ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1380 |
ავტორ(ებ)ი | ფატმან კვარაცხელია, კახა ეხვაია |
თარიღი | 7 დეკემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები: 6. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, 21 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი |
286-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები: „4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა. | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, 21 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625 მუხლის მე-7 ნაწილი 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი |
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, 21 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 89-ის ნაწილის ვ პუნქტი და ამავე მუხლის 2 პუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1 პუნქტის ე ქვეპუნქტი ამავე კანონის 39 მუხლის ა ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;
დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა;
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მე-14 და 21-ე მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან ერთად გასაჩივრებულია და დასმულია კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხიც
რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
- გასაჩივრებული აქტები/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი).
1. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. ფიზიკური და იურიდიული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. სადავო ნორმები დაუსაბუთებლად ახდენს არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია, თანასწორად მოეპყროს მხოლოდ არსებითად თანასწორ პირებს (№2/6/623 ბათუმი, 2016 წლის 29 დეკემბერი. შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
სადავო ნორმებით ფიზიკური პირების მომართ იურიდიულ პირებთან მიმართებაში ხდება განსხვავებული მოპყრობა, კერძოდ ფიზიკურ პირზე ( მათ შორის ინდივიდულაუ მეწარმზე) გასაცემი/გაცემული სესხის /კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მის ან სხვა პიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება, ასევე ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტი 100 000 (ასი ათასი) ლარამდე უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. მაშინ როცა ეს აკრძალვა არ ეხება იურიდიულ პირებს, კერძოდ, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების-საკრედიტო კავშირს და სესხის გამცემ სუბიექტს, ანუ ეს ნორმა აშკარა არათანაბარ პირობებში აყენებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ემსახურება იურიდიული პირებისთვის ხელშეწყობას სესხებთან დაკავშირებულ ბაზარზე მოიპოვონ მონოპოლია, რათა ვერ მოხდეს ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, ხოლო სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკთან, რაც იძულებულს ხდის ფიზიკურ პირს არ გასცეს სესხი, აღნიშნული საკითხი მძიმე მდგომარეობაში აყენებს ასევე მესაკუთრეს, რომელსაც ეზღუდება გააკეთოს არჩევანი თავის საკუთრებაში არსებული ქონება როგორ განკარგოს და გამოიყენოს.
სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა თანასწორობა სამოქალაქო სამართლის წამყვანი პრინციპია. მთლიანობაში სამოქალაქო სამართალი აგებულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტთა თანასწორობაზე, მიუხედავად იმისა, სუბიექტად გვევლინება ფიზიკური პირი, იურიდიული პირი თუ სახელმწიფო. აღნიშნული პრინციპი თანაბრად უნდა გავრცელდეს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე სახ. ბაჟის განაკვეთების დადგენის დროს.
იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას.
ფიზიკური პირებისადმი დიფერენცირებული მოპყრობის მოტივი სადავო ნორმებიდან გამომდინარე ბუნდოვანია. ბუნდოვანია ასევე კანონმდებლის მიზანი, თუ რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული, რომ მაგ. შეზღუდვა ფიზიკური პირის (ინდივიდულური მეწარმის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეიძლება გამოყენებულიქნეს სესხის უზრუნველსაყოფად(დაიტვირთოს იპოთეკის უფლებით ფიზიკური პირის მიერ გაცემული სესხის უზარუნვეყოფის მიზნით) მაშინ როცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იურიდილ პირებზე (საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი)
რაც შეეხება მოგებაზე ორიენტირებულ წარმონაქმნებs, ასევე სქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოს კონსტიტუციურად (კონსტიტუციის 30-ე მუხლი) აქვს აღებული იმის ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს მეწარმეობას.
,,მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილსინდისიერი მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუცია სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411, II-21).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის (სხვა დანარჩენთან ერთად იხ. Karlheinz Schmidt v. Germany, 18 July, 1994, პარ. #32-33).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ: ,,კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას - კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ცხადია, რომ სადავო ნორმების შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობები ფიზიკურ პირებთან მიმართებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, II-2). სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები უნდა ჩაითვალონ არსებითად თანასწორებად. შესაბამისად, არ იკვეთება კანონმდებლის დასაშვები და ვარგისი მიზანი დიფერენცირებული რეგულირების შემოსაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში არსებული ჩამონათვალით და თვითმიზნურ დიფერენცირებას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპყრობის სხვა ფორმის გამოც. ,,კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას სამართლებრივ სივრცეში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).
მოცემულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რაც გაამართლებდა ფიზიკური პირის(ინდივიდუალური მეწარმის) საკუტრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას, როცა სესხი გაიცემა ფიზიკური პირის მიერ. ასევე არ იკვეთება შეზღუდვის საჭიროება ან აუცილებლობა, ვინაიდან ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა შეუძლია იურიდიულ პირს (კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საკრედიტო კავშირებს,სესხის გამცემ სუბიექტებს). ამდენად, სადავო ნორმების შეფასება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.
სადავო ნორმების რეგულირების ფარგლებში ფიზიკურ პირებს ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში იურიდიულ პირებთან შედარებით ეზღუდებათ უფლებები, როგორც სესხის გამცემს, თავისი მოთხოვნა იყოს უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, ასევე მესაკუთრეს, უზრუნველყოფილი სესხი იძულებულია მოიხმაროს იურიდიული პირის მიერ გაცემული, როცა მე გამაჩნია სურვილი ურთიერთობა მქონდეს პიზიკურ პირთან და ჩემი საკუთრება განვკარგო ჩემი სურვილისამებრ. ამასთან, აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი, გარდა იმისა, რომ იურიდიული პირები სარგებლობენ უპირატესი უფლებით დატვირთონ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკის უფლებით.
„უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა