გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/1726 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2024 16:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ... გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 26 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1726) მომართა გიორგი არობელიძემ. №1726 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 29 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.
2. №1726 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები, ფორმა და წესი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. №1726 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გიორგი არობელიძეს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, დაეკისრა 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა პოლიციის თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ შეძახილსა და მოწოდებაში, შეეწყვიტათ კონკრეტული პირის დაკავება. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, რომელიც უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნული ქმედება განიმარტა, როგორც პოლიციის თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ხელშეშლა, რამაც, გარკვეულწილად, მათი საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.
6. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია ითვალისწინებს სამართალდარღვევის რამდენიმე ალტერნატიულ შემადგენლობას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, პირს სამართალდარღვევად შესაძლოა შეერაცხოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სუბიექტის: ა) კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა; ბ) სიტყვიერი შეურაცხყოფა; გ) მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
7. მოსარჩელე აცხადებს, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს „კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტის სიტყვიერ თხოვნას/მოთხოვნას (ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას), რომელიც არ წარმოადგენს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
8. მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პოლიციელებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა გამოვლინდა სიტყვიერ პროტესტში, კერძოდ, ფრაზაში - „რატომ აკავებთ?“, რომლითაც მან მიმართა პოლიციელებს კონკრეტული პირის დაკავებისას. შედეგად, მოსარჩელის მიერ გამოთქმული სიტყვიერი პროტესტი დაკვალიფიცირდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად. მოსარჩელის პოზიციით, პროტესტის მსგავსი გამოვლინება ობიექტურად ვერ შეაფერხებდა საპოლიციო ღონისძიების განხორციელებას. შესაბამისად, ქმედების განხორციელებამდე, მისთვის შეუძლებელი იყო სადავო ნორმიდან მსგავსი შინაარსის ამოკითხვა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული დებულების ბუნდოვანების პრობლემას და, ამასთანავე, აჩენს, ამ ნორმის საფუძველზე, გამოხატვის თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის რეალურ საფრთხეს.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინები „კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია. კანონმდებელი თავად არ აკონკრეტებს და არ განმარტავს, რა იგულისხმება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობაში, რითაც სამართალშემფარდებელს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, განსაზღვროს დაუმორჩილებლობის ფარგლები და შინაარსი. ამგვარ მოცემულობაში კი მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი ხდება პასუხისმგებლობის გამომწვევ ქმედებათა დიაპაზონი. შეუძლებელია, პირმა წინასწარ განსაზღვროს, რა იგულისხმება სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა თუ ასევე პროტესტის ვერბალური გამოხატვა, მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერი მოწოდება შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის ბუნდოვანებაზე დამატებით მეტყველებს განსახილველ საკითხთან მიმართებით საერთო სასამართლოების არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოების მიერ, სხვადასხვა საქმეში არსებული იდენტური ქმედებები განსხვავებულად არის შეფასებული. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციელებისადმი სიტყვიერი მოწოდება, რომელსაც არ ჰქონდა შეურაცხყოფის სახე, მიჩნეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობად, სხვა შემთხვევაში კი, პოლიციელის თანამშრომლებისადმი რამდენჯერმე მიმართვა, არ დაეკავებინათ კონკრეტული პირი, საკმარისი არ აღმოჩნდა სასამართლოსათვის, პირის ქმედების პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად დაკვალიფიცირებისათვის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს კონსტიტუციით დადგენილ კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს და წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებასთან.
12. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის ბუნდოვანება აგრეთვე იწვევს მსუსხავ ეფექტს პირის გამოხატვის თავისუფლებაზე და იმაზე მეტად ზღუდავს მას, ვიდრე ეს ჩაფიქრებული ჰქონდა კანონმდებელს და ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც სპონტანური პროტესტის დროს საპოლიციო ღონისძიების შეწყვეტის ვერბალურ მოწოდებას კრძალავს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად განსაზღვრავს. შესაბამისად, სადავო ნორმის ამგვარი თვითნებური განმარტების შესაძლებლობას იძლევა თავად ამ ნორმის განუსაზღვრელი ბუნება.
13. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მისი ქმედება, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ვერბალური პროტესტის არაძალადობრივი, არააგრესიული გამოხატვა, რაც გამოვლინდა პოლიციელის მიმართ შეკითხვის დასმაში, თუ რატომ აკავებდა კონკრეტულ პირს, ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების განხორციელებისათვის მისი დაჯარიმება წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას.
14. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, აღნიშნულ ნორმაში ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ კანონიერი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელება სხვათა უფლებებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად. თუმცა ვერბალური პროტესტი, პოლიციელის მიმართ ოპერაციის შეწყვეტისაკენ სიტყვიერი მოწოდება, რომელიც არ შეიცავს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას, ვერ გამოიწვევს მისი საქმიანობის შეფერხებას და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად პირის დაკავება არაგონივრულია. მოსარჩელის პოზიციით, მსგავს ვითარებაში არ არსებობს ლოგიკური და რაციონალური კავშირი მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და დასახელებული მიზნების მიღწევას შორის. მაშასადამე, შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
15. გარდა გამოსადეგობისა, მოსარჩელის პოზიციით, სახდელის სახედ გათვალისწინებული სანქციების სიმკაცრის გათვალისწინებით, მის მიერ განხორციელებული ქმედება, პრაქტიკულად, სისხლის სამართლის დანაშაულადაა გამოცხადებული, რითაც დარღვეულია თანაზომიერების პრინციპის პროპორციულობის მოთხოვნაც.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. კერძოდ, ერთი მხრივ, შეზღუდვა არ არის დადგენილი კანონით, ვინაიდან ნორმა, რომელიც ადგენს შეზღუდვას, ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
17. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1726 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შემუშავებისას კანონმდებელს მოეთხოვება საკუთარი ნების, მიზნების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შედეგად განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვების თანახმად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, ისევე როგორც ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნორმაში გამოყენებული ტერმინი „კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ ბუნდოვანია, რის შედეგადაც, სამართალდარღვევად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტის სიტყვიერი თხოვნა/მოთხოვნა (ვერბალური მოწოდება/პროტესტი, სპონტანური მითითება), რომელიც არ წარმოადგენს სიტყვიერ შეურაცხყოფას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია, იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის თვალსაზრისით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო სასამართლოების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული ნორმატიული რეგულაცია მისი ადრესატებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49).
7. ამდენად, „საერთო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში. სასამართლოს ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლოს ერთგვაროვანი, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკის არსებობა, ამ ნორმიდან მომდინარე პასუხისმგებლობის განჭვრეტადობის საუკეთესო ინდიკატორია. იმ პირობებში, როდესაც ქმედების ჩადენამდე პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ამა თუ იმ შინაარსით გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს, პირი ვერ მიუთითებს, მათ შორის, ზოგადი ტერმინებით ფორმულირებულ ნორმასთან მიმართებითაც კი, პასუხისმგებლობის დაკისრების განუჭვრეტელ ხასიათზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილებით, საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან შესაბამისობის შეფასების მასშტაბი. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ა. როდესაც სადავო ნორმის/მის რომელიმე ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, არსებობს საერთო სასამართლოების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები; ბ. როდესაც ხდება საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და სადავო ნორმის ახლად იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; გ. როდესაც სადავოა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმისთვის, რათა ნათელი იყოს მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას შორის, მარტოოდენ ნორმის ზოგად ხასიათზე მითითება არ გამოდგება მისი განუსაზღვრელობის სამტკიცებლად. მოსარჩელეს მოეთხოვება, ზოგადი მითითების მიღმა წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია და სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენენ გასაჩივრებული რეგულაციის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპთან შეუსაბამობას.
10. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის ბუნდოვანების საილუსტრაციოდ მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენებასთან მიმართებით, საერთო სასამართლოების პრაქტიკა არაერთგვაროვანია და მოსარჩელის საქმისაგან განსხვავებით, ცალკეულ შემთხვევებში, საერთო სასამართლოები პირის ვერბალურ პროტესტს არ მიიჩნევენ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ მოხმობილ დადგენილებაში პოლიციის მიერ გაჩერებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება. მისი დაკავების პროცესში, იმავე ავტომობილის მგზავრი რამდენჯერმე მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას და სთხოვდა პოლიციელებს, არ დაეკავებინათ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში, აღნიშნული ქმედება, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად იმისათვის, რომ დაედგინა პიროვნების მხრიდან პოლიციელის მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელშეშლა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. აღნიშნული საქმისგან განსხვავებით, მოსარჩელის შემთხვევაში, პოლიციის გამოძახებას წინ უძღოდა ხალხმრავალი ჩხუბი, ხოლო მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებების განხორციელების დროს, პოლიციელთა მხრიდან მიმდინარეობდა კონკრეტული პირის დაკავება ხალხმრავალ და დაძაბულ გარემო-პირობებში. ხსენებული დადგენილების თანახმად, მოსარჩელის მიერ განხორციელდა პოლიციელების მიმართ სიტყვიერი მოწოდება, პროტესტი და შეძახილები საპოლიციო ღონისძიების შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც მოსარჩელე გამოხატავდა პოლიციის მიერ დაკავებული პირის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობამდე მიყვანის პერიოდში. აღნიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად, კერძოდ, საპოლიციო ოპერაციის განხორციელებაში ჩარევად და პოლიციელის საქმიანობისთვის ხელშეშლად, რამაც, გარკვეულწილად, ამ საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.
11. მოხმობილი დადგენილებები მიუთითებს, რომ სადავო ნორმის თანახმად, სიტყვიერმა მოწოდებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფორმა, ზოგ შემთხვევაში კი არა. ხსენებული შესაძლოა, რელევანტური არგუმენტი იყოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად, თუმცა სასამართლოს პრაქტიკის არაერთგვაროვნებაზე არ მიუთითებს. არც ერთი ზემოხსენებული დადგენილება არ ადგენს, რომ სიტყვიერი მოწოდებები (მათი შეწყვეტის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) არ შეიძლება გახდეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველი. მაშასადამე, მოსარჩელის მიერ მოხმობილი საერთო სასამართლოს პრაქტიკა ვერ გამოდგება, საერთო სასამართლოების მხრიდან, სადავო ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების საილუსტრაციოდ. კერძოდ, მოხმობილი დადგენილების საფუძველზე, დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული, რომ მოსარჩელის საქმეზე არსებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ახალციხის რაიონული ან თბილისის სააპელაციო სასამართლო განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს დააყენებდა მოსარჩელის მიმართ.
12. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, დასახელებულ საკითხთან მიმართებით, გამოითხოვა და გააანალიზა სხვადასხვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების 2020-2024 წლების 989 დადგენილება. წარმოდგენილი აქტებიდან, სასამართლო არც ერთ მათგანში არ მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას, მასთან პიროვნების ვერბალური კომუნიკაცია და საპოლიციო ღონისძიების სიტყვიერი პროტესტი, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად და მისი საქმიანობის ხელშეშლად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად ადგენს, სიტყვიერმა პროტესტმა მიიღო თუ არა ხელშეშლის ფორმა (იხ., მაგ., თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება საქმეზე №4/2580-20; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის დადგენილება საქმეზე №4/400-20; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 აგვისტოს დადგენილება საქმეზე №4/556-21; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის დადგენილება საქმეზე №4ა-427-21; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის დადგენილება საქმეზე №4-413-21). შედეგად, აღნიშნული დადგენილებების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საერთო სასამართლოების მიერ გაკეთბული სადავო ნორმის განმარტებები არ არის წინააღმდეგობრივი.
13. ასევე არ გამოკვეთილა, რომ მოსარჩელის საქმეზე განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და ნორმის ახლად იდენტიფიცირებული შინაარსი გავრცელდა ამგვარ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებაზე.
14. გარდა ამისა, №1726 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, მოსარჩელის საქმეზე საერთო სასამართლოს მიერ ამ ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია. ამდენად, წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევის არსებობა, რაც, თავის მხრივ, წარმოაჩენდა მიმართებას სადავო ნორმასა და განჭვრეტადობის კონსტიტუციური პრინციპის დამდგენ კონსტიტუციურ დებულებას შორის.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1726 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ... გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. №1726 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ... გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
17. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სანქციებს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტაცია როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის, ასევე სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/12/926 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
18. კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედების შემადგენლობას. კერძოდ, თავად მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინის „კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ თხოვნას/მოთხოვნას (ვერბალურ მოწოდებას/პროტესტს, სპონტანურ მითითებას), რომელიც არ წარმოადგენს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
19. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციურ სარჩელში სანქციის სახესა და ზომაზე ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ სადავო ნორმით სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედების სისხლისსამართლებრივი ხასიათის წარმოსაჩენად და აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული საკითხის განსაკუთრებული სკრუპულოზურობით შეფასების საჭიროების საილუსტრაციოდ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1726 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1726 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1726 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1726 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი არობელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ... გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში