდიქტი გამოიტანონ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციურ პრინციპთან და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულ წილად სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების გარანტიას წარმოადგენს, სრულებით კარგავს აზრს და პირიქით სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების საპირისპირო მექანიზმად გვევლინება.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, თუ რაოდენ არაკონსტიტუციური მდგომარეობაა შექმნილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე, შუამდგომლობის დაყანების შესაძლებლობის არარსებობით, რაც ვფიქრობთ მხედველობაში იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული გამოსწორდება ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა