ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/1378 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1378) მომართა საქართველოს მოქალაქე ზვიად დევდარიანმა. №1378 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 7 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. №1378 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის (გარდა მესამე თავისა) მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფო ორგანოდ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დეკლარირებულია სასამართლოსათვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2018 წლის პირველ ნოემბერს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოცემული იქნა რეკომენდაცია №13/13851, რომლის საფუძველზეც დადგინდა მოსარჩელის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა მას უკრძალავს ზემოაღნიშნული აქტის სასამართლოში გასაჩივრებას, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას.
6. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან მიმართებით, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, „როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე.
7. მოსარჩელის მითითებით, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა, სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პირს, სამოქალაქო დავის ფარგლებში, შეუძლია, აღნიშნული აქტის გამოყენება დისკრიმინაციის ჩამდენი პირის წინააღმდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით, რეკომენდაციას პირდაპირი სამართლებრივი ეფექტი გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს აუცილებელ ღონისძიებას მოსარჩელის უფლებების დასაცავად.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ სახალხო დამცველი ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნებაში. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს და მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რისი შესაძლებლობაც მოსარჩელეს ჩამორთმეული აქვს სადავო ნორმის საფუძველზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324 ორგანული კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. მოქმედი კონსტიტუციით შესატყვისი უფლება დადგენილია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან მიმართებით შეაფასებს.
3. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის საქმიანობაზეც არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა ამავე კოდექსის მესამე თავისა (ინფორმაციის თავისუფლება). მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ართმევს შესაძლებლობას, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის მიმართ გამოცემული რეკომენდაცია გაასაჩივროს სასამართლოში, რაც წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების დარღვევას.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
7. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).
8. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილებას გამიჯნავს და საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების განხორციელებას კი საერთო სასამართლოებს. იმავდროულად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების კანონიერება.
9. ამგვარად, პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
10. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის მიზანს და არსს წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოების დეკლარირება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა არ იქნეს მოწესრიგებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამავდროულად, მას არ გააჩნია რაიმე სხვა, მით უფრო, გარკვეული სამართლებრივი მოქმედების განხორციელების ამკრძალავი ხასიათი. მისით არათუ არ არის მოწესრიგებული სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის გასაჩივრების წესი, არამედ პირიქით, ნორმა სწორედ ამ საკითხების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოწესრიგების მიღმა დატოვებისკენ არის მიმართული. ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესები, თავისთავად ვერ გამოიწვევს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/11/654 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
11. ამრიგად, სადავო ნორმის რეგულირების ფარგლები საერთოდ არ შეეხება სახალხო დამცველის მიერ გამოცემული აქტების სასამართლოში გასაჩივრების საკითხს და არ გააჩნია უფლების შემზღუდველი ბუნება. სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება სახალხო დამცველის საქმიანობაზე მხოლოდ ხსენებული კოდექსის (გარდა მისი მესამე თავისა) გაუვრცელებლობით, რაც ვერ იქნება აღქმული სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვად. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუძველზე, განაცხადეს უარი მის მიმართ გამოცემული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმებაზე.
12. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1378 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 60–ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1378 კონსტიტუციური სარჩელი („ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი