დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1377 |
ავტორ(ებ)ი | დიმიტრი ღონღაძე |
თარიღი | 5 დეკემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის, 1-ლი ნაწილი: „თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები, ვინაიდან:
ა) სარჩელი თავისი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
(„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშ შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმების არსებობის პირობებში მომავალში შესაძლებელია დაირღვეს არა მარტო ჩემი, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება);
გ) სარჩელში დასმული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) საკონსტიტუციო სარჩელით წარმოდგენილი სადავო საკითხი აქამდე გადაწყვეტილი არ ყოფილა სასამართლოს მიერ;
ე) კონკრეტული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) დარღვეული არ არის სარჩელის შემოტანის ვადები;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ს ა კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ს ა რ ჩ ე ლ ი ს მ ო თ ხ ო ვ ნ ა:
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებაში, რომლის თანახმადაც: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“
დ ა ვ ი ს ა რ ს ი დ ა დ ა ს ა ბ უ თ ე ბ ა;
ა) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო:
საქართველო სკონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობის შესახებ. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს”. /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1/.
ამასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა”. /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59/.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უფლება წარმოადგენს ისეთ ძირითად და ფუნდამენტალურ უფლებას, რომლის მეშვეობითაც პირი უზრუნველყოფს თავის დარღვეული თუ სადაოდ ქცეული სხვა დანარჩენი უფლებების სასამართლო წესით დაცვას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება წარმოადგენს სხვა მატერიალური უფლებების დაცვის შესაძლებლობის პროცესუალურ უფლებას. ყოველივე აღნიშნული კი იწვევს აუცილებლობას ეს უფლება განმარტებული იქნეს ფართო გაგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება სხვა ძირითადი უფლებით დაცული სფეროს გამოყენების საკითხი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირების მიერ, ვინაიდან თითოეული უფლება შესაძლებელია ადრე თუ გვიან დაირღვეს და პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას მისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებები. მიგვაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებული უფლების ერთ-ერთ დაცულ სფეროს; - პირის უფლება დაიცვას მისი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული სხვა ძირითადი უფლებები სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
მსგავსი განმარტება იქნა გაკეთებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ / 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14 / სადაც სასამართლომ აღნიშნა: „სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.
ამასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს არა მარტო პირის უფლებას ისარგებლოს უფლების დაცვის პირველადი პროცედურებით, როგორიცაა მაგალითად - სარჩელის აღძვრა, არამედ უზრუნველყოფს უფლების დაცვის შემდგომი პროცედურებით სარგებლობას, რომლებიც თავის მხრივ ემსახურებიან უფლების აღსადგენად აღძრული სარჩელის დაცვას, მისაღები გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, მართმსაჯულების ეფექტური განხორციელებას და ა. შ. ასეთი ინსტიტუტებია: სარჩელის უზრუნველყოფა, გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, მოწმის, ექსპერტის დაკითხვის შუამდგომლობა და სხვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს -„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“., II-9/.
ამდენად, ზემოდ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, რეზიუმის სახით შიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში მოიაზრება როგორც დარღვეული თუ სადავოდ ქცეული სამოქალაქო უფლების დასაცავად სარჩელის აღძვრა (სასამართლოსთვის მიმართვა), ამასთან ერთად სამართალწარმოებისას ყველა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც უზრუნველყოფს უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს წესით სრულყოფილ და ეფექტურ დაცვის შესაძლებლობას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა გასაჩივრებული ნორმის მიერ.
როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, წინამდებარე საკონსტიტუციო საჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის, 1-ლი ნაწილი. განვმეორდებით და მოვიხმობთ აღნიშული ნორმის დისპოზიციას, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
„თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.“
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ნორმის დისპოზიცია მარტივი შინაარსისაა და მისი განმარტების საჭიროება არ დგას და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა აღნიშული ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, თუ პირმა აღძრა სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლე(ბე)ბის დასაცავად და სარჩელთან ერთად მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო, რომელიც დააკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ამასთან მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მოპასუხის შუამდგომლობის ან თავისი ინიციატივითი, გამოიტანს განჩინებას მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების თაობაზე. იხილეთ ნორმის დისპოზიცია: „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე“.
„მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა“ გასაჩივრებული მუხლის თანახმად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, შეიძლება იყოს ფულადი თანხა ან ფასიანი ქაღალდები, რომელიც სასამართლო განჩინებით დადგენილი ოდენობით მოსარჩელე მხარემ უნდა შეიტანოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმის სწორედ ეს წესი, დანაწესი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ უფლებას, კერძოდ გასაჩივრებული სამოქალაქო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცულ სფეროს, რომელიც გამოიხატება შემდეგში:
ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას. „უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს... მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა“ აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში. /საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება NN1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45/.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი და კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის ნათლად ფორმულირებული წესის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული/თანაზომიერი საშუალებით“. /2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/2/596 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20/.
ამდენად, ყოველგვარი ჩარევა უფლებაში და უფლებით დაცული სფეროს შეზღუდვა, უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად პროპორციული/თანაზომიერი პრინციპის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლო მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნების შესახებ განმარტა, რომ: „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“. /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“, II-60/
ამასთან, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“. /საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15/.
ჩვენს კონკრეტულ შემთვხევაში, მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევას აქვს ადგილი ვინაიდან გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმა, იმდაგვარი შინაარსით არის წარმოდგენილი, რომ გვევლინება მიზნის მიღწევის, არაპროპორციულ, არათანაზომიერ საშუალებად.
კერძოდ, აბსოლუტურად გასაგებია და გვესმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის იდეა, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ სამოქალაქო საქმეებზე მართმსაჯულების განხორციელებისას არ მოხდეს მხოლოდ მოსარჩელის უფლებების მომეტებული დაცვა, რამაც არ გამოიწვიოს მოპასუხის ულებების ზომაზე მეტად შეზღუდვა. მაგალითად, არ მოხდეს მოსარჩელე მხარის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებების მხოლოდ იმ მიზნით გამოყენება, რომ ზიანი მიადგეს მოპასუხეს და მოპასუხე მხარესაც ქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ან/და შეიძლება მიადგეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, რომელიც გაუმართლებელი გამოდგა ან/და სარჩელი არ დაკმაყოფილდა ან საქმის წარმოება შეწყდა სხვადასხვა მიზეზით. მაგრამ ვასაბუთებთ, რომ აღნიშული „ლეგიტიმური მიზნის“ მისაღწევად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი „ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გზა“ აბსოლუტურად არათანაზომიერი და არაპროპორციულია. კერძოდ, სადავო ნორმით დადგენილია, რომ თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამე არ არის დადგენილი, მოსარჩელე მხარემ მის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს მხოლოდ ფულადი თანხით ან/და ფასიანი ქაღალდით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ის ლეგიტიმური მიზანი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება, შეიძლება მიღწეული იქნეს არა მარტო ფულადი თანხის ან/და ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, არამედ ასევე უზრუნველყოფის სხვა საშუალებებით, თუნდაც სადავო ნორმის მეორე ნაწილით დადგენილი საშუალებით, როგორიცაა „რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა“, და არამარტო აღნიშული უზრუნველყოფის საშუალებებით, არამედ ასევე სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით, როგორიცაა იპოთეკა, გირავნობა და სხვა... აღნიშულის საწინააღმდეგოდ სადავო ნორმა აწესებს შეზღუდვას და ითვალისწინებს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად ფულადი თანხების ან ფასიანი ქაღალდების განთავსებას სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნული შეზღუდვა მიგვაჩნია, რომ აშკარად არაკონსტიტუციურია, ვინაიდან, როგორც დავინახეთ იგი მოსარჩელე მხარეს ზღუდავს მოახდინოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით როგორიცაა იპოთეკა, გირავნობა და სხვა, რაც სრულიად საკმარისი იქნება უზრუნველყოფილი იქნეს მოპასუხისათვის მიყენებული მოსალოდნელი ზიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი თანხა არის ის ხმარებადი სიკეთე, რომელიც ხშირ შემთვხევაში ფიზიკურ პირებს არ გააჩნიათ დაგროვებული სახით, იქნება ეს ნაღდი თუ არანაღდი ანგარიშით. პირებს ხშირ შემთხვევაში ფული დაბანდებული აქვთ უძრავ თუ მოძრავ ქონებაში, ბიზნესში, შესაძლებელია განთავსებული ქონდეთ ვადიან ანაბარზე და ასე შემდეგ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფული არის ის სამართლებრივი სიკეთე რომლისგანაც პირები ცდილობენ მიიღონ მოგება, რის გამოც ხდება მისი დაბანდება სხვადასხვა საშუალებებში. ყოველივე აღნიშულის გამო, პირს შესაძლებელია არ ქონდეს ფულადი თანხა იმ ოდენობით, რა ოდენობის მოსალოდნელ ზიანზეც მიუთითებს მოპასუხე მხარე, მაგრამ ქონდეს ქონება, რომლის ღირებულება სრულად უზრუნველყოფს მითითებული მოსალოდნელი ზიანის ანაზრაურებას. ამდენად, გასაჩივრებული ნორმა, პირს, რომელიც სასამართლოში გამოდის მოსარჩელე მხარედ, უზღუდავს შესაძლებლობას მისი განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფით გამოწყვეული ზიანის უზრუნველყოფა მოახდინოს მაგალითად მისი ქონებით, უძრავი ქონების იპოთეკით ან/და მოძრავი ნივთის გირავნობით დატვირთვით მოპასუხის სასარგებლოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული აღკვეთი ღონისძიების ერთ-ერთი სახე- გირაო, განმარტებულია როგორც ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. /იხ. მუხლი 200/ ამავე მუხლის თანახმად ბრალდებული უფლებამოსილია ფულადი თანხის ნაცვლად შეიტანოს უძრავი ქონება, რომელსაც ედება ყადაღა. შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ მაგალითად არ გამოდგება მოყვანილი ნორმით დაწესებული რეგულაცია, თუმცა ცხადია, რომ კანონმდებელმა გაითვალისწინა ჩვენს მიერ ზემოდ მოყვანილი მსჯელობა ფულთან დაკავშირებით და ბრალდებულს მისცა ფულის ექვივალენტი ქონების გამოყენების შესაძლებლობა, რაც შვენს სადავო შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმით მხარეებს აქვთ შეზღუდული.
აქვე დავსძენთ, რომ მოპასუხე მხარის მიერ შეიძლება გაჟღერებული იქნეს პოზიცია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც გასაჩივრებული ნორმა მხარეებს აძლევს ალტერნატიული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობასო და მიუთითოს გასაჩივრებული ნორმის შემდეგ სიტყვებზე: „თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან“.
ასეთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის ეს პოზიცია, ვინაიდან მოდავე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისას, ხოლო დავათა კატეგორია ცხადია არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავის კატეგორიით. დავიც კატეგორიას წარმოადგენს დელიქტიდან წარმოშობილი ურთიერთობები და ა.შ. სადაც შესაძლებელია მოდავე მხარეები დავის წარმოშობამდე არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ „სხვა რამეზე“, ანუ მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის სხვა წესზე.
ამდენად, სადავო ნორმით მოსარჩელე პირის შეზღუდვა, მხოლოდ ფულადი თანხით უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება, არის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა, ვიაიდან მოსარჩელე პირის მიერ სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში დეპოზიტზე თანხის განუთავსებლობა იწვევს მის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რამაც მომავალში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთვხევაში, შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს გადაწყვეტიების აღსრულება, რაც როგორც ზემოთ ავღნშნეთ, გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ შეიძლება მიიღოს ფორმალური მართმსაჯულება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა მხოლოდ ქაღალდზე. ყოველივე აღნიშული მსჯელობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და იგი უნდა გაუქმდეს.
და სულ ბოლოს, დავსძენთ, რომ ჩვენ სრულიად გათავისებული გვაქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია და მისი უფლებამოსილება, რომ სასამართლოს არ გააჩნია კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება, რის გამოც ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებას. ჩვენი მოთხოვნა წარმოადგენს იმ უკანონო ნორმის გაუქმებას, რომელიც მოცემულია ჩვენს მიერ სარჩელის გასაჩივრებული ნორმის გრაფაში, და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში თუ რაიმე საკითხი ღიად დარჩა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, მას საერთო სასამართლო გადაწყვეტს კანონის ან სამართლის ანალოგიით ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნება ახალი ნორმა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა