რატი ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1732 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | რატი ვარდიაშვილი |
თარიღი | 22 სექტემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
ბ. საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის N 24-80 დადგენილებით დამტკიცებული დანართი საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი. |
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინრომაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის N 24-80 დადგენილებით დამტკიცებული დანართი საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12-, მე-14, მე-19 და 26-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2022 წლის 4 აგვისტოს ჩემს საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე TOYOTA PRIUS სახ. ნომერი: VB144BV (თეთრი ფერი) 1 წლის ვადით შევიძინე კანონით დადგენილი A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია.
2022 წლის 12 აგვისტოს ავტომობილი პარკირების მიზნით დავაყენე ამავე კატეგორიის ლიცენზიის მქონე ავტმობილებისათვის გამოყოფილ ტაქსის საპარკინგე ადგილზე. დაახლოებით 20-30 წუთის შემდგომ ელ. შეტყობინებით შევიტყე, რომ ავტომობილი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.
დაუყოვნებლივ გამოვცხადდი ადგილზე და თანხის გადახდის შემდგომ გამოვიყვანე ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომიდან.
იმის მიუხედავად, რომ ავტომობილს ჰქონდა ლიცენზია და კანონით დადგენილი წესით მქონდა უფლება ტაქსებისათვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილზე დამეპარკინგებინა, ავტომობილი მაინც გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.
ჯარიმის ქვითრის N პჯ002862 სამართლებრივი საფუძველი მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილი, რომლის თანახამდაც "ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით". აღნიშნული ამკრძალავი ნორმის დისპოზიციაში არ ჯდება ჩემი სატრანსპორტო საშუალება, ვინაიდან პარკირების დროისთვის 12 აგვისტოს უკვე ავტომობილს ჰქონდა A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია და ეყენა ყველა საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა გადაიყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე ავტომობილი და დამიწერა ჯარიმა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯარიმა გავასაჩივრე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა პასუხი საჩივარზე, სადაც მიუთითა ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი ნორმატიული აქტების სახით:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილი.
ასევე არგუმენტირებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით N 24-80 და N 33-99 დადგენილი წესებით.
გაცნობებთ, რომ მითითებული ნორმატიული აქტები და სამართლებრივ ნორმათა შინაარსი, რაც გახდა ჩემთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებთან, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19, მე-14 და მე-12 მუხლებთან. კერძოდ, დაირღვა კონსიტუციით განმტკიცებული და გარანტირებული ჩემი საკუთრების უფლება, ვინაიდან უკანონოდ იქნა ჩემს საკუთრებაში რიცხული ავტომობილი: ტოიოტა პრიუს (თეთრი ფერი) სახ. ნომერი: VB-144-BV სპეციალურად განსაზღვრულ საჯარიმო ავტოსადგომზე. უხეშად მოხდა ჩარევა კონსტიტუციით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებაში და აგრეთვე თავისუფალი განვითარების უფლებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი და წარმოება თავისი არსითა და გადაწყვეტილებით პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს ჩემს ადმინსიტრაციულ სარჩელზე თბილისის მერიისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართ, გთხოვთ მიიღოთ წარმოებაში აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩივარზე პასუხის შინაარსში მიუთითა ორ ძირითად სამართლებრივ აქტზე:
1) თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N 33-99
2) თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N 24-80
აღნიშნული ნორმატიული აქტებიდან არ გამომდინარეობს ჩემი ადმინისტრაციული გადაცდომის კანონშესაბამისობა. აგრეთვე ჩემი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 პუნქტს არ ეწინააღმდეგაბა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად ინდ. აქტი ბათილია მაშინ, როდესაც ეწინააღმდეგება კანონს.
ინდ. აქტი, საჯარიმო ქვითარი, რომლის თანახმადაც მეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილით განსაზღვრული თანხის გადახდა, კანონსაწინააღმდეგოა. აღნიშნული ნორმა შედგება ორი სამართლებრივი კუმულატიურად არსებული პირობისაგან:
ა) პირს უნდა ჰქონდეს ტაქსის ლიცენზია;
ბ) პირი უნდა აკმაყოფილებდეს ტაქსის პარკირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომობილი იყო ტაქსის ლიცენზიით აღჭურვილი დასტურდება ნებართვის ნომრით: T153431
ხოლო სამართლებრივი გარემოება, რომ ავტომობილი აკმაყოფილებდა ტაქსის პარკირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს აგრეთვე წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით:
თბილისის მუნიცილაპიტეტის საკრებულოს დადგენილების N 24-80 მე-3 მუხლით დადგინდა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობები. აღნიშნული აქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელსაც ნებართვის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების N 33-99 მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტაქსებისათვის განკუთვნილ საპარკინგე ადგილზე კი დასაშვებია პარკირება. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პარკირება არის დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას. შესაბამისად, პარკირების პროცესში განსაზღვრული არ არის სუბიექტის კონკრეტული მიზანი პარკირების დროს. ტერმინის დისპოზიციაში მოცემულია პარკირების მიზანი - სუბიექტმა გამიზნულად შეწყვიტოს გადაადგილება და განთავსდეს შესაბამისად გამოყოფილ საპარკინგე ზოლში.
დადგენილების N 24-80 მე-3 მუხლით დადგენილი წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს მთელ რიგ სანებართვო პირობებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსი მთელი სალიცენზიო პერიოდის განმავლობაში. ამავე სანებართვო ერთ-ერთ პირობას შეადგენს ტაქსის აღმნიშვნელი სანათი ე.წ. "ტრაფარეტის" მუდმივი განთავსება ავტომობილის ზედა მხარეს. დადგენილებით N 24-80 განსაზღვრული წესის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად - A კატეგორიის ნებართვის მფლობელი ნებართვის მთელი ვადის განმავლობაში მომსახურების გაწევისას ტაქსი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი სანათი (ტრაფარეტი). აღნიშნული დანაწესი იმპერატიულად განსაზღვრავს შესაბამისი სანათის გამოყენების სავალდებულო პერიოდს. ეს პერიოდი იმპერატიულად და სავალდებულოდ განსაზღვრულია ნებართვის მფლობელი სუბიექტისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ახორციელებს ტაქსით განსაზღვრულ საქმიანობას. აქედან გამომდინარეობს დანაწესი, რომ მთელი ლიცენზიის პერიოდში ტაქსი ვალდებულია დაიცვას ეს პირობა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ახორციელებს ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას.
აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც დაადგენს პარკირების დროს ტაქსის სანათის გამოყენების სავალდებულოობას. არ არსებობს ნორმა, რომელიც გამიჯნავს ტაქსის პარკირების პირობებს ზოგად საპარკინგე პირობებისაგან გარდა სუბიექტებისა და უფლებამოსილი პირებისა, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ ესა თუ ის საპარკინგე სივრცე. საბოლოოდ, არ არსებობს ნორმა, რომელიც მატერიალურად, დაადგენს ტაქსისა და სხვა საპარკინგე სივრცეების ერთმანეთისაგან შინაარსობლივ განსხვავებას. პარკირების ცნება, ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტში მხოლოდ ერთგვაროვანია და არ არსებობს სხვადასხვა სუბიექტების მიხედვით დაყოფილი პარკირება. შესაბამისად, არ არსებობს ვალდებულება ტაქსის პარკირებაზე ტაქსის ავტომობილს ჰქონდეს სანათი განთავსებული, რადგან პარკირებისას, კანონის თანახმად, სუბიექტი გამიზნულად წყვეტს მოძრაობას. აქ სრულდება ტაქსის კანონისმიერი საქმიანობა და შესაბამისად წყდება ის ვალდებულება, რომ სანათი აუცილებლად ავტომობილზე ჰქონდეს განთავსებული დაპარკინგებულ ავტომობილს, მაშინ, როდესაც საპარკინგე ადგილს ტაქსის საქმიანობის განსახორციელებლად არ იყენებს. ხოლო საპარკინგე ადგილზე ტაქსის საქმიანობის განუხორციელებლობა აბსოლუტურად კანონიერად ითვლება, რადგან არ არსებობს სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც დააწესებს ტაქსის საპარკინგე ადგილზე განთავსების მიზნობრივ წესს და დაადგენს, რომ მხოლოდ სამუშაო პერიოდის მანძილზეა შესაძლებელი ტაქსებმა დააპარკინგონ ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი ავტომობილი, რომელსაც ჰქონდა ტაქსის ლიცენზია, არ ახორციელებდა კანონით გათვალისწინებულ ტაქსის საქმიანობას რაც ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი იყო ტაქსის სანათის დადგმის ვალდებულებისაგან.
ზემოხსენებულ სამართლებრივ რეგულაციებთან ერთად დადგენილება N 24-80-ით დადგენილი წესის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად ტაქსი არის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი...
აღნიშნული ნორმის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ თუ A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ავტომობილს პარკირების დროს დროებით ექნება მოხსნილი სანათი საშუალება, გამოდის, რომ ავტომობილი ფორმალურად არ იმყოფება დადგენილებით N 24-80 დადგენილი წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ „აღჭურვილ“ მდგომარეობაში. შესაბამისად აღნიშნული ფორმალური გაუმართაობა ქმნის მატერიალურ და სამართლებრივ კოლიზეას ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტებში. კერძოდ, მანათობელი ნიშნის შესვენების მიზნით, დროებით მოხსნის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს ტაქსისათვის გათვალისწინებულ აღმჭურველ ფორმალურ გარეგან სტანდარტებს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ავტომობილი აღარ ითვლება ტაქსად მაშინ, როდესაც აღნიშნული ავტომობილი აღჭურვილი ერთ წლიანი A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიით.
იმის გათვალისწინებით, რომ ტაქსის მანათობელი ნიშნის მოხსნა არ აუქმებს ლიცენზიას, ასევე არ უნდა აუქმებდეს ტაქსებისათვის გათვალისწინებულ საპარკინგე ზოლში პარკირების უფლებას ლიცენზირებული ტაქსისთვის.
აღნიშნული ნორმა პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებას - საკუტრების უფლებას. ჩემს ძირითად, საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში მოხდა უხეში ჩარევა მაშინ, როდესაც შესვენების მიზნით დაპარკინგებული ავტომობილი მხოლოდ იმ სამართლებრივი საფუძვლით გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე, რომ ჩემს მიერ ტაქსის სანათის მოხსნამ განსაზღვრა მოცემულობა, რომ ავტომობილი სამართლებრივად აღარ აკმაყოფილებდა დადგენილება 24-80-ით დაწესებულ ტაქსის ცნებასა და შემადგენლობას. ჩემს მიერ ტაქსის სანათის მოხსნამ განაპირობა ტაქსის კანონისმიერი აღჭურვილობის დარღვევა და ავტომობილი აღარ ჩაითვალა ტაქსად.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებამ გამოიწვია კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ ჩემს ძირითად უფლებაში ჩარევა. კერძოდ შემეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნული უფლება ყოველ ჯერზე იზღუდება მაშინ, როდესაც შესვენების მიზნით კანონით დადგენილი ლიცენზირებული ტაქსი გამოიყენებს ტაქსებისათვის განკუთვნილ საპარკინგე ადგილს ტაქსის სანათის მოხსნით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას, აგრეთვე ირღვევა მაშინ, როდესაც შესვენების უფლების გამოყენება სურს ლიცენზირებული ტაქსის თანამშრომელს იმგვარად, რომ სანათი ნიშანი მოხსნას და კონსტიტუციური უფლება შესვენების მიზნით ჯეროვნად და სრულყოფილად გამოიყენოს.
აგრეთვე უხეში ჩარევაა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით დაცულ გარანტირებულ შრომის თავისუფლების უფლებაში. საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომით სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სპეციალურ წესებსა და პირობებს. აღნიშნული კანონის ერთ-ერთი უმთავრესი დანაწესები დასაქმებულ პირთა კანონისმიერი შესვენების უფლების ჯეროვნად გამოყენებაა. მაშინ როდესაც ზემოხსენებული სადაო ნორმა არ მოდის შრომის თავისუფლების უზოგადეს ფუნდამენტურ უფლებასთან თანხვედრაში, ცალსახაა, რომ უხეშ ჩარევას აქვს ადგილი ადამიანის შრომის თავისუფლების ნაწილში მაშინ, როდესაც ტაქსის სანათის მოხსნის უფლებას არ ძლევს კანონმდებლობა არსებული რეალობით ლიცენზირებულ ტაქსის მუშაკს. ეს უკანასკნელი პირი მოკლებულია ტაქსებისათვის კუთვნილ ადგილზე დაპარკინგებისა და სათანადო, ღირსეული შესვენების საშუალებას ყოველგვარი ტაქსის სანათის ნიშნის გარეშე.
ზემოხსენებული დადგენილებით დადგენილი წესის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტით გათვალისწინებული ტაქსის ტერმინის განმარტებაში აუცილებელია დამატებით განიმარტოს რომ ძალადაკარგულად გამოცხადდეს ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესვენების მიზნით სანათის ნიშნის მოხსნა ტაქსის აღჭურვილობის დარღვევად ითვლება. ვინაიდან აღნიშნული დარღვევის დროს ლიცენზირებული ავტომობილი აღარ ითვლება ტაქსად, რადგან აღარ ესადაგება ზემოხსენებული ტერმინის დისპოზიციას.
საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტაქსის საპარკინგე ადგილად გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს იმ ავტომობილებისთვის, რომელზედაც გაცემულია კანონით დადგენილი A კატეგორიის ლიცენზია, თუმცა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის ტაქსის აღმჭურველი სანათის გამოუყენებლობის საფუძველზე, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებულ მუხლებს: მე-12, მე-14, მე-19 და 26-ე მუხლებით განმტკიცებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის გარანტიც საქართველოს კონსტიტუციაა.
აღნიშნული ნორმის შესწავლის დესკრიფციული მეთოდის გამოყენებით უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სამართადარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც ზემოთ იქნა აღწერილი ლიცენზირებული ტაქსის სანათის მოხსნასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული ქმედებაა საფუძველი იმისა, რომ ჯარიმას სამართლებრივ საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილი და მოხდეს ჩარევა ადამიანის კონსტიტუციურ ძირითად უფლებებში.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით N 33-99 დადგენილი წესის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად პარკირება არის დგომის ადგილებზე ავტომობილის მოძრაობის გამიზნული შეწყვეტა. აღნიშნული დეფიცინია იცავს კონსტიტუციის თავისუფალი მიმოსვლის ძირითად უფლებას, რომელიც კონკრეტულ საპარკინგე ადგილებში უნდა იყოს დაცული საკანონმდებლო დონეზე. ლიცენზირებული ტაქსის მიერ ტაქსის პარკინგის ზოლში ავტომობილის დაპარკინგება იმგვარად რომ შესვენების პერიოდში მოხსნას სანათი ნიშანი ავტომობილს, წარმოადგენს ნებართვის მფლობელის კონსტიტუციურ ძირითად უფლებას. თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი პრობლემის გათვალისწინებით აღნიშნული კონსტიტუციური ძირითადი უფლება დარღვეულია ჩემსა და სხვა მსგავს შემთხვევებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ძალადაკარგულად ცნოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტაქსის საპარკინგე ადგილად გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს იმ ავტომობილებისთვის, რომელზედაც გაცემულია კანონით დადგენილი A კატეგორიის ლიცენზია, თუმცა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის ტაქსის აღმჭურველი სანათის გამოუყენებლობა ტაქსის მუშაკის შესვენების მიზეზითა და მიზნით.
აგრეთვე, გთხოვთ ძალადაკარგულად ცნოთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით N 24-80 დადგენილი წესის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესვენებისა და პარკირების მიზნით ტაქსის სანათის დროებით მოხსნა A კატეგორიის მქონე ლიცენზირებულ ავტომობილს „ტაქსის“ დეფინიციის მიღმა მოიაზრებს.
ასევე, გთხოვთ, ძალადაკარგულად ცნოთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით N 24-80 დადგენილი წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მთელი ვადის განმავლობაში შესვენებისა და პარკირების მიზნით, დროის მცირე მონაკვეთში, A კატეგორიის მქონე ლიცენზირებულ ავტომობილზე ტაქსის სანათის მოხსნას მოიაზრებს ნებართვის მფლობელის ამ ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი