ნანა ბუაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/1319 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2019 16:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნანა ბუაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილების №1 დანართის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი - ანდრო კიკნაველიძე; მოპასუხის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - ზაზა თაქთაქიშვილი და სოფიკო მაისურაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1319) მომართა საქართველოს მოქალაქე ნანა ბუაძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 25 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 25 ივლისს.
2. №1319 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილების №1 დანართის მე-3 პუნქტი ახდენს ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე არსებული მიწების ფუნქციურ ზონებად დაყოფას და განსაზღვრავს თითოეულ ზონაში მიწის გამოყენების ზოგად უფლებრივ რეჟიმებს, მათ შორის, ადგენს სანიტარული დაცვის მკაცრ ზონას სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრამდე მანძილებზე და აღნიშნულ ზონაში კრძალავს რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას.
4. №1319 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების უფლებასა და მისი შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში. ნაკვეთის შეძენის მომენტისთვის, მასზე არ ვრცელდებოდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შეზღუდვა. თუმცა 2016 წელს მიღებული სადავო დადგენილებით ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგინდა სანიტარული დაცვის სამი ზონა: მკაცრი, შეზღუდული და სამეთვალყურეო ზონა. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არსებული გეგმის მიხედვით, მოხვდა მკაცრი რეჟიმის ზონაში, რომელშიც აკრძალულია რიგი სამუშაოების განხორციელება, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა, სამთო და მიწის სამუშაოები, პირთა მუდმივი და დროებითი ცხოვრება. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილების №1 დანართის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც დადგენილების ამოქმედებამდე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სარეკრეაციო და სანიტარული დაცვის ზონების სტატუსს ანიჭებს.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი, მართალია, ფლობს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას, თუმცა მასზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარება შეზღუდული აქვს. იგი შეუფერხებლად ვერ იყენებს თავის საკუთრებას კომერციული მიზნებისთვის. ამასთან, მსგავსი აკრძალვების არსებობა განაპირობებს აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულების შემცირებას, რაც აზრს უკარგავს მის ფლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ამავე დადგენილების მე-2 მუხლთან ერთობლიობით ადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას. დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც შეზღუდვის ამოქმედებამდე მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვისთვის და, მეორე მხრივ, პირები, რომლებმაც შეზღუდვის ამოქმედებამდე შეიძინეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, თუმცა არ მიუმართავთ მშენებლობის ნებართვისათვის, არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, ვინაიდან ორივე მათგანისთვის განუჭვრეტელი იყო მომავალში მათ ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შეზღუდვები. სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას თანასწორ სუბიექტებს შორის და მხოლოდ იმ პირებს ანიჭებს მშენებლობის ნებართვის მოპოვების უფლებას, რომლებმაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართეს ხსენებული დადგენილების ამოქმედებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
8. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო დადგენილება განსაზღვრავს ურეკი-შეკვეთილის საზღვრებში არსებულ იმ ტერიტორიას, რომელიც ხვდება სანიტარული დაცვის ზონაში. ხოლო რიგი სამშენებლო შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ ზონაში, დადგენილია არა სადავო აქტით, არამედ „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით. შესაბამისად, ხსენებული დადგენილებით ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული ნორმის კონკრეტიზაცია და არა ახალი შეზღუდვების შემოღება.
9. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო დადგენილების ამოქმედებას შესაძლოა, შეეზღუდა ამ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების საკუთრების უფლება. შესაბამისად, ვინაიდან აქტი აუარესებდა მათ სამართლებრივ მდგომარეობას, იგი არ უნდა გავრცელებულიყო იმ პირებზე, რომლებმაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართეს ამ აქტის მიღებამდე. ამრიგად, სწორედ აღნიშნული გარემოებით არის გამოწვეული პირთა მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ უნდა იქნეს მიჩნეული კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევად. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1319 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება, ხოლო 21-ე მუხლით საკუთრების უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება გარანტირებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს მოქმედი კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან მიმართებით შეაფასებს.
3. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების №1 დანართის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს სადავო დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა“. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ზემოთ ხსენებულ დებულებასთან ერთად, განაპირობებს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესზე სხვადასხვა წესების გავრცელებას. კერძოდ, პირები, რომლებმაც სადავო დადგენილების ამოქმედებამდე მიმართეს შესაბამის ორგანოს მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნით, მოსარჩელესთან შედარებით, უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც დისკრიმინაციას განაპირობებს.
5. სადავო ნორმა ითვალისწინებს ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე არსებული მიწების ფუნქციურ ზონებად დაყოფას, განსაზღვრავს თითოეულ ზონაში მიწის გამოყენების ზოგად უფლებრივ რეჟიმებს, მათ შორის, ადგენს სანიტარული დაცვის მკაცრ ზონას სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრამდე მანძილებზე და აღნიშნულ ზონაში კრძალავს რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას. სადავო ნორმა საერთოდ არ აწესრიგებს იმ საკითხს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტით უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა ან როგორ უნდა დარეგულირდეს სადავო დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი. თავად მოსარჩელეც მიუთითებს, რომ ხსენებული საკითხი დარეგულირებულია ამავე დადგენილების მე-2 მუხლით, თუმცა ხსენებული ნორმა კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არ არის გამხდარი.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმას. №1319 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილების №1 დანართის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით განისაზღვრა ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების ზოგადი ფუნქციური ზონირება, მათ შორის, სანიტარული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონა და აღნიშნულ ზონაში აიკრძალა რიგი სამშენებლო სამუშაოების წარმოება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი განმარტებით, სადავო რეგულაციის ამოქმედებამდე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ მიეკუთვნებოდა სანიტარული დაცვის ზონას და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდებოდა მსგავსი ტიპის აკრძალვები, ხოლო ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ მკაცრი რეჟიმის ზონა განისაზღვრა სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრამდე მანძილზე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი სწორედ ამ ზონაში მოექცა. მოსარჩელის მტკიცებით, საკუთრების შეძენის დროისათვის მასზე არ ვრცელდებოდა დასახელებული აკრძალვა და, შესაბამისად, მას ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სრულყოფილად ისარგებლებდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დასაბუთებულობის შესამოწმებლად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დადგინოს საკუთრების შეძენის მომენტისათვის არსებული სამართლებრივი რეჟიმი რამდენად განაპირობებდა მოსარჩელის ლეგიტიმური მოლოდინის არსებობას მიწის ნაკვეთის სამშენებლო დანიშნულებით გამოყენების შესახებ.
9. კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი). „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის №669 ბრძანებულებით განისაზღვრა საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხა. აღნიშნულ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №268 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება და საქართველოს საკურორტო ადგილების ნუსხას დაემატა შეკვეთილი. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის №669 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულების შესაბამისად. თავის მხრივ, №655 ბრძანებულებით შეკვეთილი ასევე მოქცეულია საკურორტო ადგილების ნუსხაში. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №268 ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ შეკვეთილი წარმოადგენს კურორტს.
10. ამასთანავე, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის მე-6 მუხლით განისაზღვრა საქართველოს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში სანიტარული დაცვის სამი ზონა, მათ შორის, პირველი ზონა, რომელზეც ვრცელდება მკაცრი რეჟიმი. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, თუ რას მოიცავს მკაცრი რეჟიმის ზონა, ხოლო მე-2 პუნქტი კი განსაზღვრა, რომ ამ ზონაში აკრძალულია სამთო და მიწის სამუშაოები, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა, ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება, ნაგავსაყრელების მოწყობა და ნარჩენების ნებისმიერი ფორმით განთავსება, გარდა ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა, ასევე ისეთი სამუშაოების წარმოება, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებას. ამავე კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამკურნალო პლაჟისათვის მკაცრი რეჟიმის საზღვრები დგინდება სანაპიროდან ხმელეთზე არანაკლებ 100 მეტრისა. აღნიშნული რეგულაცია არსებობდა მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობამდე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ კურორტ შეკვეთილის სამკურნალო პლაჟზე სანაპიროდან ხმელეთზე არანაკლებ 100 მეტრის მანძილზე უნდა დადგენილიყო სანიტარული დაცვის პირველი ზონის საზღვრები.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ 2004 წლის 9 ივლისიდან შეკვეთილის ტერიტორიაზე სანაპიროდან 100 მეტრის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებობდა კანონმდებლის დეკლარირებული ნება, სანიტარული დაცვის ზონის შექმნის შესახებ. შესაბამისად, ხსენებული რეგულირება გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე სანიტარული ზონისათვის შეუფერებელი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კანონიერი მოლოდინის არსებობას. ამავე დროს, წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ დასტურდება და არც მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ მისი მიწის ნაკვეთი სანაპიროდან 100 მეტრის მანძილზე არსებული ტერიტორიის გარეთ მდებარეობს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით არ დასტურდება, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, სადავო ნორმით გავრცელდა ისეთი შეზღუდვები, რომლის დადგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის შეძენამდე არსებული კანონმდებლობა.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1319 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილების №1 დანართის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1319 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა ბუაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი