გიორგი კემულარია, ნინო მორგოშია, ვერიკო სირია და სხვები (სულ 8 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/29/1729 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 13:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი კემულარია, ნინო მორგოშია, ვერიკო სირია და სხვები (სულ 8 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონტიტუციისმე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით: ა) „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა; ბ) „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის №05/63 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისპირველი მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა“, მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-14 პუნქტების კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1729) მომართეს გიორგი კემულარიამ, ნინო მორგოშიამ, ვერიკო სირიამ და სხვებმა (სულ 8 მოსარჩელემ). №1729 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 16 სექტემბერს. №1729 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1729 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311, 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი და 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს სამინისტრო. აღნიშნული კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.
4. „დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის №05/63 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში №05/63 ბრძანებით დამტკიცებული დებულება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ეროვნული სააგენტო), ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის თუ რა უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას, ხოლო მე-14 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება უზრუნველყოფს მეწარმეობის თავისუფლებას.
6. №1729 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის და ფლობს მხატვრული მნიშვნელობის ფერწერულ ნაწარმოებებს, რომლებიც „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას და მათი საზღვარგარეთ გატანისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამინისტროს ნებართვის გარეშე პირს ეზღუდება ფერწერული ნაწარმოების საქართველოდან გატანა, რაც ეწინააღმდეგება საკუთრებისა და მეწარმეობის უფლებას და შემოქმედების თავისუფლებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პირი, რომელსაც დაუყოვნებლივ უწევს ქვეყნის საზღვრების დატოვება ვერ მოახერხებს ფერწერული ნაწარმოების საქართველოდან გატანას, ვინაიდან სანებართვო მოწმობის გაცემა უკავშირდება 20 დღიან პროცედურას. შესაბამისად, პირს ეზღუდება ნივთის ფლობისა და მისით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავდროულად, გარდა მფლობელობისა, ფერწერული ნაწარმოების მესაკუთრის მიზანი შესაძლოა იყოს მისი გასხვისება. ამდენად, დადგენილი შეზღუდვა ეფექტს ახდენს საკუთრების იმ ელემენტზეც, რომელიც ნივთის გასხვისებასთან არის დაკავშირებული.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმები ქმნის ისეთ საკანონმდებლო რეგულირებას, რომ ფერწერული ნაწარმოების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მცირდება და, შესაბამისად, ამ ნაწარმოებების ავტორები ბაზრიდან იდევნებიან. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფერწერული ნაწარმოების მყიდველები, ძირითადად, ტურისტები არიან, რომლებსაც მოკლე დროში უწევთ საზღვრების დატოვება, შესაბამისად, ისინი აღარ ინტერესდებიან მათი შეძენით, რადგან ნებართვის მიღების პროცედურა შეუსაბამო ადმინისტრაციული ტვირთია მათთვის. ამავდროულად, თავად მესაკუთრემ, შესაძლებელია, ვერ მოახერხოს ფერწერული ნაწარმოების ქვეყნის გარეთ გატანა და გაყიდვა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, აშკარაა, რომ სახეზეა მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვა.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები შემოქმედების თავისუფლების იმ ელემენტს ზღუდავს, რომელიც საჯარო სივრცეში ფერწერული ნაწარმოების გამოფენას უკავშირდება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მხატვარი 1 კვირით ადრე მიიღებს ნებართვას გამოფინოს თავისი ნახატები ევროპის რომელიმე მუზეუმში ან სხვა სივრცეში, მას ნებართვის მისაღებად 20 დღე დასჭირდება. ამგვარად, იზღუდება მისი შემოქმედების თავისუფლება.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების მიზანია, დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნიდან მათი უკანონო გატანისგან. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ნამუშევარი კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი, შესაძლოა, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მართლაც გახდეს საჭირო კონტროლის განხორციელება, თუმცა სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ბლანკეტური ხასიათისაა და კონტროლის განხორციელებას უშვებს ისეთ ნამუშევრებზეც, რომელთა საქართველოდან გატანითაც საფრთხე არ ექმნება საჯარო ინტერესს, უფრო მეტიც, კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობით ვერ დგინდება ინფორმაცია ფასეულობის ორიგინალობის ან ავტორობის შესახებ. ამდენად, აღნიშნული პროცედურა ვერ აზღვევს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა არ დატოვოს საქართველოს საზღვრები.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სამინისტროსგან ნებართვის მიღება საჭიროა ნებისმიერ ფერწერულ ნაწარმოებზე, მიუხედავად მისი სიძველის, უნიკალურობის, ავთენტიკურობისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ისეთი ფერწერული ნაწარმოების ექსპორტზე, რომელიც არც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს და არც განსაკუთრებული ნიშნით (წლოვანება, ავტორი და ა.შ.) გამოირჩევა, სამინისტროსგან სანებართვო მოწმობის მიღება საჭირო არ უნდა იყოს, ვინაიდან მათი საქართველოდან გატანისას საფრთხე არ ექმნება არანაირ საჯარო ინტერესს. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს ცხადი კრიტერიუმები, რომელთა შემთხვევაშიც არ იქნება საჭირო სანებართვო მოწმობის მოთხოვნა.
12. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კულტურული ფასეულობის ავტორობისა და ორიგინალურობის გადამოწმება უფლების ნაკლებადმზღუდველი საშუალებით არის შესაძლებელი, რაც არ მოითხოვს აღნიშნულ პროცესში სამინისტროს ჩართვას და ნებართვის მისაღებად 20 დღიან პროცედურას. მოსარჩელე განმარტავს, რომ სრულიად შესაძლებელია, უშუალოდ საბაჟო პროცედურების გავლისას მოხდეს კულტურული ფასეულობის ავტორობისა და ორიგინალობის გადამოწმება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, თუ ერთხელ გაიცემა ფერწერულ ნაწარმოებზე საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანის ნებართვა, 3 თვის შემდეგ იგივე პროცედურის გავლის ვალდებულება გაუმართლებელია და ლოგიკურ ახსნას მოკლებულია.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამდენად, მოსარჩელე ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ მიემართება მის მიერ იდენტიფიცირებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1729 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა. ამავდროულად, სადავო ნორმები ადგენს სანებართვო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს და რიგ პროცედურულ წესებს (როგორ და რა ვადაში ხდება აღნიშნული სანებართვო მოწმობის გაცემა, მისი მოქმედების ვადა).
3. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს მათ ბლანკეტურ ხასიათზე. იგი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ გატანისას სპეციალურ ნებართვას უნდა საჭიროებდეს მხოლოდ ის კულტურული ფასეულობა, რომელიც განსაკუთრებული ნიშნით (წლოვანება, ავტორი და ა.შ.) გამოირჩევა ან წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. ამავდროულად, იგი მიიჩნევს რომ სანებართვო მოწმობის მიღება უნდა ხდებოდეს საბაჟო პროცედურების გავლისას, რათა პირს არ დასჭირდეს აღნიშნული ნებართვის მიღებისთვის 20 დღით ლოდინი. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სანებართვო მოწმობა არ უნდა იყოს ერთჯერადი ხასიათის. მისი განმარტებით, თუ ერთხელ გაიცა ფერწერულ ნაწარმოებზე საზღვარგარეთ გატანის ნებართვა ან დადგინდა, რომ იგი არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, 3 თვის შემდეგ იგივე პროცედურის გავლის ვალდებულება გაუმართლებელია და ლოგიკურ ახსნას მოკლებულია.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1729 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისა და მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისთვის, თავდაპირველად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, განისაზღვროს კულტურული ფასეულობის არსი, ისევე, როგორც სანებართო მოწმობის გაცემის დროს სამინისტროს კომპეტენცია და ის რისკები, რომელთა პრევენციასა და დაზღვევასაც ემსახურება სამინისტროს მხრიდან სანებართვო მოწმობის გაცემა.
5. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კულტურულ ფასეულობას განეკუთვნება, მათ შორის, ხელოვნების ფასეულობა, რომელიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ზემოხსენებული კანონის მიზნებისთვის კულტურულ ფასეულობად. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურულ ფასეულობად მიიჩნევა ნებისმიერი მასალით, ხელით შესრულებული ტილო, სურათი, ნახატი (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კულტურული ფასეულობა არის შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს, მათ შორის, მხატვრული ღირებულება.
6. №05/63 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ სააგენტო შეისწავლის კულტურულ ფასეულობას და აღნიშნული ფასეულობის შესრულების პერიოდის, მასალის ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენის შემდგომ გასცეს შესაბამის ნებართვას. თუ სამინისტრო დაადგენს, რომ განცხადებაში მითითებული კულტურული ფასეულობა განეკუთვნება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობას, აგრეთვე, სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთს, განმცხადებელს აცნობებს, რომ იგი არ საჭიროებს სანებართვო მოწმობას. კულტურული ფასეულობის შესწავლის დროს შესაძლებელია, დადგინდეს, რომ ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ან განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურული ფასეულობაა (№05/63 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი), რის შემდეგაც მათი საზღვარგარეთ გატანის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს სპეციალური ორგანო. კულტურული ფასეულობის დათვალიერებისას შესაძლებელია, აღმოჩნდეს, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები, მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რის შემდეგაც სამინისტრო განიხილავს აღნიშნული კულტურული ფასეულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს („კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი).
7. ამდენად, სამინისტრო სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადების შემთხვევაში, რელევანტური გარემობების გამოკვლევის საფუძველზე ადგენს, განცხადებაში მითითებულ ნივთს გააჩნია თუ არა კულტურული ფასეულობა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ წარდგენილი ნივთს გააჩნია კულტურული ფასეულობა და საჭიროებს სანებართვო მოწმობას, აღნიშნული ნებართვის გაცემა დამოკიდებულია წარდგენილი კულტურული ფასეულობის კატეგორიაზე (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, კულტურული ფასეულობა, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა) და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიების არსებობაზე, რის გარეშეც სამინისტრო არ გასცემს შესაბამის ნებართვას („კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი). ამდენად, სანებართვო მოწმობის გაცემის პროცედურა მიზნად ისახავს, დაიცვას როგორც სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები, ისე კულტურული მემკვიდრეობა საქართველოდან მათი უკანონო გატანისაგან. უდავო, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება და უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვას. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კულტურული გარემოს არსებობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/1216 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ და საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2,3). სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ინტერესი, აკონტროლოს კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანა, უზრუნველყოს მისი დაცვა და, ამ მხრივ, კანონმდებლობით დაადგინოს შესაბამისი გარანტიები.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა ნორმის არათვითმიზნური ხასიათი, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მოიყვანოს უფლების შეზღუდვის მყარი არგუმენტაცია, რომელიც, გარკვეულწილად, მიუთითებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/18/1584 განჩინება საქმეზე „გიორგი გვაზავა, რუსლან ავალიანი, გოჩა გრიგორიანცი და სხვები (სულ 30 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-21). მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე არ დავობს სანებართვო მოწმობის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობაზე. იგი სადავო ნორმებით დადგენილ წესს არაკონსტიტუციურად მისი ბლანკეტური ხასიათის გამო მიიჩნევს. მოსარჩელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს იმ კულტურული ფასეულობის ქვეყნიდან გატანაზე ნებართვის მიღება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს ან განსაკუთრებული ნიშნით (წლოვანება, ავტორი და ა.შ.) გამოირჩევა. ამ მხრივ, იგი მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე და №05/63 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლზე. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველს, ხოლო №05/63 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ადგენს იმ კულტურული ფასეულობების ჩამონათვალს, რომლებიც თავიანთი სიძველის და სხვა მახასიათებლების გამო ექვემდებარება სპეციალური ორგანოს მიერ შემოწმებას. თუმცა მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია იმის შესახებ, ზემოაღნიშნული მახასიათებლების მიღმა (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ფასეულობის წლოვანება, ავტორი და ა.შ.) კულტურული ფასეულობა, მათ შორის, მხატვრული მნიშვნელობის მქონე ფერწერული ნაწარმოები, რატომ არ უნდა საჭიროებდეს საზღვარგარეთ გატანისას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან შეფასებას. უფრო მეტიც, როგორც ზემოაღნიშნული კანონმდებლობის ანალიზმა ცხადყო, კულტურული ფასეულობის მნიშვნელობა და მისი ღირებულება ამისათვის განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს მხრიდან, სწორედ რომ შეფასების პროცესში დგინდება რელევანტური გარემოებების დადგენის გზით, რაც შემდგომ განაპირობებს შესაბამისი ნებართვის გაცემის აუცილებლობას.
9. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობების მიმართ და შეიმუშაოს სპეციალური რეგულაციები მათი დაცვისა და დაზიანების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, მართლაც შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მომეტებული ინტერესი, ქვეყნის საზღვრები უკონტროლოდ არ დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტმა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურულმა ფასეულობებმა. თუმცა ეს არ გამორიცხავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, ზემოაღნიშნული ფასეულობების მიღმა კონტროლი განახორციელოს სხვა კულტურული ფასეულობების ქვეყნიდან გატანისას. კონკრეტულად, როგორც მოქმედი კანონის ანალიზი ცხადყოფს კულტურულ ფასეულობებად არ მიიჩნევა მხოლოდ ზემოაღნიშნული ობიექტები. კერძოდ, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც მიიჩნევა კულტურულ ფასეულობად. აღნიშნულ ჩამონათვალში ნაკლებად ვხვდებით კულტურული ფასეულობების იმგვარ მახასიათებლებს (კულტურული ფასეულობის ავტორი, წლოვანება), რომლებზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს და რომლებიც სახელდებით არის მითითებული №05/63 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლში. მაგალითად, კულტურულ ფასეულობად მიიჩნევა ეთნოგრაფიული მასალა; ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოები; იშვიათი ხელნაწერი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მოსარჩელის მიერ დაუსაბუთებელია, აღნიშნული ნივთები, მათი ავტორისა თუ წლოვანების მიუხედავად, რატომ არ უნდა ექვემდებარებოდეს სპეციალურ კონტროლს საზღვარგარეთ გატანისას.
10. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმები ასევე არ შეეხება კულტურულ ფასეულობად მიჩნეული ნივთების განსაზღვრებას, არამედ მათი მოქმედება შემოიფარგლება კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის საფუძვლებისა და რიგი პროცედურული წესების მოწესრიგებით. ამდენად, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მხატვრული მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ფერწერული ნაწარმოები (მისი ავტორის, წლოვანების თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით) არ უნდა მიიჩნეოდეს კულტურულ ფასეულობად, მან კულტურული ფასეულობის განმსაზღვრელი ნორმები უნდა გაასაჩივროს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, ერთი მხრივ, ვერ ასაბუთებს, კულტურული ფასეულობის გატანა (მათ შორის, მხატვრული მნიშვნელობის ფერწერული ნაწარმოები), მიუხედავად იმისა, რომ მას მინიჭებული არ აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი ან არ გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით (კულტურული ფასეულობის ავტორი და წლოვანება), რატომ არ უნდა საჭიროებდეს სანებართვო მოწმობის მიღებას, ხოლო, მეორე მხრივ, სადავოდ არ ხდის იმ ნახატის კულტურულ ფასეულობად მიჩნევის საკითხს, რომელიც მისი განმარტებით არ საჭიროებს სანებართვო მოწმობას. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც საკმარისი იქნებოდა კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის.
11. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის სამინისტროს მიერ სანებართვო მოწმობის გაცემას. იგი მიიჩნევს, რომ სანებართვო მოწმობის გაცემა უნდა ხდებოდეს უშუალოდ საბაჟო პროცედურების გავლისას, ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ორგანოს მიერ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება იმის შეფასება, თუ რომელი ორგანოს უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემა. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სამინისტროსთვის აღნიშნული უფლებამოსილების ჩამორთმევისა და მისი სხვა ორგანოსათვის მინიჭების საკითხზე, აღნიშნული კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, რომ რომელიმე კონკრეტული დაწესებულების მიერ სანებართვო მოწმობის გაცემა კონსტიტუციის მოთხოვნაა.
12. მოსარჩელე მხარეს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნია სანებართვო მოწმობის მიღებისთვის დადგენილი ვადა და მისი არაერთჯერადი ხასიათი. იგი მიიჩნევს, რომ სანებართვო მოწმობის მიღებისთვის განსაზღვრულია ხანგრძლივი ვადა, რამაც შესაძლებელია, ხელი შეუშალოს პირს ნახატის საზღვარგარეთ გატანაში. ამავდროულად, მას არაგონივრულად მიაჩნია ისეთ ნახატზე განმეორებით სანებართვო მოწმობის მიღება, რომელზეც ერთხელ უკვე დადგინდა, რომ არ საჭიროებს ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე სანებართვო მოწმობის გაცემა საჭიროებს კულტურული ფასეულობის შესწავლას. ამავდროულად, შესაძლებელია, ერთდროულად შესაფასებელი იყოს რამდენიმე კულტურული ფასეულობა. კულტურული ფასეულობის შეფასების პროცესში, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ იგი შესაფასებლად უნდა გადაეცეს სპეციალურ ორგანოს. ასევე, რიგი კულტურული ფასეულობების შემთხვევაში საჭიროა მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულებისა და იმ დოკუმენტაციის შესწავლა რომელიც კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების გარანტიაა. ამდენად, სანებართვო მოწმობის გაცემის პროცედურა მოითხოვს რიგი რელევანტური გარემოებების შესწავლასა და გამოკვლევას. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში ვერ ვხვდებით არგუმენტაციას სადავო ნორმით განსაზღვრული 20 დღიანი ვადის არაგონივრულობის შესახებ. მოსარჩელე მხარე არც იმას ასაბუთებს თუ რატომ არის გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ, ისტორიულმა, კულტურულმა თუ პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობოს კონკრეტული ნახატის კულტურულ ფასეულობად მიჩნევა და საზღვარგარეთ გატანისას საჭიროებდეს სამინისტროსგან სპეციალურ ნებართვას ან ობიექტური გარემოებების გამო მიზანშეწონილი არ იყოს კულტურული ფასეულობის (მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე გაიცა მისი საზღვარგარეთ გატანაზე სანებართვო მოწმობა) საზღვარგარეთ გატანა.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1729 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1729 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი კემულარია, ნინო მორგოშია, ვერიკო სირია და სხვები (სულ 8 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე