საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/3/1377 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/3/1377 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 17 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2022 16:49 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/3/1377 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/3/1377 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე - დიმიტრი ღონღაძის მოთხოვნა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2. საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის საკითხს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. დასახელებულ საქმეზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ თანაზომიერების პრინციპით სადავო ნორმის შეფასების ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე, ნაცვლად დაცულ და შეზღუდულ ინტერესებს შორის ბალანსის გამორკვევისა, იმსჯელა გირავნობისა და იპოთეკის ბუნებაზე, აღნიშნული მექანიზმების, როგორც შეზღუდვის შესაძლო ალტერნატივებზე, მიუთითა მოსარჩელე მხარის მიერ არგუმენტაციის სიმწირესა და მოთხოვნის იმგვარად ჩამოყალიბებაზე, რაც სასამართლოს პოზიტიურ კანონმდებლად აქცევს და საბოლოოდ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებით არ იქნა გათვალისწინებული და ყურადღების მიღმა დარჩა მოსარჩელე მხარის ინტერესი და სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ინტენსივობა. ამასთანავე, გადაწყვეტილებით, ასევე არასწორადაა შეფასებული არა მხოლოდ სამართლებრივი გარემოებები, არამედ თავად მოსარჩელე მხარის პოზიციაც. კერძოდ, ის საკითხი, თუ რა იყო მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ახალი წესრიგის შექმნას, პოზიტიური კანონმდებლის როლის შეთავსებას. გარდა ამისა, ბუნდოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე, ცალკეული სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმების შეფასება, მაშინ, როდესაც სასამართლო არ ახდენს ყველა შესაძლო ალტერნატიული მექანიზმის იდენტიფიცირებას და სხვა შესაძლო მექანიზმების ძებნის ნაცვლად თავს იბოჭავს არსებული საპროცესო ინსტიტუტებით.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის იდენტიფიცირება
4. იმის გათვალისწინებით, თუ როგორაა მოსარჩელე მხარის პოზიცია ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებაში, ჩემი მოსაზრების მკაფიოდ წარმოსაჩენად, უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, აღინიშნოს, სინამდვილეში რას წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მხარემ არსებითი განხილვის ეტაპზე ცალსახად მიუთითა, რომ მისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს საპასუხო უზრუნველყოფის გარანტირებას სხვა ალტერნატიული საშუალებებით გარდა სადავო ნორმით განსაზღვრულისა. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი შეზღუდვა ფაქტობრივად გამორიცხავს საპასუხო უზრუნველყოფის გარანტირებას, რის შედეგადაც უქმდება ან არ გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება და, ამდენად, პირს არაკონსტიტუციურად ეზღუდება გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამდა, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას მისი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე. სწორედ ამ არგუმენტაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ ეტაპზე მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უფლების შეზღუდვას და სადავო ნორმა მიიღო კიდეც არსებითად განსახილველად. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნას არ წარმოადგენდა ზიანის უზრუნველყოფის კონკრეტული ფორმების (გირავნობა/იპოთეკა) შერჩევა. არსებითი განხილვის ეტაპზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ მისი არგუმენტაცია სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე არ მიემართებოდა იმ შემთხვევას, როდესაც მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი უზრუნველყოფის საკითხზე. ამასთან, მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტთან გამოყენება.
5. შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს შესაფასებელი იყო სადავო ნორმით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის ფორმა და მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის კანონით დადგენილი ფორმებით შეზღუდვის კონსტიტუციურობა
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკით უკვე შეფასებულია სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. სასამართლოს არგუმენტაციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას, უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9).
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება აზრს დაკარგავს, თუ მართლმსაჯულების საბოლოო პროდუქტი - სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას და შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უზრუნველყოფის მექანიზმი არსებობს კანონმდებლის მიერ შექმნილ არქიტექტურაში, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.
8. სადავოდ გამხდარი მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტირების ფორმა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ. ამდენად, სადავო ნორმა ქმნის ერთგვარ ბარიერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა/გამოყენებულის გაუქმება შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას გაუთანაბრდეს, ან, როგორც მინიმუმ, არსებითად დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ აღსრულების შესაძლებლობა.
9. ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკით ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის გარანტირების შებრუნებული, ე.წ. საპასუხო უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი არის მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის მომავალში დაუბრკოლებლად ანაზღაურების შესაძლებლობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის უფლების მზღუდავ საშუალებას. ხშირ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პროცესის მონაწილის საკუთრების ან სხვა უფლების შეზღუდვას იწვევს. ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხისათვის ქონებრივი ზარალის მიყენება, შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ინტერესების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმს და ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18-19).
10. ამასთან, განსახილველ საქმეშიც, რელევანტურია უფლების შეზღუდვა პროცესის მონაწილე მხარის ინტერესების დაცვის მოტივით. პროცესის მონაწილის ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც შესაძლოა სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიზღუდოს. მოპასუხის შესაძლო ზარალის უზრუნველყოფა ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის გზით, ქმნის მოპასუხისათვის სამომავლო ზარალის ანაზღაურების მნიშვნელოვან გარანტიებს. შესაბამისად, სადავო ნორმა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
11. თუმცა, შეზღუდვის გამოსადეგობა თვითკმარი არ არის და ასევე უნდა კმაყოფილდებოდეს აუცილებლობის მოთხოვნაც. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. აღნიშნულ შემთხვევაში მხარის უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. შესაბამისად, დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი ფორმა უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას, მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
12. ამდენად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის განსაზღვრული ფორმა, გარდა მოპასუხის ინტერესების დაცვისა, მიმართული უნდა იყოს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნებისაკენ და მოსარჩელეს უნდა მიეცეს რეალური და არა ფორმალური შესაძლებლობა, განახორციელოს მოსალოდნელის ზარალის უზრუნველსაყოფად განსაზღვრული სამართლებრივი მოქმედება, შეასრულოს სასამართლოს განჩინება და ამ გზით შეინარჩუნოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის განსაზღვრავს სამ ფორმას, კერძოდ: მხარეთა შეთანხმებას, ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანასა და საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემულ თავდებობას. აღნიშნული შესაძლებლობების მიღმა კი კანონი არ უშვებს უზრუნველყოფის გარანტირების მიზნით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონების გამოყენების შესაძლებლობას. მათ შორის, უძრავი და მოძრავი ქონების, რაც ჩვეულებრივი საბაზრო, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
14. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო დავების უმეტესობა სულაც არ მომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რაც გულისხმობს, რომ დავის მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელე თავად კი არ ირჩევს, არამედ კანონის ძალით აღმოჩნდება მასთან სამართლებრივ ურთიერთობაში. ასეთ შემთხვევებში, უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების არარსებობა მოსარჩელე მხარის წინდახედულობის ნაკლებობასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ იგი თეორიულად არის შეუძლებელი. ხოლო, რაც შეეხება მოგვიანებით, საპასუხო უზრუნველყოფის გარანტირების ეტაპს შეთანხმების ბედი სრულად დამოკიდებული ხდება მოპასუხე მხარის ნებაზე, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის ის მონაწილე მხარეა, რომლის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება უზრუნველყოფის ესა თუ ის ფორმა. ასეთ პირობებში, როგორც წესი, მოპასუხის სურვილს არ წარმოადგენს მოსარჩელის პატივსადები ინტერესების დაცვა, უფრო მეტიც, იგი მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობით ცდილობს მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობის მოპოვებას. შედეგად, შეთანხმება, როგორც ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია გამოსადეგი იქნება დავათა ძალზედ მცირე შემთხვევებში. ზიანის უზრუნველყოფის გარანტიის კანონით დადგენილ მე-2 ფორმას საბანკო თავდებობა წარმოადგენს. რთულად გასაგებია, რატომ მიჩნევენ ძირითადი აზრის ავტორი კოლეგები, რომ თავდებობა შეღავათიანი პირობებით გაიცემა და არსებითად ქმედითი მექანიზმია უზრუნველყოფის გარანტირების მიზნებისთვის. ობიექტურად, მოსარჩელე მხარის მიერ თავდებობით სარგებლობა დაკავშირებულია საკრედიტო პროდუქტის მისაღებად გაწეულ ხარჯთან და დაბრკოლებებთან, რომელიც თავდებობის წინაპირობების დაკმაყოფილებას გულისხმობს.
15. კანონმდებლობით შემოთავაზებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიის მე-3 ფორმას წარმოადგენს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა. უზრუნველყოფის ღონისძიების მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ზიანის ფარგლები და მისი ანაზღაურებისთვის დადგენილი თანხის ოდენობა განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საბაზრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ფულადი თანხა შეიძლება იყოს დიდი მოცულობის და მოსარჩელე მხარისათვის ხელმისაწვდომი ანდაც მცირე მნიშვნელობის, თუმცა მოსარჩელეს მაინც არ შეეძლოს მისი უზრუნველყოფის ვადით მოპოვება. ცხოვრების ჩვეული წესისათვის დამახასიათებელი უძრავი და მოძრავი ქონებისგან განსხვავებით, ფულადი თანხა ან ფასიანი ქაღალდები, რომელმაც შეიძლება შეასრულოს გარანტიის ფუნქცია, რთულად, ხოლო ზოგ შემთხვევაში, პრაქტიკულად არაა ხელმისაწვდომი. დამატებით, აღსანიშნავია, მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირის ინტერესიც, რომლისთვისაც, როგორც წესი, ფულადი თანხა საწარმოო საქმიანობის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. ამდენად, ერთი მხრივ, პირის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა სრულად გამოირიცხებოდეს ფულადი თანხის მოპოვება, ხოლო, მეორე მხრივ, თანხის განთავსებამ მნიშვნელოვნად დააზიანოს მისი ქონებრივი მდგომარეობა და მსყიდველობითუნარიანობა.
16. შესაბამისად, ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის გარანტირების მიზნით მოპოვება და უზრუნველყოფის ვადით მისი სათანადო ანგარიშზე განთავსება მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებით სარგებლობისას. ამდენად, სადავო ნორმა საგრძნობლად აუარესებს მოსარჩელის ხელთ არსებული რესურსებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობას. შედეგად, კანონმდებელი იმდენად ავიწროებს უზრუნველყოფის გარანტიის ფორმებს, რომ ფაქტობრივად მთელ რიგ შემთხვევებში ხელმიუწვდომელს ხდის, გამორიცხავს თავად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. არსებული მოწესრიგების მსგავსად, იგივე წარმატებით, კანონმდებელს შეეძლო შეერჩია კონკრეტული ხასიათის გვარობითი ნივთი და მასზე დამოკიდებული გაეხადა უზრუნველყოფის ღონისძიება.
17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, ცალკეულ შემთხვევებში, ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა და შედეგად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის ტოლფასი ხდება. ამდენად, ვერ გავიზიარებ მოსამართლეთა მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა უკეთესი პირობების ძებნას ან უკვე არსებული სამართლიანი გარემოს გაუმჯობესებას წარმოადგენს. სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში, ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ არსებული მოწესრიგება სამართლიანად აბალანსებს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესებს (იხ. გადაწყვეტილების 41-ე პუნქტი).
18. იმავდროულად, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარისათვის ფულადი თანხის მოპოვება და განთავსება ობიექტურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც შედეგად იწვევს უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის თქმას, მას (მოსარჩელე მხარეს) ასევე შესაძლოა ჰქონდეს უძრავი/მოძრავი ქონება, ზიანის ოდენობის ტოლფასი ან მეტი ღირებულების, რომელიც სრულებით დააზღვევს მოპასუხე მხარისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანს. მაგალითად, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სხვა საქმეში განმარტა, უძრავი ნივთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება (დატვირთვა) მნიშვნელოვანი მექანიზმია ინდივიდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. უძრავი ქონებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებას შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს მესაკუთრისათვის, რომელსაც წვდომა მიეცემა ისეთ სერვისებზე, რომლებიც სხვაგვარად მისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. შედეგად, ქონება გამოიყენება პირის წინაშე მდგარი გადაუდებელი ამოცანების გადასაჭრელად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად აუცილებელი იყო ზემოთ განხილული ფორმებით ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და მოპასუხის ინტერესი დაცვა მიიღწეოდა თუ არა სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით.
20. მიმაჩნია, რომ შეზღუდვის მიზანი დასაცავი ინტერესია არა მოპასუხისათვის მიმდგარი ზიანის „მარტივად და უმტკივნეულოდ უზრუნველყოფა“, როგორც ამას სასამართლო ფულადი თანხით ინტერესის დაკმაყოფილების საკითხზე მსჯელობისას მიუთითებს, არამედ რეალური შესაძლებლობის მიცემა, რომ აინაზღაუროს უზრუნველყოფის შედეგად დამდგარი ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, უზრუნველყოფის გარანტია არ ნიშნავს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურად ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება №ას-1344-2018 საქმეზე). მოპასუხის დაცული ინტერესი ვერ იქნება ერთი კონკრეტული ფორმით დაიკმაყოფილოს ინტერესი, არამედ მთავარია კანონმდებელმა შექმნას მისი დაკმაყოფილების ობიექტური საშუალება. გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ შეუძლებელია იგივე მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით (იხ. გადაწყვეტილების 28-ე პუნქტი). ამ მსჯელობის გასამყარებლად, სასამართლო მიმოიხილავს გირავნობას და იპოთეკას, როგორც უზრუნველყოფის ალტერნატიულ ფორმებს და გამორიცხავს მათი მეშვეობით მოპასუხე მხარის ინტერესის დაცვას.
21. ზოგადად, იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო აფასებს უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალების შემოღების წესს, არ იბოჭება არსებული საკანონმდებლო მოცემულობებით, არამედ მსჯელობს, ობიექტურად რამდენად შესაძლებელია ალტერნატიული საკანონმდებლო მოწესრიგების ჩამოყალიბება (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 47-53; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ II -47-53; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
22. ვიწრო პროპორციულობისა და აუცილებლობის ეტაპზე, ალტერნატიული მექანიზმების შეფასებისას სასამართლო განიხილავს კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა გირავნობა და იპოთეკა. სასამართლო მიუთითებს, რომ იპოთეკა/გირავნობა მხარეთა შეთანხმებაზე დაფუძნებული მექანიზმია და მისი იძულების ფორმით სასამართლოს მხრიდან გამოყენება გამოირიცხება. ვიზიარებ სასამართლოს იმ პოზიციას, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ინსტიტუტები - იპოთეკა და გირავნობა მხარეთა ნების საფუძველზე გამოიყენება, თუმცა მოსარჩელის უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს არა უკვე არსებულ, არამედ ყველა შესაძლო მექანიზმს, რომელსაც შეუძლია პირის ზარალის უზრუნველყოფის გარანტირება, იმის მხედველობაში მიღებით, თუ რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკა/გირავნობა ან სხვა კანონმდებლის მიერ შექმნილი საპროცესო მექანიზმი ზიანის ანაზღაურების გარანტირებას. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილებით დამატებით არ არის შეფასებული სხვა, მოსარჩელის უფლების ნაკლებად მზღუდავი უზრუნველყოფის ფორმები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში დაწვრილებითაა განხილული იპოთეკის არსი და გამოირიცხება მისი იძულებით გამოყენების შესაძლებლობა, მხედველობის მიღმა რჩება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით დადგენილი ისეთი მექანიზმი, როგორიცაა იძულებითი იპოთეკის გამოყენება, რაც პრაქტიკაში შესაძლებელია იძლეოდეს ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისთვის მსგავსი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ასეთი ალტერნატიული ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღა, რომლის შედეგადაც სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის დადასტურების შემდგომ მოხდება იძულებითი აღსრულება. აღსანიშნავია, რომ ყადაღის გამოყენება უცხო არ არის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
23. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიჩნევ, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით არაფერი გამორიცხავს იმას, რომ უძრავი ან მოძრავი ქონება გამოყენებული იქნას ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით შეიქმნას სათანადო სამართლებრივი მექანიზმები. ხოლო ის, თუ რა ფორმას შეარჩევს ამისათვის კანონმდებელი, სრულებით ექცევა მისი მიხედულების ფარგლებში. როგორც მინიმუმ, იმ შემთხვევაში, თუ პირი ვერ უზრუნველყოფს სადავო ნორმით დადგენილი წესით ზიანის უზრუნველყოფის გარანტირებას და სასამართლოს სთავაზობს სხვა, ალტერნატიულ ქონებას, კონკრეტული უზრუნველყოფის გარანტიის ფორმის შერჩევის მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში მოქცევა იქნებოდა უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ამ თვალსაზრისითაც, სადავო ნორმა იმაზე ფართო შეზღუდვას აწესებს, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო. შესაძლებელია, კანონმდებელს შეემუშავებინა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს მიეცემოდა უზრუნველყოფის გარანტირების შესაძლებლობა იმ ფორმით, რომელიც რეალურად შეძლებდა მოპასუხის ინტერესის დაკმაყოფილებას და იმდენად არ შეავიწროებდა უზრუნველყოფის გარანტიის ფორმებს, რომ ფაქტობრივად გამოერიცხა ამ მექანიზმის ქმედითობა.
24. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, შესაძლოა მსჯელობის საგანი იყოს მოპასუხის ინტერესის არა მხოლოდ რეალურად დაკმაყოფილების გარანტირება, არამედ მისი დროულობა ან ყველა შესაძლო რისკის დაზღვევის საკითხი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფის მექანიზმი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს, გამოიყენება იმ დაშვებით, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს და მისი გამოყენება ეფუძნება ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წელის 3 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-590-2022). აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომ მოპასუხე მხარისთვის არათუ ობიექტურად ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის მინიჭება, არამედ მისი სრულყოფა გადაწონის მოსარჩელის ინტერესს შეძლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. მეტიც მიმაჩნია, რომ შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც პირის ინტერესი ისარგებლოს უზრუნველყოფის მექანიზმით, აღმატებული იქნება მოპასუხის ინტერესზე იმისგან დამოუკიდებლად, საერთოდ ხერხდება თუ არა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
25. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს საპროცესო მოქმედების შესრულებით მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას ჩამოთვლილის გარდა სხვა სახის ქონებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე:
გიორგი კვერენჩხილაძე