ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1378 |
ავტორ(ებ)ი | ზვიად დევდარიანი |
თარიღი | 5 დეკემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები - „ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: გ) საქართველოს სახალხო დამცველი“; | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზვიად დევდარიანი სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვებს - „ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: გ) საქართველოს სახალხო დამცველი. სადავო ნორმის დისპოზიცია მოსარჩელეს უკრძალავს სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივროს სახალხო დამცველის მიერ მის წინააღმდეგ კანონის დარღვევით გამოცემული რეკომენდაცია (იხ. რეკომენდაცია N13/13851 01/11/2018), რომელიც შეეხება სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის ფაქტს. რომ არ არსებობდეს სადავო ნორმა მოსარჩელე შეძლებდა მის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრებას ადმინისტრაციული წესით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ დაკმაყოფილებულია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და მოსარჩელეის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ მის უფლებებს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებს „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. მოგახსენებთ, რომ სახეზე გვყავს სათანადო მოსარჩელე.
ასევე არ არსებობს მოცემული კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების სხვა საფუძვლები, დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები: კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია ამ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნების დაცვით, შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონმდებლობა არ ადგენს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის სპეციალურ ვადებს, შესაბამისად არანაირი ვადა არ არის დარღვეული, ასევე დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები.
კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოცემული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება მოსარჩელე ზვიად დევდარიანის უფლებებსა და ინტერესებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ მოიცავს (1) პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის; (2) მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენის მოთხოვნის; (3) თავისი მოსაზრებების გამოთქმისა და პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის; (4) მისი საქმის გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და (5) დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებას. 2006 წლის 15 დეკემბრის № 1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამასთან, ევროპული ნორმის – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის გაგებით, ტრადიციულად სამართლიანი სასამართლოს უფლება, უპირველეს ყოვლისა, წარმოიშობა სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გარკვევისას. დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, იგი არ გამოიყენება შეზღუდულად (იხ. Frowein/Peukert, 2009, 144).
სადავოდ გამხდარი ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ვითხოვთ, რომელიც დაინტერესებულ პირს არ აძლევს შესაძლებლობას გაასაჩივროს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საფუძველზე გამოცემული რეკომენდაცია. აღიშნული სამართლებრივი რეალობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებთან „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. მოცემული კონსტიტუციისმიერი ჩანაწერი სახელმწიფოს უქმნის ერთგვარ ვალდებულებას, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულ პირს, მას უნდა შეეძლოს აღნიშნულის სასამართლო წესით გასაჩივრება. მოგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია (N13/13851 01/11/2018) გამოცემულია „დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონისა“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე. მოგახსენებთ, რომ არც ერთი ეს ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის გასაჩვრებას სასამართლო წესით. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციის შესრულების და გათვალისწინების სავალდებულოობას კანონი არ აწესებს იგი ირიბად მიუთითებს რეკომენდაციის გათვალისწინების აუცილებლობაზე, ხოლო მისი არგათვალისწინების შემთხვევაში სახალხო დამცველს აღჭურავს სპეციალური უფლებამოსილებით მიიღოს სამართლებრივი ზომები რეკომენდაციის გათვალისწინების იძულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი გამომდინარეობს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან: „უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს“. შესაბამისად ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დოკუმენტთან რომელსაც პირდაპირ შეუძლია მოსარჩელე ზვიად დევდარიანის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენა. ამასთან, სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პიროვნებას აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია გამოიყენოს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით რეკომენდაცია იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გასაჩივრება და მისი მატერიალური თუ ფორმალური კანონიერების სასამართოს გზით შემოწმება წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ვარიანტს მოსარჩელეს არ დაერღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
ამასთან, მნიშნელოვანია ის გარემოებაც რომ „სახალხო დამცველი“ ექცევა კანონმდებლობით განსაზღვრული (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ასევე სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნების ქვეშაც. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი სახალხო დამცველის აპარატისა და მის სააგენტოების საქმიანობას აქცევს საჯარო სამსახურის საქმიანობის ფარგლებში. შეასაბამისად, საჯარო თუ სახელმწიფო მოხელის მიერ განხორცილებული საქმიანობის სასამართლო გზით შემოწმება და მისი მოქმედების გასაჩივრება ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს შესაძლებელი. დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული მოქმედების განხორცილება დღეს მოქმედი კანონმდებლობით ფაქტობრივად გამორიცხულია, რაც გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სულისკვეთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები - „ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: გ) საქართველოს სახალხო დამცველი“ , (კერძოდ კი ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაინტერესებულ პირს ამ შემთხვევაში ზვიად დევდარიანს უკრძალავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საფუძველზე გამოცემული რეკომენდაცია) ეწინააღმდეგება და არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებთან „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა