ნანა ბუაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1319 |
ავტორ(ებ)ი | ნანა ბუაძე |
თარიღი | 21 მაისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N 274 დადგენილება, „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის დადგენილების დანართი N1-ის მე-3 პუნქტის (მიწის გამოყენება) ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, ხსენებული დადგენილების ამოქმედებამდე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მიენიჭა სარეკრეაციო და სანიტარული დაცვის ზონების სტატუსი, კერძოდ: „საქართველოს კანონის „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ შესაბამისად დგინდება კურორტისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონები. საქართველოს კანონის „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ შესაბამისად ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში დადგინდა სანიტარიული დაცვის სამი ზონა: ■ პირველი - მკაცრი რეჟიმის, რომელიც დადგინდა სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრამდე მანძილებზე. მოიცავს პლაჟებს მიმდებარე ტერიტორიითა და სანაპირო აკვატორიით. პირველი ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია: სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან; საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა; სამთო და მიწის სამუშაოები; ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.“ |
მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. მუხლი 21 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, განსაზღვრული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით. კერძოდ:
1. კონტიტუციური სარჩელი როგორც ფორმით, ისე შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. სარჩელი წარმოდგენილია ფიზიკური პირის, საქართველოს მოქალაქე - ნანა ბუაძის მიერ, რომლებიც უფლებამოსილია იდავოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებთან მიმართებაში;
3. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან მისი საგანია საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართის (ნორმის) საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, კონსტიტუციის მე-14 და 21-ე, მუხლებთან შესაბამისობის დადგენა;
4. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილებებით;
5. გასული არ არის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის ვადა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. მოთხოვნა:
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის დადგენილების დანართი N1-ის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, ხსენებული დადგენილების ამოქმედებამდე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მიენიჭა სარეკრეაციო და სანიტარული დაცვის ზონების სტატუსი.
II. ფაქტობრივი გარემოებები:
2001 წლის 06 მარტის ხელშეკრულებით, საქართველოს მოქალაქე - ირაკლი იაშვილმა (პ/ნ 01008000365), შპს „შეკვეთილი - რივეირასაგან“ შეიძინა უძრავი ქონება (ს/კ 26.01.48.141), მდებარე ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში. 2016 წლის 10 მაისს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება შეიძინა ნანა ბუაძემ (მოსარჩელე). ამ ნაკვეთის გამოყენების (მათ შორის სამშენებლო მიზნებისათვის) მიმართ, მისი შეძენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაიმე შეზღუდვა არ ვრცელდებოდა. 2016 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება N274, „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც დამტკიცებულ იქნა „ურეკი–შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ (დადგენილების დანართი N1). ურეკი–შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (შემდგომში: გენერალური გეგმა) მე-3 პუნქტის მიხედვით დადგინდა სანიტარიული დაცვის სამი ზონა, კერძოდ:
· პირველი - მკაცრი რეჟიმის ზონა;
· მეორე - შეზღუდული რეჟიმის ზონა;
· მესამე - სამეთვალყურეო ზონა.
ხსენებული გენერალური გეგმის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოქცეულ იქნა მკაცრი რეჟიმის ზონაში, სადაც აკრძალულია:
· სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსის გამოყენებასთან;
· საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
· სამთო და მიწის სამუშაოები;
· ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.
ამდენად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274-ე დადგენილებით მოსარჩელეს (რომელმაც საკუთრება შეიძინა სადავო აქტის გამოცემამდე) შეეზღუდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რითაც პრაქტიკულად ხელყოფილ იქნა მისი საკუთრების უფლება.
III. სამართლებრივი დასაბუთება:
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებას, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება, ერთი მხრივ, ადამიანის არსებობის ელემენტარული საფუძველია, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება, II-5)
გარდა ზემოაღნიშნულისა, იმავე გადაწყვეტილებაში სასამართლო საკუთრების უფლება განიხილა, როგორც ბუნებითი, ადამიანის თანდაყოლილი (და არა ნაწარმოები) უფლება და აღნიშნა რომ: „ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენისას“.
2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საკუთრების უფლებას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანურ ღირებულებას, თუმცა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და მნიშვნელოვანი საფუძვლების (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება) არსებობისას დასაშვებია მისი შეზღუდვა კონსტიტუციით დაშვებულ ფარგლებში, იმგვარად რომ არ მოხდეს საკუთრების უფლების არსის დარღვევა.
საკუთრების უფლების არსის დარღვევად შეიძლება განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც შეზღუდვის შედეგად, მესაკუთრეს ერთმევა საკუთრების ცნების ქვეშ მოაზრებული უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობა.
ამ კუთხით საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ერთ-ერთ საქმეზე, სადაც აღინიშნა, შემდეგი: „ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლებები შინაარსგამოცლილი გახდება. საკუთრების შინაარსი მაშინაა გარანტირებული, როცა მესაკუთრეს შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება საკუთრების ობიექტის ფუნქციით დეტერმინირებული ნების მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს მისცეს თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების ობიექტებთან თავად მესაკუთრის პირად ურთიერთობას. სწორედ ეს წარმოადგენს საკუთრების, როგორც სანივთო უფლების პოზიტიური შინაარსის გამოვლინებას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება, II-26).
მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმატიული შინაარსით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოქცეულ იქნა მკაცრი რეჟიმის ზონაში, რის შედეგადაც, მას აეკრძალა ისეთი სამუშაოების წარმოება როგორიცაა:
· სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსის გამოყენებასთან;
· საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
· სამთო და მიწის სამუშაოები;
· ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.
ამდენად, მართალია მოსარჩელე დარჩა ქონების ფორმალურ მფლობელად, თუმცა სადავო აქტით, წაერთვა საკუთრების ობიექტის გამოყენების (მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის მიღების) შესაძლებლობა და პრაქტიკულად, უფლებრივი თვალსაზრისით გაუთანაბრდა იმ პირებს, რომელთაც ამ ქონების მიმართ არ გააჩნიათ არც საკუთრების და სხვა მფლობელობითი უფლებამოსილება.
ამ მხრივ, საყურადღებოა აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, კერძოდ კი, „სპორონგი და ლოთორნი შვედეთის წინაააღმდეგ“. აღნიშნული საქმე ეხებოდა შვედეთის შესაბამისი ოლქის ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიჩნეულ იქნა საზოგადოებრივი განვითარებისათვის საჭიროდ, და გამოყენებულ იქნა ორი განსხვავებული ზომა - ექსპროპრიაციის ნებართვა (რომელიც გულისხმობდა, რომ საკუთრება მომავალში შესაძლოა ექსპროპრიაციას დაქვემდებარებოდა) და მშენებლობის აკრძალვა (ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობა).
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მესაკუთრეების უფლება მათ ქონებაზე (მესაკუთრეობა) ფორმალურად, ხელუხლებელი დარჩა, პრაქტიკაში საკუთრების უფლების განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რაც აღნიშნული დავის განხილვისას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საკუთრების უფლების ხელყოფად შეფასდა.
3. სადავო ნორმატიული შინაარსი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლსა, ასევე წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთანაც.
აღნიშნული მუხლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს და იცავს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, რაც გულისხმობს არსებითად თანასწორი პირების მიმართ, კანონით თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას და პირიქით არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ, თანასწორი მოპყრობის დაუშვებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სადავოდ ქცეული ნორმის შინაარსი, პირდაპირ არ ადგენს დისკრიმინაციული მოპყრობას, თუმცა, თუ მას განვიხილავთ სადავო დადგენილების მე-2 მუხლთან ერთობლიობაში, მაშინ ასეთი საფრთხე კონკრეტულ სიტუაციაში, ცალსახა და გარდაუვალი ხდება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274-ე დადგენილებით დამტკიცებული, ურეკი–შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სადავო პუნქტით, დადგინდა სანიტარიული დაცვის ზონები, მათ შორის დადგინდა მკაცრი რეჟიმის ზონა, სადაც აკრძალულია:
· სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსის გამოყენებასთან;
· საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
· სამთო და მიწის სამუშაოები;
· ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.
ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით: „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა“.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ ქცეულმა ნორმამ, დადგენილების მე-2 მუხლთან ერთობლიობაში დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს (მკაცრი რეჟიმის დაცვის ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები) შორის და მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ მესაკუთრეებს (მფლობელებს) მიეცათ უპირატესობა (მშენებლობის განხორციელების უფლება), რომელთაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274-ე დადგენილების ამოქმედებამდე მიმართული ჰქონდათ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამშენებლო ნებართვის მიღების მოთხოვნით.
გასაჩივრებული ნორმის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან წინააღმდეგობრივ ხასიათზე მიუთითებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის N1/14/184,228 გადაწყვეტილებაში (სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტი) ასახული მსჯელობა, სადაც აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრება, გულისხმობს ყველასათვის ერთიანი და თანასწორი საკუთრების უფლების დამკვიდრებას“, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია სადავო აქტით, რადგან, მოსარჩელეს შეეზღუდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თავისუფლად გამოყენების (მათ შორის სამშენებლო სამუშაოების წარმოების) შესაძლებლობა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ სადავო აქტის ამოქმედებამდე, მას არ ჰქონდა წარდგენილი განცხადება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, სამშენებლო ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
4. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N274-ე დადგენილებით დამტკიცებული, ურეკი–შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სადავო პუნქტის ნორმატიული შინაარსი, იწვევს ჩარევას არა მარტო საკუთრების უფლებაში, არამედ ასევე არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა) გარანტირებულ უფლებას, რაც სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა