გიორგი კემულარია, ნინო მორგოშია, ვერიკო სირია, ნინო ოდიშარია, ბექა თირქია, თეა გვასალია, მალხაზ გაბისონია და სალომე ხვადაგიანი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1729 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კემულარია, ნინო მორგოშია, ვერიკო სირია, ნინო ოდიშარია, ბექა თირქია, თეა გვასალია, მალხაზ გაბისონია, სალომე ხვადაგიანი |
თარიღი | 14 სექტემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“
ბ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანება “დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ (დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ)
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი: „გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას“. საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები: „1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს სამინისტრო. 2.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველია. 3.საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. 5.ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტი: 1. „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“. 2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. 3. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. |
„დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა“. „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი: „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ეროვნული სააგენტო).“ „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: „1.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წამოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს. 2.სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) გასატანი კულტურული ფასეულობის 3 ფერადი ფოტოსურათი (ზომით 9x13 სმ); ბ) კულტურული ფასეულობის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი; გ) ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბეჭდური გამოცემის სატიტულო გვერდის ქსეროასლი; დ) კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ჩამონათვალი (2 ეგზ.); ე) იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათით შეუძლებელია კუტურული ფასეულობის შესრულების პერიოდის, მასალის ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენა, განმცხადებელი ვალდებულია ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გასატანი კულტურული ფასეულობა წარადგინოს ეროვნულ სააგენტოში. „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი: „თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტი: 1. „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“. 2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. 3. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე, 31 პრიმა და 31-ე ტერცია მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე ტერცია მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები, იქიდან გამომდინარე, რომ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე პრიმა მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ;
მოსარჩელე არის ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშია მხატვრული მნიშვნელობის მქონე ფერწერული ნაწარმოები. აღნიშული ნაწარმოები შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ის წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას.
ამავე კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მოსარჩელემ შეძლოს თავისი საკუთრების საქართველოდან გატანა, მას აუცილებლად სჭირდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტროს) ნებართვა.
სწორედ აღნიშნული ნებართვის მიღების აუცილებლობა იწვევს საკუთრების უფლების შელახვას. კერძოდ, უფლების შელახვა გამოიხატება საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვაში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №05/63 ბრძანების „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ დებულების (შემდეგში: „№05/63 ბრძანება“) მე-2 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პირი, რომელსაც სურს საქართველოს დატოვება დაუყოვნებლივ, ვერ შეძლებს თავისი საკუთრება (ფერწერული ნაწარმოები) თან იქონიოს, რადგან ის ხანმოკლე პერიოდში ვერ შეძლებს ნებართვის მოპოვებას. ამრიგად, პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ უწევს ქვეყნის საზღვრების დატოვება შესაძლოა 20 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ისარგებლოს თავისი საკუთრებით, რადგან სანებართვო მოწმობას გასცემს სამინისტრო და მის გარეშე შეუძლებელია კულტურული ფასეულობის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა.
ამრიგად, აშკარაა, რომ მოსარჩელეს ეზღუდება კონსტუციით გარანტირებული უფლებები, კერძოდ საკუთრების უფლება, რადგან საკუთრების უფლება მოიცავს ქონებით სარგებლობის უფლებასაც. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის, როგორც ფიზიკური პირის, სარჩელის საფუძველზე უნდა განიხილოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენს მხატვარიც
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ამრიგად, სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობას სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს და მხოლოდ მას აქვს ამის უფლებამოსილება. კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი სწორედ კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით ნორმატიული აქტის შეუსაბამობას ასაჩივრებს. ამრიგად, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით;
„ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას’’ („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, N2/1/877, II – 15). როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმატიული აქტები მოსარჩელეს უზღუდავენ გარკვეული პერიოდით თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, როგორც სასამართლოს ზემოთ წარმოდგენილი განმარტებით დგინდება პირის ქონებით სარგებლობის შეზღუდვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას. რადგან ჩარევაა სახეზე, ამიტომ აუცილებელია სწორედ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით შემოწმდეს თუ რამდენად არის აღნიშნულიშეზღუდვა კონსტიტუციით დადგენილი ფარგლების შესაბამისი. აქედან გამომდინარე, სარჩელში მითითებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და სწორედ ამ კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით არის აუცილებელი სადავო ნორმების შეფასება.
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარდასდგენად;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი
“კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, (1) სამინისტრო გასცემს ნებართვას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე, (2) ეს ნებართვა არის საბაჟოზე და სახელმწიფო საზღვრის დატოვების საფუძველი, (3) სამინისტრო ამტკიცებს იმ ნებართვის ფორმას, რომელიც გატანის საფუძველია, (5) გატანის ნებართვა არის ერთჯერადი და მისი მოქმედების ვადა შემოისაზღვრება 3 თვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ,,მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ’’ გადაწყვეტილებაში პირველად გამოიყენა ნორმის სისტემური განმარტების მეთოდი მისი კონსტიტუციურობის შესაფასებლად. ამ გადაწყვეტილების თანახმად, „სადავო ნორმა არ უნდა იყოს განხილული სხვა მასთან კავშირში მყოფი ნორმებისაგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). ამრიგად, სადავო ნორმის განმარტებისას და მისი კონსტიტუციურობის შეფასებისას, აშკარავდება, აუცილებელია მასთან კავშირში მყოფ სამართლებრივ ნორმებთან ერთად.
2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით დამტკიცებული „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებრთვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ (შემდგომში: N05/63 ბრძანება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა. ამრიგად, იმისათვის რომ პირმა საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე შეძლოს ფერწერული ნამუშევრის გატანა, ამისთვის მას ესაჭიროება სანებართვო მოწმობა, რომლის გარეშეც იგი საზღვარზე ნახატს ვერ გადაიტანს. ხოლო, N05/63 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კულტურული ფასეულობის გატანის ან დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას - ნებართვის გაცემას სახელმწიფო საზღვრის დატოვების შესახებ იღებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
N05/63 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წამოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს. სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) გასატანი კულტურული ფასეულობის 3 ფერადი ფოტოსურათი (ზომით 9x13 სმ);
ბ) კულტურული ფასეულობის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი;
გ) ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბეჭდური გამოცემის სატიტულო გვერდის ქსეროასლი;
დ) კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ჩამონათვალი (2 ეგზ.);
ე) იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათით შეუძლებელია კუტურული ფასეულობის შესრულების პერიოდის, მასალის ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენა, განმცხადებელი ვალდებულია ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გასატანი კულტურული ფასეულობა წარადგინოს ეროვნულ სააგენტოში.
აღნიშნული ნორმები ადგენს სავალდებულოდ იმ პროცედურებს, რომელიც ფიზიკურმა პირმა უნდა გაიაროს იმისთვის რომ მიიღოს ნებართვა სახელმწიფოსგან. თავად ამ პროცედურების გავლა არის ნებართვის მიღების წინაპირობა და საფუძველი. აღნიშნული პროცედურა ქმნის ნებართვის მიღების აუცილებლობას და ამდენად იგი უნდა იქნას განხილული ნებართვასთან ერთად ერთობლიობაში. ამასთან, სარჩელში ქვემოთ განხილული ბლანკეტურობის პრობლემა თავად ამ პროცედურის შინაარსთან მჭირდროდ და უშუალოდ არის დაკავშირებული და საჭიროების სადავო ნორმების ერთობლიობაში განხილვას და არა მხოლოდ მშრალად სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემის ნორმას.
სადავო ნორმები მსგავსი შინაარსისაა და აშკარად ადგენს შეზღუდვას, კერძოდ ნებართვის გარეშე პირს ეზღუდება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის უფლება. შეზღუდვას ააშკარავებს უშუალოდ სანებართვო მოწმობის შინაარსის გათვალისწინება. „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლებას, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სანებართვო მოწმობა არის ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი. ამრიგად, სანებართვო მოწმობა წარმოადგენს ქმედების განხორცილეების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სადავო ნორმების შემთხვევაში კი აღნიშნული ქმედება უკავშირდება ფერწერული ნამუშვერების საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას.
სადავო ნომრმებით დადგენილია, რომ სანებართვო მოწმებას გასცემს სამინისტრო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა არის ფერწერული ნამუშევრების საქართველოდან გატანის საფუძველი. ამდენად, სამინისტროს ნებართვის გარეშე პირს ეზღუდება ფერწერული ნამუშევრების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.
სადავო ნორმების შეზღუდვის სუბიექტი ხდებიან, როგორც თავად ავტორები, რომლებსაც მაგალითად, ნახატის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოფენაზე გატანა ან გაყიდვა სურთ და ასევე, ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც უწევს ქვეყნის დატოვება შეძენილი ნახატის თანხლებით.
N05/63 ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში (სამუშაო დღეები). პირს, რომელსაც უწევს დაუყოვნებლივ დატოვოს საზღვრები ვერ შეძლებს თავისი ნების შესაბამისად ისარგებლოს საკუთარი ქონებით (ფერწერული ნაწარმოებით), რადგან სადავო ნორმებიდან გამომდინაარე სამინისტროსთვის მიმართვა და მისგან ნებართვის მიღებაა საჭირო. ეს პროცესი კი 20 დღის განმავლობაში გრძელდება.
შესაძლებელია სადავო ნორმებით დადგენილმა შეზღუდვამ იმდენად შეუშალოს ხელი პირებს თვისი საკუთრბეით სარგებლობაში, რომ საერთოდ ვერ შეძლონ მათ თავიანთი საკუთრებით სარგებლობა და მისი ფლობა. კერძოდ, უნდა განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პირს (ფერწერული ნამუშევრის მესაკუთრეს) უწევს ქვეყნის საზღვრების დაუყოვნებლივ დატოვება. რადგან სანებართვო მოწმობის გაცემა 20 დღიან პროცედურას უკავშირდება, ამიტომ პირმა შესაძლოა საერთოდ ვერ შეძლოს თავისი საკუთრების ფლობა და საზღვარგარეთ გატანა თავისი ნების შესაბამისად. ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა პირს საკუთრების უფლების ძირითად კომპონენტებს - ნივთის ფლობისა და მისით სარგბელობის შესაძლებლობას უზღუდავს.
სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას, მეწარმეობის თავისუფლებას და შემოქმედებით თავისუფლებას. თითოეული უფლების შეზღუდვის შინაარსი განხილული იქნება ქვემოთ შესაბამისი თავების მიხედვით.
საკუთრების უფლებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება, II - 27).
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული კონსტიტუციური სიკეთეა აგრეთვე პირის შესაძლებლობა, დაცული იყოს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან იმგვარი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებისაგან, რომელიც იწვევს მისთვის სხვადასხვა სახის გაუმართლებელი ვალდებულებების დაწესებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ან/და კერძო პირებისაგან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7).
აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებით. „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
ამრიგად, აუცილებელია სადავო ნორმები შეესაბამებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლება არა მხოლოდ ფორმალურად აღიარებული, არამდეს სხვა საშუალებებით გარანტირებული უნდა იყოს. კერძოდ, აუცილებელია საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა პრაქტიკაში არ შეიზღუდოს. თუ ეს სტანდარტი არ იქნება დაცული, გამოდის, რომ ფორმალურ სახეს მიიღებს საკუთრების უფლება და მისი პრაქტიკული რეალიზება ვერ განხორციელდება.
სადავო ნორმების შეფასება საკუთრების უფლებასთან მიმართებით
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განმარტებები საკუთრების უფლების დაცვის საკმაოდ მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას სარგებლობდეს თვისი ქონებით და ფლობდეს მას a priori განიხილება, როგორც ჩარევა მე-19 მუხლით დაცულ უფლებაში. „ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას, ქონებით სარგებლობას ან/და განკარგვაზე აწესებს ფინანსურ ტვირთს ან აიძულებს პირს, დადოს ქონებრივი გარიგება, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას’’ („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, N2/1/877, II – 15).
პირისთვის კულტურული ფასეულობის (ფერწერული ნაწარმოების) დაუყოვნებლივ სამინისტროს ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანის აკრძალვით, მას ეზღუდება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ქონებით თავისი სურვილებიდან გამომდინარე და ასევე ეზღუდება ფლობაც, რადგან ვერ შეძლებს თავისი ქონების საზღვარგარეთ თან წაღებას. თუ კი პირს თავისი საკუთრების გარეშე მოუწევს საზღვრის დატოვება, შესაბამისად, ვერც ფლობს მას თავისი ნების შესაბამისად და საკუთრებით სარგებლობის ეს ელემენტი იზღუდება. გამოდის, რომ საკუთრების უფლების ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტით სარგებლობის შესაძლებლობა ეკარგება პირს, რაც საკუთრების პრაქტიკაში რეალიზებას უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩარევა არის სახეზე საკუთრების უფლებაში, კერძოდ მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ უფლებაში.
საკუთრების შეძენის შესაძლებლობა ემსახურება საკუთრების ძირითადი უფლების რეალიზებას. შესაბამისად, კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს საკუთრების შეძენას და მისი გამოყენების, საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39). მართალია, ფერწერული ნამუშევრის შეძენის შესაძებლობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა სპეციალური სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება ართულებს და გარკვეულ შემთხვევებში საერთოდ ზღუდავს ამ უფლების ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტებით სარგბელობას, როგორიც არის საკუთრების ფლობისა და მისით სარგბელობის უფლება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდიანრე იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. შესაბამისად, მხოლოდ კონსტიტუციით უფლების აღიარება არ არის საკმარისი, აუცილებელია კანონმდებლობა სრულად შესაბამისობაში მოდიოდეს დადგენილ პრინციპებთან. ამისთვის კი პირს ასევე უნდა შეეძლოს, რომ ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. შეუფერხებელი სარგებლობის შეზღუდვა თვალსაჩინოა, რადგან პირს გახანგრძლივებული პროცედურის გარეშე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე გაიტანოს ნივთის ქვეყნის გარეთ.
რაც შეეხება სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას, სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებს არ ითვალისწინებს, პირიქით, მის გართულებას იწვევს და კერძო პირებს სწრაფ და ეფექტურ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს გაუმართლებლად უზღუდავს, რადგან გაუმართლებელი პროცედურული სირთულეები ყოველთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წამროადგენს სამოქალაქო გაცვლის პროცესში.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის… საკუთრების უფლების რეგულირებისას აუცილებელია, მოხდეს, ერთი მხრივ, ძირითადი უფლებიდან მომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებულ საჯარო ინტერესთა სამართლიანი დაბალანსება… ამ პროცესში სახელმწიფოს მიერ დასახული საჯარო მიზნისთვის დაუსაბუთებელი უპირატესობის მინიჭება არ შეესაბამება საკუთრების შესახებ დადგენილ კონსტიტუციურსამართლებრივ წესრიგს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №2/3/1337 გადაწყვეტილება საქმეზე ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II - 10).
აქედან გამომდინარე, შესაძლოა საკუთრების კონსტიტუციის შესაბამისად იყოს შეზღუდული, თუმცა ამისთვის ის უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ კრუტერიუმებს. ამ ნორმის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. სადავო ნორმები ვერ ახორციელებს კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებას, შესაბამისად, ის ცდება კონსტიტუციით დადგენილ შეზღუდვის ფარგლებს, რის არგუმენტებსაც თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით წარმოვადგენთ.
საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა შევაფასოთ თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარეობს.
თანაზომიერების პრინციპი
„თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
უნდა შევაფასოთ აკმაყოფილებს თუ არა სადავო ნორმები თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და შესაბამისად შეესაბამება თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვის სტანდარტს.
შეზღუდვის საჯარო ლეგიტიმური მიზანი
განვიხილოთ თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთრების უფლების შეზღუდვის შინაარსობრივი კრიტერიუმები. საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რაც საქართველოდან ფერწერული ნამუშევრების გატანისას სამინისტროსგან ნებართვის აუცილებლობას განაპირობებს, შეგვიძლია თავად „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქარველოში შემოტანის შესახებ“ კანონის პრეამბულაში ამოვიკითხოთ. მისი პრეამბულის თანახმად, ამ კანონის მიზანია დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები საქართველოდან მათი უკანონო გატანისგან. ეს მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება, რადგან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანას, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ დანიშნულებას ატარებს.
ამრიგად, მართალია სახელმწიფოსთვის მიზანს და ინტერესს წარმოადგენს, რომ არ განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა, თუმცა არსებობს სადავო ნორმების ბლანკეტურობის ნიშნები. კერძოდ, თუ ლეგიტიმური მიზანი არის ის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობების გატანა არ მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ კონტროლის გარეშე, მაშინ გამოდის, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მართლაც იყოს საჭირო ნებართვის მოპოვება. მაგალითად, თუ კონკრეტული ნამუშევარი კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი, მაშინ შესაძლოა მართლაც გახდეს საჭირო კონტროლის განხორციელება. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულუტურლი მემკვიდრების ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
გარდა ამისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N05/63 ბრძანების მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალსიწინებულია ასევე ისეთი მნიშვნელობის კულტურული ფასეულობები, რომლებიც სექციის განხილვას ექვემდებარება. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს კულტურული ფასეულობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექციის სხდომაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულუტურლი ფასეულობის შესაწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ან კულტურული ფასეულობა წარმოდგენს ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწნებულ კულტურულ ფასეულობას. ამრიგად, თავად ბრძანება განსაზღვრავს, რომ არსებობს კულტურული ფასეულობები, რომელთა მიმართაც განსაკუთრბებული საჯარო ინტერესია სახეზე. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სამინისტროს მიერ სპეციალური ნებართვის გაცემა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მიუხედავად იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობაა სახეზე.
ამრიგად, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ბრძანების პრეამბულით არის გათვალსიწინებული რეალურად არსებობს, თუმცა შეზღუდვა ამ მიზანთან მიმართებით არის ბლანკეტური, რადგან ზღუდავს არა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურული ფასეულობების ექსპორტს, არამედ ნებისმიერი სახის კულტურულ ფასეულობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა თუ როდის არის სახეზე ბლანკეტური შეზღუდვა. კერძოდ, საკუთრების უფლების (ნებისმიერი ელემენტის) შეზღუდვა გამონაკლისის გარეშე, მიუხედავად ლეგიტიმური მიზნის არსებობისა წარმოადგენს საკუთრების უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის N2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 33). ჩვენს მიერ განხილული სადავო ნორმების შემთხვევაშიც, ლეგიტიმური მიზანი ერთი შეხედვით არის სახეზე, თუმცა ნორმა ადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას. კერძოდ, ნებისმიერი კულტურული ფასეულობა საჭიროებს სამინისტროს სანებართვო მოწმობას მისი ექსპორტისათვის, მიუხედავად მისი წლოვანებისა, სტატუსისა, მნიშვნელობისა და ა.შ.
გარდა ლეგიტიმური მიზნის განხილვისა ასევე უნდა განვიხილოთ შეზღუდვა არის თუ არა მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და ვიწროდ პროპორციული საშუალება.
ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება
არის თუ არა ნებართვის გაცემა გამოსადეგი საშუალება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავითვალსიწინოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №05/63 ბრძანების დებულება “კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა არ შეიძლება განხილულ იყოს, როგორც ამ ფასეულობის ორიგინალობის ან მისი ავტორობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ეს ნორმა ააშკარავებს, რომ სანებართვო მოწმობის გაცემის მიუხედავად სამინისტრო ვერ დაადასტურებს კონკრეტული ნამუშევარი ვისი შესრულებულია და ორიგინალი არის თუ არა.
ნებართვის გაცემისას თუ ვერ დგინდება ზუსტი ინფორმაცია მისი ავტორობისა და ორიგინალობის შესახებ, შესაბამისად, ვერც იმისგან ვიქნებით დაცული, რომ საქართველოს საზღვრებს არ დატოვებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან ისეთი კულტურული ფასეულობა, რომელიც დამატებით პროცედურებს საჭიროებს ნებართვის გასაცემად. მაგალითად, შესაძლოა შექმნილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ანალოგია, რომელიც კერძო პირის საკუთრებაშია და მას სურს, რომ საკუთრება საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანოს. თუკი არ დადგინდება ნებართვის საფუძველზე ფასეულობის ავტორობა და ორიგინალობა, შეუძლებელია ვისაუბროთ ლეგიტიმური მიზნის შესრულებაზე.
ამრიგად, სანებართვო მოწმობის გაცემა ხდება ისე, რომ ზუსტად არ დასტურდება კულტურული ფასეულობის ავტორობა და ორიგინალობა. აშკარაა, რომ სანებართვო მოწმობის სამინისტროსგან მიღების აუცილებლობა და ამ რეგულირებით საკუთრების უფლების შეზღუდვა ვერ გამოდგება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლეგიტიმური მიზანი სადავო ნორმების შეზღუდვის ფარგლებს სრულად ვერ შეესაბამება (როგორც უკვე საჯარო მიზნის კრიტერიუმთან მიმართებით ვიმსჯელეთ), გამოვა, რომ ნებისმიერი კულტურული ფასეულობის ექსპორტისთვის სანებართვო მოწმობის გაცემა ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, რადგან კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს არა ნებისმიერი ფასეულობა, არამედ მხოლოდ ის, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ის თუ რომელი ფერწერული ნამუშევარია განსაკუთრებული მნიშვნელობის (რომელიც საჭიროებს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად კონტროლს) შეგვიძლია საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა შესახებ კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდიანრე დავადგინოთ, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.
ნებისმიერი ფერწერული ნამუშევრის ექსპორტისათვის სავალდებულოდ სამინისტროსგან ნებართვის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ის სიძველით, უნიკალურობით, ავთენტიკურობითა და ისტორიული / კულტუურლი ღირებულებით არ გამოირჩევა, არ არის გამოსადეგი საშუალება და მეტიც, ეს მეთოდი ლეგიტიმურ მიზანს საერთოდ ვერ აღწევს. ისეთი ფერწერული ნამუშევრის ექსპორტზე, რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობის სტატუს ატარებს და არც განსაკუთრებული ნიშით (წლოვნება, ავტორი და ა.შ.) გამოირჩევა, სამინისტროსგან სანებართვო მოწმობის მიღების ვალდებულება ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, რადგან ამ მიზნის მისაღწევად საერთოდ არ არის გარკვეული ტიპის ნამუშევრების შემოწმება საჭირო. სწორედ ბლანკეტურება განაპირობებს იმას, რომ სადავო ნორმები ვერც მიზნის მიღწევის გამოსაგედ საშუალებას ვერ წამროადგენენ.
შეზღუდვის აუცილებლობა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად
უნდა დავადგინოთ არის თუ არა შეზღუდვა აუცილებელი დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, ხომ არ არსებობს სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც მოაწესრიგებდა საკითხს.
ამის დასადგენად, შედარებისთვის უნდა განვიხილოთ როგორი საკანონმდებლო რეგულირება არსებობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველ რიგში, მიმოვიხილავთ ევროპის კავშირის წევრ ქვეყანათა საკანონმდებლო რეგულირებებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან არაწევრ ქვეყანაში კულტურული ფასეულობის გატანა შესაძლებელია მხოლოდ საექსპორტო ნებართვით. კერძოდ, კულტურული ფასეულობების კლასიფიკაცია მოცემულია საბჭოს რეგულაციის (EC) No 116/2009 ა დანართში, რომლის მიხედვითაც[1], საექსპორტო ნებართვა საჭიროა:
● ფერწერული ტილოსთვის, რომელიც შესრულებულია მთლიანად ხელით ნებისმიერი მასალით, ნებისმიერ მატერიაზე და მისი ღირებულება აღემატება 150 000 ევროს.
● ნამუშევრებისთვის, რომელიც შესრულებულია მთლიანად ხელით აკვარელით, გუაშით ან პასტელით, ნებისმიერ მატერიაზე და მისი ღირებულება აღემატება 30 000 ევროს.
ხოლო ნამუშევარი, რომელიც ეკუთვნის „შემქმნელს“ (ანუ მხატვარს, რომელმაც შექმნა იგი) არ საჭიროებს საექსპორტო ლიცენზიას ევროკავშირის ექსპორტის ლიცენზიის კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად მისი ასაკისა და ღირებულებისა. რაც შეეხება, კულტურული ფასეულობების ექსპორტს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას სხვადასხვა მოწესრიგება აქვს.
ავსტრიის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონის მე-16 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განათლების, ხელოვნებისა და კულტურის ფედერალური მინისტრი განკარგულებით (დღეს სამინისტროს დასახელებაა ხელოვნების, კულტურის, საჯარო სამსახურისა და სპორტის ფედერალური სამინისტრო) უფლებამოსილია დაადგინოს, თუ რომელი კატეგორიის საქონელი, მათი სახეობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, არ საჭიროებს ექსპორტის ლიცენზიას.[2]
3. სურათი და ფერწერული ტილო (არ შედიან მესამე ნაწილის “ა” ქვე-პუნქტის და მეოთხე ნაწილის კატეგორიაში), რომლებიც შესრულებულია მთლიანად ხელით (განურჩევლად მასალისა), მათი ასაკი არის 50 წელზე ნაკლები ან ეკუთვნიან მათ შემქმნელს.
თუ ფერწერული ტილოს ან სურათის ასაკი 50 წელს აღემატება ან შემქმნელს არ ეკუთვნის, ლიცენზია არ არის საჭირო თუ მისი ღირებულება არ აღემატება 150 000 ევროს.[3]
3.ა - აკვარელით, გუაშით და პასტელით შესრულებული ნამუშევრები, რომელთა ასაკი არ აღემატება 50 წელს ან ეკუთვნის მათ შემქმნელს.
თუ ნამუშევრის ასაკი 50 წელს აღემატება ან შემქმნელს არ ეკუთვნის, ლიცენზია არ არის საჭირო თუ მისი ღირებულება არ აღემატება 30 000 ევროს[4]
4. მოზაიკები, რომლების შესრულებულია მთლიანად ხელით (ნებისმიერი მასალით) და ნახატები, შესრულებული ნებისმიერი მასალით, და მათი ასაკი არის 50 წელზე ნაკლები ან ეკუთვნიან მათ შემქმნელს.
თუ მოზაიკის ან ნახატის ასაკი 50 წელს აღემატება ან შემქმნელს არ ეკუთვნის, ლიცენზია არ არის საჭირო თუ მისი ღირებულება არ აღემატება 15 000 ევროს.[5]
ავსტრიის ძეგლთა დაცვის კანონის მე-16 მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლისს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების ექსპორტზე. თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები და 20 წლის წინ გარდაცვლილი მხატვრების ნამუშევრები არ საჭიროებს ექსპორტის ნებართვას, თუ ისინი უკვე დაცვის ქვეშ არ არიან.
ზოგადად, ხელოვნების ნიმუშებს ყოველთვის თან ახლავს დოკუმენტაცია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც “წარმოშობის ისტორია” (provenance) და ის ადასტურებს ნამუშევრის ავთენტურობას. ეს დოკუმენტი ასახავს ხელოვნების ნიმუშის ისტორიას - ვინ შექმნა, როდის, შემდეგ ვის ეკუთვნოდა, რა კოლექციებში შედიოდა და ა.შ. და ხანდახან ისტორია შეიძლება იყოს ისეთივე საინტერესო, როგორც თავად ნიმუში და შეიძლება გავლენა იქონიოს მის ღირებულებაზეც კი. იდეალური ხაზი ასახავს ხელოვნების ნიმუშის საკუთრების ისტორიას, დაწყებული მხატვრის შემოქმედებით. [6]
ხელოვნების ნიმუშის ავთენტურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ისეთი ჩანაწერების შენახვა, როგორიცაა შემქმნელის ვინაობა, საკუთრების ისტორია, გამოფენის ისტორია, მისი ღირებულება და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტების ციფრული ასლების შენახვა. თუ ინფორმაცია ან დოკუმენტები დაიკარგება, მისი აღდგენა თითქმის შეუძლებელი იქნება.[7]
“წარმოშობის ისტორიას” შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს:[8]
● ხელმოწერილი სერთიფიკატი ან ავთენტურობის განცხადება ფართოდ პატივცემული ან აღიარებული მხატვრისგან ან ექსპერტისგან - ავტორიტული პირები მოცემულ საკითხში არიან ადამიანები, რომლებმაც გულდასმით შეისწავლეს მოცემული მხატვრები, გამოაქვეყნეს სამეცნიერო სტატიები მათ შესახებ, დაწერეს სტატიები და ა.შ.
● ხელოვნების ნიმუშზე დამაგრებული გამოფენის ან გალერეის სტიკერი.
● ხელმოწერილი ქვითარი, განცხადება ან მოწმობა უშუალოდ მხატვრისგან, რომელიც კონკრეტულად აღწერს ნამუშევარს.
● ფილმი ან ჩანაწერი ან ფოტო, სადაც მხატვარი საუბრობს ამ ნიმუშზე ან მასთან ერთად არის გამოსახული.
● სტატიები გაზეთებში ან ჟურნალებში, რომლებიც ახსენებენ ან ასახავენ კონკრეტულ ხელოვნების ნიმუშს.
“წარმოშობის ისტორია” დეტალურად უნდა აღწერდეს გასაყიდად შეთავაზებულ ნამუშევარს. ის უნდა შეიცავდეს ისეთ მნიშნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა ნამუშევრის ზომა, შექმნის თარიღი (თუ ცნობილია), სათაური (თუ ცნობილია) და სხვა შესაბამისი დეტალები. წერილების, სერთიფიკატების და სხვა დოკუმენტების ასლები არ არის წარმოშობის დამადასტურებელი მოქმედი ფორმები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედნები არის ცნობილ ადგილას და მათი ხელმისაწვდომობა და შემოწმება შესაძლებელია). დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი, ბეჭდით ან სხვაგვარად მონიშნული ხელით, იქნება ეს ციფრულად დაბეჭდილი, ხელით დაბეჭდილი თუ ხელნაწერი. დოკუმენტაციაზე ყველა ხელმოწერა უნდა იყოს იდენტიფიცირებადი, ხოლო ყველა ხელმომწერის საკონტაქტო ინფორმაცია ასახული უნდა იყოს დოკუმენტაციაში, რათა პირმა შეძლოს მისი შემოწმება.[9]
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სპეციალური პლატფორმები, სადაც შესაძლებელია ამ დოკუმენტების განთავსება. ასეთია - Artwork Archive, ონლაინ ხელოვნების კოლექციების მართვის სისტემა, რომელსაც იყენებენ მთელი მსოფლიოს გარშემო.[10]
რაც შეეხება ესპანეთის კანონმდებლობას[11] - საექსპორტო ნებართვა საჭიროა მხოლოდ 50-დან 100 წლამდე ასაკის ქონებისთვის, თუ მათი ღირებულება აღემატება:
● ნახატები, ანაბეჭდები და ფოტოები - €15,000;
● აკვარელი, გუაში და პასტელი - €30,000;
● სკულპტურები - €50,000;
● ფერწერული ტილოები - €150,000.
“ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ცოცხალი ავტორის ნამუშევარი არ შეიძლება გამოცხადდეს კულტურულ ძეგლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამასთან დაკავშირებით არსებობს მფლობელის მკაფიო თანხმობა ან თუ ნამუშევარი შეძენილია ადმინისტრაციის მიერ.[12] ამ მუხლიდან გამომდინარე, თუ ცოცხალი ავტორის ნამუშევართა ექსპორტისთვის ნებართვა არ არის საჭირო. ამ კანონის მიზნებია ესპანური მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობისთვის გადაცემა.
რაც შეეხება იტალიას - კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის მე-10 და 65-ე მუხლების თანახმად, შემდეგი კატეგორიის ქონება არ შეიძლება მუდმივად იქნას ექსპორტირებული იტალიიდან:[13]
● მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური და ანთროპოლიგიური ღირებულების მქონე ნამუშევრები, რომლებსაც ფლობს სახელმწიფო ან არაკომერციული კერძო ორგანიზაციები, შექმნილია 70 ან მეტი წლის წინ და მისი შემქმნელი აღარ არის ცოცხალი და რომელთა ექსპორტი შეიძლება საზიანო იყოს კულტურული მემკვიდრეობისთვის.
● კერძო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც შექმნილია 70 ან მეტი წლის წინ და მისი შემქმნელი აღარ არის ცოცხალი, იმ პირობით რომ მას მინიჭებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი.
70 ან მეტი წლის წინ შექმნილი ობიექტებს, რომელთა შემქმნელიც აღარ არის ცოცხალი, შეიძლება ექსპორტირებული იყოს იმ პირობით, თუ საექსპორტო ლიზენცია გაცემულია კულტურულ ძეგლთა სამინისტროს საექსპორტო ბიუროს მიერ.
70 ან მეტი წლის წინ შექმნილი ობიექტები, რომელთა შემქმნელიც აღარ არის ცოცხალი და რომელთა ღირებულება არ აღემატება 13 500 ევროს, საექსპორტო ნებათვას არ საჭიროებენ. აგრეთვე, ცოცხალი მხატვრების ნამუშევრები შეიძლება თავისუფლად იქნას ექსპორტირებული. თუმცა, ექსპორტირებისას აღნიშნულ ობიექტებს თან უნდა ახლდეს ექსპორტიორი მხარის ცალმხრივი დეკლარაცია. დეკლარაციის დასამტკიცებლად მხარემ უნდა მიმართოს კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს ერთ-ერთ საექსპორტო ბიუროს, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ობიექტის დეტალური აღწერა, შექმნის წელი და ავტორის ვინაობა. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ. სამინისტრომ უნდა აღიაროს (დაამტკიცოს) დეკლარაცია შტამპის გამოყენებით და ამობეჭდილი სახით მიაწოდოს მხარეს ონლაინ განაცხადის მიღებიდან 5 დღის განმალობაში - უნდა აღინიშნოს, მიმოხილულ ქვეყნებს შორის, მხოლოდ იტალიის კანონმდელობით არის გათვალისწინებული ცალმხრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება. სხვა დანარჩენ ქვეყნებში, პირდაპირ საბაჟოს ოფისში ხდება მხატვრის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
რაც შეეხება გერმანიას - გერმანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საკმაოდ მკაცრი რეგულაციები აქვს შემოღებული. რაც შეეხება მოძრავ კულტურულ ქონებას - გერმანიაში არსებობს ე.წ “ეროვნული სია”, რომელშიც ჩამოთვლილია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ობიექტები, რომელთა ექსპორტი დაუშვებელია. გარდა ამისა, გარკვეულ კატეგორიაში შემავალი კულტურული ობიექტები (რომლებსაც ვიხილავთ ქვემოთ) ექსპორტისთვის საჭიროებენ საექსპორტო ნებართვას. ეს ორმაგი დაცვის სისტემა, რომელიც აერთიანებს ე.წ. “სიის პრინციპს” და ე.წ. “კატეგორიის პრინციპს”, ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეჟიმს, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის აგვისტოში „კულტურული ობიექტების დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე.
კულტურული ქონება, რომელიც მიაღწევს გარკვეულ ზღვარს (ასაკობრივი ან ღირებულებითი), არ შეიძლება გადატნილ იქნეს გერმანიის ტერიტორიიდან საექსპორტო ნებართვის გარეშე. ეროვნულ კულტურულ ქონებაზე მუდმივი საექსპორტო ნებართვები, როგორც წესი, არ გაიცემა, ხოლო დროებითი საექსპორტო ნებართვები შეიძლება გაიცეს მხოლოდ გარკვეულ პირობებში (კერძოდ, თუ მხარე გარანტიას მისცემს სახელმწიფოს, რომ დაუზიანებელ ქონებას გერმანიაში დააბრუნებს).
ცოცხალი მხატვრების ნამუშრევრები შეიძლება აღმოჩნდეს ეროვნულ სიაში, მაგრამ ეს დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ამაზე თავად ავტორი განაცხადებს თანხმობას. გარდა ამისა, საექსპორტო ნებართვა არ არის საჭირო ცოცხალი მხატვრების ნამუშევრებისთვის. აგრეთვე, ხელოვანი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ახორციელებს საკუთარი ნამუშევრების ექსპორტს, არ საჭიროებს საექსპორტო ნებართვას. [14]
რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნამუშევრის შექმნის დროს. საექსპორტო ნებართვა საჭიროა მხოლოდ იმ კულტურულ ფასეულობაზე, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ ასაკობრივ ზღვარს. ასაკობრივი ზღვრების უმეტესობა შერწყმულია ღირებულების ზღვართან.
საექსპორტო ნებართვა საჭიროა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:[15]
● ფერწერული ტილო (painting - ზეთში შესრულებული ნამუშევარი) - 75 წელი და 300 000 ევრო.
● აკვარელი, გუაში, პასტელი და სკულპტურა - 75 წელი და 100 000 ევრო
● მოზაიკა, ნახატი, გრავიურა, ლითოგრაფა, ფოტო, და ხელნაწერი - 75 წელი და 50 000 ევრო.
● არქივები - 50 წელი და 50 000 ევრო.
რაც შეეხება დანიას - 1986 წლის დანიის კულტურული ფასეულობების დაცვის კანონის შესაბამისად, იშვიათი ხელოვნების ნიმუშები, კულტურული ისტორიისთვის მნიშვნელობის მქონე ობიექტები, წიგნები, ხელნაწერები, დოკუმენტები და სხვა მსგავსი ნივთები დანიიდან ნებართვის გარეშე არ შეიძლება გატანილ იქნეს. ამ კანონის პირდაპირი მიზანია დანიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა დანიაში კულტურული ქონების შენარჩუნებით.[16]
ექსპორტისთვის საჭიროა ნებართვის მიღება:
● 1660 წლამდე შექმნილი კულტურული ობიექტებისთვის
● 100 წელზე მეტი ხნის კულტურული ობიექტები და 100 000 DKK ან მეტი ღირებულების მქონე
● ფოტოები (განურჩევლად ასაკისა), თუ ისინი ღირს 30,000 DKK ან მეტი.
საექსპორტო ლიცენზიებს გასცემს კულტურული ფასეულობების კომისია. განაცხადი საექსპორტო ლიცენზიაზე, როგორც წესი, განიხილება ერთი თვის განმავლობაში. თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზების გამო რაიმე განცხადების დამუშავება ვერ დასრულდება ამ ვადაში, კომისია აცნობებს განმცხადებელს ამის შესახებ, ასევე იმ დროს, როდესაც მოსალოდნელია გადაწყვეტილების მიღება.[17]
რაც შეეხება ნიდერლანდებს - ნიდერლანდებში მემკვიდრეობის კანონი განსაზღვრავს ეროვნული კულტურული მნიშვნელობის მოძრავ კულტურულ ობიექტებს, რომლებიც ითვლებიან შეუცვლელად ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობისთვის. დაცული კულტურული ფასეულობები მემკვიდრეობის კანონით განისაზღვრება, როგორც:[18]
● საგნები ან კოლექციები, რომლებსაც კულტურის მინისტრის მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით მიანიჭა დაცული სტატუსი;[19]
● ობიექტები დაწესებულებების საჯარო კოლექციებიდან, როგორიცაა მუზეუმები, არქივები და ბიბლიოთეკები;
● ნივთები საეკლესიო კოლექციებიდან;
● არქივები;
● უკანონო არქეოლოგიური გათხრისას აღმოჩენილი ობიექტები.
ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყნიდან მეორეში ექსპორტირებული კულტურული ქონება არ საჭიროებს ნებართვას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ოფიციალური ნებართვა, მაგალითად, ობიექტებისთვის, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ეროვნული საგანძური. ნებართვა უნდა იქნას მიღებული კულტურის მინისტრისგან იმ ქონებისთვის, რომლებსაც მემკვიდრეობის შესახებ კანონის დებულებებით მინიჭებული აქვთ დაცული სტატუსი. ნივთები, რომლებიც არის საჯარო ან საეკლესიო კოლექციების ნაწილი, შეიძლება მხოლოდ ნიდერლანდების ფარგლებს გარეთ გატანილი იყოს მფლობელის პირდაპირი ნებართვით.[20]
კულტურულ ფასეულობის სახელმწიფოდან ექსპორტთან დაკავშირებით ნაკლებადმზღუდავი მოწესრიგება არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აღნიშნული სახელმწიფოს დაცვის სფერო ვრცელდება მხოლოდ იმ კულტურულ ობიექტებსა და ნივთებზე, რომელსაც ისტორიული, არქიტექტურული, არქოლოგიური მნიშვნელობა აქვს და არსებობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს, ან შეიძინა ან მიიღო როგორც საჩუქარი. რეგულირება ეხება მხოლოდ ისეთ ობიექტებს, რომლებიც ამერიკელი ხელოვანების მიერაა შექმნილი და უშუალო შემხებლობაშია აშშ-ის სახელმწიფოს კულტურასთან.
ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარად იზიარებს კულტურული ინტერნაციონალიზმის პოზიციას და მიიჩნევს, რომ კულტურა და ხელოვნება ეკუთვნის მთელ კაცობრიობას და სწორედ ამიტომ ყველასთვის, ვისთვისაც კი ეს ღირებულია, იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამდენად, კულტურული საკუთრების ექსპორტზე რეგულაცია ზღუდავს კულტურული საკუთრების მიმოცვლას, რაც ხელს შეუშლის სხვა უამრავ ადამიანს დაათვალიერონ, შეისწავლონ, გამოფინონ, გაუფრთხილდნენ და სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენონ იგი.[21]
აღნიშნული ქვეყნების საკანონმდებლო რეგულირების მიმოხილვით დგინდება, რომ ცალსახად არსებობს უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები - პირველ რიგში, ამ ქვეყნებში არ არის საჭირო საექსპორტო ნებართვა თუ ნამუშევარს კვლავ ფლობს ნახატის შემქმნელი. აგრეთვე, საქართველოსგან განსხვავებით, თითოეულ ქვეყანას ღირებულებითი და ასაკობრივი კატეგორია აქვს შექმნილი, რომელშიც შემავალი ნამუშევრების ექპორტი შეიძლება/ან არ შეიძლება - აღნიშნული კი საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს უფრო მარტივად დაადგინოს შეუძლია თუ არა ნამუშევრის გატანა ქვეყნიდან და არ არიან დამოკიდებულნი რომელიმე სამინისტროს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე.
ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ასეთი შეზღუდვის გარეშე. უნდა აღვნიშნოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობების ჩამონათვალი წარმოდგენილია შესაბამის რეესტრში. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველსო კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. ზემოთ ჩამოთვლილი სიები და დოკუმენტები შესაძლებელს ხდიან, რომ მოხდეს კულტუურლი ფასეულობის იდენტიფიცირება, მათი შედარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და ნებართვის გაცემა. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტებისთვის არის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათები.
რეესტრში წარმოდგენილი მონაცემები არ შემოიფარგლება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელებით, არამედ მათი ზომა, შესრულების დრო და მასალაც არის მითითებული. აღნიშნული მონაცმები შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ პირს რომ დააიდენტიფიციროს არის თუ არა სახეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დასაშვებია თუ არა მისი საზღვრებს გარეთ გატანა. არ არის აუცილებელი სამინისტრო იყოს ჩართული ამ პროცედურაში და 20 დღით გაჭიანურდეს ნებართვის გაცემა. სრულიად შესაძლებელი და უფრო ნაკლებად მზღუდავი იქნება თუ უშუალოდ საბაჟო პროცედურების გავლისას ადგილზევე მოხდება კულტურული ფასეულობის ავტორობისა და ორიგინალობის გადამოწმება. აუცილებელი არ არის უშუალოდ მებაჟე ამოწმებდეს კუტურული ფასეულობის ორიგინალობას, შესაძლებელია სხვა მეთოდით, მაგალითად, საბაჟოზე ისეთი პირების დასაქმება, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხის სპეციფიკაში ერკვევიან. სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ადმინისტრაციული ტვირთვის ზიდვა ევალება თვითონ და ეს სიმძიმე არ უნდა აისახებოდეს ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე. თუკი ნაკლებად მზღუდავი საშუალების შემოღება შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ ადმინისტრაციული ტვირთის აღებით, მაშინ სახელმწიფო ხდება ვალდებული შესაბამისი რესურსის გაღებით აიღოს თავის თავზე მის მიერვე დასახელებული ლეგიტიმური მიზნების შესრულება.
ასევე აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლის მეორე თავის 29-ე პუნქტში აღნიშნულია: „სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ტექნიკური/ადმინისტრაციული სირთულეები [მათ შორის კონკრეტული პირების წარსული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის მოძიების ნაწილში] არ შეიძლება ქმნიდეს საკმარის საფუძველს უფლების ბლანკეტურად და, მით უმეტეს, უვადოდ შეზღუდვისთვის. ადმინისტრაციული სირთულეების ზიდვის ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს.“ ამრიგად, სახელმწიფოს შეუძლია უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე დაადგინოს ფერწერული ნამუშევრების ექსპორტის ნაკლებ მზღუდავი საშუალება, რომელიც არ იქნება ბლანკეტური შეზღუდვის საფუძველი. ადმინისტრაციულ ხარჯებისა და რესურსების გაღება კი ადამიანის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ შეიძლება იყოს.
ამრიგად, თუ სადავო ნორმებიდან გამომდიანრე სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემა შესაძლოა 20 დღით გაჭიანურდეს ან საერთოდ შეეზღუდოს პირს საკუთრების ფლობისა და მისით სარგებლობის შესაძლბელობა, არსებობს ალტერნალტიული საშუალებები, რომლებიც საკუთრების უფლებას ბევრად უფრო ნაკლებად შეზღუდავს და პირებს მისცემს საშუალებას სწრაფი და ეფექტური მომსახურებით ისარგებლონ საზღვარზე ან მაგალითად, დადგინდეს ცხადი კრიტერიუმები რომელთა წრეც არ საჭიროებს სანებართვო მოწმობის გაცემა. აღნიშნული არც ლეგიტიმურ მიზანს დატოვებს დაცვის გარეშე და არც კერძო ინტერესების მომეტებულ შეზღუდვას გამოიწვევს.
გარდა ამისა, შეგვიძლია განვიხილოთ „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადა 3 თვეს წარმოადგენს. სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვით სარგებლობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის, 3 თვის, განმავლობაში შეუძლია ნახატის მფლობელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ფერწერული ნამუშევრის მესაკუთრე პირები ყოველ ჯერზე ხელახლა გახდებიან უფლების შეზღუდვის სუბიექტები, რადგან თავიდან მოუწევთ ნებართვის მიღება სამინისტროსგან.
სადავო მოწესრიგების ალტერნატიულად, თუ კი ნებართვის მოქმედება იქნება მრავალჯერადი და ამასთნავე ნებართვის გამოყენების ვადა არ იქნება 3 თვით შემოფარგლული, მაშინ ნაკლები ადმინისტრაციული ტვირთი დაეკისრება ნახატის მესაკუთრეს. ასეთ დროს შესაძლებელია არა უშუალოდ ნებართვა იყოს აუცილებელი ფერწერული ნამუშევრის ექსპორტისათვის, არამედ კონკრეტული დოკუმენტის (მაგალითად, სააღრიცხვო ბარათის ანალოგის) ერთხელ შექმნა, რომელიც დაადასტურებს ნაშრომის ავტორობასა და ორიგინალობას (მისი იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს პირს). ამ დოკუმენტის საბაჟო პროცედურების დროს წარდგენა კი მის მესაკუთრეს მისცემს საშუალებას თავისი შეხედულებების შესაბამისად გაიტანოს საზღვრებს გარეთ თავისი ქონება და ის არ იქნება შეზღუდული 20 დღის განამავლობაში სანებართვო მოწმობის მოლოდინში და არც საზღვრების დატოვება მოუწევს თავისი საკუთრების გარეშე (რითიც მას ფლობისა და სარგებლობის უფლება ეზღუდება).
ის ფაქტი, რომ სადავო ნორმები მხოლოდ ერთჯერადადი მოქმედების სანებართვო მოწმობების გამოცემას ითვალისწინებს და თანაც მათი მოქმედება მხოლოდ 3 თვეზე ვრცელდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ბლანკრეტურობასა და თვითმიზნურობაზე. კერძოდ, თუ კი ერთხელ გაიცა ფერწერულ ნაშრომზე საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანის ნებართვა, კიდევ დამატებით პროცედურებისა და კონტროლის დაწესება გაუმართლებელია. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საჭირო და აუცილებელი საშუალება არ არის.
შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ ბლანკეტურ რეგულირებას (გამონაკლისის გარეშე), რომელიც არ წარმოადგენს მათგან გამომდიანრე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ალტერნატიული მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უფლების შეზღუდვის ინტენსივობას შეამცირებდა და ლეგიტიმური მიზნის განხორცილებასაც არ შეაფერხებდა.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
რაც შეეხება სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ვიწროდ პროპორციულობას, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ასევე, აღნიშნული კომპონენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
როგორც უკვე თანაზომიერების პრინციპის სხვა კრიტერიუმებთან მიმართებით განვიხილეთ, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა მომეტებულ ტვირთს აკისრებს კერძო პირებს. კერძოდ, მათი ინტერესების შეზღუდვა იმდენად ინტენსიურია, რომ შესაძლოა თავისი საკუთრებით სარგებლობა გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში ვეღარ შეძლოს და შეეზღუდოს მფლობელობა / სარგებლობა მის საკუთრებაზე. გარდა მფლობელობისა, ნახატის მესაკუთრის მიზანი შესაძლოა იყოს ქვეყნის გატანა გამოფენით თუ გამოფენის გარეშე და მისი გასხვისება. ამდენად, დადგენილი შეზღუდვა ეფექტს ახდენს საკუთრების იმ ელემენტთან, რომელიც ნივთის გასხვისებასთან არის დაკავშირებული. ქვეყნის გარეთ ნახატის გატანა მესაკუთრისთვის დამატებით გასაღების ბაზარს წარმოადგენს - ამ კომპონენტზე ნებართვის დაწესება შესაბამისად ზეგავლენას ახდენს მესაკუთრის შემოსავლის წყაროზეც. ნივთის საზღვრებს გარეთ გატანაზე დაწესებული ნებართვა იგივე მისი საზღვრებს გარეთ გაყიდვაზე ნებართვას ნიშნავს, რაც საკუთრებით დაცული კომპონენტია.
ამრიგად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა საკმაოდ ინტენსიურია კერძო პირთა ინტერესების მიმართ, რადგან მათ საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები ეზღუდებათ (მათ შორის, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვების შემთხვევაში), კერძოდ ფლობა, სარგებლობა და გასხვისება. ამ ელემენტების გარეშე პირის საკუთრების უფლება საერთოდ კარგავს შინაარსს. ამას ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების სწორი რეგულირება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მესაკუთრის ნების თავისუფლების პატივისცემას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/3/1337 გადაწყვეტილება საქმეზე „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 31).
გარდა ამისა, სადავო ნორმების ბლანკეტურობა განაპირობებს იმას, რომ თანაზომიერების პრინციპი არ არის დაცული და შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს ვიწროდ პროპორციულობის კრიტერიუმს. კერძოდ, ის მომეტებულ ტვირთს აკისრებს კერძო პირებს, რომ მიუხედავად მათი ღირებულებისა და მნიშვნელობისა ნებისმიერი ფერწერული ნაშრომის გატანისას ყოველ ჯერზე უნდა მიიღონ სანებართვო მოწმობა და თუ ეს ვერ შეძლეს მათი საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტების შეზღუდვა დგება შედეგად. სწორედ აღნიშნული გაუმართლებელი ტვირთი განაპირობებს კერძო პირთა ინტერესების მომეტებულ შეზღუდვას საჯარო ინტერესებთან მიმართებით.
ამრიგად, მართალია საჯარო ინტერესი, კერძოდ კულტურული ფასეულობებისა და მემკვიდეობის დაცვა საკმაოდ ღირებული ინტერესია, თუმცა სადავო ნორმებით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვას ადგენენ. შესაბამისად, სადავო ნორმები ვერ ახერხებენ ბალანსის დაცვას კერძო და საჯაორ ინტერესებს შორის, შესაბამისად, ვერც თანაზომიერების პრინციპს აკმაყოფილებენ.
დასკვნა
ზემოთ წარმოდენილი არგუმენტებიდან გამომდიანრე აშკარა არის სახეზე საკუთრების უფლების შეზღუდვა, რადგან ფერწერული ნამუშევრის მესაკუთრეს ეზღუდება მისი ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლება, რადგან 20 დღემდე შეიძლება ვერ მიიღოს თანხმობა და საზღვრებს გარეთ ვერ გაიტანოს ის და ყოველ 3 თვეში მას სჭირდება ახალი ნებართვის მიღება სახელმწიფოსგან. ამრიგად, კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების შეზღუდვა სახეზეა. კერძოდ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, რომ სამინისტროს ნებართვის გარეშე შეუძლებელია ფერწერული ნამუშევრების ექსპორტირება, არ არის გამოსადეგი და აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ასევე ირღვევა ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
ამრიგად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დადგენილ მოწესრიგებას და შესაბამისად უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
II - სადავო ნორმები მეწარმეობის უფლებასთან მიმართებით
სადავო ნორმატიული აქტი: საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი: „გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას“.
საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები:
„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს სამინისტრო.
2.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველია.
3.საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
5.ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.“
N05/63 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა“.
N05/63 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი: „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ეროვნული სააგენტო).“
N05/63 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები:
„1.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წამოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს.
2.სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) გასატანი კულტურული ფასეულობის 3 ფერადი ფოტოსურათი (ზომით 9x13 სმ);
ბ) კულტურული ფასეულობის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი;
გ) ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბეჭდური გამოცემის სატიტულო გვერდის ქსეროასლი;
დ) კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ჩამონათვალი (2 ეგზ.);
ე) იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათით შეუძლებელია კუტურული ფასეულობის შესრულების პერიოდის, მასალის ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენა, განმცხადებელი ვალდებულია ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გასატანი კულტურული ფასეულობა წარადგინოს ეროვნულ სააგენტოში.
N05/63 ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი:
„თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში“.
საქართველოს კონსტიტუციის დებულება: საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
სადავო ნორმების შინაარსი
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად სამინისტრო გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
სადავო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სავალდებულოა საქართველოს საზღვრებს გარეთ კულტურული ფასეულობის გატანისას ნებართვის მიღება და რომ ამ ნებართვას გასცემს სამინისტრო.
აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოსგან ნებართვის გარეშე პირს ეზღუდება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის უფლება. ეს შეზღუდვა მოქმედებს ნებისმიერ პირზე, რომელიც შეიძენს ან უკვე ფლობს ფერწერულ ნამუშევარს და სურს მისი საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა. სადავო რეგულირება წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს და დამაბრკოლებელია იმ პირებისთვისაც, ვისაც ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება სურს.
პირი რომელიც ნამუშევრის ავტორისგან შეიძენს კულტურულ ფასეულობას ვერ მოახერხებს დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყნის საზღვრები და ისარგებლოს თავისი საკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთაც სახელმწიფოს ნებართვის გარეშე. ეს დაბრკოლება ხდება პირებისთვის ინტერესის შემცირების მიზეზი, რადგან პროცედურული ხარჯებისა და ზოგადად ამ პროცესის ხანგრძლივობის გამო მათ არ უღირთ ნამუშევრის შეძენა. განსაკუთრებით მცირე ღირებულების ნახატებისთვის დაწესებული გადასახადი შეიძლება გახდეს შეძენის დამაბრკოლებელი ფაქტორი. „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. პირს, რომელსაც უწევს დაუყოვნებლივ დატოვოს საზღვრები ვერ შეძლებს თავისი ნების შესაბამისად ისარგებლოს საკუთარი ქონებით (ფერწერული ნაწარმოებით), რადგან სადავო ნორმებიდან გამომდინაარე სამინისტროსთვის მიმართვა და მისგან ნებართვის მიღებაა საჭირო. ეს პროცესი კი შესაძლოა 20 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ეს პროცედურული დაბრკოლება მნიშვნელოვნად ამცირებს კულტურული ფასეულოებების ავტორების მეწარმეობის თვისუფლებას, რადგან მათი მომხმარებლების, ტურისტულად მყოფი ადამიანების დაინტერესება, შეიძინონ ნამუშევრები, მცირდება. მესაკუთრის ავტონომიურ უფლებას წარმოადგენს თავისი ნახატი გაიტანოს გასაყიდად საზღვრებს გარეთ - სახელმწიფოს მიერ ნებართვის დაწესება ნივთის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაზე მესაკუთრის ავტონომიური უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.
მეწარმეობის თვისუფლებით დაცული სფერო
სამეწარმეო საქმიანობა აერთიანებს საქმიანობათა მრავალ სახეობას, რომლებიც შესაძლებელია არსობრივად, საქმიანობის შინაარსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი ძირითადი საერთო ნიშანი - მოგებაზე ორიენტირებულობა (კომერციული მიზანი). ერთ-ერთ ასეთ საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა. სავაჭრო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობის სახეა, რომელიც საქონელბრუნვას, საქონლის მიმოქცევას, მის ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესში მყიდველთა მომსახურებას გულისხმობს. ამდენად, სამეწარმეო თავისუფლება, inter alia, მოიცავს ვაჭრობის თავისუფლებასაც (საკონსტიტუციო სასმართლოს №1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
კულტურული ფასეულობების, კერძოდ ფერწერული ნაწარმოებების ავტორები ხშირად არიან ჩართული მათი ნაშრომებით ვაჭრობაში და ეს წარმოადგენს მათი შემოსავლის ძირითად წყაროს. პროდუქტის ყიდვა-გაყიდვა და ამ პროცესში მომსახურების გაწევა მეწარმეობის თავისუფლებით დაცულ ფარგლებში ექცევა. საქართველოში მეწარმეთა მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებულია ტურისტულ სფეროზე და შემოსავალს სწორედ ტურისტების მომსახურებით გამოიმუშავებს. კულტურული ფასეულობების ავტორებთან მიმართებითაც იგივე შეიძლება ვთქვათ. თუმცა, სადავო ნორმები ამ საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის. კერძოდ, ფასეულობათა ავტორები ვეღარ ახერხებენ ნამუშევრების გაყიდვას, იქიდან გამომდინარე, რომ დაწესებული შეზღუდვები იმდენად დიდი ადმინისტრაციული ბარიერია მომხმარებლებისთვის ნივთის საზღვარგარეთ გასატანისას, რომ მათ აღარ უღირთ ფერწერული ნამუშევრების შეძენა. 5 დღით საქართველოში ჩამოსული ტურისტი, ნახატის შეძენისას ვერ დაელოდება სახელმწიფოს 20 დღე, ამ ნახატის გატანის უფლების მოსაპოვებლად. შესაბამისად, სურვილის მიუხედავად ქვეყანაში დროებით შემოსული პირები დაწესებული ადმინისტრაციული ტვირთის გათვალისწინებით არ იძენენ ნახატებს.
„მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3).
როგორც ზემოთწარმოდგენილ სასამართლოს მსჯელობაში ვლინდება, მეწარმეობის თავისუფლებიდან გამომდიანრე სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა ხელი შეუწყოს მეწარმეებს და სიცოცხლისუნარიან სუბიექტებად შენარჩნებისთვის საჭირო სივრცე შეუქმნას მათ. უფრო მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია ისეთი ნორმატიული ბაზა შექმნას, რომელიც ბაზრიდან არ განდევნის მეწარმეებს. რეალურად სადავო ნორმები ადგენენ იმგვარ შეზღუდვას, რომელიც ფერწერული ნაწარმოებების გამსხვისებელ მეწარმეებს კონტრაჰირების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად უმცირებს. ავტორები კარგავენ შესაძლებლობას გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები ისეთ კონტრაჰენტებზე, როგორებიც ტურისტები არიან, რადგან სწორედ მათთვის არის სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება ყველაზე არაპროპორციული. ტურისტები, რომლებსაც მოკლე დროში უწევთ საზღვრების დატოვება, აღარ ინტერესდებიან ფერწერული ნაწარმოებების შეძენით, რადგან ნებართვის მიღების პროცედურა შეუსაბამო ადმინისტრაციული ტვირთია მყიდველისთვის.
სადავო ნორმები ქმნიან ისეთ საკანონმდებლო რეგულირებას, რომ ფერწერულ ნაწარმოებების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მცირდება და შესაბამისად ამ ნაწარმოებების ავტორები ბაზრიდან განიდევნებიან. ამრიგად, აშკარაა, რომ სახეზეა მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ადმინისტრაციული ტვირთის შედეგად.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლების განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პირობებში (საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 1 მაისის №1/1/655 გადაწყვეტილება საქმეზე შპს ,,სკს’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი მეწარმეობის დაცვა და კონკურენციის განვითარება უზრუნველყოფს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური აგენტების საქმიანობას, რაც თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების არსებითი წინაპირობაა. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
სადავო ნორმებით თავისუფალი მეწარმეობის უფლების შეზღუდვა
მოსარჩელე მხარე ქმნის ან ფლობს მხატვრული მნიშვენლობის ფერწერულ ნაწარმოებებს. ისინი ნაწარმოებებს ფლობენ საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ის წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას. სადავო ნორმები აფერხებს ფერწერული ნაწარმოებების გასხვისებას, რადგან მომხმარებლები სანებართვო მოწმობების მიღების აუცილებლობისა და ხანგრძლივი პროცედურის გამო თავს იკავებენ ფერწერული ნაწარმოებების შეძენისგან, ხოლო მეორე მხრივ თავად ნახატის მფლობელიც შეზღუდულია დატოვოს ნახატით ტერიტორია სახელმწიფოს ნებართვის გარეშე - შესაბამისად სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ვერ გაასხვისებს ნახატებს ქვეყნის გარეთ (მათ შორის, გამოფენაზე გასაყიდად გატანის საშუალებით). განუსაზღვრელია თავად ნებართვის გაცემის პროცედურა და ნახატის მფლობელს არ აქვს მკაფიო მოლოდინი როდის შეუზღუდავენ ნახატის გატანას იმის გათვალისწინებით რომ თავად სადავო რეგულირება არ უზრუნველყოფს ნახატის ორიგინალობის დადგენასაც კი.
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტებიდან გამომდიანრე იმისათვის, რომ პირმა შეძლოს თავისი საკუთრების საქართველოდან გატანა, მას აუცილებლად სჭირდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტროს) ნებართვა. სწორედ აღნიშნული მოწესრიგება და სანებართვო მოწმობის გაცემის აუცილებლობა აკავებს მომხმარებლებს ფერწერული ნამუშევრების შეძენისგან. მათ შორის, 5 დღით ჩამოსული ტურისტისთვის ნახატის შეძენა აზრს კარგავს ვინაიდან მისი ქვეყნიდან გატანას მინიმუმ 20 დღე ჭირდება. ნახატების შემძენთა დიდი ნაწილი სწორედ ტურისტები არიან, რომლებიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღით არიან ჩამოსული. ისეთი რეგულაციის გავლენა, როგორიცაა ნახატისთვის ნებართვის მიღება ტურისტად რამდენიმე დღით ჩამოსულ ადამიანებს უზღუდავს შეიძინონ ნახატები ნებართვის მიღების აუცილებლობის გამო, რაც შესაბამისად მხატვრებისთვის ბაზარს ამცირებს. რეგულაციის შედეგად მხატვრების ბაზარი მცირდება, რაც პირდაპირ ლახავს მხატვრის მეწარმეობის თავისუფლებას. რაც მთავარია ნახატის მფლობელმა, რომელსაც ნახატთან ერთად სურს საზღვრის დატოვება, უშუალოდ მან უნდა მიმართოს სახელმწიფოს ნებართვის მისაღებად - გამყიდველი მყიდველის ნაცვლად ვერ მიიღებს ნახატით ქვეყნის დატოვების უფლებას. ეს კი მყიდველს პირდაპირ ადმინისტრაციულ ტვირთად აწვება, ხოლო გამყიდველზე ზეგავლენას ახდენს, რადგან მისი ნახატების გაყიდვა დაიკლებს.
კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3). ამრიგად, მეწარმეობის თვისუფლების უზრუნველყოფა პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს მეწარმეობის განვითრებას და არ შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომლითაც განდევნის მეწარმეებს ბაზრიდან. სადავო ნორმები სწორედ ისეთ მოწესრიგებას ადგენენ, რომლებიც ხელს უშლის მეწარმეებს (ფერწერული ნაშრომების ავტორებს) საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, სადავო ნორმები ადგენს შეზღუდვას სამინისტროს ნებართვის გარეშე კულტურული ფასეულობების ექსპორტირებაზე.
შესაბამისად, კონტრაჰენტთა რაოდენობის შემცირება იწვევს მეწარმის ბაზრიდან განდევნას, რადგან ის ვერ შეძლებს გააგრძელოს ბაზარზე კონკურენციის გაწევა შეზღუდვიდან გამომდინარე. სადავო ნორმები არანაირად არ წარმოადგენს წამახალისებელ ფაქტორს მეწარმეებისადმი და მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მეწარმეობის თავისუფლებას ზღუდავს სადავო ნორმები.
თანაზომიერების ტესტი
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად, თანაზომიერების პრინციპის დაცვით, ისე რომ არ დაირღვეს ამ უფლების არსი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II - 47). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ლეგიტიმური მიზანი
განვიხილოთ თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთრების უფლების შეზღუდვის შინაარსობრივი კრიტერიუმები. საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რაც საქართველოდან ფერწერული ნამუშევრების გატანისას სამინისტროსგან ნებართვის აუცილებლობას განაპირობებს, შეგვიძლია თავად „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქარველოში შემოტანის შესახებ“ კანონის პრეამბულაში ამოვიკითხოთ. მისი პრეამბულის თანახმად ამ კანონის მიზანია დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები საქართველოდან მათი უკანონო გატანისგან.
ლეგიტიმურ მიზანად შეიძლება დასახელდეს რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობების გატანა არ მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ კონტროლის გარეშე - მაგალითად, თუ კონკრეტული ნამუშევარი კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ნებართვის მოპოვება. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულუტურლი მემკვიდრების ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
გარდა ამისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N05/63 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებულია ისეთი მნიშვნელობის კულტურული ფასეულობები, რომლებიც სექციის განხილვას ექვემდებარება. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს კულტურული ფასეულობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექციის სხდომაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულუტურლი ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ან კულტურული ფასეულობა წარმოდგენს ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწნებულ კულტურულ ფასეულობას. ამრიგად, თავად ბრძანება განსაზღვრავს, რომ არსებობს კულტურული ფასეულობები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული საჯარო ინტერესია სახეზე.
ამრიგად, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ბრძანების პრეამბულით არის გათვალსიწინებული რეალურად არსებობს, თუმცა შეზღუდვა ამ მიზანთან მიმართებით არის ბლანკეტური, რადგან ზღუდავს არა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურული ფასეულობების ექსპორტს, არამედ ნებისმიერი სახის კულტურულ ფასეულობას, მათ შორის ისეთს, რომელიც დაცვის ობიექტს არ წარმოადგენს და არ არსებობს მისი დაცვის ლეგიტიმური ინტერესი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა თუ როდის არის სახეზე ბლანკეტური შეზღუდვა. კერძოდ, უფლების (ნებისმიერი ელემენტის) შეზღუდვა გამონაკლისის გარეშე, მიუხედავად ლეგიტიმური მიზნის არსებობისა წარმოადგენს საკუთრების უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის N2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 33). ჩვენს მიერ განხილული სადავო ნორმებიც ადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას, რადგან ნებისმიერი კულტურული ფასეულობა საჭიროებს სამინისტროს სანებართვო მოწმობას მისი ექსპორტისათვის, მიუხედავად მისი წლოვანებისა, სტატუსისა, კულტურულ / ისტორიული მნიშვნელობისა და ა.შ.
გამოსადეგი საშუალება
არის თუ არა ნებართვის გაცემა გამოსადეგი საშუალება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №05/63 ბრძანების დებულება “კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა არ შეიძლება განხილულ იყოს, როგორც ამ ფასეულობის ორიგინალობის ან მისი ავტორობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ეს ნორმა ააშკარავებს, რომ სანებართვო მოწმობის გაცემის მიუხედავად სამინისტრო ვერ დაადასტურებს კონკრეტული ნამუშევარი ვისი შესრულებულია და ორიგინალი არის თუ არა. ამდენად, ნებართვის საფუძველზე გაცემული შეფასება მოკლებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ისეთი არსებითი კრიტერიუმების დადგენას, როგორიცაა ნახატის ორიგინალურობა და მისი ავტორობა.
ნებართვის გაცემისას თუ ვერ დგინდება ზუსტი ინფორმაცია მისი ავტორობისა და ორიგინალობის შესახებ, შესაბამისად ვერც იმისგან ვიქნებით დაცული, რომ საქართველოს საზღვრებს არ დატოვებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან ისეთი კულტურული ფასეულობა, რომელიც ამ კრიტერიუმების დადგენას საჭიროებს მისი ფასეულობის შესაფასებლად. მაგალითად, შესაძლოა შექმნილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ანალოგია, რომელიც კერძო პირის საკუთრებაშია და მას სურს, რომ საკუთრება საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანოს. თუკი არ დადგინდება ნებართვის საფუძველზე ფასეულობის ავტორობა და ორიგინალობა, შეუძლებელია ვისაუბროთ ლეგიტიმური მიზნის შესრულებაზე.
ამრიგად, სანებართვო მოწმობის გაცემა პროცედურულ ფორმალობას წარმოადგენს და იგი არ შეიცავს ისეთ შინაარსს, რომელიც კულტურული ფასეულობის დაცვასთან იქნება თავსებადი. აშკარაა, რომ სანებართვო მოწმობის სამინისტროსგან მიღების აუცილებლობა და ამ რეგულირებით მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა ვერ გამოდგება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლეგიტიმურ მიზანი სადავო ნორმების შეზღუდვის ფარგლებს სრულად ვერ შეესაბამება (როგორც უკვე საჯარო მიზნის კრიტერიუმთან მიმართებით ვიმსჯელეთ), გამოვა, რომ ნებსიმიერი კულტურული ფასეულობის ექსპორტისთვის სანებართვო მოწმობის გაცემა ვერ უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, რადგან კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს არა ნებისმიერი ფასეულობა, არამედ მხოლოდ ის, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და ამას ისეთი ცხადი და ადეკვატური კრიტერიუმებით შეაფასებენ, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას რეალურად დაიცავს. სადავო ნორმებით კი რეალურად არ ხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მას აქვს ბლანკეტური ფორმალური პროცედურის შინაარსი. ის თუ რომელი ფერწერული ნამუშევარია განსაკუთრებეული მნიშვნელობის (რომელიც საჭიროებს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად კონტროლს) შეგვიძლია საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა შესახებ კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდიანრე დავადგინოთ, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობსი ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.
ნებისმიერი ფერწერული ნამუშევრის ექსპორტისათვის სავალდებულოდ სამინისტროსგან ნებართვის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ის სიძველით, უნიკალურობით, ავთენტიკურობითა და ისტორიული / კულტურული ღირებულებით არ გამოირჩევა, არ არის გამოსადეგი საშუალება და მეტიც, ეს მეთოდი ლეგიტიმურ მიზანს საერთოდ ვერ აღწევს. ისეთი ფერწერული ნამუშევრის ექსპორტზე, რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობის სტატუს ატარებს და არც განსაკუთრებული ნიშით (წლოვნება, ავტორი და ა.შ.) გამოირჩევა, სამინისტროსგან სანებართვო მოწმობის მიღების ვალდებულება ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, რადგან ამ მიზნის მისაღწევად საერთოდ არ არის გარკვეული ტიპის ნამუშევრების შემოწმება საჭირო. სწორედ ბლანკეტურება განაპირობებს იმას, რომ სადავო ნორმები ვერც მიზნის მიღწევის გამოსაგედ საშუალებას ვერ წამროადგენენ.
შეზღუდვის აუცილებლობა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად
ასევე უნდა დავადგინოთ არის თუ არა შეზღუდვა აუცილებელი დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, ხომ არ არსბეობს სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც უფრო ეფექტურად მოაწესრიგებდა საკითხს.
ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ასეთი შეზღუდვის გარეშე. ამისთვის კი უნდა განვიხილოთ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო რეგულირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში შემოღებულია ასაკობრივი და ღირებულებითი კატეგორიები და თუ ობიექტი მოექცევა ამ კატეგორიაში მხოლოდ მაშინ შეიძლება დასჭირდეს მის მფლობელს საექსპორტო ნებართვა.
მაგალითად, ავსტრიაში მოქმედებს განათლებისა და კულტურის მინისტრის განკარგულება, რომლითაც განისაზღვრება კულტურული ფასეულობების კატეგორიები, რომლებიც არ საჭიროებენ საექსპორტო ნებართვას ძეგლთა დაცვის აქტის დებულებების შესაბამისად. ამ განკარგულების პირველი მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილის თანახმად, საექსპორტო ნებართვას არ საჭიროებენ:[22]
3. სურათი და ფერწერული ტილო (არ შედიან მესამე ნაწილის “ა” ქვე-პუნქტის და მეოთხე ნაწილის კატეგორიაში), რომლებიც შესრულებულია მთლიანად ხელით (განურჩევლად მასალისა), მათი ასაკი არის 50 წელზე ნაკლები ან ეკუთვნიან მათ შემქმნელს.
თუ ფერწერული ტილოს ან სურათის ასაკი 50 წელს აღემატება ან შემქმნელს არ ეკუთვნის, ლიცენზია არ არის საჭირო თუ მისი ღირებულება არ აღემატება 150 000 ევროს.
შესაბამისად, თუ მხატვარი ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ გაყიდოს თავისი ნამუშევარი, რომლის ასაკი 50 წელზე ნაკლებია, მაშინ ტურისტს ან უბრალოდ ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს ნამუშევრის შეძენა და შემდგომ მისი ქვეყნიდან გატანა, არ დასჭირდება საექსპორტო ნებართვა. ხოლო თუ ამ ნამუშევრის ასაკი აღემატება 50 წელს, მაშინ ყურადღება უნდა მიექცეს მის ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ევროს - ასეთ შემთხვევაში არავითარი ლიცენზიის აღების ვალდებულება პირს არ ეკისრება.
მსგავსი მოწესრიგება გვხვდება ესპანეთშიც. კერძოდ, საექსპორტო ნებართვა საჭიროა მხოლოდ 50-დან 100 წლამდე ასაკის ქონებისთვის, თუ მათი ღირებულება აღემატება:
● ნახატები, ანაბეჭდები და ფოტოები - €15,000;
● აკვარელი, გუაში და პასტელი - €30,000;
● სკულპტურები - €50,000;
● ტილოები - €150,000
რაც შეეხება გერმანიას, საექსპორტო ნებართვა არ არის საჭირო ცოცხალი მხატვრების ნამუშევრებისთვის. აგრეთვე, ხელოვანი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ახორციელებს საკუთარი ნამუშევრების ექსპორტს, არ საჭიროებს საექსპორტო ნებართვას.
ყურადსაღებია ამერიკის შეერთებული შტატების მოწესრიგებაც, სადაც ექსპორტზე რეგულაციები მხოლოდ სპეციფიკურ ობიექტებს შეეხება: ესენია ისეთი კულტურული ფასეულობები, რომლებსაც ისტორიული, არქიტექტურული, არქოლოგიური მნიშვნელობა აქვს და არსებობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აშშ-ს მთავრობა აკონტროლებს, ან შეიძინა ან მიიღო როგორც საჩუქარი - ფაქტობრივად, უმთავრესი კრიტერიუმი მდგომარეობს იმაში, რომ შეზღუდვის ობიექტი უშუალო შემხებლობაშია აშშ-ს სახელმწიფოს კულტურასთან, ნაციონალურ კულტურულ ფასეულობასთან. კერძო კულტურული საკუთრებისათვის კი საექსპორტო ნებართვა, ამერიკული პრაქტიკის თანახმად, საჭირო არ არის.[23]
აქედან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც ყველა ნამუშევრისთვის ითხოვს საექსპორტო ნებართვის აღებას, ევროპის ქვეყნებში არსებობს უფრო ნაკლებად შემზღუდველი მოწესრიგება - კერძოდ, ყველა ქვეყანას შემოღებული აქვს ასაკობრივი და ღირებულებითი კატეგორიები, რომლებიც ზუსტად არის გაწერილი და პირს საშუალებას აძლევს განსაზღვროს სჭირდება თუ არა საექსპორტო ლიცენზიის აღება. მსგავსი მოწესრიგება თავისუფლად აძლევს საშუალებას ტურისტებს შეიძინონ ნამუშევრები და გაიტანონ ქვეყნიდან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თუ ეს ნამუშევარი აკმაყოფილებს გარკვეულ ღირებულებით და ასაკობრივ კრიტერიუმს, რომლის დადგენაც იმ დოკუმენტებით არის შესაძლებელი, რომლებიც ძირითად შემთხვევაში ნამუშევარს ყიდვისას მოჰყვება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობების ჩამონათვალი წარმოდგენილია შესაბამის რეესტრში. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველსო კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლებსი სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. ზემოთ ჩამოთვლილი სიები და დოკუმენტები შესაძლებელს ხდიან, რომ მოხდეს კულტუურლი ფასეულობის იდენტიფიცირება, მათი შედარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და ნებართვის გაცემა.
რეესტრში წარმოდგენილი მონაცემები არ შემოიფარგლება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელებით, არამედ მათი ზომა, შესრულების დრო და მასალაც არის მითითებული. აღნიშნული მონაცმები შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ პირს რომ დააიდენტიფიციროს არის თუ არა სახეზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დასაშვებია თუ არა მისი საზღვრებს გარეთ გატანა. არ არის აუცილებელი სამინისტრო იყოს ჩართული ამ პროცედურაში და 20 დღით გაჭიანურდეს ნებართვის გაცემა. სრულიად შესაძლებელი და უფრო ნაკლებად მზღუდავი იქნება თუ უშუალოდ საბაჟო პროცედურების გავლისას ადგილზევე მოხდება კულტურული ფასეულობის რეესტრის შესაბამისად გადამოწმება. შესაბამისად, თუ სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემა 20 დღიან პროცედურასთან და საკომისიოს გადახდასთან არის დაკავშირებული, ამ დროს არსებობს ალტერნალტიული ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომლებიც მეწარმეობის თვისუფლებას ბევრად უფრო ნაკლებად შეზღუდავს და პირებს მისცემს საშუალებას სწრაფი და ეფექტური მომსახურებით ისარგებლონ საბაჟო პროცედურებისთანავე. აღნიშნული მეთოდი არც ლეგიტიმურ მიზანს დატოვებს დაცვის გარეშე და არც კერძო ინტერესების მომეტებულ შეზღუდვას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ სხვა პირებს გაუმარტივდებათ საბაჟო პროცედურების მეშვეობით შეძენილი ფერწერული ნამუშევრის საზღვარგარეთ გატანა და მეორე მხრივ, ამ პირებისთვის ბარიერების შემცირება და მათი მოთხოვნის ზრდა ფერწერულ ნამუშევრებზე გამოიწვევს მეწამრეების გაძლიერებას ბაზარზე.
გარდა ამისა, შეგვიძლია განვიხილოთ „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადა 3 თვეს წარმოადგენს. სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვით სარგებლობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის, 3 თვის, განმავლობაში შეუძლიათ კერძო პირებს. ნებართვის მოქმედების ერთჯერადობა და 3 თვით შემოფარგვლა კიდევ მეტად ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას. ნახატის მფლობელის მიერ ერთხელ მოპოვებული ნებართვა აღარ არის საკმარისი, რომ იგი თავისუფლად გადაიტანოს მესაკუთრემ საზღვარზე იმდენჯერ რამდენჯერაც მას ამის გამოფენაზე გატანის საშუალება ექნება. ის ფაქტი, რომ სადავო ნორმები მხოლოდ ერთჯერადი მოქმედების სანებართვო მოწმობების გამოცემას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ბლანკეტურობასა და თვითმიზნურობაზე. კერძოდ, თუ კი ერთხელ დადგინდა რომ ფერწერული ნაშრომი ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთ კულტურულ ფასეულობას, რომლის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა დამატებით რაიმე პროცდედურებსა და ზედმეტ კონტროლს არ საჭიროებს, მაშინ გაუგებარია, ამ ნებართვის აღება რატომ უნდა საჭიროებდეს ყოველ ჯერზე ხელახლა სამინისტროსთვის მიმართვას. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საჭირო და აუცილებელი საშუალება არ არის.
ასეთ დროს შესაძლებელია ავტორის მიერვე კონკრეტული დოკუმენტის ერთხელ შექმნა, რომელიც დაადასტურებს ნაშრომის ავტორობასა და ორიგინალობას. ამ დოკუმენტის საბაჟო პროცედურების დროს წარდგენა კი მის მესაკუთრეს მისცემს საშუალებას თავისი შეხედულებების შესაბამისად გაიტანოს საზღვრებს გარეთ თავისი ქონება და ის არ იქნება შეზღუდული 20 დღის განამავლობაში სანებართვო მოწმობის მოლოდინში. აღნიშნული მეთოდით არც საჯარო ლეგიტიმური მიზანი არ შეილახება, რადგან ნებისმეირი ფასეულობის იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი დოკუმენტში მითითებული დეტალური ინფორმაციის მეშევობით და მეწარმეობის თავისუფლებაც იქნება უზრუნველყოფილი.
შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ რეგულირებას, რომელიც არ წარმოადგენს მათგან გამომდიანრე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ალტერნატიული მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უფლების შეზღუდვის ინტენსივობას შეამცირებდა და ლეგიტიმური მიზნის განხორცილებასაც არ შეაფერხებდა. ამრიგად, თანაზომიერების პრინციპის კიდევ ერთი კრიტერიუმი არის დარღვეული არსებული მოწესრიგებით.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
რაც შეეხება სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ვიწროდ პროპორციულობას, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
როგორც უკვე თანაზომიერების პრინიცპის სხვა კრიტერიუმებთან მიმართებით განვიხილეთ, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა მომეტებულ ტვირთს აკისრებს მეწარმეებს. კერძოდ, მათი ინტერესების შეზღუდვა იმდენად ინტენსიურია, რომ შესაძლოა ისინი საერთოდ განიდევნონ ბაზრიდან. მეწარმეთათვის, კერძოდ ფერწერული ნაშრომების ავტორებისთვის, სადავო ნორმების გავლენა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა მათ ვეღარ შეძლონ ბაზარზე სიცოცხლისუნარიან სუბიექტებად არსებობა.
მეწარმეებისთვის, რომელთა ძირითად საქმიანობის სფერო ტურისტებთან ვაჭრობა წარმოადგენს, სადავო ნორმები აფერხებს საქმიანობას და მომხმარებლების მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს. სადავო ნორმებით შექმნილი ბარიერი ავტომატურად ახდენს გავლენას ფერწრული ნამუშევრების ავტორებზე და განდევნის მათ ბაზრიდან.
აღნიშნული ტვირთი მეწარმეებზე სრულიად გაუმართლებელია, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შეზღუდვა ბლანკეტურია, არანაირ გამონაკლისს არ მოიცავს და ისეთი პირების ინტერესებიც იზღუდება, რომელთა საქმიანობაც ხელს არ უშლის ლეგიტიმური მიზნის აღსრულებას, აშკარაა, რომ ბალანსი დარღვეულია მეწარმეობის ინტერესსა და კულტურული მემკვიდრეობების დაცვის ინტერესებს შორის.
ამრიგად, მართალია საჯარო ინტერესი, კერძოდ კულტურული ფასეულობებისა და მემკვიდეობის დაცვა საკმაოდ ღირებული ინტერესია, თუმცა მისი დაცვის საფუძველზე არ უნდა განხორციელდეს ფერწერული ნამუშევრების ავტორების მეწარმეობის თავისუფლების მომეტებული შეზღუდვა და ბაზრიდან განდევნა. სადავო ნორმები ვერ ახერხებენ ამ ბალანსის დაცვას, შესაბამისად, ვერც თანაზომიერების პრინციპს აკმაყოფილებენ.
დასკვნა
ზემოთწარმოდენილი არგუმენტებიდან გამომდიანრე აშკარა არის სახეზე მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ფერწერული ნამუშევრის ავტორებს ეზღუდება შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი გაყიდონ. მყიდველებმა 20 დღემდე შესაძლოა ვერ მიიღონ თანხმობა და საზღვრებს გარეთ ვერ გაიტანონ თავისი საკუთრება და შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ მეწარმეებთან კონტრაჰირებისგან. ამრიგად, კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწიენბული მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა აშკარად სახეზეა და შეზღუდვის კონსტიტუციურობის ფარგლებიც არ არის დაცული, რადგან თანაზომიერების პრინციპის ყველა კრიტერიუმი ვერ კმაყოფილდება. კერძოდ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, რომ სამინისტროს ნებართვის გარეშე შეუძლებელია ფერწერული ნამუშევრების ექსპორტირება, არ არის გამოსადეგი და აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ასევე ირღვევა ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეზღუდვა ადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას და არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს, რაც ხელს შეუწყობდა მეწარმეობსი თავისუფლებას და მომეტებულად არ შეზღუდავდა სხვათა ინტერესებს.
ამრიგად, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოწესრიგებას და შესაბამისად უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
III სადავო ნორმები შემოქმედებით თავისუფლებასთან მიმართებით
სადავო ნორმატიული აქტი: საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი: „გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას“.
საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები:
„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს სამინისტრო.
2.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველია.
3.საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
5.ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.“
N05/63 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახე ლმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა“.
N05/63 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი: „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ეროვნული სააგენტო).“
N05/63 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები:
„1.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წამოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს.
2.სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) გასატანი კულტურული ფასეულობის 3 ფერადი ფოტოსურათი (ზომით 9x13 სმ);
ბ) კულტურული ფასეულობის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი;
გ) ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბეჭდური გამოცემის სატიტულო გვერდის ქსეროასლი;
დ) კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ჩამონათვალი (2 ეგზ.);
ე) იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათით შეუძლებელია კუტურული ფასეულობის შესრულების პერიოდის, მასალის ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენა, განმცხადებელი ვალდებულია ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გასატანი კულტურული ფასეულობა წარადგინოს ეროვნულ სააგენტოში.
N05/63 ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი:
„თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში“.
საქართველოს კონსტიტუციის დებულება: საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტი:
1. „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.
შემოქმედებითი თავისუფლება ხელოვნებისთვის ქმნის სივრცეს შექმნან და განავითარონ თავიანთი საქმიანობა. ეს უფლება იცავს ადამიანები იყვნენ კრეატიული, შექმნან წინააღმდეგობრივი ან ლამაზი ნამუშევრები და იყვნენ განსხვავებული. ამ უფლების დაცული სფერო შემოქმედებს აძლევს შესაძლებლობას დაარღვიონ დოგმები და ახალი ხედვებისთვის გაუხსნან თავისუფალი სივრცე. ხელოვნება ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ დაამსხვრიონ ცრურწმენები თუ არასწორი შეხედულებები, რომელიც ეფუძნება რასას, რელიგიას, გენდერს, ასაკს, ეროვნულობას, კულტურას, იდენტობას და სხვა. ხელოვნებას აქვს ეს ძალა, რომ დაამსხვრიოს ეს ბარიერები საზოგადოებაში.
შემოქმედებითი თავისუფლების უფლება მოიცავს ადამიანის უფლებას შექმნას, გამოფინოს, მიაწოდოს, გაავრცელოს, ან აჩვენოს და წარმოადგინოს ნამუშევარი. შემოქმედებით თავისუფლებას შეიძლება საფრთხე დაემუქროს მთავრობის რეგულაციებითა და კანონებით. ნამუშევრის საგამოფენოდ გატანა არის მხატვრის შემოქმედებითი თავისუფლებით დაცული სფეროს ნაწილი. ყველა რეგულაცია, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს ნამუშევრის გატანის საზღვრები ეს ზღუდავს შემოქმედის უფლებას გამოფინოს თავისი ნამუშევარი იმ სივრცეში, რომელშიც მას სურს და გააცნოს შესაბამის საზოგადოებას, ვინაიდან შემოქმედებითი თავისუფლების დაცული ნამუშევრის თავისუფლად გამოფენის, ექსპოზიციის ელემენტი.
ICCPR-ის მე-19 მუხლი იცავს შემოქმედებითი სახითაც ინფორმაციის მოძიებას, მიღებას და გავრცელებას. გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, შემოქმედებითი თავისუფლება ასევე გულისხმობს ნამუშევრის თავისუფლად გავრცელებასაც.[24] შემოქმედებითი თავისუფლება არის სპეციალური უფლება და იგი თავის თავში მოიცავს შემოქმედების გავრცელების კომპონენტს - რომელიც გულისხმობს ყველა სახის იდეის გავრცელებას საზღვრებს მიღმაც. გერმანელი სამართალმცოდნის, კარლ ჯოზეფ პარშის აზრით, უფლებები რომლებიც გამომხატველობითია „საერთაშორისო უფლებებია“, რომლებიც ხორციელდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისოდ - ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.[25] ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და ასევე გადასცეს ყველა სახის ინფორმაცია ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.[26] შემოქმედებაც თავისთავად სხვადასხვა იდეების, მოსაზრებებისა და რწმენების არტიკულირებას ახდენს. შემოქმედებითი თავისუფლების ის კომპონენტი, რომელიც ნამუშევრის გავრცელებას, გამოფენას ეხება დაცულია როგორც ქვეყნის შიგნით გავრცელება და გამოფენა, ასევე ქვეყნის გარეთ.
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა განუჭვრეტადი და ბლანკეტური სადავო ნორმები შემოქმედებით თავისუფლების იმ ელემენტს ზღუდავს, რომელიც ნამუშევრის გამოფენასთან არის დაკავშირებული.
მუზეუმები და გალერეა მნიშვნელოვანი ადგილია ნამუშევრების გამოსაფენად და ხალხისთვის საჩვენებლად.[27] შემოქმედებითი თავისუფლების ნაწილია მხატვარმა თავისი ნამუშევრები გამოფინოს იმ მუზეუმებში და გალერეაში, სადაც მას სურს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ნამუშევრის საჯაროდ ჩვენება განურჩევლად მისი ადგილისა მხატვრის თავისუფლებას წარმოადგენს. რეგულაცია, რომელიც სახელმწიფოს ნებართვას საჭიროებს ქვეყნის გარეთ ნახატის გასატანად ავტომტურად ეფექტი აქვს, როგორც ნამუშევრის მიწოდებაზე, ასევე მის საჯაროდ გამოფენაზე საქართველოს საზღვრებს გარეთ. იმ შემთხვევაში თუ მხატვარი 1 კვირით ადრე მიიღებს ნებართვას გამოფინოს თავისი ნახატები ევროპის რომელიმე მუზეუმში ან გალერიაში, იგი ვერ შეძლებს ნებართვის გარეშე გატანს, რომელსაც შესაძლოა 20 დღე დასჭირდეს მისაღებად. ამგვარი ხელშეშლა ნახატის გატანისა, მომდინარეობს სახელმწიფოს რეგულაციიდან.
დაწესებული შეზღუდვა თავად ამბობს, რომ არ მოწმდება ნახატის ორიგინალურობა, შესაბამისად არ არსებობს ძვირადღირებული, დაცული ნახატების გატანისგან დაცვის რეგულირება. კერძოდ, ნებართვისთვის აუცილებელი პროცედურა ვერ ამოწმებს ნახატი პიკასოს მიერ არის შესრულებული თუ სხვა ადამიანის მიერ, რადგან როგორც ნორმატიული ჩანაწერი ასევე თავად პროცედურის შინაარსი გამორიცხავს ამგვარ შემოწმებას.
წინასწარი ნებართვის არსებობა ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას. ისეთი ნებართვის დაწესება, რომელიც აღმასრულებელს უფლებამოსილებას ანიჭებს განუჭვრეტადი კრიტერიუმებით გადაწყვიტოს ნამუშევრის ქვეყანაში დატოვება, წარმოადგენს შემოქმედებითი თავისუფლების უხეშ დარღვევას, რადგან იგი ატარებს თვითმიზნურ ხასიათს.
გარდა იმისა რომ სადავო ნორმები ნახატის ორიგინალობას არ ადგენს, ასევე არ არის დაწესებული ვიწრო კრიტერიუმები რის საფუძველზე გაიცემა ეს ნებართვა და შესაბამისად შეზღუდვა არის ფართო. კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფართო შეზღუდვა წარმოადგენს ცენზურის მაღალ საფრთხეს და უფლების უხეშად დარღვევის მაღალ რისკს. მთავრობის ყველა ასეთი ცენზურის შეფასება უნდა მოხდეს მკაცრი ტესტის საფუძველზე. როდესაც აღმასრულებლის მიერ დაკომპლექტებული კომისია იღებს გადაწყვეტილებას ფართო უფლებამოსილების საფუძველზე, მყარი კრიტერიუმების გარეშე, როგორიცაა ფასი ან წლოვანება, ასეთი დისკრეციული უფლებამოსილება შეუსაბამოა შემოქმედებით თავისუფლებასთან.
ამდენად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შემოქმედებით თავისუფლებას.
[1] COUNCIL REGULATION (EC) No 116/2009 of 18 December 2008 on the export of cultural goods, იხ. <https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32009R0116&from=en> [29.06.2022]
[2] Federal Act on the Protection of Monuments Due to Their Historic, Artistic or Other Cultural Significance (Monument Protection Act – MPA) იხ. <file:///C:/Users/Computer/Downloads/DMSG_16-11-2015_EN.pdf> [27.03.2022]
[3] Consolidated federal law: entire legal framework for categories of cultural assets that do not require a permit for export due to the Monument Protection Act <https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20000259> [29.03.2022]
[4] იქვე.
[5] იხ. შენიშვნა 3.
[6] Art Provenance: What It Is and How to Verify It იხ. <https://www.artbusiness.com/provwarn.html> [14.03.2022]
[7] იქვე.
[8] იქვე.
[9] იხ. შენიშვნა 5.
[10] Artwork Archive, იხ <https://www.artworkarchive.com/> [14.03.2022]
[11] Exports of cultural assets to other countries <https://bit.ly/3Je96DB> [14.03.2022]
[12] Law 16/1985 on Spain’s Historical Heritage <https://bit.ly/3q6rwPn> [14.03.2022]
[13] Code of the Cultural and Landscape Heritage, Legislative Decree no.42 of 22 January 2004 <https://www.normattiva.it/uri-res/N2Ls?urn:nir:stato:decreto.legislativo:2004-01-22;42> [14.03.2022]
[14] Overview of age and value thresholds for the export of cultural property pursuant to Section 24 of the Act on the Protection of Cultural Property იხ. <https://bit.ly/3tXqwxT> [14.03.2022]
[15] იქვე.
[16] Act No. 332 of 4 June 1986 on Protection of Cultural Assets in Denmark იხ. <https://geoheritage-iugs.mnhn.fr/international/Denmark/CulturalAssetLaw1986.pdf> [25.03.2022]
[17] იხ. შენიშნვა 13.
[18] Import and Export of Cultural Object იხ. <file:///C:/Users/Computer/Downloads/Brochure+import+and+export+of+cultural+objects+Ministry+of+Education,+Culture+and+Science+Netherlands.pdf> იხ. [29.02.2022]
[19]Netherlands Collection: Museums, Monuments and Archaeology იხ. <https://www.collectienederland.nl/> [29.03.2022]
[20] იხ. შენიშნვა 18.
[21] Craig M. Bargher, The Export of Cultural Property and United States Policy, 4 DePaul J. Art, Tech. & Intell. Prop. L. 189 (1994) < https://via.library.depaul.edu/cgi/viewcontent.cgi?referer=&httpsredir=1&article=1431&context=jatip&fbclid=IwAR03iUS9C0Cl-DHzioSXSUTe2X-t1O0881Gf5FPCEhvHyjFprfB_b5PH6Xg >
[22] Ordinance of the Federal Minister for Education and Cultural Affairs, with which categories of cultural assets are determined that do not require a permit for export due to the provisions of the Monument Protection Act. <https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20000259>
[23] Craig M. Bargher, The Export of Cultural Property and United States Policy, 4 DePaul J. Art, Tech. & Intell. Prop. L. 189 (1994) < https://via.library.depaul.edu/cgi/viewcontent.cgi?referer=&httpsredir=1&article=1431&context=jatip&fbclid=IwAR03iUS9C0Cl-DHzioSXSUTe2X-t1O0881Gf5FPCEhvHyjFprfB_b5PH6Xg >
[24] United Nations General Assembly, Research report on artistic freedom of expression, A/HRC/44/49/Add.2; 24 July, 2020, Para. 8
[25] Karl Josef Partsch, Freedom of Conscience and Expression, and Political Freedoms, in L. Henkin, ed., THE INTERNATIONAL BILL OF RIGHTS (1981), p. 217.
United Nations General Assembly, Research report on artistic freedom of expression, A/HRC/44/49/Add.2; 24 July, 2020, Para. 10
[26] The European Court of Human Rights has recognized this point. See Ahmet Yildirim v.Turkey,(2012); Cox v. Turkey, (2010); Case of Groppera Radio AG and Others v. Switzerland (1990).
[27] Exploring the connection between arts and human rights, European Union Agency for Fundamental Rights, 2017, pg.16
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა