ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1439 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1439) მომართეს ამირან კოპალეიშვილმა და იმედა საღინაძემ. №1439 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 8 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1439 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე“.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.
5. №1439 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეების მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა და მათ საქმეში მოთავსებულია უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები და ასევე მათ საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვისას წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ იხელმძღვანელა მხოლოდ დაცვის მხარის დადებითი პოზიციით ბრალდების შუამდგომლობაზე მათი დაშვების შესახებ და დამატებით შემოწმების გარეშე დაუშვა ისინი საქმეში. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მტკიცებულებების დამატებითი ანალიზის საფუძველზე ცხადი გახდებოდა მათი დაუშვებლობის საკითხი, ახლა კი მათ სადავო ნორმა ართმევს შესაძლებლობას, არსებითი განხილვის სხდომაზე მოითხოვონ შუამდგომლობით ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა. შესაბამისად, თუ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე არ მოიკვლევს მტკიცებულებას სიღრმისეულად და მხარეც ეფექტურად ვერ ისარგებლებს დაცვის უფლებით, საქმეში აღმოჩნდება კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ უკანონო მტკიცებულებების დაუშვებლობის პრინციპთან.
6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცებულებათა დასაშვებობის არსებით სხდომაზე შემოწმების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე და ის მხოლოდ ეხება არსებითი სხდომის ეტაპზე დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს. აღნიშნული გამორიცხავს იმ მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას, რომლებმაც გაიარეს წინასასამართლო სხდომის ეტაპი.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, მართალია, არსებითი საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აქვს ვალდებულება, გაიზიაროს ყველა დაშვებული მტკიცებულება და არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ამგვარი მტკიცებულებები არ გაიზიაროს განაჩენის გამოტანისას, თუმცა მათ შესაძლოა მაინც იქონიონ გავლენა მოსამართლის შინაგან რწმენაზე და, გარდა ამისა, მათი გამოკვლევა ხდება არსებით სხდომაზე, რაც ბრალდებულების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეც იქონიებს გავლენას.
8. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნაა, საქმეში არ არსებობდეს კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, მხოლოდ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმების შესაძლებლობა წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ მოთხოვნასთან.
9. დამატებით, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ამგვარი მოწესრიგება კიდევ უფრო პრობლემურია იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რადგან იზრდება რისკი იმისა, რომ მათი ვერდიქტი უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. შესაბამისად, აუცილებელია, არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, იშუამდგომლოს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამორიცხავს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ნებისმიერი არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ის არის ერთადერთი ჩანაწერი კოდექსში, რომელიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს არეგულირებს, თუმცა იგი შეეხება მხოლოდ არსებითი სხდომის ეტაპზე დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც გამორიცხავს საქმეში უკვე არსებული, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე განხილული, მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე“. დასახელებული ნორმა აწესრიგებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების საქმეში დაშვების შესახებ წესს. იგი განსაზღვრავს ამგვარი მტკიცებულებების შეფასებისას რა უნდა გამოიკვლიოს მოსამართლემ და რის საფუძველზე უნდა მიიღოს მათი დაშვება/არდაშვების შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს რაიმე აკრძალვას ზოგადად საქმეში არსებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების თაობაზე არსებითი განხილვის სხდომაზე, არამედ ის ვიწროდ შემოისაზღვრება მხოლოდ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ წესების დადგენით. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელეების მიერ მითითებული უფლების მზღუდავი ეფექტი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1439 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1439 („ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი