გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1726 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი არობელიძე |
თარიღი | 26 აგვისტო 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ |
კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტები: „1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ „5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 28 თებერვალს დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით- საქმე №4-2280/21(დანართი #1).
დადგენილებაში (გვ.10) აღნიშნულია: „საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ჩვენების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გიორგი არობელიძე საკუთარი ქმედებით ჩაერია საპოლიციო ოპერაციის განხორციელებაში. იგი შეძახილითა და მოწოდებით სთხოვდა პოლიციის თანამშრომლებს შეეწყვიტათ გ.ლ-ს დაკავება. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ხელშეშლას, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია ამ საქმიანობის შეფერხება. სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროცესში, ქუჩაში განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შეფერხება, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ფლობ, ვიდრე პოლიციის თანამშრომელი, არ იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაში ჩარევის ლეგალურ საფუძველს. საკუთარი სამოქალაქო უფლების განხორციელების სახელით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტის აღკვეთის პროცესში თვითნებური მონაწილეობა, სპონტანური მითითება, ამ ოპერაციის შეწყვეტის მოთხოვნა ან ზემოქმედების განხორციელების მცდელობა ეწინააღმდეგება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ (ნაგულისხმებია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-3 პუნქტები) მოთხოვნებს.“.
გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 13 მაისის დადგენილებით- საქმე № 4-/ა-219-22 (დანართი #2), რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტების იდენტურია (ასლი იხილეთ დანართის სახით (გვ.12-13).
სასამართლოს შეფასებით, „გიორგი არობელიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდების ფაქტს“, არამედ მის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიხატა „შეძახილსა და მოწოდებაში, რომლითაც პოლიციის თანამშრომლებს სთხოვდა, შეეწყვიტათ გ.ლ-ის დაკავება.“ შესაბამისად, საქმეში არსებული ფაქტობრივი მონაცემები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მასალებით გიორგი არობელიძის მხრიდან გ.ლ-ის დაკავებაში პოლიციელებისთვის ხელშეშლა გამოვლინდა სიტყვიერ პროტესტში (გამოხატული ფრაზაში-„რატომ აკავებთ?“), რაც ობიექტურად ვერ შეაფერხებდა საპოლიციო ღონისძიების განხორციელებას. სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ წარმოთქმული სიტყვებით ინციდენტის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეეშალა ხელი საპოლიციო ღონისძიების(დაკავების) განხორციელებასა და მართლწესრიგის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია ითვალისწინებს რამდენიმე ალტერნატიულ შემადგენლობას, კერძოდ:
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სუბიექტის: 1. კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა; 2. სიტყვიერი შეურაცხყოფა; 3. სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
მიგვაჩნია, რომ დისპოზიციით გათვალისწინებული ალტერნატიული ქმედებებიდან კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შინაარსი არის ბუნდოვანი და არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს. შესაბამისად, ერთი მხრივ, აღნიშნულს აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე, ვინაიდან, პირებმა ზუსტად არ იციან თუ რა არის კანონის მოთხოვნა და სადამდე ვრცელდება აკრძალვა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ზრდის სახელმწიფოს თვითნებობის რისკებს, იმაზე მეტად შეზღუდოს კონსტიტუციით დაცული უფლება, ვიდრე ეს საჭიროა შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად.
შესაბამისად, მოსარჩელე არის პირი, რომელსაც გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე პირდაპირ შეეზღუდა მისი კონსტიტუციური უფლება.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით, მე-17 მუხლით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა, და, შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საკანონმდებლო აქტი და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიით მასზე მაღლა მდგომი აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმის შინაარსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია ითვალისწინებს რამდენიმე ალტერნატიულ შემადგენლობას, კერძოდ:
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სუბიექტის: 1. კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა; 2. სიტყვიერი შეურაცხყოფა; 3. სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განიცადა, 2013 წლის 27 ნოემბრის შემდეგ განხორციელებული არცერთი ცვლილება არ მიემართებოდა დისპოზიციით გათვალისწინებული პირველი ალტერნატიული ქმედების (კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შინაარსის დაზუსტებას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ალტერნატიული ქმედებებიდან კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ თხოვნას/მოთხოვნას (ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას), რომელიც არ წარმოადგენს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ვფიქრობთ, რომ სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა განსახილველია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან, აგრეთვე მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
1.1 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 173-ე მუხლი ითვალისწინებს პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე კი ვრცელდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული გარანტია, რომლის მიხედვითაც, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“
საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან დაადასტურა 2020 წლის 20 მაისის №3/6/1502 საოქმო ჩანაწერით, რომლითაც მან არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა”. „მითითებული კონსტიტუციური დებულება კანონიერების პრინციპის განუყოფელი ნაწილია და განამტკიცებს პირის ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ სტანდარტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გარკვეული ქმედებები კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის სისხლის სამართლის საქმეებად განიხილება იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ სამართალში, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში. იმის დასადგენად ატარებს თუ არა პირისთვის წაყენებული ბრალი სისხლისსამართლებრივ ხასიათს, სასამართლო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სამართალდარღვევის ბუნებას და სანქციის მიზანსა და მოცულობას (Galstyan v. Armenia, 15 November 2007, no. 26986/03, §58). მაგალითად, ზოგადი ნორმის საფუძველზე სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მისი შინაარსიდან გამომდინარეც ან ასეთად იქნეს მიჩნეული მისი შინაარსის და შესაძლო სანქციის გათვალისწინებით, რაც საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ პირისათვის წაყენებული ბრალი სისხლისსამართლებრივად მიიჩნიოს (Ziliberberg v. Moldova, 1 February 2005, no. 61821/00, §29-33). აღსანიშნავია, რომ ასკ-ს 173-ე მუხლის ერთ-ერთ სანქციის ზომას, სწორედ ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია სასამართლომ მითითებული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ბრალდებულისთვის მინიჭებული იმ უფლებებითა და საპროცესო სტანდარტებით, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლითა და საქართველოს შიდა კანონმდებლობით განსაზღვრულია სისხლის სამართლის საქმეზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი გამორიცხავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, რაც კანონიერების პრინციპის უზოგადესი მოთხოვნაა. კონსტიტუციური დებულების ფარგლებში, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი ნებისმიერი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული, მეორე მხრივ, კი, ხსენებული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მკაფიოდ ფორმულირებული, განსაზღვრული იყოს იმ ხარისხით, რომ სამართლის ნორმის ადრესატს გააჩნდეს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ქმედების ნიშნებისა და ამავე ქმედების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38,39)
გარდა პასუხისმგებლობის დამდგენი ქმედების კანონით გათვალისწინებისა, კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონის ხარისხობრივი სტანდარტების დაკმაყოფილებას, რომელიც უკავშირდება ნორმის ხელმისაწვდომობას, განსაზღვრულობასა და განჭვრეტადობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). აღნიშნული სტანდარტის უპირველესი დანიშნულებაა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ფართო განმარტების გამორიცხვა, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული პირის თვითნებური დევნა. ამასთან, მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოყალიბებული ნორმა უზრუნველყოფს ინდივიდის მიერ დასჯადი ქმედების შემადგენელი ნიშნების წინასწარ განსაზღვრისა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38, 39).
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კანონი ჩაითვლება განუსაზღვრელად, თუ გაურკვეველია მისი არსი, ან მოქმედების ფარგლები. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-19).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობის მკაფიოდ ჩამოყალიბების, განსაზღვრულობის კონსტიტუციური მოთხოვნა მჭიდროდ უკავშირდება სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს. პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება კონსტიტუციის შესაბამისი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონით აკრძალული ქმედების არსი და სამართალდარღვევის შედეგები. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. „ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-36).
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ზედმეტად ფართო ჩანაწერის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.“ აღნიშნული უფლებამოსილება განხორციელებულად ვერ ჩაითვლება, თუკი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა იძლევა შესაძლებლობას რომ სამართალშემფარდებელმა საკუთარი შეხედულებისამებრ, ნორმატიული ბოჭვის არარსებობის პირობებში, გადაწყვიტოს ქმედების დასჯადობის საკითხი. „მართალია, შეუძლებელია, კანონმა გაითვალისწინოს ყველა იმ შემთხვევისა თუ სიტუაციის თითოეული ასპექტი, რომელიც მომავალში განვითარდება, მაგრამ კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის განსაზღვრისას ვალდებულია, მიიღოს ნორმა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგენის შესაძლებლობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ანალოგიურ მიდგომას აღიარებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 (1) მუხლთან მიმართებით რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებას, არ იქნეს ცნობილი დამნაშავედ იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა. სასამართლოს განმარტებით, გარდა სისხლის სამართლის სასჯელის რეტროაქტიული გამოყენების აკრძალვისა, კონვენციის აღნიშნული ჩანაწერი განამტკიცებს კანონიერების პრინციპს, რომლიც თანახმადაც, დანაშაულებრივი ქმედება და სასჯელი შესაძლოა განისაზღვროს მხოლოდ მკაფიო და განჭვრეტადი კანონის საფუძველზე. აღნიშნული პრინციპი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობა შესაბამისი ნორმიდან ამოიკითხოს ის ქმედებები და უმოქმედობები, რომელიც საფუძვლად ედება პასუხისმგებლობის დაკისრებას.[1]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მომეტებული სიფრთხილე პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას, რადგან ასეთი კანონმდებლობა ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევით. სასამართლოს სიტყვებით, „სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64). „სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 32).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დასახელებული დებულება თავის თავში აერთიანებს მრავალ უფლებრივ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს. დასახელებული კონსტიტუციური დებულების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციით განმტკიცებული ისეთი ღირებულებებიდან, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონიერებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს სადავო ნორმების უშუალოდ კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისობას, თუმცა „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს.“ [2]
სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნას ორი ძირითადი ფუნქცია აკისრია. ერთი მხრივ, აღნიშნული მოთხოვნა იცავს ინდივიდს სახელმწიფოს თვითნებობისგან, ხოლო მეორე მხრივ, პირს შესაძლებლობა ეძლევა მისი მოქმედება წარმართოს ნორმის მოთხოვნების შესაბამისად. „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება №2/2/516,542 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 30).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია ითვალისწინებს რამდენიმე ალტერნატიულ შემადგენლობას, კერძოდ:
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სუბიექტის: 1. კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა; 2. სიტყვიერი შეურაცხყოფა; 3. სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
მიგვაჩნია, რომ დისპოზიციით გათვალისწინებული ალტერნატიული ქმედებებიდან - კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. კერძოდ, არც თავად ასკ და არც პოლიციის შესახებ კანონი, არ აკონკრეტებს კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის რეგულირების შინაარსსა და ფარგლებს. არსებული რეგულირებით განსაზღვრული კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ფართო და ბუნდოვანი შინაარსის მატარებელია, არ იძლევა კონკრეტულ ქმედებათა იდენტიფიცირების შესაძლებლობას და ამ მხრივ, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში ნორმის გრამატიკული და სისტემური განმარტებით ვადგენთ, რომ კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, ვინაიდან ეს ქმედებები 173-ე მუხლის დამოუკიდებელი შემადგენლობების სახით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ნათლად ვერ დგინდება რა ქმედებით შეიძლება გამოიხატოს კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა: ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევით თუ შეგვიძლია მასში მოვიაზროთ ვერბალური მოწოდებაც, რომელიც არ წარმოადგენს შეურაცხყოფას.
173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველ მუხლში განსაზღვრული ამოცანების, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებისა და იმ თავის არსის გათვალისწინებით, რომელშიც არის აღნიშნული სამართალდარღვევა მოქცეული, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცემული სადავო ნორმის შემოღებით კანონმდებელი მიზნად ისახავდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვის ხელშეწყობას, რასაც კანონმდებლის აზრით, ხელი შეეშლება იმ შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება აღნიშნული სუბიექტების კანონიერ მოთხოვნას ან განკარგულებას. შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული თითოეული სამართალდარღვევის, მათ შორის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, შემოღების მიზანს სწორედ სახელმწიფოს მმართველობის წესისა და მისი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაცვა უნდა წარმოადგენდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დეფინიციას, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელი არათუ არ აკონკრეტებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განსაზღვრისას აღმასრულებელი სპეციალური პირის მოქმედების ფარგლებს, არამედ ანიჭებს მას შეუზღუდავ დისკრეციას დაადგინოს დაუმორჩილებლობის ფარგლები და შინაარსი. კანონი არ იძლევა იმის განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვევს პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, იღებს მოთხოვნის გამცემი პირი და არა პარლამენტი. აღნიშნულის მკაფიო მაგალითია მოსარჩელის საქმე, როდესაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად ისეთი ვერბალური გამოხატვა ჩაითვალა, რომელიც არ იყო შეურაცხყოფა და არც საპოლიციო ღონისძიების განხორციელებას უშლიდა ხელს/ არ ქმნიდა ხელშეშლის რეალურ საფრთხეს. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს ერთგვაროვანი სახელმძღვანელო სტანდარტი, რითაც შეამოწმებს, თუ რა ქმედება უნდა ჩაითვალოს საპოლიციო ღონისძიების ხელშეშლად და რა არა, რასაც ურთიერთშეუსაბამო სასამართლო პრაქტიკაც მოწმობს, რაც ქვემოთ იქნება განხილული.
ამის მიუხედავად, კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობას კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმისა და წინაპირობის განსაზღვრის გარეშე, ისე რომ, განუსაზღვრელია, პასუხისმგებლობის გამომწვევ ქმედებათა დიაპაზონი. ერთი მხრივ, გიორგი არობელიძის მიმართ პოლიციელს ფორმალურ დონეზეც არ გაუკეთებია განმარტება (არ გაუცია ბრძანება) შეეწყვიტა უკანონო ქმედება (ვერბალური მოწოდება/შეკითხვა, თუ რატომ აკავებდნენ კონკრეტულ პირს). შესაბამისად, შეუძლებელი იყო მოსარჩელეს ეწინასწარმეტყველა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ქმედებას. მეორე მხრივ, პოლიციის თანამშრომელს, რომც გაეფრთხილებინა/წაეყენებინა მოთხოვნა ქმედების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე მაინც არ უნდა დასჯილიყო, ვინაიდან მისი გამოხატვა არ იყო არც შეურაცხმყოფელი და არც საპოლიციო ღონისძიების განხორციელების ხელშეშლის რეალურ საფრთხეს ქმნიდა. სასამართლოს კი საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ წარმოთქმული სიტყვებით ინციდენტის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეეშალა ხელი საპოლიციო ღონისძიების(დაკავების) განხორციელებასა და მართლწესრიგის უზრუნველყოფას.
საგულისხმოა, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკა სადავო ნორმასთან დაკავშირებით არ არის ერთგვაროვანი და ერთი და იმავე ინსტანციის მიერ სხვადასხვა საქმეში იდენტური ქმედებები სხვადასხვანაირად არის შეფასებული. კერძოდ: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 03 აგვისტოს დადგენილებაში მითითებულია: საქმის მასალებით დადგენილი ის ფაქტი, რომ პირი რამდენჯერმე მივიდა საპატრული პოლიციის ავტომანქანასთან და პატრულის თანამშრომლებს მიმართა თხოვნით, რომ არ დაეკავებინათ კონკრეტული პირი არ იძლევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის შემადგენლობას, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან პოლიციელთა სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვა რაიმე შეურაცხმყოფელი მოქმედებების განხორციელებას. იგივე მიდგომა იქნა გაზიარებული თბილისის საპელაციო სასამართლოს მიერაც -საქმე #4/ა-717-14 (დანართი #3) მაშინ როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 13 მაისის დადგენილებით (საქმე № 4-/ა-219-22) პოლიციელებისადმი სიტყვიერი მოწოდება, რომელსაც არ ჰქონდა შეურაცხყოფის სახე, მიიჩნია 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობად.
თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი (სამართალდამცველი ორგანოების მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერ განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მართლსაწინააღმდეგო და ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებად აცხადებს მოქმედებას ან უმოქმედობას, რაც გულისხმობს ბოროტად დაუმორჩილებლობას კონკრეტიზირებული კანონიერი მოთხოვნისა და განკარგულებისადმი. ამდენად, სამართლის ხსენებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სამართალდამცველი ორგანოების მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების ესა თუ ის განკარგულება და მოთხოვნა კანონიერია მაშინ, როდესაც გამომდინარეობს უშუალოდ კანონმდებლობიდან - ანუ საჯარო, ან კერძო სამართლის ნორმებიდან, რომლებიც საზოგადოებრივი ურთიერთობას თუ მოქალაქეთა ქცევის წესებს ადგენენ და არეგულირებენ ნორმატიულად. (ხსენებული ნორმის შემადგენლობაში იგულისხმება საქართველოს კანონით „პოლიციის შესახებ“ და კანონქვემდებარე აქტებით ნორმატიულად დადგენილი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა)“ [3] -(დანართი #4).
ამავდროულად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი განკარგულების მოთხოვნებისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობად კვალიფიკაციისთვის შემდეგი სტანდარტია დადგენილი:
· მოთხოვნის ან განკარგულების ავტორი უნდა იყოს აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი;
· სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნა ან განკარგულება უნდა იყოს კანონიერი, ანუ საფუძვლად ედოს სამართლის კონკრეტული ნორმა, რომელიც აღნიშნულ სუბიექტს ანიჭებს პირისგან კონკრეტული შინაარსის ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებას;
· სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი მოთხოვნის წაყენების ან განკარგულების გაცემისას უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობას, მის მიერ გაცემული განკარგულება (მოთხოვნა) უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს მის სამსახურებრივ საქმიანობას; •
· პირმა უნდა გამოამჟღავნოს კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი მოიცავს საპოლიციო ღონისძიების შეწყვეტისკენ ისეთ მოწოდებას, რომელიც არ არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შესაბამისად, რომლის აღკვეთის ვალდებულება ნორმატიულად არ არის გაწერილი, მიგვაჩნია, რომ ამგვარი პროტესტი/მოწოდება არ უნდა იქნეს განხილული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კონკრეტიზირებული კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად. შესაბამისად, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც სპონტანური პროტესტის დროს საპოლიციო ღონისძიების შეწყვეტის ვერბალურ მოწოდებას კრძალავს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად განსაზღვრავს. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს კონკრეტული აქტი, რომელიც ასეთ ქმედებას კრძალავს, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად ქმედების მიჩნევა, მთლიანად პოლიციელის შეხედულებაზე ხდება დამოკიდებული. გარდა ამისა, სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ამ ვერბალურმა მოწოდებამ რა კონკრეტული დაბრკოლება ან/და საფრთხე შეუქმნა პოლიციას ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის. სასამართლომ ვერბალური მოწოდება ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და წინაპირობის განსაზღვრის გარეშე ბლანკეტურად ჩათვალა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად და ასეთ დასკვნამდე იმის მიუხედავად მივიდა, რომ მას არ ჰქონია კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლითაც ნორმის შეფარდებისას უნდა ეხელმძღვანელა.
მოსარჩელის მაგალითზე, სადავო ნორმის საფუძველზე შეუძლებელი იქნებოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფარგლებში, პირი შესაძლოა დაჯარიმდეს ან დაპატიმრდეს საპოლიციო ღონისძიების (დაკავების) შეფასებისას ვერბალურად გამოხატული პროტესტის, შეკითხვის გამო ,,რატომ აკავებთ” , რაც ზრდის თვითნებობისა და პირის გაუმართლებელი დევნის რისკებს.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურია და ვერ უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განჭვრეტად ფარგლებში მოქცევას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებთან მიმართებით
2.1 კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სფერო (საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტები)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სფერო მოიცავს ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი, საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას. [4] საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი „იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს . [5]
მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას (პირის დაკავებისას) მოსარჩელის გამოხატვის არააგრესიული და არაძალადობრივი ფორმა, ამავდროულად არა შეურაცხმყოფელი გამოხატვა - სიტყვიერი მოწოდება/ შეკითხვა/ თხოვნა/ მოთხოვნა (სპონტანური, ვერბალური პროტესტი) თუ რატომ აკავებენ პირს, ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.
გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის თავისუფლებისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, დემოკრატიის განმტკიცებაში მისი ფუნდამენტური როლიდან გამომდინარე, არაერთხელ გაუსვა ხაზი საკონსტიტუციო სასამართლომ: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“.[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს ... დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“ . [7]
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მსგავსად, გამოხატვის თავისუფლებას აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტიც, რომლის თანახმადაც: „ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის ,,ინფორმაციული ფილტრის’’ დაყენებას, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის .“[8] სასამართლო ცალსახად აცხადებს, რომ ,,დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს. ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, მათ შორის, ზოგადად ხელისუფლების, მისი კონკრეტული წევრის ან მმართველობის ფორმის შეცვლის მოთხოვნა ვერ გახდება გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძველი .’’[9] როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს[10] ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში[11] განმარტებულია, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასთვის მისაღებია და დადებითად აღიქმება, არამედ ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკისმომგვრელია და შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება.
მოცემულ შემთხვევაშიც, გიორგი არობელიძე მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. გამოხატვის თავისუფლების სფეროში პასუხისმგებლობის დაწესებისას, იგი აუცილებლად უნდა პასუხობდეს განსაზღვრულობის ისეთ სტანდარტს, რომელიც გამორიცხავს „მსუსხავ ეფექტს“ პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი რეგულირების გარეთ მოქცეული გამოხატვის თავისუფლების მიმართ. სადავო ნორმას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებაზე, რადგან რეალურად აქვს უფლების შეზღუდვის იმაზე გაცილებით ფართო ეფექტი, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა გათვალისწინებული, რისი შეზღუდვაც კანონმდებელს უნდოდა და რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი ნაწილის ის ნორმატიულ შინაარსი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ მოთხოვნას (ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას), რომელიც არ წარმოადგენს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და სადავო ღონისძიება (მისი დაჯარიმება) წარმოადგენს აღნიშნული უფლებით დაცულ სფეროში დაუსაბუთებელ ჩარევას.
2.2 გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები
გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. კანონმდებელი ვალდებულია, უფლებაშემზღუდველი ნორმების დადგენისას, დაიცვას გონივრული ბალანსი მისაღწევ მიზანსა და შეზღუდულ უფლებას შორის, რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტსა და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებულია ის საფეხურები/ეტაპები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს უფლებაში ჩარევა. კერძოდ, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ (1) კანონის შესაბამისად, (2) დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი (3) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა, ან ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში, უნდა მიემართებოდეს მხოლოდ ამ თავისუფლებით სარგებლობის კონკრეტულ ფორმას და არავითარ შემთხვევაში მის შინაარსს. ესე იგი, საქართველოს კონსტიტუცია უშვებს სახელმწიფოს მიერ გამოხატვის უფლებაში ჩარევის შემთხვევებს იმ დაშვებით, რომ მას უნდა გააჩნდეს მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით ნებადართულ შეზღუდვებს, რომელთა დაწესებაც შესაძლებელია მოხდეს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების განხორციელებაზე, აღნიშნული საფუძვლები შეიძლება დაიყოს 3 კატეგორიად:
1. შეზღუდვები, რომელთა დანიშნულებაა საზოგადოებრივი ინტერესების (ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის ან ზნეობის) დაცვა;
2. შეზღუდვები, რომელთა დანიშნულებაა სხვა პირთა უფლებათა დაცვა (სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვა, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება);
3. შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.
ზემოხსენებული ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, შესაძლებელია საკმაოდ ვრცლად გამოიყურებოდეს, მაგრამ იმისათვის, რომ ამ საფუძვლებით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებად ჩაითვალოს, ნებისმიერი შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი უნდა იყოს. ევროპულმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ჩარევის აუცილებლობის დადგენისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები ეყრდნობიან შეფასების ტესტს, რომელიც ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას და გამომდინარეობს თითოეული შემთხვევიდან. როდესაც ხორციელდება მე-10 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებაში ჩარევა, კონტროლი უნდა იყოს მკაცრი მოცემული უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ უფლებათა მნიშვნელობა მრავალჯერ იქნა ხაზგასმული სასამართლოს მიერ, შესაბამისად, მათი შეზღუდვის აუცილებლობა დამაჯერებლად უნდა იქნეს დასაბუთებული.
ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ შეიმუშავა მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული შესაძლო შეზღუდვების მკაცრი იმპლემენტაციის წესები. არსებითად, სასამართლომ დააწესა სამართლებრივი სტანდარტი, რომ ნებისმიერ ზღვარზე მყოფ საქმეში უპირატესობა უნდა მიეცეს პირის გამოხატვის თავისუფლებას და არა სახელმწიფოს მიერ უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების მტკიცებას.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთის დასახელება საკმარისი არაა. აუცილებელია, რომ არსებობდეს უფლების შეზღუდვასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს იმგვარი საშუალებით, რომელიც აუცილებელია და ლოგიკურ კავშირს ქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეზღუდვა გაუმართლებელია.[12] გარდა ამისა, შეზღუდვა სწორედ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ უნდა იყოს მიმართული და მისი არსებობა უნდა იყოს აუცილებელი წინაპირობა შედეგის მისაღებად.[13] ხოლო, საბოლოო კომპონენტს წარმოადგენს პროპორციულობა, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს დააწესოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი შეზღუდვა. არსებულ მიდგომას იზიარებს ევროპული სასამართლოც და საქმეში Observer and Guardian v. UK აღნიშნავს, რომ ტერმინ „აუცილებელის“ ქვეშ მოიაზრება მკაცრი სოციალური საჭიროება .[14]
სახელმწიფოს მიერ შერჩეული შეზღუდვის ლეგიტიმურობისა და მართლზომიერების შემოწმების საკმაოდ მკაცრ, სამსაფეხუროვან მიდგომას იზიარებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიც, რომლის ჩამონათვალიც კონსტიტუციის მე-17 მუხლის იდენტურია. იდენტური ტესტის გამოყენება ევროპული სასამართლოს მიერ უკვე თანმიმდევრულ პრაქტიკას წარმოადგენს.[15]
შესაბამისად, იმისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იყოს ლეგიტიმური და გამართლებული, მან უნდა გაიაროს ტესტი, რომელიც შედგება შემდეგი საფეხურებისაგან:
1) შეზღუდვები უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული
აღსანიშნავია, რომ კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას სასამართლომ ხაზი გაუსვა ისეთ საქმეშიც, სადაც მას სადავო ნორმის კონსტიტუციის 24-ე მუხლთან (ახალი რედაქციის მე-17 მუხლი) შესაბამისობის შეფასება მოუწია და აღნიშნა: ,,ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს.
სადავო ნორმები არღვევს განჭვრეტადობის პრინციპს, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ მათი ხარისხობრივი დონე არ შეესაბამება „კანონის“ მოთხოვნებს. („გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით“) .[16]
იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი მოიცავს საპოლიციო ღონისძიების შეწყვეტისკენ ისეთ მოწოდებას, რომელიც არ არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს და შესაბამისად, რომლის აღკვეთის ვალდებულება ნორმატიულად არ არის გაწერილი, მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს. ვერბალური პროტესტი/მოწოდების აკრძალვა, რომელიც არ არის შეურაცხმყოფელი და არც საპოლიციო ღონისძიების ხელშეშლის რეალურ საფრთხეს ქმნის არ წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კონკრეტიზირებულ კანონიერ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც სპონტანური პროტესტის დროს საპოლიციო ღონისძიების შეწყვეტის ვერბალურ მოწოდებას კრძალავს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად განსაზღვრავს. შესაბამისად, ნორმა არის იმდენად განუსაზღვრელი, რომ თვითნებური განმარტების შესაძლებლობას იძლევა, რაც ურთიერშეუსაბამო და არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით დასტუდება. ამასთანავე, პოლიციის თანამშრომლის მიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა მათი მისამართით შეკითხვის დასმა, თუ რატომ აკავებდნენ კონკრეტულ პირს, ადგილი არ ჰქონია.
იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნას, არსებული რეგულირება ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფარგლებშიც.
2) უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უფლების შეზღუდვის ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს, რომელიც წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი და არაკონსტიტუციურია“ . [17]შესაბამისად, უნდა დადგინდეს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.
სადავო მუხლის საფუძვლით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით- გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურად მიჩნევის მიზნობრიობით განსაზღვრულ საფუძვლებთან.
საკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული თითოეული სამართალდარღვევის, მათ შორის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, შემოღების მიზანს სწორედ სახელმწიფოს მმართველობის წესისა და მისი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემული სადავო ნორმის შემოღებით კანონმდებელი მიზნად ისახავდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის (და შესაბამისი სპეციალური სუბიექტების) კანონიერი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად უზრუნველყოფას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დეფინიციას, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის საფრთხის თავიდან აცილება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” პუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებად განიმარტება პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით, მართლწესრიგი არის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მართლწესრიგის ცნება მოიცავს კონსტიტუციური წყობის შესაბამისი დაუწერელი ნორმების, საზოგადოებაში ინდივიდთა ქცევის წესების ერთობლიობას, რომელიც ამ საზოგადოების მიერ მიჩნეულია მოქალაქეობრივი თანაცხოვრების აუცილებელ წინაპირობად.
პოლიციელის ერთ-ერთი ფუნქციაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე (პოლიციის შესახებ კანონის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), ამავე კანონის მე-17 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი კი ადგენს პოლიციის უფლებამოსილებას, პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
მართლწესრიგის ცნებას, ისევე როგორც მოქალაქეთა საერთო ცხოვრების (საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებულ) წესებს განუსაზღვრელობის მაღალი ხარისხი ახასიათებს. შესაბამისად, მათ პოლიციის მიერ ქმედების განხორციელების მიზნად მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოიხმობენ. მართლწესრიგს გააჩნია ე.წ. სარეზერვო ფუნქცია. ასეთ ნორმებს არ აქვთ მავალდებულებელი ან ამკრძალავი (შემზღუდავი) ძალა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც დასაშვებია ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მართლწესრიგში მოაზრებული ღირებულებების დაცვის მიზნით. ასეთი გამონაკლისები არსებობს მხოლოდ იმ გარემოებებში, რომლებშიც რაიმე მოქმედება (მდგომარეობა) ინტენსიურად ეწინააღმდეგება ტრადიციულ შეხედულებას. [18]
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული გამოხატვის არააგრესიული და არაძალადობრივი ფორმა, ამავდროულად არა შეურაცხმყოფელი გამოხატვა, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ქცევის წესებთან, არ არსებობს ამ საფუძვლით პირის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძველი.
მიუხედავად ამისა, სადავო ნორმის საფუძველზე გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეიძლება ჰქონდეს ორი ლეგიტიმური მიზანი: (1) საზოგადოების უსაფრთხოება (2) სხვათა უფლებების დაცვა (მართლწესრიგის დაცვა).
როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ ვხდით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ მოთხოვნას (ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას), რომელიც არ წარმოადგენს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიგვაჩნია, რომ პროტესტის გამოხატვის აღნიშნული ფორმა არ უქმნის საფრთხეს მართლწესრიგის დაცვის მიზნით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ეფექტურ და შეუფერხებელ საქმიანობას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას (მოქალაქეთა საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას).
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის. მიზნები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძველს მართლაც წარმოადგენს, თუმცა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გასამართლებლად კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთის დასახელება არ კმარა, აუცილებელია, რომ ლეგიტიმურ მიზანსა და უფლების შეზღუდვას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობდეს. სახელმწიფოს მიერ რეგულირება უნდა ხორციელდებოდეს გამოხატვის თავისუფლების იმგვარი შეზღუდვით, რომელიც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება - შეზღუდვა გაუმართლებელია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ. 43,44).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას რაციონალური კავშირიც კი არ არსებობს დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, შესაბამისად, შეზღუდვა ვერ ჩაითვლება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
3. შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული.
პირველ რიგში სადავოდ ვხდით რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმა „კანონით გათვალისწინებულობის“ მოთხოვნას, ხოლო შემდეგში ალტერნატიულად ვამტკიცებთ, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კანონის ხარისხობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ეს უკანასკნელნი მაინც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, ვინაიდან სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ კმაყოფილდება ზემოთქმული კრიტერიუმები.
უფლებამზღუდავი ნორმისა და ლეგიტიმური მიზნის არსებობა საკმარისი არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად. მნიშვნელოვანია დაცულ იქნეს თანაზომიერების მკაცრი კონსტიტუციური სტანდარტი და ამდენად არ მოხდეს ადამიანის უფლების იმაზე მეტი ხარისხით შეზღუდვა, ვიდრე ამას დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უკიდურესი აუცილებლობა მოიაზრებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავადად არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნასაც. იმისათვის, რათა აღნიშნული კრიტერიუმები დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს, აუცილებელია [19] რომ სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვა უზრუნველყოფდეს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და, იმავდროულად, წარმოადგენდეს ამ უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს ძირითად უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის“. აუცილებლობის შეფასებისას მნიშვნელოვანია გაირკვეს არის თუ არა სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნამდვილად აუცილებელი და ხომ არ იყო შესაძლებელი ამ მიზნის მისაღწევად რაიმე უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენება. ესე იგი, გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს ყველაზე ნაკლებადმზრუდავი საშუალება. [20]
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს: „თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.“ [21]
შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უნდა იყოს კრიტიკულად აუცილებელი, აღნიშნული ცნება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განიმარტება ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვად: „რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა“.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავად, არასაკმარისია და „აუცილებელია, სადავოდ გამხდარი რეგულაციით შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია“ [22]. შესაბამისად, შეზღუდვა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, რის დასადგენადაც საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ლოგიკური კავშირის არსებობას შეზღუდვასა და მიზანს შორის თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, მაშინ უფლებაში ჩარევა თვითმიზნური და არაკონსტიტუციურია.
სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მოიაზრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და სხვათა უფლებების დაცვაში, თუმცა შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევი გამოსადეგი საშუალება არ არის და ამასთანავე დარღვეულია პროპორციულობის მოთხოვნაც.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგენს ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
როგორც აღინიშნა, იმის მიუხედავად, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს პირისათვის ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ისინი ვრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც, მათი ბუნებისა და გათვალისწინებული სანქციიდან გამომდინარე, ატარებენ სისხლის სამართლის დანაშაულის ხასიათს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის, პირისთვის წაყენებული ბრალი შესაძლოა ატარებდეს სისხლის სამართლებრივ ხასიათს, იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ სამართალში, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში. იმის დასადგენად ატარებს თუ არა პირისთვის წაყენებული ბრალი სისხლისსამართლებრივ ხასიათს, სასამართლო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სამართალდარღვევის ბუნებას და სანქციის მიზანსა და მოცულობას (Galstyan v. Armenia, 15 November 2007, no. 26986/03, §58).
მაგალითად, ზოგადი ნორმის საფუძველზე სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მისი შინაარსიდან გამომდინარეც ან ასეთად იქნეს მიჩნეული მისი შინაარსის და შესაძლო სანქციის გათვალისწინებით, რაც საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ პირისათვის წაყენებული ბრალი სისხლისსამართლებრივად მიიჩნიოს (Ziliberberg v. Moldova, 1 February 2005, no. 61821/00, §29-33). აღსანიშნავია, რომ ასკ-ს 173-ე მუხლის ერთ-ერთ სანქციის ზომას, სწორედ ადმინისტრაციული პატიმრობა წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია სასამართლომ მითითებული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ბრალდებულისთვის მინიჭებული იმ უფლებებითა და საპროცესო სტანდარტებით, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლითა და საქართველოს შიდა კანონმდებლობით განსაზღვრულია სისხლის სამართლის საქმეზე.
რაც შეეხება, სანქციის მეორე სახეს, ჯარიმას. აღნიშნული ჯარიმის ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში არსებულ მინიმალურ ხელფასს და მათი გამოყენება მოსახლეობის უმეტესობისათვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ წნეხს უკავშირდება. ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ასკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემთხვევაში. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
სახელმწიფოს მიერ ამგვარი მკვეთრად მაღალი სანქციების გათვალისწინება მიუთითებს, რომ მათი მიზანია არა მხოლოდ დამდგარი ზიანის კომპენსაცია, არამედ პირის დასჯა და მსგავსი ქმედებების განმეორების თავიდან აცილება. სანქციის სადამსჯელო ხასიათი კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია (Öztürk v. Germany, 21 February 1984, no. 8544/79, §53).
საქართველოს კანონმდებლობაში ისედაც არსებობს სათანადო ბერკეტები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ თავი დაიცვან მათ მიმართ განხორციელებულსსი შემდეგი ქმედებებისგან: [სიტყვიერი შეურაცხყოფისგან (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული მე-2 შემადგენლობა) შეურაცხმყოფელი მოქმედებებისგან, სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული მე-3 შემადგენლობა) ასევე, წინააღმდეგობისგან, მუქარით ან ძალადობით საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამოხატვის არააგრესიული და არაძალადობრივი ფორმა, ამავდროულად არა შეურაცხმყოფელი გამოხატვა, რომელიც საპოლიციო ღონისძიების განხორციელების ხელშეშლის რეალურ საფრთხეს არ ქმნის, ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლება არაგანჭრვეტადი კანონის ფარგლებში იზღუდება, შესაბამისად - შეზღუდვა არ არის კანონით გათვალისწინებული. გარდა ამისა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
[1] Kokkinakis v. Greece, no. 14307/88, 25 May 1993, para. 52
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის N2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე: „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
[3] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის დადგენილება, გვ.14
[4] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პ. 3.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
[7] „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №516;
[8] საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-14.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II.პ.106
[10] Handyside v. the United Kingdom judgment of 7 December 1976, Series A no. 24, p. 23, §49 http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57499
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პ. 40.
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ. 43-44
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება, II.პ.53
[14] Observer and Guardian v. the United Kingdom, 1995
[15] გაიდლაინი გვ. 35; Castells v. Spain; Leander v. Sweden; Guardian v. UK; Sunday Times v. UK;
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის # 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II.პარ.7
[17] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434, 27 აგვისტო, 2009
[18] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434, 27 აგვისტო, 2009
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს 2021 წლის 16 დეკემბრის N1/5/1499 გადაწყვეტილება საქმეზე მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-29;
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26
[21] საქართველოს მოქალაქეები-ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრს N1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „ „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პ. 17.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა