რატი ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/1732 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 19 სექტემბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ოქტომბერი 2025 16:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: რატი ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის (2022 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის (2023 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1732) მომართა რატი ვარდიაშვილმა. №1732 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2022 წლის 26 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 19 სექტემბერს.
2. №1732 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31¹ მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის (2022 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით) თანახმად, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით (შემდგომში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი (2023 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს, რომ ტაქსი არის, დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ანაზღაურების სანაცვლოდ, ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება“, ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით განმტკიცებულია შრომის უფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვისა და მეწარმეობის თავისუფლება.
5. №1732 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2022 წლის 4 აგვისტოს, თავის საკუთრებაში არსებულ ავტომობილისთვის, შეიძინა საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის A კატეგორიის ნებართვა 1 წლის ვადით. 2022 წლის 12 აგვისტოს, ავტომობილი, პარკირების მიზნით, დააყენა ტაქსის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს ჰქონდა ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის A კატეგორიის ნებართვა, იგი მაინც გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე და მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმის გადახდა.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით განსაზღვრული ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშნის (შემდგომში – მანათობელი ნიშანი) გამოყენების ვალდებულება მას ეკისრებოდა მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებებისას და არა - პარკირებისას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ტაქსის ცნებას, მოიაზრებს, რომ ავტომობილი მანათობელი ნიშნის მოხსნის შემთხვევაში, არ იმყოფება „აღჭურვილ“ მდგომარეობაში და სადავო ნორმის მიზნებისთვის, იგი აღარ ჩაითვლება ტაქსად, თუმცა აღნიშნული არ აუქმებს ტაქსით გადაყვანის ნებართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება რომ მანათობელი ნიშნის მოხსნა არ განაპირობებს ტაქსით გადაყვანის ნებართვის დაკარგვას, იგი ასევე არ უნდა აუქმებდეს ტაქსებისთვის გათვალისწინებულ საპარკინგე ზოლში პარკირების უფლებას, შესაბამისი ნებართვის მქონე ტაქსებისთვის.
7. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რადგან ტაქსის მძღოლს ეკრძალება შესვენების უფლების გამოყენება იმგვარად, რომ ტაქსს მოხსნას მანათობელი ნიშანი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის გამოყენებისას, ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი მიმოსვლის უფლება და მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული საკუთრების უფლება, რადგან დაპარკინგებული ავტომობილი მხოლოდ იმ საფუძვლით გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე, რომ პარკირებისას იგი აღჭურვილი არ იყო მანათობელი ნიშნით. დამატებით, მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით დაცულ შრომის თავისუფლებას. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, შრომის თავისუფლების უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია დასაქმებულ პირთა კანონისმიერი შესვენების უფლების ჯეროვნად გამოყენება. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს აღნიშნულ გარანტიას, რადგან პირი მოკლებულია, ტაქსის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დაპარკინგებისას, სათანადო, ღირსეული შესვენების საშუალებას, ტაქსის მანათობელი ნიშნის გამოყენების გარეშე.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ რიგ უფლებებს და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
9. მოსარჩელე შუამდგომლობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელის ვადის დინების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1732 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის (2022 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის (2023 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას.
2. აღსანიშნავია, რომ №1732 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ (2022 წლის 22 სექტემბერი), ცვლილებები განხორციელდა სადავო ნორმებში და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2022 წლის 6 სექტემბრის 1719-IXმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა 2022 წლის 16 ოქტომბერს. ხოლო „„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის №23-10 დადგენილების საფუძველზე, ხსენებული დადგენილების სათაური და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
3. მაშასადამე, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ნორმები, მოქმედი იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისას, თუმცა ძალა დაკარგა საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელ ეტაპზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა ყოველთვის არ განაპირობებს ძალადაკარგულ ნორმაზე საქმის წარმოების შეწყვეტას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იგი შესაძლებლად მიიჩნევს, ადამიანის უფლებათა დაცვის მოტივით, განსაზღვრულ გარემოებებში, როდესაც საქმე შეეხება კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის შემდეგ, მაგრამ წარმოებაში მიღებამდე ძალადაკარგულ ნორმებს, მაგალითად, მაშინ, როდესაც დროულად ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება სარჩელის მისაღებობის საკითხზე და, ამავდროულად, დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა და მასზე წარმოების გაგრძელების მიმართ მოსარჩელის რეალური დაინტერესება, იმსჯელოს ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუკი სარჩელი საფუძვლიანია და ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება უაღრესად მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასეთი მოცემულობა, შესაძლოა გაუთანაბრდეს კანონით გათვალისწინებულ, ... საგამონაკლისო წესს, როდესაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ძალადაკარგულ ნორმაზე, სასამართლოს მხრიდან მსჯელობის გაგრძელებას განაპირობებს კონსტიტუციური უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინება საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
5. იმდენად, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, საკითხი შეეხება პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას, რომელზე დაყრდნობითაც, მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი იხილება საერთო სასამართლოში, იკვეთება მოსარჩელე მხარის ინტერესი, ძალადაკარგულ ნორმაზე საქმის წარმოების გაგრძელების. სწორედ ძალადაკარგული ნორმებია მოსარჩელე მხარის საქმეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მათ შესაბამისად განიხილება, პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საკითხი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე დავაზე საქმეს არ შეწყვეტს და შეაფასებს სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილი (2022 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს 50 ლარის ოდენობით ჯარიმას, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის. ასევე სადავოა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი (2023 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც განმარტავს, რომ ტაქსი არის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ანაზღაურების სანაცვლოდ ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმების ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე, იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის, რომელსაც აქვს ტაქსით გადაყვანის ნებართვა, თუმცა პარკირებისას არ არის აღჭურვილი მანათობელი ნიშნით.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება“, ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით განმტკიცებულია შრომის უფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვისა და მეწარმეობის თავისუფლება.
9. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, სპეციალური პარკირების ადგილებში მანათობელი ნიშნის გარეშე ტაქსის პარკირების აკრძალვა და აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა რა თვალსაზრისით ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს, მე-14 მუხლის პირველ პუნქტს, მე-19 მუხლის პირველ პუნქტსა და 26-ე მუხლს. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მანათობელი ნიშანი წარმოადგენს ტაქსის მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ საშუალებას, რომლითაც აუცილებელია, აღიჭურვოს ტაქსი და გამოიყენოს იგი მომსახურების გაწევისას. მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია კონკრეტული არგუმენტაცია, თუ რა მიმართება აქვს მანათობელი ნიშნის განთავსების გარეშე სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის შეზღუდვას კონსტიტუციის ზემოხსენებულ დებულებებთან და მათ დაცულ სფეროებთან. მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს აღნიშნული ვალდებულებიდან მომდინარე დისკომფორტებზე, აგრეთვე, საკუთარ საქმესთან მიმართებით კანონის არასწორად განმარტების შემთხვევაზე, რაც არ არის რელევანტური დასაბუთება ზემოაღნიშნული უფლებების შეზღუდვის წარმოსაჩენად.
10. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1732 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1732 კონსტიტუციური სარჩელი („რატი ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში